ახალი ცენზურა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში პაატა ქურდაძის ახალი ბლოგის გამოჩენას ბასილ კობახიძის მიერ ახალი ფუნდამენტალისტური ცენზურის გამოვლენა მოჰყვა, სადაც ჩვენი პატივცემული მამაო მწერლებს და შემოქმედებს ასწავლიდა როგორ უნდა წერონ მათ სხვადასხვა უმცირესობების შესახებ.  ძალიან საინტერესო იყო ამჯერად უკვე სეკულარული ფუნდამენტალიზმის სახელით მოქადაგე მამაოს მკაცრი ცენზურული შენიშვნების მოსმენა.  ამ ყველაფერმა მე საბჭოთა წარსული გამახსენა, როდესაც ცეკას იდეოლოგიურ განყოფილებაში მწერლებს, პოეტებს, მომღერლებს ასწავლიდნენ როგორი ‘გმირები’ უნდა შეექმნათ, რომ ბოლომდე ‘პოლიტკორექტულები’ ყოფილიყვნენ.   თუკი ადრე ცეკას იდეოლოგიური განყოფილების ცენზურის შეუვალი დოგმა იყო ‘მუშათა კლასის წარმომადგენელი გმირი’ ახლა პოსტმოდერნულ პერიოდში მისი ადგილი დაიკავა ‘უმცირესობის წარმომადგენელმა ტექნოკრატმა’.  ამ მთავარი ხატის შესახებ რაიმე ირონიული თუ წამოსცდა მწერალს, მაშინვე დაიწყება მისი გაკიცხვების სერია დღევანდელი ნომენკლატურული დისკურსის ‘მამაოებისაგან’.  ეს მამაოები აშკარად ტყუიან, როდესაც ცდილობენ იდენტობის პოლიტიკის წარმოჩენას, როგორც ჩაგრულთა თავშესაფრის.  1980-იანი წლების შემდეგ უკვე დიდი ხანია მოხდა იდენტობის საკითხების მეინსტრიმიზაცია და ახლა პირიქით, ის ადამიანები არიან ჩაგრულები, ვინც კლასობრივ საკითხზე და მარგინალიზებულ ჩაგრულებზე იღებს ხმას. 
 
თავის ცნობილ წიგნში ‘პოსტმოდერნული კონდიცია’ ჟან ფრანსუა ლიოტარდი მშვენივრად აღწერს იმ ტექნოკრატიულ ტერორს, რომელიც თავისუფლად და განსხვავებულად მოაზროვნეებს ატყდებათ თავს ჩვენს დროში.  ის ამბობს, რომ პოსტმოდერნული ტექნოკრატიული ტერორი ბევრად უფრო დახვეწილია თავის ფორმებში, ვიდრე მოდერნის დროს გავრცელებული პირდაპირი რეპრესიები.  ტექნოკრატიული ტერორის პირველი დამახასიათებელი თვისება დისიდენტის არა ციხეში დამწყვდევა, არამედ მისთვის სასუნთქი აირის ისე გადაკეტვაა, რომ მისი გარდაცვალება თვით მას დაბრალდეს.   ასეთი ტერორის ნიშნად შეიძლება მივიღოთ ერთი ჩაცინება ან სულაც ვინმეს მიერ გამოთქმული აზრი, რომელიც რომელიმე ‘ფობიაში’ დაგდებთ ბრალს.  შემდეგ უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმეა.  თქვენ არც ერთი სამსახური აღარ მიგიღებთ და მითუმეტეს დაგაწინაურებთ – ნელ-ნელა ასეთი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი უმუშევარი და სრულებით გარიყული რჩება და ბოლოს მისი ობიტუარული განცხადების დაწერის დროს ტექნოკრატიული ელიტა მართალია სინანულს გამოთქვამს ამ საცოდავი ადამიანის გარდაცვალებაზე, მაგრამ იმასაც აყოლებს რომ მისი მოღვაწეობა ‘კონტროვერსიული’ იყო.  
 
1989 წლის ‘ვაშინგტონის კონსესუსის’ შემდეგ მსოფლიოში ‘ახალი მსოფლიო წესრიგი’ (ჯორჯ ბუშ უფროსის გამოთქმაა) დამყარდა.  ამ მსოფლიო წესრიგის მთავარი არსი იმაშია, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქვეყანა და ეკონომიკური ძალა შეთანხმდა იმაზე, რომ ადამიანების თანასწორობა მხოლოდ ილუზიაა და დემოკრატიის მთავარი მიზანი ახლა უმცირესობების უფლებების დაცვაა.  თავისთავად უმციირესობების უფლებების დაცვა ძალიან კარგია, ეს უმრავლესობის ინტერესების ხარჯზე რომ არ ხდებოდეს.  ძალიან კარგია რომ მსოფლიო ცდილობს აღარ გაიმეოროს ჰოლოკოსტი და გენოციდები (თუმცა ეს დროდადრო ხდება თუნდაც შუა ევროპაში), მაგრამ ყოველწლიურად ხდება ერთი მაინც ჰოლოკოსტი კლასობრივი ნიშნით:  ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ბავშვი კვდება მხოლოდ იმის გამო რომ ღატაკ ოჯახში დაიბადა.  ეს ბავშვები მსოფლიოს მოქალაქეების ღარიბი უმრავლესობის წევრები არიან – მაგრამ საუბედუროდ ლიბერალურ ცივილიზაციას მათი სიკვდილი არ ადარდებს.  პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ‘ფასების სტაბილურობა’ შენარჩუნდეს ჩიკაგოს სასაქონლო ბაზარზე და ამ ბავშვების სიკვდილი ‘თავისუფალი ბაზრის’ დიადი მიზნისათვის აუცილებელ მსხვერპლად არის მიჩნეული.  როგორც მიშელ ფუკო ძალიან კარგად წერს თავის წიგნში ‘ბიოპოლიტიკის დაბადება’ პოსტმოდერნულ სამყაროში მთავარი დოგმა სწორედაც რომ ‘ფასების კონტროლია’.  რა თქმა უნდა ამას მთავრობები კი არა ოლიგარქიული წრეები აკეთებენ, რომელთაც თავის მხრივ მთავრობა კარგად ემსახურება.  სწორედ ამის წყალობით დღევანდელ ‘ცივილიზებულ მსოფლიოში’ წელიწადში ერთი ჰოლოკოსტი მაინც ხდება (შეგახსენებთ ჰოლოკოსტში 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა და თანაც 1 წელიწადზე მეტ ხანში).  ეს ბავშვები ისე კვდებიან, რომ მათს შესახებ ინფორმაცია 7 მილიარდი მსოფლიოს მოქალაქიდან მხოლოდ ერთეულებს აქვთ.  და იქაც ეს უბრალო სტატისტიკაა.
 
ორი დღის წინ გამოქვეყნდა პაატა ქურდაძის არაჩვეულებრივი ბლოგი, სადაც ლაპარაკი იყო ახალი ქართული ელიტის დროსტარების თავისებურებებზე.  მათი ღრეობა განსხვავებული ხასიათისაა საბჭოთა დროის ელიტისაგან.  აქ დეპუტატი უფრო ‘პოსტმოდერნული’ გემოვნებით (ან ანტი-გემოვნებით) დახატული გარემოს თანხლებით შედის რესტორანში, თუმცა მის მოსვლას ისევე რიდით და შიშით ხვდებიან, როგორც ამას ცეკას მდივნების დროს აკეთებდნენ.  ახლა ‘მუშათა კლასის დიდი მეგობრის’ მაგივრად რესტორანში შემოდის ‘თავისუფალი ბაზრის წარმატებული ლიდერი’.  ტერმინები კი განსხვავდება ერთმანეთისგან მაგრამ აზრი მაინც ერთია.  როგორც საბჭოთა ნომენკლატურა იყო ფარისეველი და იცავდა მოდერნის მიერ დაწესებულ ყალბ პოლიტკორექტულობას, ასევე ყალბად პოლიტკორექტულია დღევანდელი ‘პოსტმოდერნი’ დეპუტატი.  იგი რესტორანში რამოდენიმე ჟურნალისტი მანდილოსნის თანხლებით შედის და ისევე როგორც მისი საბჭოთა წინაპარი მათს შორის ჯდება.  უბრალოდ, საბჭოთა წინაპრისგან განსხვავებით მას სუფრაზე უფრო ‘გათანამედროვებული’ თამადა ჰყავს, რომელსაც გეის მანერები აქვს.  თუმცა ეს სუფრაც თავისი არსით საბჭოთა ელიტის სუფრის ტიპიური გაგრძელებაა, მასზე გამორჩეული სექსუალური იდენტობის არსებობა ხაზს უსვამს მის ‘პოლიტკორექტულობას’ და მაშასადამე კარიერისტი დეპუტატის შორს მიმავალ გეგმებს.  თუმცა, ავტორი აქაც კარგად აღნიშნავს, რომ ეს თამადა გეის როლშიც არ არის აუთენტური და ტრადიციულ ‘ვაჟკაცურ-ხეპრე’ სადღეგრძელოებს ისვრის, რომელთა შორის ერთ-ერთი აშკარა რასიზმია, შავკანიანების ‘სხვად’ წარმოჩენა.  ფრანგული სექსუალობის ცნობილი ჰომოსექსუალი წმინდანი ჟან ჟენე ალბათ ასეთი ტიპის კარიერისტების დანახვაზე საფლავში ტრიალებს.  ეს ადამიანები (მიუხედავად მათი სექსუალობისა) ჩაგვრის და დომინაციის სისტემას საკუთარი ფარისევლობით მხოლოდ ამყარებენ.   კარიერისტმა დეპუტატმა ჯერჯერობით  იდენტობის პოლიტიკის ეს ასპექტი არ გაითვალისწინა და მითუმეტეს თუ პრეზიდენტიც ხმარობს ‘ზანგებს’ უარყოფით კონტექსტში, მის თამადასაც მხარს უბამს.   პაატა ქურდაძის ბლოგში ძალიან კარგად არის დახატული ეს ‘პოსტმოდრნული კარიერიზმის აბსურდი’ – ეს ის მომავალი ტექნოკრატები არიან, ვინც სულ მალე დაიწყებს ადამიანებისთვის ჟანგბადის გადაკეტვას სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ არაპოლიტკორექტული შეცდომა დაუშვეს.   უფრო სწორად, ზოგიერთს უკვე დაწყებული აქვს ასეთი მოღვაწეობა.  თუმცა კაჭრეთის ტყეში შემალულებს მაინც იმის იმედი აქვთ, რომ მათს ხუმრობას ‘ზანგების’ შესახებ ვერავინ გაიგებს და ესეც შეუმჩნევლად ჩაივლის.  
 
ამ ბლოგის გამოქვეყნების შემდგომ, რა თქმა უნდა ამოქმედდა ე.წ. ლიბერალური აზრის პოლიცია.   მისმა წარმომადგენლებმა პაატა ქურდაძეს ბრალი დასდეს ნეგატიური სტერეოტიპების გავრცელებაში.  ‘როგორ შეიძლება ნეგატიური გმირი ჰომოსექსუალი იყოს?  ეს ხომ მათი დემონიზაციაა?  მათი სექსუალობის ხაზგასმა მწერლის მხრიდან თავის ნახევრად მხატვრულ ბლოგში ხომ ხაზს უსვამს სტერეოტიპებს?!  მოკლედ, ამის მერე ლიბერალური აზრების პოლიციის წარმომადგენლებმა სცადეს პაატა ქურდაძის თავის წარმოსახვით კოცონზე შეწვა.   მათ მიერ გაჩაღებული ბრძოლა ძალიან ჰგავდა შუასაკუნეებში წმინდანების დასაცავად ვატიკანის მიერ განხორციელებულ იდეოლოგიურ კამპანიას.  
 
პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ გარკვეული თემებისათვის ტაბუების დადება და ნებისმიერ ადამიანზე ხუმრობის აკრძალვა არის უკვე ძალადობა თავისუფალ სიტყვაზე.  მეორეც, ასეთი დამოკიდებულება სწორედ აღრმავებს ჰომოფობიას.  თუ ჰომოსექსუალი არ შეიძლება იყოს ნეგატიური პერსონაჟი და მასზე არანაირი არც ხუმრობა და არც სატირა შეიძლება, მაშინ ცხადია ადამიანების უმრავლესობაში ეს გამოიწვევს ბუნებრივ პროტესტს.  ჩვენი მიზანი ისაა რომ ყველა თანასწორი იყოს.  ეს იმას ნიშნავს რომ არც ნეგატიური და არც პოზიტიური დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს.   პოზიტიური დისრკიმინაცია – და ‘მადონა-ბოზის’ დიქოტომიები უარესად ამწვავებს არსებულ ჩაგვრას და დომინაციებს.  ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.  ადამიანების თანასწორობის მთავარი ნიშანი ის არის რომ ადამიანის გარეგნულ ნიშნებს და მის ნაციონალურ, ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ, სექსუალურ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მის უფლებებთან მიმართებაში. თუმცა ნეოლიბერალურ დისკურსში თანასწორობა უტოპიად ითვლება და მთელი ეს ფილოსოფია აგებულია ინტერესთა ჯგუფების მიერ ერთმანეთთან კონკურენციაზე და სოციალური იერარქიის კენწეროში ადგილის დასაკუთრებაზე.  ამ სისტემის მიხედვით კი ყველა ყველას წინააღმდეგ უნდა იყოს, როგორც ჰობსის ‘ლევიათანში’ – ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.  ამ სემიოლოგიით ცხადია კაცობრიობის მხოლოდ მცირე პროცენტი ცხოვრობს კარგად და ჩვენ განწირული ვართ განუწყვეტელი სოციალური, ნაციონალური თუ სექსუალური დარვინიზმისათვის. 
 
ალან ბადიუ თავის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში პოსტ-მოდერნულ ლიბერალურ დისკურსს კარგად შეფარულ ‘ბარბაროსობას’ უწოდებს, სადაც სხვადასხვა ნაციონალისტური, რელიგიური თუ სექსუალური სექტები კაპიტალიზმის დოღში და კონკურენციაში ერთმანეთს ფულის და ძალაუფლების მოპოვებისათვის ეჯიბრებიან და დაუნდობლადაც უსწორდებიან.  ‘ლიბერალი აზრის პოლიციის’ ქართველი წარმომადგენლებიც იგივე ძალადობას სჩადიან ამ შემთხევაში, როდესაც ინტერნეტში შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ საჯაროდ არ ‘ჩაქოლონ’ ისეთი ადამიანები, ვისი აზრიც მათ არ მოსწონთ.  ჩემმა ლექტორმა რიჩარდ რუბინშტაინმა ძალიან კარგად თქვა ამას წინათ ერთ-ერთი უმცირესობის (რომელსაც თვითონაც ეკუთვნის) უფლებების დაცვას რომ წააწყდა უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკურ წრეებში:  ‘ადრე ‘ფობიას’ იმას აბრალებდნენ, ვისაც უმცირესობა არ უყვარდა, დღეს კი ‘ფობია’ ბრალდება ყველას ვინც უმცირესობას არ უყვარს.’    უკიდურესობებში გადავარდნა პოლიტკორექტულობის საკითხში ძალიან საშიშია, რადგანაც ადამიანებისათვის უწყინარი ხუმრობის უფლების წართმევა უკურეაქციას გამოიწვევს.  ჩვენ კი ისეთი საზოგადოება გვინდა სადაც არავინ არ დაიწყებს იმის გარჩევას ვის რა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური იდენტობა აქვს – სადაც ყველას ექნება შანსი იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.  ეს არის დემოკრატია – სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად დემოკრატიულია ნეოლიბერალური დისკურსი.
 
ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ისიც აღნიშნა, რომ შეიძლება ასეთმა ნაწერმა ვინმეს მგრძნობიარობაზე იმოქმედოს ცუდადო.  ცხადია ჩვენ ზოგადად ადამიანების მგრძნობიაროაზე უნდა ვიფიქროთ.  თუ რომელიმე პოლიტიკოსი წამოდგა ტრიბუნაზე და სრულიად უადგილო ადგილას რატომღაც ადამიანის წარმომავლობა ან მისი სექსუალობა ახსენა, ცხადია ეს არასწორია, რადგანაც პოლიტიკოსების განცხადებებს შესაბამისი შედეგებიც მოყვება.  მაგრამ, თუკი მწერალი თავის ბლოგს წერს, მას უნდა ჰქონდეს უფლება ჰეტეროსექსუალზეც იღადაოს, ჰომოსექსუალზეც, ათეისტზეც და მორწმუნეზეც.  სწორედ ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება.  როგორც დიდი ამერიკელი პოეტი ალენ გინზბერგი ამბობდა, პოეტები ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ ჰომოსექსუალებთან, პროსტიტუტებთან, ალკოჰოლიკებთან და სხვა მარგინალიზებულ ადამიანებთან ერთად ატარებენ.   იმისათვის რომ არ იყოს დისკრიმინაცია საჭიროა ყველამ გაუძლოს თავისუფალ სიტყვას – მითუმეტეს მწერლის პირიდან ნათქვამს.  სხვა საქმეა, თუ საჯარო მოხელე წარმოთქვამს რაიმე არასენსიტიურს, ის ამას ხალხის ფულზე თუ აკეთებს, ამის უფლება არავის აქვს.  
 
თუნდაც იგივე სენსიტიურობა რომ ვახსენოთ, ამ პრინციპს თუ მივყევით, ამას წინათ ბატონი დეისაძის ნაწარმოებმა ძალიან ბევრ მორწმუნეს ატკინა გული და ბოლომდე შეურაცხყო ისინი.  თუმცა სიტყვის თავისუფლება ისაა, რომ ყველას ჰქონდეს თავისი აზრის გამოთქმის უფლება.   იგივე თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც მართლაც საშინლად შეურაცხმყოფელი იყო ათასობით ადამიანისათვის არ იქნა ‘დაცენზორებული’.  მაშასადამე სენსიტიურობის და მგრძნობელობის კოეფიციენტებს შორისაც არ უნდა იყოს განსხვავება – გული ყველას ერთნაირად ტკივა და ყველა ერთნაირად უნდა იყოს დაცული შეურაცხყოფისგან.  მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ხელოვნებას, თვით ისეთ უნიჭო ხელოვნებასაც აქვს გამოხატვის უფლება, როგორც ეს დეისაძის ან თეა თუთბერიძის ნაწარმოებებია – და მითუმეტეს პაატა ქურდაძის მიერ მშვენიერი იუმორით დაწერილ ბლოგს, რომელშიაც მომქმედი გმირების უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი ფარისეველია, თამადის გარდა.
 
ლიბერალური აზრის პოლიციის ასეთი ცენზურა თუ არ შეწყდა და თუ ჩვენთან სიტყვის თავისუფლების პრაქტიკა არ დავიწყეთ, ისევ საბჭოთა რეალობაში დავბრუნდებით, სადაც ერთის მხრივ საჯაროდ იკრძალებოდა ‘ნაციონალიზმის გამოვლინება’, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ ფარისევლურმა სისტემამ გამოიყვანა ჰიბრიდად პირწავარდნილი ნაციონალიზმი.  ასეა აქაც, ასეთი ცენზურით სწორედ ჰომოფობიის და სხვა ფობიების დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს.
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*