ბათუმი: უთანასწორობის ქალაქი

Share on Facebook1.1kShare on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
giorgi
ფოტო © EMC

► ავტორი: გიორგი ღვინჯილია, სოციალური აქტივისტი.

© European.ge

11 მარტს, ბათუმის პლაზას ტერიტორიაზე მოქალაქის დაკავების ფაქტს, დიდი არეულობა და პოლიციის მანქანების დაწვა მოყვა. ნიღბიანი მომიტინგეების ნაწილმა ალყაში მოაქცია ბათუმის სამმართველოს შენობა, შესასვლელთან სახელგანთქმული ქართველი რეპერი მასტერის ჰიტი „დამსინა“ ჩართო და ცეკვა დაიწყო. მსჯელობას მცირე სტატისტიკური შესავლით დავიწყებ.

ჯინის ინდექსის მიხედვით, საქართველო რეგიონის ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა და იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც საშუალო კლასი თითქმის არ არსებობს. ამის პარალელურად სახელმწიფო ვერ უზუნველყოფს გადანაწილების პოლიტიკას, რაც მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას და ღარიბების გაღარიბებას იწვევს. საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე, პროფესორმა ჯონ სეიბლმა მთავრობას შემდეგი წინადადებით მიმართა – თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ახალგაზრდებისთვის გადარჩენისთვის ცხოვრებაზე მეტის შეთავაზებას, ახალგაზრდები გაწბილდებიან, გაბრაზდებიან და შესაძლოა საქართველოში არაბული გაზაფხულის სიტუაცია დატრიალდეს.“

მუყაოს ქალაქი
ბათუმი, “მუყაოს ოცნების ქალაქი”.

იუნისეფის მიერ მოწდებული სტატისტიკის მიხედვით „2009 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შინამეურნეობათა 24%, მათ შორის ყველა ბავშვის 28%, სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს – 89,7 ლარს – მიღმა იმყოფება.   შინამეურნეობების ყველაზე ღარიბ 20% –ში მყოფ ბავშვებს მაღალი ალბათობით  არ მიუწვდებათ ხელი მომსახურებებზე.“ ამასთანავე  “2011 წლის აპრილისათვის, საქართველოში 145 665 ოჯახი (მთლიანი მოსახლეობის 12,4%), ე.ი. 425,387 მოსახლე (მთლიანი მოსახლეობის 9,7%)  ყოველთვიური დახმარების სახით, ფულად „საარსებო შემწეობას“ იღებდა. „ ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური დაცვის სისტემა საქართველოში ე.წ. სამაშველო ბადის პრინციპით მოქმედებს, ეს დახმარება გაჭირვებულების დაცვას მხოლოდ შიმშილისა და სიცივისგან ცდილობს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არსებობს არანაირი სოციალური მობილობის, ანუ სიღარიბიდან, საშუალო ფენაში ამოღწევის პერსპექტივა. ამ აზრით საქართველოს ეკონომიკა ლათინური ამერიკის ზოგიერთი უთანასწორო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ეკონომიკას გავს.

ცხადია არსებული უთანასწორობა ადამიანების უნარებზეც ზემოქმედებს. ხატია ნადარაიას მიერ განათლების უთანასწორობისათვის მიძღვნილ სტატიაში ვკითხულობთ„ესპინ ანდერსენის მიხედვით (2007), არსებობს ოთხი ძირითადი მექანიზმი, რომელიც ინდივიდების შესაძლებლობებზე ზემოქმედებს: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის სტრუქტურა, მშობლების ჩართულობა, და ის რასაც შეგვიძლია „კულტურული კაპიტალი“ ვუწოდოთ, ანუ სასწავლო გარემო რომელშიც ბავშვები იზრდებიან. შემოსავლების უთანასწორობის გავლენა ნიშნავს, რომ მშობლების უთანასწორობის გავრცელებული დონე ზემოქმედებს მშობლების შესაძლებლობაზე ინვესტირება გააკეთონ საკუთარ ბავშვებში, ამიტომაც ოჯახური წარმომავლობის გავლენა ბავშვის შედეგებზე აშკარაა.“

სტატიაში განხილული ძირითადი საფრთხე კოგნიტური პოლარიზაციაა, კოგნიტური უნარები ადამიანს მიღებული ინფორმაციის გაგებასა და ინტერპრეტირებაში ეხმარება, ჩვენთან ეს უნარები ზოგადი უნარების ტესტით მოწმდება. ამის პარალელურად ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია კერძო რეპეტიტორების მაჩვენებლებით, რაც სასკოლო და ბაღის განთლებისას დატოვებული ჩამორჩენის ამოქაჩვის სწრაფი და შედარებით ძვირიანი გზაა.

კოგნიტური პოლარიზაცია საზოგადოების ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მაღალი ფენების კოგნიტური უნარები საგრძნობლად განსხვავდება დაბალი ფენების უნარებისგან. სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ამგვარი პოლარიზაციის მყარი საფუძვლები გვაქვს.

ერთი ინტელექტუალურად ნაივური, მაგრამ არა აზრს მოკლებული მოსაზრების მიხედვით, საქართველოში არა მხოლოდ კოგნიტური პოლარიზაციისა და უთანასწორობის, არამედ რაღაც ტიპის „სოციალური ცხოვრების პოლარიზაციის“ მსგავსი ფენომენი გვხვდება, თითქოს საზოგადოებაში ორი პარალელური რეალობა არსებობს, ერთი მათგანი მდიდრებით, პრივილეგირებულებით და ძალაუფლების მქონეებით არის დასახლებული, ხოლო მეორეში ღარიბები ბინადრობენ.

muyao
ბათუმი, “მუყაოს ოცნების ქალაქი”.

„ენჯეობი განცხადებას ავრცელებენ“ – ვეუბნები ბათუმის აქციის ერთერთ მონაწილეს – „ეგ რა არის?“ – ვიღებ კითხვას და რამდენიმე გაოცებულ მზერას პასუხად და 2012 წელს რადიო თავისუფლებაში გამოქვეყნებული სტატისტიკა მახსენდება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ორ პროცენტს ქონია შეხება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ დღის წესრიგს საჯარო სივრცეში და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ძირითად აგენტებად ითვლებიან. ეს ორგანიზაციები მონაწილეობას კონსტიტუციის შეცვლაშიც იღებენ. მოდით მომხდარის შესახებ ცოდნის გაღრმავებას შევეცადოთ. „ესენი უკვე ევროპაში ცხოვრობენ, ფულიც აქვთ და უფლებებიც“ – და ხელს ქალაქის ცენტრისკენ იშვერს.

„პალაჟენიის“ დაყენება

„ასე თქვა თათრებს პალაჟენია უნდა დავუყენოო“ – ამბობენ პოლიციის ახალ უფროსზე, რომელმაც ქალაქში მოძრაობის წესები გაამკაცრა და პოლიციული რეიდები გარეუბნების ყოველდღიურობად გადააქცია. რას აკეთებს ჩვენი პოლიცია პალაჟენიის დაყენების პერიოდში, რისთვის ჭირდება მას ასეთი პალაჟენია, არსებობს თუ არა საქართველოში სივრცეები სადაც პოლიციური ძალადობა დაუსჯელი და უფრო მეტიც წახალისებულია.

კითხვას, ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მიერ 2014 წელს, ჟურნალ ფორბსში გამოქვეყნბულ სტატიასთან მივყავართ, სადაც შემდეგი აბზაცი იკითხება, (როგორც იტყოდნენ მეტი პირდაპირ როგორ თქვას):

„წარმოვიდგინოთ ერთი თბილისური უბანი და დავუშვათ, რომ ამ უბანს ჰყავს ერთი უბნის ინსპექტორი და ერთი, გნებავთძველი ბიჭივუწოდოთ, გნებავთ მოკრიმინალო ელემენტი. უბნის სიმშვიდეს ამ ორ ადამიანს შორის ძალთა ბალანსი განსაზღვრავს. პოლიციელი ცდილობს, ეს ძველი ბიჭი ან ციხეში ჰყავდეს ან, თუ გარეთ არის, მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ აიყვანოს და აიძულოს, რომ ნორმალურად მოიქცეს. თუ ეს ძველი ბიჭიდაჩმორებულია”, ეს სიგნალია დანარჩენი უბნისათვის. სხვები მასთან არ ძმაკაცობენ, შარია. თანატოლები და მასზე უმცროსები მას არ ბაძავენ, მაგალითად, იარაღით არ დადიან.”

როგორც ადგილორივები ამბობდნენ, პოლიციის ახალ უფროსს ქალაქის სეზონამდე წესრიგში მოყვანა დაევალა, რაც საავტომობილო მოძრაობის წესების გამკაცრებასთან ერთად, გარეუბნებში განხორციელებულ პოლიციურ რეიდებში იყო გამოხატული – „ათი საათის მერე სახლში უნდა იჯდე, ნი დაი ბოგ ამგენს გადაეყარო სადმე.“

ჭაობი და სტეფანოვკა ბათუმის გარეუბნებია. ამ უბნების ინფრასტრუქტურა გაუმართავია, მისასვლელი გზები დანგრეულია, კორპუსების ნაცვლად აქ ბარაკებია, წყალი ხშირად წყდება, აქ იშვიათად შეხვდებით სპორტულ მოედნებს და სკვერებს, სამაგიეროდ არის რამდენიმე მცირე ზომის კაზინო და განათებული პოლიციის შენობა. აქაური ბიჭების დიდი ნაწილი სეზონზე თავს თურქული თხილის პლანტაციებზე მუშაობით ირჩენს, ამიტომ უბანი ცარიელდება. წლის დანარჩენ დროს თავს დილაობით თურქეთში 10 ლარის კონტრაბანდის გადატანით ირჩენენ. ბევრი მათგანი საზღვარზე გადმომსვლელ ტურისტებს ბარგის გადმოტანაში ეხმარება და ამისთვის რამდენიმე ლარის გასამჯელოს იღებს. ეს ადამიანები სარგებელს ვერც ტურისტული სეზონიდან იღებენ – „ბათუმი კი ვართ, მაგრამ ჭავჭავაძის აქეთ კამანდა ვართ“ – მეუბნება ერთერთი მათგანი. ჭავჭავაძის ქუჩა, ერთგვარი წყალგამყოფია, ბათუმის განახლებულ ნაწილსა და დანარჩენ ქალაქს შორის, რომელშიც მოსახლეობის დაახლოებით 70% ცხოვრობს. ქალაქის ცენტრში არსებული კაფეები და რესტორნები, რვა ლარიანი ყავით და ცხრა ლარიანი აჭარულით, ამ ხალხისთვის ძვირი და ხშირად მიუღწეველი სიამოვნებაა, ტურისტებიც სხვა უბნებში დასვენებას არჩევენ. ყველას გვინახავს ბულვარში მოსეირნე ბიჭების ჯგუფები, რომლებიც ძვირიან კლუბებთან დგანან და გარედან უყურებენ შიგნით მიმდინარე ტუსოვკას.

ადგილობრივი ბიჭები ნულოვანი ტოლერანტობის მსგავს პოლიციურ პრესზე ყვებიან, რომელიც თბილისელების დიდ ნაწილს მხოლოდ გადმოცემით ახსოვს. ეს ცალკეული ისტორიები არ არის, მათ უმრავლესობას რაღაც მსგავსის მოყოლა მაინც შეუძლია – „შემოვიდა ინტერნეტ კაფეში კაპიშონიანი ტიპი, მხარი გამკრა, დამიძაბა და რო გავედით პოლიცია დაგვხვდა გარეთ და ესეც მენტი აღმოჩნდა, გაგვხიეს ცემაში, წაგვიყანეს, გაგვხადეს, დაგვაბეს, გვაფურთხეს, გვაგინეს, თანამშრომლობას გვთხოვდნენ. რო შეგებრუნებინა ენა უფრო გცემდნენ და სხვადასხვა ოთახებიდან ერთმანეთის ცემას გვასმენინებდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ათი კაცის დაჭერა ქონდათ დავალებული. ფეხბურთელი ვარ, რა შუაშია ქუჩა, ყველას გვაქვს ძმაო ღირსება, ამოვიდა ყელში.“ არცერთი მათგანი არ ენდობა საგამოძიებო ორგანოებს და უფლებადამცველებს, ამიტომ ასეთი საქმეები გაუხმაურებელი რჩება. ალბათ კარგად გვახსოვს რა მოყვა სამტრედიელი ბიჭი, დემურ სტურუას მიმართ განხორციელებულ ამგვარ მუქარას, ყველას გამძლეობას ვუსურვებ, მაგრამ ამისი გაძლება არც ისე მარტივია.

რას გულისხმობს შოთა უტიაშვილის მიერ აღწერილი „პალაჟენიის“ დაყენების სტრატეგია? უფრო ზუსტად როგორ ხდება ხალხის „დაჩმორება“? ბირჟაზე რამდენიმე თანამშრომელი მოდის, გაორიცხული არ არის, რომელიმე მათგანს ხელში ავტომატი ეჭიროს, ყველა მათგანი აგრესიული და ცინიკურია, საუბარი დამამცირებელი ტონით იწყება – „ფეხები ჩამოიღე ბიჭო, რანაირად ზიხართ, ვაბშე გადაჯმული გაქვთ თავზე“, „გამარჯობა კი არა ფეხზე ადექი ბიჭო რო მესალმები“, „ჯიბეში რა გიდევს, ზურგით დადექი შე ყლეო და ხმა არ ამოიღო“ – ე.წ. უბნის ყოჩები, სახალხოდ უნდა დამცირდნენ, როგორც ითქვა, მათთან ერთად სიარული სახიფათო უნდა იყოს. ასეთი რეიდების დროს, წამლის დადებაც მოსულა და ცემაც. პოლიცია უხეში ტონით არა მხოლოდ ე.წ. ძველ ბიჭებს არამედ ყველა ქუჩაში შემხვედრ ახალგაზრდას მიმართავს, ზოგი მათგანი ჩუმად დარჩენას ამჯობინებს, ზოგს თავის შეკავება უჭირს.

ბათუმი რეგიონული მიგრაციის ცენტრია, სამშენებლო ბიზნესის დიდი გაქანების გამო, აქ საშოვარზე აჭარის სხვადასხვა სოფლების და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდები ჩამოდიან. ცხადია „ჭავჭავაძის იქით კამანდაში“ გარევა, მათთვის ფინანსურად და კულტურულად მიუღწეველი სიამოვნებაა, ყველა მათგანი ჭავჭავაძის აქეთ სახლდება, პირველი დაკვირვებით ბათუმის გარეუბნები ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. „მეგრელი, აჭარელი და იმერელი რა შუაშია, ქართველები და ძმაკაცები ვართ ყველა, ჩემს საძმაკაცოში მაგალითად მუსულმანებიც არიან და ქრისტიანებიც, მარა ამ თურქებმა შეგვჭამეს ძმაო, ყველაფერი ამათია უკვე.“ ამ უბნების თითქმის ყველა ეზოში ბირჟებია, სადაც ძირითადად 13-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეხვდებით, რომლებიც ხურდებით აგროვებული ფულით ნაყიდ ლუდს სვამენ და ხმამაღლა ხუმრობენ. „რო გავიგეთ ცენტრში ხალხი ძაღლებს აწვებაო აქ ვინ დარჩებოდა? სიხარულით წავედით, კიდე ვერ ვხვდებით რა მოხდა…“ – მეუბნებიან ადგილობრივები და მხრებს იჩეჩავენ.

შემთხვევითი არც ის არის, რომ მომიტინგეებისთვის მიმართვა, პრემიერ კვირიკაშვილს, ქართული ქუჩის მთავარმა კოორდინატორმა კახი კალაძემ დაასწრო, რომელმაც ბიჭებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

პლაზას ტერიტორიაზე მდებარე სასადილოში შევდივარ, სადაც მძღოლები და  ახალგაზდები სადილობენ, აქ საბჭოთა სკოლის მერხებზე მორთმეულ სამ ლარიან ქაბაბს, ერთი თონის პური და ტყემალი უფასოდ მოყვება. ადგილობრივებთან გამოლაპარაკებას ვცდილობ და გუშინდელ ამბებზე ვეკითხები, გაღიმებული ახალგაზრდები მიყვებიან, რომ ხალხი გამოვიდა და პოლიციას გადაუარა – „ეტყობა ყელში ამოუვიდათ“ – მეუბნება ერთერთი მათგანი და ცბიერად იღიმის. კონტრასტისთვის ბათუმის ცენტრში მდებარე ლიტკაფეში გადავდივარ სადაც რვა ლარიან კაპუჩინოს, ფეხიანი ჭიქით და მხატვრული გაფორმებით მოგაწვდიან. გვერდითა მაგიდიდან შფოთი ისმინება – „დაამტვრიეს ქალაქი გოგო, მაინც კუთხური კომპლექსების ბრალია ყველაფერი“.

პროსტიტუცია და ქალების საკითხი

ქალების „გაბოზების“ შესახებ წუხილი, ლაიტმოტივად თითქმის ყველა საუბარს გასდევს. არსებული ეკონომიკური უთანასწორობის და სახელმწიფოს გენდერულად უგრძნობი პოლიტიკის პირობებში ბათუმელი ქალებისთვის მართლაც ცოტა გასაქანი არსებობს.

გასაქირავებელი ბინების მქონე ოჯახების დიასახლისები, „ხაზეიკები“ თავს სეზონურად ბინის გაქირავებით ირჩენენ, სხვა ნაწილი ქმარზე დამოკიდებული დიასახლისი ხდება. ნაწილი გარე ვაჭრობით კავდება, ბევრი მათგანი სეზონზე, გავარვარებულ სანაპიროზე სიმინდს ყიდის. უფრო ახალგაზრდები და როგორც დასაქმების საიტებზე განთავსებულ განცხადებებში იკითხება – „უკომპლექსო და გახსნილები“, სერვისის სფეროში საქმდებიან, სადაც მიმტანებად და ბარმენებად იწყებენ მუშაობას. რამდენიმე ბარში, მიმტანისთვის სავალდებულო გამომწვევი ჩაცმულობა აქვთ შემოღებული, გოგოებს მოკლე კაბები და ამოღებული მაისურები უნდა ეცვათ, კერძების მირთმევებს შორის არსებულ ინტერვალებში ეს გოგოები ბარის მეორე სართულზე უნდა ცეკვავდნენ და სტუმრებს ასე ართობდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბევრ მათგანს ხშირად უწევს სექსუალური შევიწროვების მოგერიება და უბრალოდ სხვა სამსახურის შოვნის საშუალება არ აქვს.

ინტერნეტში არსებული ინფორმაცია, მონაყოლს ადასტურებს. პროსტიტუციის ასაკი ბათუმში ხშირად 15-16 წლიდან იწყება. საზოგადოების კონსერვატიულობის გამო, ქართველი სექს მუშაკები, ხშირად სამუშაოდ მოსაზღვრე თურქულ ქალაქებში გადადიან, მეშეზლონგეები ასეთ ამბავს ყვებიან – „გადავედით რაღაცის საყიდლად, რო დავინახეთ ეს გოგო, თმები ყალყზე დაგვიდგა. რა გინდა მეთქი აქ, გზის ფულს მოგცემ, წადი აქედან. დაჯდა ბორდიულზე დაიწყო ტირილი, მეც კინაღამ ვიტირე, ვიცნობ მაგის მშობლებს… მივეცი რაც ფული მქონდა, მეორე დღეს ისევ იქ დამხვდა ისევ ისე ჩაცმული. რა გითხრა აბა… მაგი ვის უხარია…“.

ურბანული მითები გაჟღენთილია, თურქების მიერ ნაცემ ქართველ გოგოებზე ისტორიებით, რთული წარმოსადგენი არ არის რა შეიძლება მოყვეს მასმედიაში გაჟონილ კიდევ ერთ ასეთ ამბავს.

ამასთანავე პოლიციას და მოსახლეობის ნაწილს, სექს მუშაკების მიმართ აგდებული და უხეში დამოკიდებულება აქვს, რისი ნახვა მოცემულ ბმულზეც შეიძლება.

muyaos qalaqi
ბათუმი, “მუყაოს ოცნების ქალაქი”.

აჭარლები სტუმრად აჭარაში

შესაძლოა ისიც სიმბოლურია, რომ ბათუმი მისი ცათამბრჯენებითა და ატრაქციონებით ქართული ნეოლიბერალიზმის სამაგალითო ნიმუშად, მის ესთეტიკურ და ტურისტულ სახედ ითვლება. ლოგიკურია, რომ  ამის პარალელურად ქალაქი უთანასწორობის ნიმუშიც ხდება. მუყაოსგან აშენებული „ოცნების ქალაქიც“ აქვეა და მასში 700-მდე უსახლკარო ოჯახი და 500-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათი ნაწილი ეკომიგრანტია, ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი, დანარჩენებმა ბინები იპოთეკური გარიგებების შედეგად დაკარგეს. ბათუმში არ მოქმედებს ე.წ. ჩამოჟონვის ეკონომიკის (trickle down economics) ლოგიკა, რომლის მიხედვითაც მდიდრების ხელში დაგროვილი კაპიტალი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ჩამოჟონავს ღარიბებზე, რაც სიტუაციის გათანასწორებას გამოიწვევს. ჭაობელი გოგოები და ბიჭები საკუთარი ბარაკების ფანჯრებიდან უყურებენ შერატონის განათებულ შენობას, იქიდან ისევ არაფერი ჟონავს. ღარიბები უფრო ღარიბდებიან, მდიდრდები მდიდრდებიან, მათი შვილები განათლებასა და თავისუფლებას იღებენ, ღარიბების სახიფათო სურვილების შესაკავებლად კი პოლიცია რჩება.

„სტუმრად ვართ ძმაო აჭარაში“ – მეუბნება ტაქსის მძღოლი. ძვირიანი სასტუმროები ვაკანსიებს თურქულად აცხადებენ. წლების წინ ბათუმის ტურისტული ზონის განვითარებასთან ერთად, ქობულეთში სერვისის სფეროში დასაქმებული მუშახელის გადამზადების კოლეჯი გაიხსნა, თუმცა მისი განათლების დონე იმდენად დაბალია, რომ კურსდამთავრებულები მხოლოდ მეორე და მესამეხარისხოვან სასტუმროებსა და რესტორნებში ახერხებენ დასაქმებას. „აჭარულის და ლობიანი კეთება რო იცი მარტო ვის რაში ჭირდები?“.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მენეჯმენტის მაღალ საფეხურზე დასაქმებული უცხოელების ხელფასი ხუთჯერ და ათჯერ აღემატება აჭარლების ანაზღაურებას. შრომის კოდექსის სისუსტის გამო, ზედა რგოლის დამოკიდებულება რიგითების მიმართ აგდებული და ხშირად დამამცირებელია, რაც ანტითურქულ განწყობებს აძლიერებს.

თევზმჭერ გემებზე შედარებით მაღალი ანაზღაურებებია. მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, (მაგ: ძველ გემებზე მოხვედრილ მექანიკოსს ხშირად 60 გრადუსიან სიცხეში უწევს 8 საათიანი სამუშაო დღის გატარება), ასეთი მოგზაურობიდან რამდენიმე ათასი დოლარით ბრუნდები. ერთერთი მეზღვაური 15 ათას დოლარზე მიყვება, რომელიც გემის ძრავში გატარებული 5 თვის სანაცვლოდ გამოიმუშავა – „რო ჩამოვედი, ერთმა იპოთეკა მაქვსო, აქეთ ბიძაშვილს ოპერაცია დაჭირდა, ოჯახსაც ქონდა ვალები, ხოდა დავრჩი ისე. ყველამ რო იცის ფულით ხარ და თან წამლის და საჭმლის ფული არ აქვთ, როგორია არ მისცე? აღარც მიღირს მეორედ წასვლა, მაინც არ მერგება“.

საკუთარ წიგნში ბათუმის შესახებ, მარტინ ფრედრიკსენი, პროგრესის მიღმა დარჩენილი ბათუმელების ცხოვრებას აღწერს, რომელსაც იაფფასიანი ნარკოტიკები, წვრილი კრიმინალი და კაზინო განსაზღვრავს. ეს წარსულად გამოცხადებული ადამიანები, პოლიციის პრესის, ქალაქის ბორდელად გადაქცევის და უცხოელების გაბატონების ფონზე ადგილს ვერ პოულობენ საზოგადოებაში და მასკულინობის და იდენტობის კრიზისს განიცდიან. ცხადია ასეთი ადამიანები მარტივად ექცევინ ნაციონალისტური რიტორიკის გავლენის ქვეშ. პრობლემა სტრუქტურულია და სტრუქტურულ მოგვარებას საჭიროებს.

[სამოქალაქო] საზოგადოება დაცული უნდა იყოს

„ებრძოლეთ გაჭირვებას: დახოცეთ გაჭირვებულები!“ – ამოკაწრა ვიღაც მოღუშულმა ხუმარამ ლა-პასში მდებარე სახლის კედელზე – ედუარდო გალეანო

დავიწყოთ თავიდან – „11 მარტს, ბათუმის პლაზას ტერიტორიაზე მოქალაქის ცემისა და დაკავების ფაქტს, დიდი არეულობა და პოლიციის მანქანების დაწვა მოყვა. ნიღბიანი მომიტინგეების ნაწილმა ალყაში მოაქცია ბათუმის სამმართველოს შენობა, შესასვლელთან სახელგანთქმული ქართველი რეპერი მასტერის ჰიტი „დამსინა“ ჩართო და ცეკვა დაიწყო.“

ვინ აღნიშნავს პოლიციაზე გამარჯვებას ამ უხერხული სიმღერით, რომელიც მაღალი ფენების წარმომადგენელი გოგოების უყურადღებობას აღწერს. ამ ერთი შეხედვით აბსურდულ ფაქტს შესწავლა და დაკვირვება ჭირდება სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევარების და აქტივისტების მხრიდან. ფაქტი ცივი და უხეშია, იმ ღამეს სიგოიმეზე მოსაუბრე ხალხის ხმები ნელნელა შიშისა და მღელვარების ნოტებით გაიჟღინთა – ერთია, როდესაც ამგვარ სიგოიმეზე პოლიციის ზურგს ამოფარებული წუწუნებ, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც კორდონი გარღვეულია?

ინტერნეტ გამოცემა „ბათუმელები“, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს – არეულობისას დაკავებული 9 პირიდან, ერთს 16 წლისთვის არ მიუღწევია, ხოლო მეორე ერთხელ ნასამართლევი 17 წლის თინეიჯერია, რომელსაც არასოდეს უვლია სკოლაში და არც წერა-კითხვა იცის. მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვინ იცის რამ გამოიწვია ამ ბიჭის ამხელა სიძულვილი პოლიციის მიმართ, რას თხოვდნენ? როგორ ექცეოდნენ? ეს მტკივნეული კითხვებია.

ერთ-ერთ წინა ბლოგში, რომელიც დემურ სტურუას ტრაგიკულ თვითმკვლელობას ეძღვნებოდა, ერთი კითხვა დავსვი, რომელიც ბლოგის მომწონებლებისა და კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა:

„გონების გავარჯიშების მიზნით ალტერნატიული სიუჟეტი წარმოვიდგინოთსაჯარო სივრცეში ხვდება დამტვრეული ქართულით, „შეჩემასენაზე დაწერილი წერილი, წერილის ავტორი ვინმე სამტრედიელი დემურ სტურუაა, რომელიც ამბობს რომ 5 წლის განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შევიწროვებას, პოლიციელი გოდერძიასგან, რის შემდეგაც მან და მისმა მეგობრებმა გოდერძია სიცოცხლეს გამოასალმეს. რა რეაქციები იქნებოდა საჯარო სივრცეში? ალბათ სასტიკად დაგმობდნენ პოლიციელის მკვლელობას, ვიღაც გამოძიებას დაელოდებოდა, ვიღაც კი ყურადღებასაც არ მიაქცევდა.

სამტრედიელი ბიჭებისთვის, რომლებიც .. „სამმართველოს პრესსყოველ დილით ჩუსტების ჩაცმის და კბილების გახეხვის მსგავსად განიცდიან, საჯარო სივრცეში შემოღწევის ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა მსხვერპლშეწირვაზე გადის. ენასაც უნდა დავაკვირდეთ, როდის უსმენს ცენტრი ამ ენაზე მოსაუბრის გასაჭირს: ან არჩევნები უნდა იყოს, ან ტრაგედიაზე უნდა გვიყვებოდნენ, დანარჩენი უბრალოდ არასაინტერესო და დაბალგანვითარებულ მსჯელობებად ფორმდება, რომლებსაც არაფერი მოეთხოვებათ და საინტერესოსაც ვერაფერს იტყვიან.“

ის რასაც ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ საკმაოდ უცნაური და მოუქნელი წარმონაქმნია. სააკაშვილის დროს ამ აზრზე მოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ბულვარული პრესის გმირებით დაწყებული და ინტელექტუალებით დამთავრებული ძირითადად ხალხის სიბნელესა და უკულტურობაზე მსჯელობით იყო დაკავებული. უთანასწორობა მათ რიტორიკაში ესთეტიკურ კატეგორიად იქცევა.

უცნაურია, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას მუდმივად დაცვა ჭირდებოდა დანარჩენი საზოგადოებისგან. საბოლოოდ ეს ხალხის უკულტურობაზე მოსაუბრე ხმა, პოლიციის რიტორიკად იქცევა ხოლმე, მოსაუბრეები თითქოს შავი ნიღბებით იმოსებიან, ხელში ხელკეტებს იღებენ და დაჟინებით მოითხოვენ – დაისაჯოს არეულობის ყველა მონაწილე, სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივისცემა ჭირდება, რატომ არ არის ადგილზე მობილიზებული მომიტინგეებზე მეტი პოლიცია? ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში! დახოცეთ ღარიბები! გამოასახლეთ დევნილები! გარემოვაჭრეები ფასადს აფუჭებენ!

კულტურულ ხალხს დაცვა ჭირდება. როგორც ერთი კარგი იტალიელი ფილოსოფოსი იტყოდა, ამ საზოგადოების გულისგული საგანგებო მდგომარეობაა, გამოუცხადებული, თუ გაცხადებული, დროებით გადადებული, ან დროზე მოსწრებული. მეორე უკეთესი იტალიელი ფილოსოფოსის მიხედვით პოლიცია, მხოლოდ კანია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ხორცს და ჯანმრთელ, გალურჯებულ ვენებს და ბასრ ღიმილს ფარავს. ამ კანს ღარიბების მიერ მიყენებული ნაკაწრებისგან იცავენ. სამწუხაროდ პოლიციით მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა მოგვარდება, ხოლო დანარჩენი საზოგადოების პრობლემებს პოლიცია მხოლოდ ამძიმებს.

ვინ დაიცავს სამტრედიელ და ბათუმელ ბიჭებს? ვინ დაიცავს მათ მშობლებს სიღარიბისგან? ხოლო დებს პროსტიტუციისგან? საზოგადოებას დაცვა ჭირდება მეგობრებო, ხანდახან სამოქალაქო საზოგადოებისგანაც კი.

2016 წელს „პროგრესული“ მსოფლიოს ერთერთმა საყვარელმა აქციონისტმა და ანტიპუტინისტმა გლებ პავლენსკიმ, რომლის თაყვანისმცემელიც არასდროს ვყოფილვარ, ვლაცლავ ჰაველის პრემია მიიღო. პავლენსკის პრემია საერთაშორისო უფლედამაცველმა ორგანიზაციამ Human Rights Foundation-მა გადასცა და მას მსხვილი ფულადი ჯილდოც მოაყოლა, 40 000 დოლარის სახით. საბოლოოდ პავლენსკიმ ეს პრემია “პრიმორსკოელ პარტიზანებს“ გადასცა.

„პრიმორსკოელი პარტიზანები“ თინეიჯერებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია იყო, რომელმაც რუსული პოლიციის განუზომლად დიდ პრესს, რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმით უპასუხა. ამ ორგანიზაციის 15 წლის წევრები ერთმანეთს წამებისა და დაკითხვის გაძლებაში ავარჯიშებდნენ. სხეულზე სიგარეტებს აწვამდნენ, ფეხებით კიდებდნენ და დღეების განმავლობაში აშიმშილებდნენ, იმისთვის რომ მოსალოდნელი წამებისთვის სული და სხეული გაეკაჟებინათ. ცხადია რუსული პოლიცია ჩვენსაზე ბევრად მძიმე მოვლენაა, არც მაქვს პრემია და ფული, მაგრამ რომ მქონდეს ორივეს ამ ბავშვებს გადავცემდი. არა იმიტომ რომ პოლიციის მანქანების დაწვა და არეულობები მომწონს, პირიქით. უბრალოდ ეკუთვნით, როგორც სოლიდარობისა და თანადგომის ჟესტი ყველაფრისთვის რაც ცხოვრებაში ნახეს და რასაც კიდევ ნახავენ.

საინტერესოა რამდენი უფლებადამცველი შეწუხდება მომხდარით. ეს ამბავი კი კიდევ ერთ ისტორიას მახსენებს, მაშინ სამოქალაქო საზოგადოებას მმკ-ს წევრებისგან იცავდნენ, რომლებსაც განუზომლად მცირე დანაშაულზე ედავებოდნენ – კავკასიაში მოწყობილი ჩხუბის გამო მათ 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ და პირდაპირ გლდანის ციხეში გაუშვეს. მაშინაც არავინ შეწუხებულა, ხოლო ერთი მათგანი სულ 18 წლის ასაკში, გლდანის ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი იყო.

ენამოსწრებულმა ჟურნალისტებმა 12 მარტის ღამეს „თათრის ღამე“ უწოდეს, ჩემთვის ეს უთანასწორობის და სიღარიბის ღამე იყო, ისევე როგორც ბათუმი არის უთანასწორობისა და სიღარიბის ქალაქი. შესაძლოა ეს ცბიერი კითხვა კიდევ ერთხელ უნდა დაისვას – ვის მხარეს ხართ თქვენ მეგობრებო? ისიც ნათელია, რომ მომიტინგეების მხარეს ყოფნა სულაც არ ნიშნავს, დამწვარი მანქანების, რელიგიური ფუნდამენტალიზმის, შოვინიზმის და მასტერის მოწონებას. საქმე სხვა რამეშია.


ფოტო გარეკანზე © ოლიკო ცისკარიშვილი.

Share on Facebook1.1kShare on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.