ბრექსიტი ვერ დაიცავს ბრიტანეთს დაშლის პირას მყოფი ევროკავშირის საშინელებისგან

Yanis-Varoufakis-Lგთავაზობთ საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრისა და ეკონომიკის პროფესორის იანის ვარუფაკისის გამოცემა The Guardian-ზე 2016 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ვარუფაკისი გახლავთ ევროპისა და გლობალური კრიზის გარშემო მიმდინარე დებატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. იგი ავტორია წიგნისა „გლობალური მინოტავრი“ (The Global Minotaur), ასევე მას ეკუთვნის აკადემიური ტექსტები ეკონომიკასა და თამაშის თეორიაზე, გახლავთ ათენის უნივერსიტეტის პროფესორი და „Valve Corporation”-ის კერძო კონსულტანტი. ვარუფაკისმა ახლახანს დააფუძნა მოძრაობა “Diem25 – Democracy in Europe Movement 2025“.

თარგმანი მოამზადა თეონა მჭედლიშვილმა.

© European.ge

ევროკავშირის დატოვების შესახებ აზრმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ უამრავმა ბრიტანელმა ამომრჩეველმა ევროკავშირი ავტორიტარიზმთან, უგუნურებასთან და საპარლამენტო დემოკრატიის მიმართ უპატივცემულობასთან გააიგივა. ამასობაში კი ძალიან ცოტა ნაწილს სჯეროდა მათი, ვინც ვამტკიცებდით რომ სხვაგვარი ევროკავშირი  შესაძლებელი იყო.

მე ვიბრძოდი დარჩენის მომხრე რადიკალური ხმებისთვის, რომელიც ემხრობოდა ჩვენს პან-ევროპულ დემოკრატიას ევროპულ მოძრაობაში (DiEM25)*. მე ვეწვიე ქალაქებს ინგლისში, უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ჩემი მიზანი იყო პროგრესულად მოაზროვნეები დამერწმუნებინა, რომ ევროკავშირის დაშლა გამოსავალი არ იყო.  მე ვასაბუთებდი, რომ მისი რღვევა გზას გაუხსნიდა იმ სახის დეფლაციურ* ძალას, რომელიც სავარაუდოდ მკაცრი ეკონომიკის ჭანჭიკებს ყველგან შეავიწროებდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი იმით დასრულდებოდა, რომ ისევ ხელისუფლებისა და მისი ქსენოფობი მომხრეების წისქვილზე დაასხამდა წყალს. ჯონ მაკდონელთან, კაროლინ ლუკასთან, ოუენ ჯოუნსთან, პოლ მეისონთან და სხვებთან ერთად, მე ვიბრძოდი ევროკავშირში დარჩენის სტრატეგიისთვის, თუმცა  ევროპის მიერ ჩამოყალიბებული წესებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ ვილაშქრებდი. ჩვენს წინააღმდეგ იყო დევიდ კამერონის ალიანსი (ვისმა ბრიუსელის ხრიკებმაც ბრიტანელებს შეახსენა ის, რის გამოც ზემოდან უყურებენ ევროკავშირს), ფინანსთა სამინისტრო (და მისი შეუსაბამო ფსევდო-ეკონომეტრული უსაფუძვლო შფოთვა), „ლონდონი სითი“ (რომლის აუტანელმა, საკუთარი თავით შთანთქმულმა მედიდურობამ მილიონობით ხმის მიმცემი ევროკავშირის მიღმა დატოვა), ბრიუსელი (რომელიც თავის ახალ მანევრს – ფინანსურ წამებას ევროპის პერიფერიებში საქმიანად იყენებდა), გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფანგ შოიბლე (ვისმა მუქარებმაც ბრიტანელი ამომრჩევლების მისამართით ანტი-გერმანული განწყობა გამოაცოცხლა), საფრანგეთის გასაცოდავებული სოციალისტური ხელისუფლება, ჰილარი კლინტონი და მისი უდარდელი ატლანტიკელები* (რომლებიც ევროკავშირს, როგორც  კიდევ ერთ საფრთხის შემცველ, „ნების საფუძველზე შექმნილ კოალიციის” ნაწილად სახავდნენ) და საბერძნეთის მთავრობა (რომლის გამუდმებულმა მორჩილებამ ევროკავშირის სადამსჯელო სიმკაცრისადმი ასე გაართულა ბრიტანელ მუშათა კლასის დარწმუნება, რომ მათი უფლებები ბრიუსელის მიერ  დაცული იყო).

რეფერენდუმის შედეგების გამოძახილი შემზარავი იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც კამერონი და ბრიუსელი აფრთხილებდნენ წინასწარ. ბაზრებზე ფასები მალე დარეგულირდება და მოლაპარაკებები ისეთი მიმართულებით განავითარებს მოვლენებს, როგორც დაახლოებით ნორვეგიის გადაწყვეტილების მსგავსად წარიმართა. ეს ბრიტანეთის მომდევნო პარლამენტს საშუალებას მისცემს ორმხრივად შეთანხმებულ ღონისძიებაზე რაიმე გზა მონახოს. შოიბლე და ბრიუსელი გაცხარდებიან და ყირაზე დადგებიან, მაგრამ ისინი ურთიერთობის დალაგებას ლონდონთან აუცილებლად დაიწყებენ. ტორები ერთ მუშტად შეიკვრებიან, როგორც ყოველთვის იქცევიან, ხელმძღვანელობენ რა თავიანთი კლასობრივი ინტერესის ძლიერი ინსტინქტით. თუმცა, მიუხედავად შედარებითი წონასწორობისა, რომელიც ამჟამინდელ შოკს მოჰყვება, ზედაპირის ქვეშ მყოფი შიდა ძალები თავზარდამცემი შესაძლებლობით გააქტიურდებიან და შეეძლებათ ევროპასა და ბრიტანეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენონ.

იტალია, ფინეთი, ესპანეთი და რა თქმა უნდა საბერძნეთი ამ ღონისძიებების პირობებში არამდგრადები არიან. ევროს სტრუქტურა სტაგნაციის გარანტიაა, ხოლო ვალისა და დეფლაციის მაჩვენებლი უფრო და უფრო იზრდება, რაც ქსენოფობიურ შეხედულებებს აძლიერებს. პოპულისტები იტალიაში, ფინეთში და შესაძლოა საფრანგეთშიც ევროკავშირისგან გამოსაცალკევებლად რეფერენდუმებს ან სხვა გზებს მოითხოვენ.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც გეგმა გააჩნია, არის გერმანიის ფინანსთა მინისტრი. შოიბლე აღიარებს ბრექსიტის შემდგომ შიშს თავისი უდიდესი შესაძლებლობის წინაშე, ევროკავშირის მუდმივი და მტკიცე ერთიანობა რომ უზრუნველყოს. მისი გეგმის მიხედვით, ევროზონის ქვეყნებს სტაფილოებს და უშველებლ ჯოხს შესთავაზებენ. სტაფილოები მცირე ზომის დანახარჯებისთვის იქნება განკუთვნილი, ევროზონის ბიუჯეტით რომ დაიფაროს. მაგალითად უმუშევრებისთვის შეღავათები და ბანკის დეპოზიტების დაზღვევა. ჯოხი იქნება ვეტო ეროვნულ ბიუჯეტებზე.

თუ არ ვცდები, ბრექსიტს საქმე იქით მიჰყავს, რომ დარჩენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სამუდამო, ასკეტური, მტკიცე რკინის გალია გაკეთდეს. არსებობს ორი პროგნოზი: ერთი, რომ გალია გაუძლებს და ამ შემთხვევაში ინსტუტიციონალიზებული სიმკაცრე დეფლაციას ბრიტანეთისკენ გადატყორცნის, მაგრამ ასევე ჩინეთსაც მიწვდება (ასეთ შემთხვევაში, სამომავლოდ დესტაბილიზაციას ბრიტანეთსა და ევროკავშირზე მეორე უარყოფითი გავლენა ექნება).

კიდევ ერთი ვარაუდი არის ის, რომ გალია გაირღვევა (მაგალითად დატოვებს იტალია ან ფინეთი) და შედეგად გერმანია განადგურების პირას მყოფ ევროზონას საკუთარი ნებით დატოვებს. მაგრამ, იგი ახალი დოიჩმარკის (გერმანული ფულის ერთეული) ზონად გარდაიქმნება, რომელიც ალბათ  უკრაინის საზღვრამდე მიაღწევს და არნახულ დეფლაციას გამოიწვევს (რადგან ახალი ვალუტა ძალიან მაღლა აიწევს და გერმანული საწარმოები საერთაშორისო ბაზრებს დაკარგავენ). თუ ეს სცენარი განხორციელდება, ბრიტანეთს და ჩინეთს კიდევ უკეთესი საყრდენი ექნებოდათ უფრო დიდი დეფლაციის შოკური ტალღისთვის რომ გაეძლოთ.

მოვლენების ამგვარად განვითარების საფრთხისგან ბრიტანეთს ბრექსიტი ვერ დაიცავს.  სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი  იმისა, რატომაც ვეცადეთ მე და DiEM25-ის სხვა წევრები  ევროკავშირი ისეთი წამყვანი ძალისგან დაგვეცვა, რომელიც ევროპეიზაციას მიწასთან ასწორებს. მე ძალიან ვეჭვობ, რომ მიუხედავად ბრექსიტის შედეგების შემდეგ მათი პანიკისა, ევროკავშირის ლიდერები ჭკუას მაინც ვერ ისწავლიან. ისინი ევროკავშირის დემოკრატიზაციის ძახილით ხმების ჩახრინწვას და შიშით მართვას გააგრძელებენ. განა ვინმეს უკვირს, რომ ბევრმა პროგრესულად მოაზროვნე ბრიტანელმა ევროკავშირს სწორედ ამის გამო შეაქცია ზურგი?

სანამ მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ დატოვება არასწორი არჩევანი იყო, ამავდროულად მივესალმები კიდევაც ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას: წინ აღუდგნენ დემოკრატიული სუვერენიტეტის შემცირებას. ეს უკანასკნელი კი ევროკავშირში დემოკრატიულობის დეფიციტით არის გამოწვეული; მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ დამწუხრებული ვარ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩემს თავს რეფერენდუმში დამარცხებულთა რიგებს მივაკუთვნებ.

დღეიდან, ბრიტანელი და ევროპელი დემოკრატები რეფერენდუმს უნდა ჩაეჭიდონ და ლონდონისა და ბრიუსელის ხელმძღვანელ პოლიტიკურ ელიტას უფრო მეტად უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ვიდრე ოდესმე. ამჟამად ევროკავშირის დაშლა მთელი სისწრაფით მიმდინარეობს. ევროპის მასშტაბით ხიდების გადება, დემოკრატების გაერთიანება საზღვრებს გარეთ და პოლიტიკური პარტიები – არის ის, რაც ევროპას როგორც არასდროს ისე სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს ამ მარცხის გარდაქმნა ქსენოფობიურ, დეფლაციურ, 1930-იანი წლების მსგავს ქაოტურ მორევში.

 

განმარტებები

*დეფლაცია – ბრუნვაში მყოფი ქაღალდის ფულის რაოდენობის შემცირება მისი მსყიდველობითი ძალის ასაწევად.

*ატლანტიკელები  – პოლიტიკაში იმ შეხედულების მატარებელი პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლეთ ევროპასა (განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის) და აშშ-ს შორის  სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ახლო თანამშრომლურ ურთიერთობებს ემხრობიან.  

 DiEM25* – პან-ევროპული პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ევროკავშირში არსებული ინსტიტუტების რეფორმირება იმ მოტივით, რომ შეიქმნას სრულიად ახალი დემოკრატიული სისტემა სუვერენული პარლამენტით, რომელიც ეროვნულ თვითშეგნებას პატივს სცემს და ეროვნულ პარლამენტებს, რეგიონალურ ასამბლეებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ძალაუფლებას  გაუნაწილებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ