ბაკო ხელაძე: ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში

bako► ავტორი: ბაკო ხელაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრი. ის გახლავთ ახალგაზრდა მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში.

© European.ge

მეოცე საუკუნე კონფლიქტების მაშტაბების, ტექნოლოგიური პროგრესის, კულტურული და პოლიტიკური რევოლუციების ფონზე, ყველაზე ბობოქარ ეპოქად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის დროსაც პოლიტიკური რუკა რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა, რამაც გამოიწვია რიგი სახელმწიფოების დაბადება და კვდომა. ეს ყველაფერი კი ხდებოდა მსოფლიო წესრიგების განახლების გზით. პირველი ასეთი ცვლილება დაკავშირებულია პირველ მსოფლიო ომთან, შემდეგში მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან, ასევე დიდი ცვლილება მოხდა 60-იან წლებში აფრიკის დეკოლონიზაციით, რომელიც პრინციპში ნაკარნახევი იყო მეორე მსოფლიო ომის შედეგებით და ბოლოს იყო ცივი ომის დასასრული, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკის ნანგრევებზე რამდენიმე ახალი სახელმწიფო წარმოიშვა.

ფაქტობრივად ერთ დღეში დაიშალა სისტემა, რომელიც 45 წლის მანძილზე არსებობდა და ძირითადი ნარატივი, რასაც ის ემყარებოდა, იყო იდეოლოგიური ბრძოლა კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის. თუმცა, რეალურად ეს იყო ბრძოლა ორ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ცენტრს, აშშ-ს და სსრკს შორის. გარდა ძალაუფლებისა, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლობაც მსოფლიოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ცივი ომის პერიოდში, ძირითადად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იყო გადანაწილებული, იყო ეს ატომური თუ სხვა მასობრივი განადრუგრების იარაღის არ გამოყენება-გაუვრცელებლობა, რეგიონული კონფლიქტების თუ ქვეყნის შიდა არსებული დაპირისპირებების მოგვარება. ფაქტია, რომ ბიპოლარული სისტემის არსებობისას, მიუხედავად ცენტრების უდიდესი ატომური შეიარაღებისა, ადგილი არ ჰქონია მის გამოყენებას ან რაიმე ფართო მასშტაბიან ომს, რომელსაც შეეძლო მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა, პირიქით ამ კომპონენტში ცივი ომის დროს ორივე მხარე კარგად თანამშრომლობდა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში. რაც შეეხება რეგიონალურ თუ შიდა სახელმწიფოებრივ კონფლიქტებს, მათი გამომწვევი მთავარი მიზეზი თუ არა, შემდეგში ერთ-ერთი მთავარი აქტორი ხდებოდა აშშ და საბჭოთა კავშირი, იქნებოდა ეს ინდოჩინეთი, აღმოსავლეთ აზია, თუ ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში არსებული კონფლიქტები. შემდეგში ჯონ ჰოპკინსის პროფესორმა მაიკლ მანდელბაუმმა ცივი ომი სუმოს შეადარა, სადაც ორი გიგანტი ერთმანეთს ერკინება, თუმცა ამ შერკინებაში ისინი რიტუალებით, ფეხების ბაკუნითა და პოზირებით შემოიფარგლებიან, ხოლო მათ შორის ძალზედ მცირე ქონტაქტია და ხელის კვრით რინგიდან გაყვანით არავინ კვდება (Freedman, 2000, p. 24).

70-იან წლებში, ბევრი საერთაშორისო წესრიგის ამ ფორმის ჩამოშლას არც ისე რეალურად აღიქვამდა, თუმცა პერესტროიკამ კარდინალურად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, სადაც გამოჩნდა რამდენიმე ახალი ქვეყანა, მათივე ახალი თავსატეხებით, რომელიც უცხო იყო ცივ ომგამოვლილი პოლიტიკური ელიტებისთვის. ერთადერთ „მსოფლიო პოლიციელად“ დარჩა აშშ, რომელსაც ყველა სხვა ქვეყანასთან შეფარდებით გააჩნდა უდიდესი ტექნოლოგიური, ეკონომიკური და მილიტარისტული უპირატესობები, რომელიც მას აძლევდა ერთგვარ ლეგიტიმაციას ყოფილიყო ჰეგემონი. ამ უპირატესობების დემონსტრირება და ამავდროულად უნიპოლარული სისტემის პირველი გამოცდა იყო სპარსეთის ყურის კონფლიქტი ერაყსა და კუვეიტში 1990-1991 წლებში, რასაც აშშ-მ კოალიციური არმიის დახმარებითა და გაეროს მანდატით უკუაგდო ერაყელი ოკუპანტები ყატარიდან (Denmark, 2010). ამერიკის ასეთმა ცალსახა უპირატესობამ, რა საკვირველია, მის მიმართ მტრობა და შური კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან, როგორც მინიმუმ რეგიონალური „დერჟავის“ სტატუსისაკენ. ასევე 90-ანების პირველი პერიოდიდანვე ეძაბება შეერთებულ შტატებს ურთიერთობები ავღანეთში მებრძოლ მუჯაჰედებთან, რომელთა მხოლოდ უცხოეთიდან რეკრუტირებულთა რიცხვი ოფიციალურად 10,000 აღემატებოდა (M.Post, 2007, p. 195), რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში.

90-ანებშივე მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მაღალ ტექნოლოგიურ იარაღზე და გაიზარდა სამხედრო ხარჯებიც ამავდროულად, ძირითადად იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებსაც გარკვეული გეოპოლიტიკური ამბიციები ან ამერიკისადმი რევანშისტული განწყობები გააჩნდა. მაგალითად, „სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით: ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, საუდის არაბეთის და რუსეთი სამხედრო დანახარჯები ერთად აღებული 1998 წლიდან ორჯერ გაიზარდა (Denmark, 2010, p. 167). ეს იყო ერთგვარი მზადება მრავალპოლარული სამყაროსთვის. გარდა სახელმწიფოებრივი აქტორებისა, თანამადროვე შეიარაღება და ბრძოლის წარმოების ტექნიკა არასახელმწოებრივმა აქტორებმაც შეითვისეს, მაგალითად ჰიზბალაჰი (ჰეზბოლა).

მიუხედავად იმისა, რომ აშშ იმ პერიოდში სხვა ქვეყნების მხრიდან ცალსახად აღიარებული იყო, როგორც სუპერ სახელმწიფოდ და თეთრი სახლი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო პოლიტიკაში, იქნებოდა ეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის გადაწყვეტა, სუდანის, სომალის თუ რომელიმე სხვა საერთაშორისო კრიზისის. პოსტ ცივი ომის პერიოდში თითქოს ამერიკის საერთაშორისო ძლიერებას არც არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც უნიპოლარულ სამყაროს დიდხანს არსებობას სკეპტიკურად უყურებდნენ, ხოლო აშშ-ს ჰეგემონიას არც ისე ხანგრძლივობას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგალითად ქენეთ ვოლცი, რომელმაც მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომში „სტურქურულ რეალიზმი“ გააკრიტიკა უნიპოლარული სისტემა და აშშ-ს გამოფიტვა უწინასწარმეტყველა, მიუხედავად მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, მილიტარისტული უპირატესობების და დიდი დემოგრაფიული რესურსისა და თქვა, რომ იმ ამოცანისათვის, რასაც ამერიკაა შეჭიდებული, ძალები არ ეყოფა (N.Waltz, 2000, p. 36). თუმცა არც ამერიკაში და სავარაუდოდ არც სხვაგან არ მოელოდნენ სიტუაციის იმ ტემპებით და იმგვარ განვითარებას, რამაც დღევანდელ რეალობამდე მოგვიყვანა, სადაც ამერიკის გავლენა დიდ პოლიტიკურ საჭდრაკო დაფაზე ასეთი შემცირებული მაშტაბის დიდი ხანია არ ყოფილა. აშშ-ს როლის დაკნინებას საერთაშორისო პოლიტიკაში კი შემდეგმა პროცესებმა გამოიწვიეს;

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მოხდა დიდი ტრაგედია, ტერორისტული აქტი 9/11, რომელმაც პირველი პირდაპირი დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისივე ტერიტორიაზე, რომელზე სწრაფი და უმკაცრესი რეაგირება იყო აშშ-სთვის პრესტიჟის საკითხი. 2001 წლის 20 სექტემბერს ჯორჯ ბუშის მიერ დაანონსებული “War on terror” დაიწყო 2001 წლის 7 ოქტომბერს ავღანეთში არსებული თალიბანის რეჟიმზე განხორციელებული ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებებით, სადაც აშშ-ს გარდა მონაწილეობდა სხვა ქვეყნებიც. საბოლოოდ “Enduring Freedom” ოპერაციის ფარგლებში 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (CRS Report for Congress, 2001), რომლის შედეგადაც თალიბანის ერთი ნაწილი პაკისტანში გადავიდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მიწის ქვეშ რამდენიმე წლით (დღეს ისინი კვლავ აქტიურები არიან). საერთაშორისო ანტი ტერორისტული კამპანია გაგრძელდა 2003 წელს ერაყში შეჭრით. ოფიციალური მიზეზი ამერიკისა და ბრიტანეთის ერაყში შესვლის იყო მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა ერაყში, თუმცა ასეთი არაფერი იქნა აღმოჩენილი და ორივე სახელმწიფო იძულებული გახდა ეღიარებინათ ეს (გაჩეჩილაძე, 2011, გვ. 267). ერაყის კამპანიაში ბრიტანულ-ამერიკულმა შენაერთდებმა უსწრაფესად გაანადგურეს ჰუსეინის ჯარები და პირველი მაისისთვის ისინი თითქმის უკვე აკონტროლებდნენ ქალაქ ბაღდადსაც. თუმცა საქმე არც ავღანეთის და არც ერაყის აღებაში არ იყო და ამით ისინი ტერორიზმის პრობლემას ვერ წყვეტდნენ, რასაც ადასტურებს დღეს არსებული ბევრად უფრო მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციების არსებობა ახლო აღმოსავლეთში. ტერორისტების და სადამის მოძლადე რეჟიმის დამარცხების შემდეგ ამერიკის ამოცანა იყო შემდეგი: დაემყარებინა კონტროლი ორივე ქვეყანაზე და შეექმნათ მათთვის სასურველი რეჟიმი, რაც განხორციელდა კიდეც, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იქონია დამანგრეველი ეფექტი არა მარტო ავღნეთისა და ერაყისთვის, არამედ მთლიანად რეგიონის დონეზე. ეს კი გამოიხატა ჯერ კიდევ ამერიკული ჯარების ყოფნისას პერიოდში, ტერორისტული ორგანიზაციების მომრავლებით და გაძლიერებით ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ერაყის შემთხვევაში ხშირად დაკომპლექტებული იყვნენ სადამის დროინდელი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით, რომელთა შორის უმრავლესობა სეკულარული აზროვნების ხალხი იყო (ზოგადად სამხედროები მეოცე საუკუნიდან მოყოლებული სეკულარიზმის უმთვრეს გუშაგებს წარმოადგენდნენ ისლამურ სამყაროში). გარდა ბაასისტი ოფიცრებისა ტერორისტული ორგანიზაციები შეივსო სხვადასხვა ერაყელი სუნიტებისაგან, რომელიც სადამის დიქტატორობის ხანაში, მიუხედავად მათი სიმცირისა, დიდ გავლენას ფლობდნენ და ამით ბოროტადაც სარგებლობდნენ კიდეც. რაც შეეხება რადიკალების დაფინანსებას, გარდა ყურის არაბული ქვეყნებისა (რაც არაოფიციალურად დასტურება) იყვნენ ასევე სუნიტი ერაყელები, რომლებიც სადამის დროს მოღვაწეობდნენ ერაყში, ჰქონდათ დიდძალი კაპიტალი, მაგრამ ამერიკული ჰუმანიტარული ინტერვენციის გამო მოუწიათ ემიგრაციაში წასვლა. მაგალითად 2011 წელს ერაყში დაწყებული შიიტურ სუნიტური დაპირისპირებისას, რომლის ინიციატორი შიიტი პრემიერი მალიქი იყო, სუნიტების ამბოხის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ბაასის პარტიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მილიარდერი ხამის ალ-ხანჯარი იყო, რომელიც იორდანიაში ცხოვრობს (FRONTLINE, 2014) ერაყელი ბიზნესმენი. 2011 წელს, ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ღრმა რელიგიურ ომში ჩაერთო, რეგიონში შეიქმნა შემდეგი სურათი:

  • რეგიონში დაირღვა ძალთა ბალანსი, რადგანაც ერაყი იყო დამბალანსებელი, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური მტრის ირანის და აგრეთვე აგრესიული არაბული სახელმწიფოების;
  • ერაყის ჩამოშლით ფაქტიურად გაქრა ბუფერული ზონა ორ პოტენციურ ბირთვულ სახელმწიფოს: ირანსა და ისრაელს შორის;
  • სადამის მოშორებით, ჩამოიშალა „დიდი კედელი“ რომელიც აკავებდა ისლამისტების აქტივობას ერაყში და მეტ-ნაკლებად რეგიონის დანარჩენ ნაწილებში.

თუმცა მთავარი რამ, რაც ერაყში განხორციელებულ ინტერვენციას მოჰყვა, ეს იყო სანავთობო კრიზისი, რომელიც შემდეგში ნეგატიურად აისახა ამერიკის დომინაციაზე გლობალურ პოლიტიკაში. გასაოცარი ანალიტიკური უნარები არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ რეგიონში, სადაც მსოფლიოს ჰიდროკარბონატული რესურსების 65% თავმოყრილი და ამ რეგიონის შუა გულში მდებარე ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო იმპორტიორი და გააჩნია დიდი ენერგო რესურსები (141,399,998,464 ბარელი ნავთობის მარაგი (Index Mundi)), რაიმე არასტაბილური ვითარება ან საომარი მოქმედება აქ გამოიწვევს ღრმა სანავთობო კრიზისა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, თუ რატომ შეიჭრა აშშ ერაყში, ეს მისი ნავთობის მიმართ ინტერესი იყო, რაც პრინციპში ერთის მხრივ არც ისე უსაფუძვლოა, თუმცა არა იმ გაგებით, რომ მას ერაყული ნავთობით საკუთარი ენერგო მოხმარების დაკმაყოფილება სურდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, 2010 წლის მონაცემით აშშ-ში იმპორტირებული ნავთობის მხოლოდ 10.6% იყო ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირებული დანარჩენი წილი: ნიგერია, მექსიკა, კანადა, ვენესუელაზე მოდის (გაჩეჩილაძე, 2011, გვ. 281). როგორც მოგეხსენებათ 1973 წლიდან აშშ-სა და ოპეკს შორის არსებობს შეთანხმება, რომ ნავთობი მხოლოდ დოლარში გაიყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რესურსით ვაჭრობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამერიკაში წარმოებული, მაინც ამერიკულ ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს დოლარის გამყარებას. ამიტომ ასეთი რეგიონის გაკონტროლება აშშ-სათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იყო და არის, რათა შეინარჩუნოს ეს პრივილეგია. მაგრამ 2003 წლის ინტერვენციით თეთრმა სახლმა არაპირდაპირი დარტყმა მიაყენა მისთვისვე სასურველ და კომფორტულ უნიპოლარულ სისტემას, სადაც შეერთებული შტატები უპირობო ავტორიტეტით სარგებლობდა. ამ ომით თუ ვინმემ ისარგებლა, ეს ალბათ პირველ რიგში ნავთობ იმპორტიორი ქვეყნებია და მათ შორის შტატების ერთ-ერთი ძირითადი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაცია.

რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერადავერ ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო. ძალაუფლება გადანაწილებული იყო სხვადასხვა გავლენის ჯგუფებს შორის და მათი არაეფექტურობის ბრალი იყო ისიც, რომ 1994-97 წლებში ერთ მილიონიან ჩეჩენ ერთან ბრძოლაში პირწმინდად დამარცხდნენ. რუსეთი თავის ნავთობის და გაზის მარაგებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომლის საწარმოო ძალები ძირითადად ენერგო რესურსებზე იყო კონცენტრირებული და ძალიან არადიფერსიფიცირებული ეკონომიკა გააჩნდა. ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია ვიფიქრო, რომ 1998 წელს რუსეთის გაკოტრების ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ნავთობზე კატასტროფულად დაბალი ფასიც მივიჩნიოთ, მაგალითისათვის ამავე წელს Brend-ის ტიპის საწვავის ფასი $13.88-ს შეადგენდა (Robert Mabro , 1998, p. 5). ნავთობზე დაბალი ფასი ნარჩუნდებოდა 2003-მდე, საიდანაც თუ ოპეკის მიერ წარმოებულ სტატისტიკას დავეყრდნობით, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ნავთობის წლიურ საშუალო ფასზე, შევხედავთ საპირისპირო ტენდენციას და კატასტროფულ ზრდის ტემპს (The Statistic Portal, 2017). 2008 წლის დროს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, დაფიქსირდა სარეკორდო ფასი $130 (Minkel, 2008), „სიმბოლურია“ ისიც, რომ სწორედ ამ წელს შემოიჭრა რუსული რეგულარული რამიის ნაწილები საქართველოში.

თუ მეოცე საუკუნის ბოლო დეკადაში არადივერსიფიცირებული ეკონომიკა რუსეთის ფედერაციისთვის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა, პუტინის გაპრეზიდენტების პერიოდში ეს სხვაგვარად შემოტრიალდა, რაც გამოიწვია ერაყის კამპანიამ და საწვავზე ფასების ზრდა დადებითად აისახა რუსულ ეკონომიკაზე. რუსეთმა პუტინის პირველ საპრეზიდენტო ვადაში არათუ გადაფარა სახელმწიფო ვალი, არამედ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. ევროპისა და ამერიკის მხრიდან რუსეთთან სანქციების შემოღებამდე, ექსპორტის 71% სწორედ ენერგო პროდუქტებზე მოდიოდა და ფედერალურ ბიუჯეტის 52% სწორედ ნავთობის და გაზის ხარჯზე ივსებოდა (The Economist, 2015). ეკონომიკურად წელშიგამართულ რუსეთს უკვე შეეძლო „დერჟავისტულ“ ამბიციებზე ფიქრი, ამიტომაც არაა გასაკვირი, 2005 წელს პუტინის ნათქვამი სიტყვა, სადაც მან საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად შეაფასა, რაც დასავლეთისთვის მკვეთრი სიგნალი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ელცინის რუსეთი აღარ იყო. თუმცა, ალბათ იმდენად იყო ამერიკაც და მთლიანად დასავლეთის პოლიტიკური ელიტა მათ შესაძლებლობებში და ამავდროულად რუსების უსუსურობაში დაჯერებული, რომ არც წარმოედგინათ რუსული ტანკები საქართველოში და ალბათ არც უკრაინაში.

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები კოალიციურ არმიასთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმს ებრძოდა, მან ყურადღება მოადუნა პოსტ საბჭოთა სივრცის მიმართ და ამან გარკვეული ძალის ვაკუუმი გააჩინა, რომლის შევსებაც რუსეთმა დაიწყო. მათ ჯერ ცენტრალურ აზიაში გაიმყარეს პოზიციები, მიუხედავად რეგიონში არსებული შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებისა. თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო 2007 წლის მიუნხენის კონფერენცია, რომელმაც, 11 სექტემბრის ტერაქტთან ერთად სათავე დაუდო გლობალურ ცვლილებებს. მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა იყო დაპირისპირება უნიპოლარულ სისტემასთნ, სადაც ამერიკა დომინირებდა მხოლოდ და ამავდროულად განაცხადი ახალი მსოფლიო წესრიგზე, რომელიც მრავალ პოლუსიანი იქნებოდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ მიუნხენის კონფერენციიდან, საქართველოში განხორციელებულმა რუსულმა აგრესიამ და მსოფლიოში არსებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს დასაბამი მისცა მისცა გლობალურ ცვლილებებს (Stratfor, 2015). ვფიქრობ რონალდ ასმუსის წიგნის სახელი, რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე მოგვითხრობს, სრულიად სამართლიანად ქვია „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“.

კრემლისათვის საქართველო შემთხვევითი სამიზნე არ იყო და დროც მათთვის ზუსტად იყო შერჩეული;

  • პირველ რიგში, კრემლის მხრიდან ეს იყო, დემონსტრირება სამხედრო ძლიერების, რომელიც ჯერ ავღანელმა მოჯაჰედებმა, ხოლო შემდეგ ჩეჩენმა ბოევიკებმა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენეს გასულ საუკუნეში;
  • სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის საქართველოს დასჯა უნდა ყოფილიყო სამაგალითო, რამეთუ ცოდნოდათ, თუ რამოუვიდოდა საქართველოსნაირ „ურჩ“ სახელმწიფოს;
  • საქართველო იმ ხანად იყო ამერიკის აქტიური პარტნიორი და ამიტომ საქართველოში რუსული ტანკების შემოსვლა და შემდეგ ტერიტორიების აღიარება იყო ერთგვარი დემონსტრირება იმის, რომ რუსეთი იმდენად ძლიერია, რომ ის ანგარიშს არ უწევს ამერიკის ავტორიტეტს და იჭრება მისი მოკავშირის საზღვრებში;
  • 2008 წელი იქნა შერჩეული გამომდინარე იქიდან, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყო ამერიკისთვის, რადგანაც ბუში მის ბოლო თვეებს ატარებდა პოსტზე და რაიმე მკვეთ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა ამ დროს;

რუსეთის ასეთი ქმედება გახდა წამქეზებლური სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც სამომავლოდ უმიზნებენ როგორც მინიმუმ რეგიონალურ ჰეგემონებას. პრობლემა იყო ისიც, რომ აშშ-მა საკმარისი ძალისხმევა არ დახარჯა, ალბათ არც ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რუსეთისთვის ამ აგრესიისთვის საკადრისი პასაუხეი გაეცათ, მაგალითად დაეწესებინათ გარკვეული სახის ეკონომიკური სანქციები. რუსეთის დაუსჯელობის სინდრომს დაემატა ობამა-კლინტონის „გადატვირთვის“ პოლიტიკა, რომელმაც წაახალისა 2014 წელს ჯერ ყირიმის ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში იმ რუსული სცენარის გათამაშება, რაც 90-ანი წლების პერიოდში საქართველოს უკვე კარგად გამოცდილი ქონდა კრემლს. თუმცა უკრაინის შემთხვევაში, რუსეთს დაუწესდა მძიმე ეკონომიკური სანქციები, რომელმაც ფაქტობრივად გაანახევრა რუსული ეკონომიკა და ხელახალი ბანკროტის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა კიდევ ერთხელ (Barbashin, 2017). ბევრი ანალიტიკოსი აანონსებდა რუსეთში ეკონომიკური სიძნელეების ფონზე სახალხო გამოსვლებს და საერთოდ რუსეთის ფედერაციის დაშლას, მაგრამ როგორც ვხედავთ დღეს რუსული ჯარი დგას უკრაინაში, ასევე ისინი თავიანთ ინტერესებს იცავენ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ განიხილებოდა, როგორც აშშ-ის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ და დღეს ამ კონფლიქტში მისი ძალები ძალიან სიმბოლურადაა წარმოდგენილი, თუ ერაყის და ავღანეთის კამპანიებს შევადარებთ. ასევე რუსეთმა მიაღწია ამ ბოლო პერიოდში წარმატებებს მოლდოვაში, სადაც პრო-რუსი დოდონი მოვიდა. დოდონი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან ნაჩქარევი უწოდა, სამაგიეროდ აქტიურად მუშაობს ევრაზიულ კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და მისი საბოლოო მიზნის გამოცნობაც არ უნდა იყოს რთული მისახვედრი (Vlas, 2017), პრო-რუსი პრეზიდენტი მოვიდა 2016-ში ბულგარეთშიც (Oliphant, 2016), ხოლო რაც შეეხება თურქეთს, რომელიც როგორც ბულგარეთი, ნატოს წევრი ქვეყანაა და აშშ-ს შემდეგ ნატოში ყველზე დიდი ჯარი ყავს, არამეგობრულად უყურებს დასავლეთს, ხოლო საეჭვოდ დაუახლოვდა გადატრიალების მცდელობის შემდეგ პუტინთან და მასთან სხვადასხვა ფორმატის ხელშეკრულებებს აფორმებს.

რუსეთის გარდა სერიოზული ძვრებია აღმოსავლეთ აზიაშიც, სადაც ჩინეთმა მიაღწია ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპებს და ამავდროულად ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან პრაგმატული და ამავდროულად აგრესიულიც (შეიძლება ითქვას სხვა წინა მორბედებთან შედარებით) ლიდერი სი ძინპინი, რომელიც დაუფარავად აცხადებს პრეტენზიას აზიაზე და მთავარ საფრთხედ ამ შემთხვევაში აშშ-ს განიხილავს, რომელიც მის სამხრეთ და აღმოსავლეთით რამდენიმე სამხედრო ბაზას ფლობს და ამავდროულად, სწორედ აშშ-ს მეოხებით არსებობს ტაივანი, როგორც დეფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა და მოუშუშებელი ტრამვაა ჩინეთის კონუნისტური მთავრობის. ასევე აშშ თამაშობს დიდ როლს იაპონია ჩინეთს შორის არსებულ ტერიტორიულ დავაში, რომელიც სენკაკუ/დიაუს ეხება და დღემდე დავის საგანია ამ ორ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ასევე კორეაში არსებული ბაზები, სადაც სარაკეტო სისტემებია განთვსებული, რომელიც „სიმყუდროვეს ურღვევს“ ჩინეთის უსაფრთხოებას (Sungtae Jacky Park, 2016). პრინციპში თუ ტრამპის ადმინისტრაციას ავიღებთ, ჩინეთი მათთვის მთავარი და პრინციპული მტერია იქნება მომდევნო რამდენიმე წელი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალში ამერიკას გადაუსწროს საკმაოდ დიდი სხვაობით. ამას ამტკიცებს PricewaterhouseCoopers-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი(მსყიდველთ უნარიანობის პარიტეტის მიხედვით) $38 ტრილიონი იქნება, მაშინ როცა აშშ-ს მშპ ამავე წლისათვის $23 ტრილიონი იქნება, რაც რა საკვირველია, კიდევ უფრო ამყარებს წინასწარმეტყველებას ჩინეთის ჰეგემონიის შესახებ (PricewaterhouseCooper, 2017).

ჩინეთის და რუსეთის გარდა დღეს არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა: ბრაზილიის, ირანის, ინდოეთის სახით, რომელიც იბრძვის რეგიონში პირველობისათვის და მათ ამბიციებს ზურგს უმაგრებს მეტ-ნაკლებად მაღალი ტექნოლოგიები, მძლავრი ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ტერიტორია და ძლიერი არმია დიდი დემოგრაფიული რესურსით. თითოეულ მათგანს აქვს პრეტენზიები გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებზე და იმყარებენ პოზიციებს მათ ინტერესთა სფეროში, სადაც ჯერ კიდევ ამერიკა დომინირებს. თუმცა მომავალში მიუხედავად ამერიკული ბაზების სიმრავლისა მსოფლიოს მაშტაბით, თეთრ სახლს ასეთი ძლიერი ქვეყნების წინააღმდეგ გაუჭირდება მათსავე რეგიონში მილიტარისტული მეთოდებით საკუთარი ინტერესების დაცვა, რადგანაც შეერთებული შტატების შესაძლებლობებსაც აქვს გარკვეული საზღვარი. ამიტომ შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციას, მისი ურთულესი მემკვიდრეობიდან გამომდინარე მოუწიოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირფესვიანად გადახედვა და მათი გავლენის სფეროების პრიორიტეტულად დაყოფა, რათა ყველასთან ბრძოლაში მთლიანად არ გამოიფიტოს. პრინციპში, 90-იანი წლებიდანვე ბევრისთვის ნათელი იყო, რომ ამერიკა დიდხანს ვერ დარჩებოდა უკონკურენტოდ, მაგრამ უნიპოლარულიდან მულტიპოლარულისაკენ ასეთ სწრაფ სვლას ალბათ ბევრი არ ელოდა. ეს კი მთლიანად აშშ-ს ბოლო ორი პრეზიდენტის დამსახურებაა, რომელთაგანაც ერთმა მთელი მისი ორი საპრეზიდენტო პერიოდი ახლ აღმოსავლეთში ტერორიზმთან, ფაქტიურად ქიმერასთან, ბრძოლას და ერაყისა და ავღნეთის დემოკრატიზაციას იუძღვნა, საიდანაც დღეს არც ერაყი დარჩა და არც ავღანეთი, სამაგიეროდ არის ირანი, რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ აშშ-ს დაუძინებელი მტერია და დღეს რეალური შანსი აქვს, თუ ის იემენში არაბთა კოალიციურ არმიას დაამარცხებს ჰუსიტების მეშვეობით, არნახული ძალაუფლება მოიპოვოს, რადგან მის ხელშია ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთის ყურის გასაღებია არაბული ქვეყნებისთვის, ხოლო იემენის ხელში ჩაგდების შემდეგ ის ადენის ყურესაც დაეპატრონება და ფაქტობრივად ის გაკონტროლებს სატრანზიტო გზას, სადაც მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი მოძრაობს და ასევე მოძრაობს ტვირთები ინდოეთის ოკიანიდან ევროპის მიმართულებით. ამიტომ, აანონსებენ ტრამპისა და ირანის ომს ანალიტიკოსები (LUCE & MCLEARY, 2017). მეორე პრეზიდენტის შემთხვევაში, მან მთელი ვალდებულებები მსოფლიოს უსაფრთხოებაზე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადააბარა და პასუხისმგებლობა მოიხსნა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ბუშის დროს შეიქმნა. მისი სუსტი და გაუაზრებელი საგარეო პოლიტიკის ნაყოფი იყო ყირიმის ანექსია და ისიც, რომ დღეს რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამცველის როლში საკუთარ ინტერესებს იცავს. ობამას აშშ-ს იზოლაციონიზმის და საერთაშორისო კონფლიქტების და საკითხებში პასიურობის გამო მულტიპოლარულობის კონტურები, რომელიც ბუშის პერიოდში გაჩნდა, კიდევ უფრო გაამუქდა და დღეს ჩვენ მოგვწონს ეს თუ არა ნელ-ნელ მულტიპოლარულ სამყაროსკენ მივდივართ, სადაც ერთი ზესახელმწიფოს ნაცვლად გვევლინება რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და დღითი დღე ვუბრუნდებით მდგომარეობას „ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ“, სადაც ყოფილი მტრები მოკავშირეები, ხოლო მოკავშირეები მტრებად მოგვევლინება. მოკლედ რომ ვთქვა, წინ საკმაოდ ბობოქარი და საინტერესო პროცესები გველის, რომელსაც იმედი მაქვს საქართველო გადაურჩება.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Barbashin, A. (2017 წლის 12 january). A collapse that did not happen. Intersection. მოპოვებული http://intersectionproject.eu/article/politics/collapse-did-not-happen-დან
  2. CRS Report for Congress. (2001). Operation Enduring Freedom: Foreign Pledges of. Congressional Research Service ò The Library of Congress.
  3. Denmark, A. (2010). Managing the Global. Washington DC: Washington Quartlery. Retrieved from https://stratsight.files.wordpress.com/2012/11/global-commons.pdf
  4. Freedman, T. (2000). The Lexus and the Olivie Tree. New York: Anchor Books.
  5. FRONTLINE (რეჟისორი). (2014). Rise of ISIS [მოძრავი სურათი]. მოპოვებული http://www.pbs.org/wgbh/frontline/film/rise-of-isis/-დან
  6. Index Mundi. (თ. გ.). Index Mundi. მოპოვებული http://www.indexmundi.com/: http://www.indexmundi.com/g/r.aspx?t=0&v=97&l=en-დან
  7. LUCE, D. D., & MCLEARY, P. (2017 წლის 3 February). Yemen Is the First Battleground in Trump’s Confrontation With Iran. Foreign Policy. მოპოვებული https://foreignpolicy.com/2017/02/03/yemen-is-the-first-battleground-in-trumps-confrontation-with-iran/-დან
  8. Post, J. (2007). The mind of terrorist. New York: PALGRAVE MACMILLAM.
  9. Minkel, J. (2008). Crude Awakening: Price of Oil Tops $130 a Barrel. Scientific America. მოპოვებული https://www.scientificamerican.com/article/crude-awakening-price-of/-დან
  10. Waltz, K. (2000). Structural Realism after.
  11. Oliphant, R. (2016 წლის 14 November). Pro-Russian candidates win presidential votes in Bulgaria and Moldova. Telegraph. მოპოვებული http://www.telegraph.co.uk/news/2016/11/14/pro-russian-candidates-win-presidential-votes-in-bulgaria-and-mo/-დან
  12. (2017). The Long View How will the global economic order change by 2050? PricewaterhouseCooper.
  13. Robert Mabro . (1998). The Oil Price Crisis of 1998 . Oxford Institute for Energy Studies .
  14. (2015 წლის 23 February). Decade Forecast: 2015-2025. Stratfor. მოპოვებული https://www.stratfor.com/sample/forecast/decade-forecast-2015-2025?amp%3Buuid=987e3f53-d72d-497f-a5f6-a25f3a286f12&id=%2A%7CLIST%3AUID%7C%2A-დან
  15. Sungtae Jacky Park. (2016 წლის 30 March). This Is Why China Fears THAAD. The National Interest. მოპოვებული http://nationalinterest.org/blog/the-buzz/why-china-fears-thaad-15637-დან
  16. The Economist. (2015 წლის 15 April). The Economist. მოპოვებული 2015 წლის 19 May, economist.com: http://www.economist.com/blogs/freeexchange/2015/04/russian-financial-rally?zid=295&ah=0bca374e65f2354d553956ea65f756e0-დან
  17. The Statistic Portal. (2017). Average annual OPEC crude oil price from 1960 to 2016 (in U.S. dollars per barrel). The Statistic Portal. მოპოვებული https://www.statista.com/statistics/262858/change-in-opec-crude-oil-prices-since-1960/-დან
  18. Vlas, C. (2017 წლის 18 January). President Dodon agrees to sign memorandum of cooperation between Moldova and Eurasian Economic Union. org. მოპოვებული http://www.moldova.org/en/president-dodon-agrees-sign-memorandum-cooperation-moldova-eurasian-economic-union/-დან
  19. გაჩეჩილაძე, რ. (2011). ახლო აღმოსავლეთი სივრცე, ხალხი და პოლიტიკა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ