კამილა ვალეხო: ეს არის ბრძოლა ყველა ახალგაზრდისათვის მთელს მსოფლიოში

Share on Facebook320Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ჩილეში სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ქუჩის პროტესტებსა და აქციებს დღემდე აგრძელებენ. ყოველ ჯერზე სტუდენტთა ორგანიზაციები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან სხვა სოციალურ ჯგუფებს. რისი შედეგიც არის ის რომ თავდაპირველი მოთხოვნა ახალი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთლიანად ნეოლიბერალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა.

23 წლის კამილა ვალეხო, რომელიც ჩილეს უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტია ქვეყანაში მიმდინარე ამ მასშტაბური სოციალური მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.  კამილა 2012 წლის იანვრამდე ჩილეს უნივერსიტეტის სტუდენტთა ფედერაციის პრეზიდენტი იყო. ამავდროულად კი ჩილეს კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი და ცენტრალური კომიტეტის წევრი.

კამილამ როგორც ჩილეს სტუდენტური მოძრაობის ლიდერმა ძალიან სწრაფად მიიპყრო მსოფლიო პრესის ყურადღება და მისი ინტერვიუები და ფოტოები წამყვანი დასავლური  გამოცემების გარეკანებსა და ფურცლებზე გამოჩნდა.  ბრიტანულმა The Guardian-მა კი საკუთარი მკითხველების ონლაინ გამოკითხვის შემდეგ ის წლის პერსონად დაასახელა.

ჩვენ გთავაზობთ მისი ინტერიუს თარგმანს უკრაინულ ონლაინ ჟურნალ Лiвойთან, ეს არის კამილა ვალეხოს პირველი ინტერვიუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მკითხველებისათვის, სადაც ის ჩილეს სტუდენტური მოძრაობის მიზნებსა და იმედებზე, მიღწეულ წარმატებებსა და იმ სირთულეებზე საუბრობს, რომელსაც მოძრაობა დღესდღეობით აწყდება.

 

კამილა რას ნიშნავს დღეს იყო მემარცხენე?

მემარცხენეობა, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, გაცნობიერებას იმ სიღრმისეული ცვლილებების აუცილებლობისა რომელიც საჭიროა ჩვენს საზოგადოებაში. მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სისტემებში, რომლებიც ერთიან სტრუქტურას წარმოადგენენ. ამისათვის უნდა გავაცნობიეროთ ის რომ, ეს ცვლილებები შესაძლებელი გახდება მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევის მეშვეობით, ერთობლივი ორგანიზაციული მუშაობითა და ერთიანობით.

მეორე რიგში, ეს ცვლილებები საზოგადოებაში მიმართული უნდა იყოს, ჩვენი მოქალაქეების ნამდვილი დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩილეში ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის შედგება არა მხოლოდ ქვეყანაში მისი ბუნებრივი რესურსების დაბრუნებით, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების უფრო სამართლიანად გადანაწილების საჭიროებით, კოლექტიური დემოკრატიის მშენებლობით, რომელშიც მოქალაქეთა მონაწილეობის უფრო მაღალი ხარისხი იქნება. ეს თავის მხრივ სახელმწიფო დონეზე მექანიზმებისა და სივრცის შექმნას გულისხმობს, რომელშიც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებრივ მშენებლობაში რეალური მონაწილეობის საშუალება მიეცემა. ეს არის ძირითადი პირობა მეტი სოციალური სამართლიანობის მისაღწევად, რომელიც აუცილებელია გავრცელდეს და განვითარდეს არა მხოლოდ მატერიალურ საშუალებებზე, არამედ განათლებისა და კულტურის განვითარებაზეც. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით. მე ვფიქრობ რომ დღეს, ეს არის მემარცხენეების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. 

რატომ წარმოიშვა ეს მოძრაობა ზუსტად ახლა, პინოჩეტის დიქტატურის დასრულებიდან 23 წლის შემდეგ? რატომ გახდა საჭირო ამხელა დროს გასვლა? დიდი ხნის განმავლობაში ბევრს ეგონა, რომ ჩილეში არაფერი არ ხდებოდა…

ჩილეში ყოველთვის ხდებოდა რაღაც. უბრალოდ აქ ამ ყველაფრის დანარჩენი მსოფლიოსგან დამალვა ისწავლეს. ამიტომ როგორც წესი საუბრობენ რომ ჩვენ ვართ ლათინური ამერიკის ’იაგუარები’, რომ ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა, სამაგალითო განათლების სისტემით, რომ ჩვენ ვართ სამაგალითო პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი ეკონომიკური ზრდა, რომ ჩვენ ვამარცხებთ სიღარიბეს… მაგრამ ვერავინ ვერ ამჩნევდა თუ როგორ გროვდებოდა ქვეყანაში სოციალური უკმაყოფილება…

ამ ხნის განმავლობაში ჩილეში, ბევრი გამოსვლები და მოძრაობები იყო, შეიძლება არა ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც ამჟამინდელი, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ისინი საზოგადოებას სერიოზული ცვლილებებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური ინსტიტუტების ფარგლებში ეს მოთხოვნები დათრგუნული და იგნორირებული რჩებოდა. ისინი არასდროს გაუზიარებია ხელისუფლებას და ეს პროექტები არასდროს არ გარდაქმნილან კანონებად. სწორედ ამიტომ ქვეყანაში დაგროვდა უკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია არსებული განვითარების მოდელთან, იმასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარჩუნდება და ღრმავდება სოციალური უთანასწორობა. ჩილემ წარმატებით დაძლია სიღარიბე და უკიდურესი სიღატაკე, მაგრამ მიუხედავად ამისა უთანასწორობა მოქალაქეებს შორის მუდმივად იზრდება. ხალხმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ ეს მზარდი უთანასწორობა ბუნებრივი კანონზომიერება კი არ არის არამედ ლოგიკური და გარდაუვალი შედეგია ქვეყანაში მოქმედი იმ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის, რომელიც ძალით იქნა ჩვენზე თავს მოხვეული დიქტატურის დროს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ახლანდელი სოციალური აფეთქება არ არის შემთხვევითი და მოულოდნელი, ის არის შედეგი დიდი ხნის მანძილზე დაგროვებული, გადაუჭრელი პრობლემების და წარსული სოციალური ბრძოლის გამოცდილების.

თქვენმა მოძრაობამ დიდი სიმპათია გამოიწვია და მას ძალიან ბევრი ხალხი უჭერს მხარს – და არამარტო ჩილეში. ელოდით თუ არა რაღაც ამდაგვარს გამოსვლების დასაწყისში?    

მე ვფიქრობ რომ ჩვენ სისტემის საფუძვლებს შევეხეთ – და ეს სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება. იმიტომ რომ ჩვენი მოძრაობა არ არის კორპორატიული ბრძოლა რომელიმე შეზღუდული ჯგუფის ინტერესებისათვის და გამოსვლა, რომელიც მხოლოდ სუფთა სტუდენტური პრობლემების გადაჭრისაკენ იქნება მიმართული. თემები რომლებსაც ჩვენ შევეხეთ, გადაუჭრელ საზოგადოებრივ პრობლემებს წარმოადგენენ. ეს არის მთელი საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მოქმედება ყველას ინტერესებში შედის, არა მხოლოდ ახლანდელი თაობის, არამედ შემდგომი თაობებისაც. სწორედ ეს იწვევს სიმპათიას და უფრო მეტს, უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე უბრალოდ სიმპათიაა: ბევრში კვლავ გაიღვიძა გონებამ და სინდისმა, იმედი დაუბრუნდათ იმ ადამიანებს, ვინც ადრე იბრძოდა საკუთარი იდეალებისათვის, მაგრამ შემდეგ შიშის თუ დაღლილობის გამო შეწყვიტა…

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოძრაობის მთავარი მიღწევა, სწორედ ამაშია, მჭიდრო კავშირში მისი მთავარი საჭიროებებისა, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების უმრავლესობის პრობლემებთან. და უპირველეს ყოვლისა მის სიმტკიცეში; მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დაგვიხევია უკან არც შეუპოვრობაში და არც სიხისტეში, როგორც ხელისუფლებას უყვარს ხოლმე ამის თქმა. პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენი მხარდაჭერების წინაშე, ჩვენთვის ეთიკისა და მორალის საკითხს წარმაოდგენს… სწორედ ამიტომ ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული ჩვენი ბრძოლის სამართლიანობაში. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს უზრუნველყოფს ჩვენი მოძრაობის მიმართ ასეთ მხარდაჭერას. 

ამდენ თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რა არის თქვენი მოძრაობის მთავარი შიშები და იმედები?

იმედი დიდია, რადგან უკვე ყველამ დაინახა, რომ ჩილე აღარ არის ის რაც ადრე იყო. ამ მოძრაობამ შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ცვლილებაში. რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა. თუმცა რაღაც ამდაგვარი უკვე იწყებს დაბადებას და ამის შედეგად შეიძლება ახალი საზოგადეობის განვითარების პროცესები დაიწყოს, ამრიგად ბევრად უფრო მჭიდრო კავშირით რეალურ სოციალურ ბაზასთან. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ხელმეორედ აღვადგინოთ სოციალური ქსოვილი, რომელიც დიქტატურის დროს იქნა განადგურებული.

ჩვენი მთავარი საზრუნავი და უდიდესი საფრთხე მოძრაობისთვის,  ჩვენი აზრით არის ის რომ ეს პროცესი და მოძრაობა მხოლოდ ჩვენი სტუდენტური საჭიროებების ფარგლებში დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ იზოლირებული აღმოვჩნდებით სხვა სოციალური ძალებისგან და ყველაფერი კრახით დასრულდება. ხოლო როდესაც საყოველთაო იმედგაცრუება გაიზრდება, ის პროპორციული იქნება იმ იმედებზეც, რომელმაც ამ მოძრაობას სული შთაბერა და მისი მარცხი გრძელვადიან სოციალურ უძრაობას გამოიწვევს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ტაქტიკური უკან დახევის ხელოვნება. ძალების დაგროვებისა და სტრატეგიის გადახედვისათვის იმ დროს, როდესაც ხელისუფლება უმოქმედოა. ვფიქრობ ამაშია ჩვენი მთავარი პრობლემა და რისკი. ასეთ სიტუაციებზე საუბრობდა არა მხოლოდ ლენინი, არამედ სხვა ცნობილი ინტლექტუალებიც. სოციალური ბრძოლა არ არის წრფივი პროცესი. შეუძლებელია მხოლოდ მიწოლა და მიწოლა, დრო და დრო საჭიროა ამ პროცესის მაჯის ცემა იგრძნო, რომ საჭირო მომენტში ძალების რეორგანიზაცია მოახდინო და ამის შემდეგ გადახვიდე ახალ შეტევაზე. მე ვფიქრობ რომ ეს არის ის რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისწავლია.

ჩილელი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ადგილი უკავია ინტერნეტ-ტექნოლოგიებს? როგორ როლს თამაშობს სოციალური ქსელები? ისინი მართლაც მნიშვნელოვანია თქვენი მოძრაობისათვის?

სოციალური ქსელები  მნიშვნელოვანი ელემენტია ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისათვის, ეფექტურია აქციაზე ხალხის მოწვევისათვის და ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა. თუმცა არასწორი იქნებოდა იმის შესახებ საუბარი, რომ სოციალური ქსელები არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენი მოძრაობის სიღრმისა და მასიურობის. ეს მოძრაობა არის შედეგი ორგანიზაციული და პირადი მუშაობის. ის არ წარმოქნლია სოციალური ქსელების მეშვეობით. მისი მშენებლობა და განვითარება წლების წინ დაიწყო და დღევანდელი შედეგი არის პროდუქტი  სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მოქმედებისა და თანამშრომლობის. მათი შესაძლებლობისა შეინარჩუნონ კავშირი ერთმანეთთან. სოციალური ქსელების როლი მდგომარეობს არა ჩვენი მოძრაობის შექმნაში, არამედ მის  გამყარებაში. ხოლო მისი შექმნა შედეგია ჩვენი ამხანაგების გრძელი პერსონალური მუშაობის, რომელიც არ ჩანს არც ფეისბუქზე, არც ინტერნეტში და არც ტვიტერზე.

როგორია პრესისა და ჟურნალისტების როლი, როგორ აშუქებენ ისინი თქვენი მოძრაობის საქმიანობას?

პრესა ფაქტიურად ხელისუფლებას წარმოადგენს, ჩილეს პრესა მსხვილი ეკონომიკური ჯგუფების კონტროლის ქვეშ იმყოფება და ბუნებრივია, რომ თითქმის სრულად ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსხვილი საინფორმაციო საშუალებების უკან მთავრობა დგას. გამოსვლების დასაწყისში პრესა ძალიან პოზიტიურად გადმოსცემდა ჩვენი მისამართით საზოგადოებრივ აზრს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ მათ სხვა გზა არ ქონდათ დარჩენილი. გამოსვლები ზედმეტად მასიური იყო,  ძალიან გონებამახვილურად ორგანიზებული, მრავალფეროვანი და მხიარული. ამ შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იძულებულნი გახდნენ უფრო ობიექტურნი ყოფილიყვნენ.

თუმცა როდესაც უკვე კონფლიქტი განვითარდა და ცხადი გახდა რომ ამით ეს მოძრაობა ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდა, საინფორმაციო საშუალებებმა მნიშნვნელოვანდ შეიცვალეს პოზიცია. მიზანი საზოგადოებრივი აზრის გაუცხოება გახდა სტუდენტური მოძრაობისა და სხვა სოციალური ჯგუფებისაგან. მათი ამჟამინდელი სტრატეგია მდგომარეობს სოციალური პროტესტების კრიმინალიზაციაში, შესაძლო არეულობების დროს ძალადობაში და არა აუცილებელი უხეში ძალის გამოყენებაში წესრიგის აღსადგენად. ასეთი შემთხვევების დროს საინფორმაციო საშუალებები ღიად მუშაობენ სისტემის ინტერესების შესაბამისად და ემსახურებიან ერთადერთი შეხედულების გავრცელებას, დომინირებული სახელისუფლებო აზრისა, რომელიც გამოხატავს ამჟამინდელი ხელსიუფლების და მისი ყველაზე უფრო რეაქციონერული ფრთის პოზიციას.

სხვა საქმეა ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები და აგრეთვე ლოკალური არხები და რადიო. ისინი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მოსახლების მზარდ მოთხოვნილებაში, რომ უფრო ობიექტური ინფორმაცია მიიღონ მიმდინარე მოვლენების შესახებ. ალტერნატიული მედია საშუალებები უფრო ობიექტურები არიან და უმრავლეს შემთხვევებში სტუდენტური მოძრაობის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი.

რა მომენტში იგრძენით, რომ ეს მოძრაობა ასეთ დიდ მხარდაჭერას იმსახურებს?

ფაქტობრივად ყველა ჩვენგანისათვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა. პირველ დემონსტრაციაზე ჩვენ სამი ათასზე მეტ ადამიანს ველოდით, რეალურად კი დაახლოებით ათი ათასი მოვიდა. ეს პირველი სიურპრიზი იყო. შემდეგ იყო მეორე, მესამე და შემდგომი დემონსტრაციები. მხარდაჭრა იზრდებოდა და ჩვენ ვერ ვწყვიტავდით ამით გაოცებას. ყოველ ახალ დემონსტრაციაზე სულ უფრო მეტი ხალხი მოდიოდა.

გარკვეულ მომენტში ჩვენ ვიფიქრეთ: ’როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ნახტომი განვახორციელეთ’. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ ჩვენი მოთხოვნები უნდა მოდიოდეს რაღაც ძალიან მარტივი, გასაგები და კონკრეტულისაგან: ვალდადებული სტუდენტების ოჯახებიდან,  მათი სწავლების დაფინანსების პრობლემიდან და ა.შ. თანდათანობით ჩვენ აქედან  პოლიტიკური ხასიათის წინადადებებზე გადავედით, განცხადებაზე ახალი განათლების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, რაც თავის მხრივ პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან, რომელსაც უარყოფს თავად განვითარების ის მოდელი, რომელიც ჩილეში არსებობს. ჩვენ დავიწყეთ იმის შემჩნევა, რომ ჩვენი მოთხოვნები სინამდვილეში მხოლოდ ერთ განათლების სიტემას არ ეხება, რომ ეს სისტემური პრობლემაა თითქმის ყველა სფეროში და ჩვენ ვართ მსხვერპლი განვითარების ამ მოდელისა, რომელიც უთანასწორობისა და უსამართლობის კვლავწარმოებას ახდენს და არ უზრუნველყოფს მოქალაქეების ძირითადი უფლებების განხორციელების გარანტიას.

რაღაც მომენტში ჩვენ მივხვდით, რომ მოძრაობამ მნიშვნელოვანი და არსებითი ნახტომი გააკეთა და დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემა და მისი ხარისხი, არამედ ჩვენი დემოკრატიის ხარისხიც, უხეირო დემოკრატიის რომელიც სუსტია და მოითხოვს მის შიგნით არსებული მრავალი ტაბუს ხარვეზისა და შეზღუდვის გადახედვას. ამ ყველაფრის ერთდროულად აღიარების შემდეგ, ჩვენმა მოძრაობამ დაიწყო მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და შეუერთდა სხვა ინიციატივებს, რაშიც არის კიდეც ჩვენი ამჟამინდელი მოძრაობის ძირიტადი ძალა. მასში მონაწილეობენ მუშები, ღარიბი რეგიონების მაცხოვრებლები, ეკოლოგისტების ორგანიზაციები, სექსუალური უმცირესობები და ა.შ. ყველა ეს სოციალური ჯგუფი თავიანთ მოთხოვნებს  გამოხატავს და ერთად ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. 

ერთხელ მექსიკის ოფიციალურ მემარცხენე პარტიებზე საუბრისას სუბკომანდანტე მარკოსმა მათ ’მემარჯვენეების მარცხენა ხელი’ უწოდა. რამდენად მიესადაგება ეს შეფასება დღევანდელ ’ Concertacion /გაერთიანებული პარტია დემოკრატიისათვის’?(სოციალისტებისა და ქრისტიან დემოკრატების მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი, რომელიც დიქტატურის შემდეგ, უკანასკნელ არჩევნებამდე სადაც მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს, მართავდა ჩილეს და ხელუხლებლად ინარჩუნებდა  ნეოლიბერალურ მოდელს, რომელიც ჩილეს თავს ქონდა მოხვეული პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის დროს.)

დიახ რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში Concertacion სხვა არაფერი არ არის თუ არა მემარჯვენეობის სხვანაირი სახეობა. ფაქტობრივად ჩვენთან ჩილეში არასდროს არ ყოფილა ნამდვილი სოციალ დემოკრატია. დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამისათვის მიგვეღწია. ეს არის როგორც დაუსრულებელი პროცესი საიდანღაც სადღაც გადასვლისა, რომელიც არაფრით არ სრულდება. თუმცა მთავარი არის ადმინისტრაციული მოდელი, რომელსაც დიქტატურა ეწოდება. ჩვენი ლიდერები რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე იყვნენ ხელისუფლებაში სერიოზულად არასდროს არ ცდილობდნენ ეს შეეცვალათ, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ყველანაირი შესაძლებლობა  და აუცილებელი ქვორუმი გააჩნდათ სტრუქტურული ცვლილებებისათვის. მათ ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ კომფორტულ;ად მოეწყვნენ არსებული  ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის შიგნით და გააჩნიათ ბევრი პრივილეგიები, მათ შორის განათლების სფეროს ჩათვლით.  

Concertacion-ს ინტერესების კონფლიქტი აქვს ჩვენს მოძრაობასთან. მათ გააჩნიათ საკუთარი სკოლები და უნივერსიტეტები. ამიტომ ახალგაზრდობის და მთლიანად საზოგადოების მხრიდან Concertacion-ის მიმართ მთელი ეს კრიტიკა და უნდობლობა სრულიად გამართლებულია. მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ყველაფერზე რაც გააკეთეს და არ გააკეთეს და შეწყვიტონ ფიქრი საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალზე, ან გააგრძელონ პოლიტიკური ოპორტუნიზმის გატარება. Concertacion-ს დღეს აუცილებლად ჭირდება სერიოზული თვითკრიტიკა და გარდაქმნა.

როდესაც ჩილეს სტუდენტური გამოსვლები ჯერ მხოლოდ იწყებოდა, პრესამ რომელიც ჯერ ისიც კი არ იცოდა ზუსტად შენი გვარი როგორ წარმოითქმის, დაუყოვნებლივ შეგრაცხა ამ მოძრაობის ’ლიდერად’. თუმცა დღესდღეობით ’რეალური სოციალიზმის’ მარცხის შემდეგ რომელიც შესაძლოა არ იყო არც ნამდვილად რეალური და არც  ნამდვილად ’სოციალისტური’, ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღარ სურთ ბელადები, ლიდერები და  ავანგარდისტები… დღეს ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება გადავხედოთ ძალაუფლებისა და ლიდერობის თემას არა მხოლოდ გარეთ არამედ ჩვენი მოძრაობების შიგნითაც… რას ფიქრობ ამის შესახებ? გრძნობ საკუთარ თავს ლიდერად, ხელმძღვანელად, კოორდინატორად, წარმომადგენლად?

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ადგილი, ისტორიის შემთხვევითობაა. მე არ ვთვლი, რომ რომელიმე ჩვენთაგანი ლიდერათ არის დაბადებული. უბრალოდ ცხოვრებისეულმა გარემოებამ მომახვედრა მე ამ ადგილას, რომელზეც სრულიად შესაძლებელია ვინმე სხვა აღმოჩენილიყო. ასე აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელები ამ მომენტში ჩვენ ვართ. თუმცა ეს მოძრაობა დიდი კოლექტიური მუშაობის შედეგია და მას ასრულებს არა მხოლოდ  ჩვენი ის წევრები, ვინც საზოგადოებისათვის უფრო კარგად არის ცნობილი, არამედ ყველა ის წევრი, ვინც საკუთარი ყოველდღიური მუშაობით აშენებს ჩვენს მოძრაობას.

საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ დემონსტრაციებში მონაწილეობით. სამუშაოს საწყის წერტილს წარმოადგენს თვითონ მოძრაობის შექმნა, დაწყებული კოორდინაციით სხვა ორგანიზაციებთან. ამ თვალსაზრისით მე ვეთანხმები იდეას რომ: უფლება გადაწყვეტილებების მიღებაზე და რეალური ძალაუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ხელმძღვანელებზე, არამედ უმრავლესობაზე და ჩვენი ორგანიზაციის რიგით წევრებზე. ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი კიდევ ერთი ამოცანა, რადგან დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი არჩეული ლიდერების გაწვევისა, მათი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შენარჩუნებულია ძველი სქემა, რადგან ეს პრობლემა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად კარგად გაცნობიერებული. თუმცა  უკვე არსებობს პირველი ნაბიჯები უკეთესისაკენ, უკვე ჩანს სულ უფრო მეტი სურვილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა, პრინციპით ’ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე რასაც მოვითხოვთ’  და ასევე არსებობს თანხმობა იმის შესახებ, რომ წინ გრძელი ბრძოლა გველის.

ჩვენ არ გადავცემთ ლიცენზიას ცვლილებებზე მათ, ვისაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ საზოგადეობაში ამ საჭირო ცვლილებების შესაძლო განხორციელებისათვის. ჩვენ თვითონვე ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ეს ცვლილებები რეალური გახდეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩილეში და არა მარტო აქ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვინც განიცდის ლიდერებისა და ბელადების მოთხოვნილებას, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესებს ხელმძღვანელობენ. ბევრს რთულად შეუძლია საკუთარ თავში იპოვოს იმედი ავტორიტეტული ლიდერის სახის გარეშე, რომელიც მასში იმედს განასახიერებს. მე ვფიქრობ რომ ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს და მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ ხელისუფლება და ხელმძღვანელობა კოლექტიური გახდეს. ეს მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და მთლიანობაში ჩვენთან ჩილეში პროცესი სწორედ ამგვარად ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის საშუალებები, ყოველთვის პერსონიფიკაციისკენ მიისწრაფვიან.

უკანასკნელი თვეების მანძილზე შენ ძალიან ცნობილი გახდი და ხალხის სიმპათიებს იწვევ არა მხოლოდ ჩილეში, არამედ მისი საზღვრების მიღმაც. ბევრი ამტკიცებს, რომ ძალაუფლება და დიდება ადამიანს ყოველთვის ცვლის. რა შეგიძლია ამის შესახებ თქვა? ძალიან შეიცვალე?

არ ვიცი მრჩება თუ არა დრო საიმისოდ, რომ ’ვარსკვლავურ ავადმყოფობაზე’ ვიფიქრო. ჩემთვის არ იყო ადვილი იმ მასშტაბისა და გავლენის გაცნობიერება, რასაც ჩვენი მოძრაობა ხალხზე ახდენს. ბევრი მიჩვეულია ყველაფერზე საუბარი დაიწყოს სიტყვით ’მე, მე, მე’… თუმცა მე ამისგან ნამდვილად შორს ვდგავარ.

როდესაც პროფესიონალ პოლიტიკოსებს უსმენ, ყველაზე გავრცელებული სიტყვა სწორედ ’მე’ არის…

პროფესიონალ პოლიტიკოსებზე როდესაც არის საუბარი დიახ, მაგრამ თუკი ჩვენს მოძრაობაზე ვისაუბრებთ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ სიტუაციის დაბალანსება და ჩვენ ვცდილობთ ყურადღება გამოვიჩინოთ ამ თემის მიმართ. ჩვენ როდესაც სხვადასხვა ფორუმებსა და შეხვედრებზე გამოვდივართ და აპლოდისმენტებს ვისმენთ, ყოველთვის გვახსოვს, რომ ეს ტაში არ არის ჩვენთვის, ის არის ჩვენი ამხანაგებისთვის, რომლებიც მას იმსახურებენ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კამერებისა და მიკროფონების წინ და ხშირად ვხვდებით მასობრივი ინფორმაციის საშაულებებში, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ მათი სახელით ვინც ჩვეულებრივ უხილავი რჩება, თუმცა მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. საფუძველი და ფუნდამენტი ამ მოძრაობისა ეს არის სტუდენტები, მუშები, მასწავლებლები, ლექტორები, რომლებიც ყოველდღე მისი მშენებლობით არაინ დაკავებულნი. ჩვენ კარგად გვესმის ეს, რაც გვეხმარება იმაში, რომ არ გაგვიტაცოს აპლოდისმენტებმა და არ დაგვავიწყდეს ჩვენი რეალური ადგილი.

კამილა ჩილეს და ლათინური ამერიკის ისტორიიდან და კულტურიდან რომელი ფიგურები იმსახურებენ შენს ყველაზე დიდ პატივისცემას?

შესაძლოა ეს ჩემი პარტიის კულტურული გავლენაა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სულაც არ არის საჭირო იყო კომუნისტი, იმისათვის, რომ გიყვარდეს და აღფთოოვანდე ისეთი ფიგურებით, როგორებიც იყვნენ ვიოლეტა პარა, ვიქტორ ხარა და სალვადორ ალიენდე. ისინი განსაკუთრებით ძვირფასნი არიან ჩემთვის კულტურის მუშაკები რომლებიც ამავდროულად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ახალი საზოგადოების პროექტის მშენებლობაში, სოციალური ცვლილებებისათვის, უმრავლესობის სასარგებლოდ. ამისათვის მათ ყველაფერი გაიღეს. არაინ სხვებიც, მათი წინამორბედები მაგალითად ლუის ემილიო რეკაბარენი… ლათინურ ამერიკაში არიან ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც არიან ხოსე კარლოს მარიატეგი, ედუარდო გალეანო… თუმცა ჩემთვის ყველაზე უფრო ახლო და ძვირფასი ჩვენი ჩილელი პოეტები და მებრძოლები არიან. განსაკუთრებით კი ალიენდე.

რას ეტყოდი ლათინური ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს?

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მექსიკელებს, ბრძოლის მაგალითისთვის. სწორედ მათ მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველად დაგვანახეს, ჩვენ რომ ეს ბრძოლა შესაძლებელია და ეს მაგალითი ჩვენ ძალიან დაგვეხმარა. მე ვთხოვ ლათინური ამერიკის ახალგაზრდებს ნუ შეეშინდებათ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენც კონტინენტზე იწყება. საჭიროა გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი თაობების ოფლის, სისხლისა და ცრემლის შედეგად არის  შექმნილი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ისინი, როგორც ჩვენი მემკვიდრეობა და ამავდროულად როგორც ძირითადი ინსტრუმენტი ახალი უკეთესი საზოგადოების მშენებლობისათვის… და მიუხედავად ყველა ჩვენი განსხვავებისა, ყოველთვის შევინარჩუნოთ ერთიანობა. ყველა ჩვენს ქვეყანაში ბევრი განსხვავებული მემარცხენე ძალაა. ისინი ყველანი განსხვავებულები არიან და ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთიანობა. ჩვენი ერთი მტერი გვყავს და ის ჩვენს შიგნით არ არის.

სხვა მხრივ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთელი საზოგადოება არ შედგება მხოლოდ სტუდენტებისგან, აუცილებელია ვისწავლოთ ურთიერთობა მუშებთან და სხვა სოციალურ ჯგუფებთან. ჩვენ ხშირად გვეჩვენება, რომ ყველას შეუძლია ჩვენი იდეების გაგება, მაგრამ ეს ასე არ არის. უნდა ვიმუშავოთ ენაზე და ვიპოვოთ ყველაზე უბრალო, ყველაზე მისაღები და გასაგები სიტყვები რომ მისი მოსმენა შეძლოს ყველაზე უფრო ღარიბმა და ნაკლებად განათლებულმა მსმენელმა და მიუხედავად ამისა არ დავკარგოთ ის აზრი და შინაარსი რისი გადაცემაც გვინდა.  ასეთია ჩემი რეკომენდაცია… და წინ! იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ჩილელებისათვის, არამედ ეს არის ბრძოლა ყველა სტუდენტისა და ყველა ახალგაზრდისათვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ბრძოლა ადამიანური ღირსებისთვის. ჩვენი უფლებებისა და უფრო ჰუმანური საზოგადოებისათვის.

რუსულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო

ლევან აბაშიძემ

Share on Facebook320Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*