“აუთსორსინგი”, როგორც ჩაგვრა

Share on Facebook260Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ავტორი: ტატო ხუნდაძე

ფოტო გარეკანზე: © Evonomics

© European.ge

შესავალი

ბიზნესის ენციკლოპედია INVESTOPEDIA, Outsourcing-ს განმარტავს როგორც ხარჯების შემამცირებელ პრაქტიკას, რომელიც ხორციელდება ორგანიზაციაში არსებული სამუშაოს გადანაწილებით სხვა კონტრაქტორ ფირმებთან.[1] ეს სიტყვა იქცა თანამედროვე მენეჯერებისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების საყვარელ სიტყვად – გასაღებად, რომელიც ყველა კარებს აღებს და რომლითაც ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. ეს ფენომენი ბიზნეს საზოგადოებაში ასოცირდება მოქნილობასთან, ხარჯების ოპტიმალურ გამოყენებასთან და ზოგადად ბიზნესის სწორ მართვასთან. იგი შესაძლოა ასევე აღნიშნავდეს სახელწიფო (საჯარო) უწყების მიერ მომსახურების მიღებას ბიზნეს კომპანიების მხრიდან. [2]

თუმცა, სოციალურ მეცნიერებებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ამ ფენომენის სიკეთეებზე. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Outsourcing-ი ახდენს ჩაგვრის გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, აქცევს რა შრომას კიდევ უფრო კომოდიფიცირებულს. Outsourcing-ს მიმართავენ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. Outsourcing-ის დანერგვა განვითარებულ ქვეყნებში ხდება იმისათვის, რათა შრომის ნაწილი გადადინდეს განვითარებად ქვეყნებში, სადაც შრომის ფასი უფრო დაბალია. მეორე მხრივ, Outsourcing-ის საშუალებით, როგორც განვითარებად ისე განვითარებულ ქვეყნებში ხდება შედარებით უფრო იაფი მუშახელის დაქირავება და კომპანიების მიერ მიწოდებული მომსახურებით მუდმივ მოქმედი სამსახურეობრივი პოზიციების ჩანაცვლება.

აღსანიშნავია, რომ Outsourcing-ი აქტუალური გახდა საქართველოსთვისაც. ადგილობრივმა კომპანიებმა და საერთაშორისო ფირმების წარმომადგენლობებმა საქართველოში, აქტიურად დაიწყეს Outsourcing-ის პრაქტიკის ათვისება. ისეთ ცნობილ სარესტორნო ქსელში, როგორიცაა Wendy’s და Mcdonalds-სი შეხვდებით დამლაგებლებს, რომლებსაც ადგილობრივი თანამშრომლებისგან განსხვავებული ტანსაცმელი აცვიათ. Wendy’s-ს კომპანია „სუფთა სამყაროს“ თანამშრომლები ალაგებენ. საქართველოში მომსახურების სექტორი, ისედაც შეინიშნება შრომის „პრეკარიზაციის“ მაღალი დონე. Outsourcing-ის პრაქტიკის დანერგვამ შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ფენომენი და იაფი დასაქმებულები კიდევ უფრო მოწყვლადები გახადოს. განვითარებად ქვეყნებში, სადაც შრომაზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებად ელასტიურია, ე.წ. mini job-ების პრაქტიკას ებრძვიან მინიმალური ხელფასების შემოღებით, რითიც გარკვეულ ზღვრამდე ხელფასის რეგულირება და მშრომელთა ჩაგვრის მინიმიზება. თუმცა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკის შემოღება, ისეთ ღარიბ ქვეყნაში როგორიც საქართველოა (სადაც შრომაზე მოთხოვნა ელასტიურია), გამოიწვევს არაფორმალური დასაქმების ზრდას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გააღრმავებს სამუშაო ადგილზე ადამიანთა ჩაგვრას.

წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავ Outsourcing-ის ისტორიულ წინაპირობებს, ამ ფენომენის ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ განზომილებებს გლობალურ დონეზე. ამ ნაშრომში განვიხილავ სხვადასხვა მეცნიერთა მოსაზრებებს, რომელთაც ორ ძირითად მიმართულებად დავაჯგუფებ. პირველი მიმართულება მოიცავს ნეოკლასიკოს და ნეოლიბერალ ეკონომისტთა შეხედულებებს Outsourcing-ის პრაქტიკის შესახებ, რომლებიც მიიჩნევენ რომ იგი ცალსახად პოზიტიური ფენომენია და ხელს უწყობს რესურსების ოპტიმალურ განაწილებას. მეცნიერთა მეორე ჯგუფი კი მიიჩნევს, რომ Outsourcing-ი ახალისებს ჩაგვრას სამუშაო ადგილზე და იწვევს სიმდიდრის გადანაწილებას ქვემოდან ზემოთ. სტატიის დასკვნით ნაწილში მოვიყვან რამდენიმე ქეისს საქართველოდან, რომელშიც ასახულია ის მეთოდიკა, რომელსაც იყენებენ ქართული კომპანიები, საჯარო დაწესებულებები და მულტინაციონალური კომპანიები outsourcing-ის კუთხით საქართველოში.

მემარჯვენე ეკონომისტების მოსაზრებები

მემარჯვენე ეკონომისტები ხშირად იშველიებენ ადამ სმიტის მოსწრებულ ციტატას მისი Magnum Opus-იდან „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“: „ ყველა ბრძენი ოჯახის უფროსის პრინციპია, არასოდეს სცადოს სახლში ისეთი რამის გაკეთება, რისი შეძენაც უფრო იაფი დაუჯდება“. მემარჯვენე ეკონომისტებისთვის, ბაზარი არის ოპტიმალურად გამანაწილებელი მექანიზმი, რომელშიც ჩარევა გამოიწვევს საბაზრო წონასწორობის დარღვევას და საერთო კეთილდღეობის შემცირებას. ცხადია, მათი აზრით Outsourcing-ი საბაზრო ფენომენია, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა დააზარალებს ადამიანებს. კერძოდ ზიანი, რომელიც შეიძლება დადგეს ამ შემთხვევაში არის საბაზრო ფასების დამახინჯება, რაც საბოლოოდ გაუძვირებს მომხმარებლებს ცხოვრებას.

არსებობს შრომის Outsourcing-ის ორი ფორმა. პირველი ეს არის შიდასახელმწიფოებრივი, როცა კომპანიები ცდილობენ ადგილობრივ დონეზე მოახდინონ გარკვეული შრომითი სერვისების შესყიდვა. განვითარებულ ქვეყნებში მსგავს საქმიანობაში ჩაბმულნი არიან ძირითადად იმიგრანტები და სხვა ძირითადად ღარიბი მოწყვლადი ჯგუფები. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევენ რომ Outsourcing-ის გავრცელება მიანიშნებს წარმოების სფეროში ხარჯთეფექტურობისა და მოქნილობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში ზრდის საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობას.[3] ამ ლოგიკით Outsourcing-ისგან სიკეთეს იღებენ პირველ რიგში ის ადამიანები, ვისაც მოუქნელ სამუშაო გარემოში, რომელიც ახასიათებდა ფორდისტულ ეპოქას, არ ექნებოდათ ამის შესაძლებლობები. მეორე მხრივ, Outsourcing-ი იძლევა იმის საშუალებასაც, რომ ბიზნესმა დაზოგოს თანხა და შემდგომ მოახდინოს მისი ინვესტირება უფრო მეტად პროდუქტიულ საქმიანობაში. ეს კი საერთო ჯამში ქმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს და თავისთავად ამცირებს უმუშევრობას.

საინტერესოა ასევე მემარჯვენე მოაზროვნეთა არგუმენტები, საგარეო Outsourcing-ის ე.წ. offshoring-ის შესახებ. იქიდან გამომდინარე რომ განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს გარკვეული ტიპის შეზღუდვები, მაგალითად შრომის საათების რაოდენობა, მინიმალური ხელფასი, მშრომელთა დაზღვევა და უსაფრთხოება, დიდი კომპანიები ცდილობენ გაიტანონ საკუთარი წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რითიც თავს არიდებენ ამ შეზღუდვებს და ამასთანავე ამცირებენ წარმოების ხარჯებს. მეორე მხრივ, წარმოების სხვა ქვეყნებში გატანა ამცირებს სამუშაო ადგილებს განვითარებულ ქვეყნებში და/ან ზრდის პრეკარიატულ სამუშაოებს სერვის სექტორში.[4] მემარჯვენე ეკონომისტი, ჯორჯ ბუშის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი გრეგორი მენქიუ მიიჩნევს რომ საგარეო Outsourcing-ი ცხადია ამცირებს გარკვეული ტიპის სამუშაო ადგილებს, თუმცა ეს პრობლემა უფრო მეტად გამოწვეულია ინვესტიციების შემცირებითა და არა Outsourcing-ის ნეგატიური გვერდითი ეფექტებით.[5] მემარჯვენე მაკენზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საგარეო outsourcing-ზე დახარჯული 1 დოლარი ქმნის 1.12-1.14 აშშ დოლარის დამატებით ღირებულებას, რაც ნიშნავს იმას რომ ამერიკული ეკონომიკა Outsourcing-ით  საერთო ჯამში უზარმაზარ მოგება ქმნის ამერიკული ეკონომისთვის.[6]

მემარცხენე არგუმენტები

მემარცხენე ეკონომისტი რობერტ რაიში მიიჩნევს, რომ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, მისთვის დამახასიათებელი მოქნილი სამუშაო ბაზრით, ამცირებს და ასუსტებს საშუალო კლასს და ამასთან ერთად აძლიერებს ქსენოფობიას და ზრდის რადიკალურად მემარჯვენე პოლიტიკოსების რეიტინგს. მისი აზრით, ამერიკული საშუალო კლასის წარმომადგენლები ადანაშაულებენ მთავრობას იმაში, რომ იგი არ იცავს მათ სამუშაო ადგილებს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეზღუდოს მსხვილი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ აზიაში Outsourcing-ით ან მიგრანტი მუშახელის მეშვეოიბით მათ დაჩაგვრას.[7]

დევიდ ჰარვი, თავის წიგნში „პოსტ-მოდერნული მდგომარეობა“ დეტალურად აღწერს Outsourcing-ის პრაქტიკის დამკვიდრების წინმსწრებ პროცესებს. მისი მოსაზრებით, Outsourcing-ის ფენომენი დამკვიდრდა ფორდიზმის კრიზისში შესვლის შემდგომ. თავის მხრივ ფორდიზმის კრიზისი გამოიწვია ნავთობზე ფასების უკიდურესმა ზრდამ, რასაც მოჰყვა მაღალი ინფლაცია. მაღალ ინფლაციაზე პროფკავშირების პასუხი იყო ხელფასების ზრდის თაობაზე მწვავე პროტესტი, რის გამოც კომპანიები (მდიდართა კლასი) იძულებულნი გახდნენ ეპოვათ ახალი გამოსავალი სიმდიდრის შესანარჩუნებლად. ამისათვის საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოების გატანა და სუბ-კონტრაქტორების დაქირავება „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში. ასევე, ამ კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, რის შედეგადაც პროფკავშირების ძალაუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა. ჰარვი Outsourcing-ის პრაქტიკის დამკვიდრებას უკავშირებს ე,წ, „მოქნილი დაგროვების“ (flexible accumulation) ეკონომიკური მოდელის დამკვიდრებას, ფორდისტული სისტემის ნაცვლად. „მოქნილი დაგროვების“ მოდელი გულისხმობს, მენეჯმენტის სისტემის სამ ნაწილად დაყოფას. პირველი, ცენტრალური ნაწილი, რასაც შეგვიძლია ბირთვიც ვუწოდოთ, მოიცავს მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მაღალი ხელფასები, კარგი სოციალური დაცვა და გრძელვადიანი სტაბილურობა. მეორე დონის თანამშრომლებს ჰარვი ჰყოფს ორ ნაწილად.

დიაგრამა 1: ფორდიზმიდან მოქნილ შეგროვებამდე, დიაგრემა აღებულია წიგნიდან დ. ჰარვი, პოსტ-მოდერნული მდგომარეობა.

fპირველ ნაწილში მოთავსებულია ძირითადად ის მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ ადმინისტრაციულ საქმიანობას. მათი სამსახურები საკმაოდ არასტაბილურია, რადგან მათ პოზიციებზე შრომის ბაზარზე მიწოდება საკმაოდ მაღალია. მეორე ქვე-ჯგუფს განეკუთვნებიან ის დასაქმებულები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულნი არიან კომპანიასთან ქვე-კონტრაქტებით და outsourcing-ით. მათი შრომა მეტწილად პრეკარიატულია, ხშირ შემთხვევაში – ნახევარ-განაკვეთიანიც. ხშირად კამათობენ იმის შესახებ, რომ ნახევარ-განაკვეთიანი სამსახურები ძირითადად მაღალ-ანაზღაურებადია, მაგალითად ისეთი პროფესიები როგორიცაა: პროგრამისტი, ბუღალტერი, იურისტი და სხვა. მემარცხენე მოაზროვნეები, მაგალითად ბრანკო მილანოვიჩი მიიჩნევს რომ ერთი მხრივ ასეთი სამუშაოების რაოდენობა, რომელიც მაღალ-ანაზღაურებადია არ არის ბევრი და ხშირად outsourcing-ი ეხება დაბალკვალიფიციურ მუშახელს. ამასთან ერთად, მაღალ-ანაზღაურებადი პროფესიების შემთხვევაშიც კი ადამიანებს outsourcing-ის დროს ბევრად უფრო მეტი მუშაობა უწევთ, ვიდრე სტაბილური სამსახურის ქონის შემთხვევაში მოუწევდათ. ამის მიზეზი არის ის რომ outsourcing-ით აყვანილ freelance-ერებს აქვთ უიმედობის და არასტაბილურობის განცდა, შესაბამისად საკუთარ თავზე იღებენ მაქსიმალურად ბევრ საქმეს, რათა „ცუდი პერიოდისთვის“ გაიკეთონ დანაზოგები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ე.წ. „მოქნილ“ სამუშაო ძალას არა აქვს სტაბილური საპენსიო გეგმა, ჯანმრთელობის დაცვა და ისინი არ არიან პროფკავშირების წევრები, რაც მათ მოწყვლადს ხდის სამუშაო ბაზარზე.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, outsourcing-ი არის ნაწილი თანამედროვე ნეო-ტეილორიზმის.

დიაგრამა 2: f

თანამედროვე მენეჯმენტის სისტემა შედგება ორი ჯგუფისაგან. პირველი ჯგუფი არის outsourcing-ითა და დროებით სამუშაოებზე აყვანილი მუშა ხელი. მეორე ჯგუფში შედის ე.წ. წარმოების ჯგუფები. ამ სტატიის წერის პროცესში, ავტორი ესაუბრა BMW-ს თანამშრომელს და გამოჰკითხა, თუ როგორც მუშაობს ამგვარი სისტემა პრაქტიკაში.[8] BMW-ს თანამშრომლის აზრით, მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი სამუშაო პირობებისა, თანამშრომლები მუდმივად განიცდიან სტრესს. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია პასუხისმგებლობის განცდის ზრდასთან. თანამედროვე ორ-დონიან მენეჯმენტის სისტემაში, კომპანიის მენეჯერებს აღარ სჭირდებათ თანამშრომლების მუდმივად კონტროლი. ისინი აყვანილნი არიან ან outsourcing-ის მეშვეობით ან საწარმოო ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი. პირველ შემთხვევაში მაღალი პასუხისმგებლობის განცდას განაპირობებს არასტაბილურობა. კერძოდ ის, რომ სამუშაოს არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, BMW აღარ დადებს მის კომპანიასთან ან პირადად მასთან ქვე-კონტრაქტს, რაც ერთი მხრივ შეამცირებს შემოსავალს ამ კომპანიისთვის/ინდივიდისთვის და მეორე მხრივ იმოქმედებს პრესტიჟზეც. რაც შეეხება საწარმოო ჯგუფებს, ამ შემთხვევაში ჯგუფის თითოეული წევრი იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რის შედეგადაც სამუშაოს კონტროლს ახორციელებენ უშუალოდ ჯგუფის წევრები. ამიტომაც, ჯგუფის თითოეული წევრი, მუშაობს იმაზე მეტს, ვიდრე ამ საქმის ინდივიდუალურად გაკეთების შემთხვევაში იმუშავებდა. ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ასახულია, თუ როგორ გავლენას ახდენს თანამედროვე მენეჯმენტის სისტემა შრომაზე და შრომით გამოცდილებაზე. კერძოდ, შრომის პროცესის შეფასება ხდება რეპუტაციის საშუალებით და ამასთან ერთად იზრდება გადაჭარბებული შრომა.[9]

Outsourcing-ის პრაქტიკები საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდგომ საქართველოში შრომის კოდექსი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, შრომითი ურთიერთობების სფეროში მომუშავე სპეციალისტები და პროფკავშირების წარმომადგენლები ამ ცვლილებებს მიკროსკოპულ ნაბიჯად აფასებენ. განსაკუთრებით პრობლემები იკვეთება outsourcing-ის რეგულირების კუთხით.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აღნიშნავს, რომ საქართველოში მრავლად იკვეთება outsourcing-ის პრაქტიკის შედეგად დარღვეული შრომითი პირობები. მისი აზრით ბოლო პერიოდში გახშირდა ეს პრაქტიკა დასუფთავების სფეროში. მისი განმარტებით გასულ წელს მას მიმართეს ისნისა და სამგორის მუნიციპალიტეტებიდან დამლაგებლებმა, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ სამუშაო პირობების დარღვევისა და სამსახურის დაკარგვის საშიშროების გამო. კერძოდ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ შვებულებით, ასევე დამსაქმებელი არ უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად სამსახურის გაცდენილი დღეების ხელფასს (ე.წ. ბიულეტების ხარჯები). ალექსანდრიას თქმით პროფკავშირებმა ჩაატარეს მოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ თბილისის მასშტაბით მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადგილობრივი მუნიციპალური შენობების (გამგეობების) დასასუფთავებლად იყენებენ outsourcing-ს. თითქმის ყოვეწლიურად ტარდება ტენდერები და ხშირად იმარჯვებენ სხვადასხვა კომპანიები. შედეგად, დამლაგებლებიც ხშირად იცვლებიან. მათთან ფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულებები, რომელშიც არ არის გათვალისწინებული არც ე.წ. ბიულეტენის“ ხარჯები და არც შვებულება. შედეგად მათი სამსახური არის საკმაოდ არასტაბილური და ისინი განიცდიან ექსპლუატაციას ზემოთ ახსნილი მიზეზების გამო. ნიშანდობლივია ისიც, რომ პროფკავშირებისა აქტიურობის შედეგად, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა შეინარჩუნეს სამსახური, თუმცა მათი უფლებები კვლავ დარღვეულია შვებულებისა და „ბიულეტენით“ სარგებლობის მხრივ, რადგან მათ შეწყვიტეს სამართლებრივი დავა, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დარეგულირების საბაბით.

გოჩა ალექსანდრიამ ინტერვიუს დროს მოიყვანა კიდევ ერთი ქეისი, რომელიც ეხება British Petroleum-ის საქმიანობას საქართველოში. BP-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ სადენის ექსპლუატაციის პროცესში იყენებს ადგილობრივ კონტრაქტორ ფირმას, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ დონეზე მენეჯმენტს. შედეგად, შტატში აყვანილი ადამიანები ექვემდებარებიან არა BP-ის, არამედ დაქირავებულ კონტრაქტორ კომპანიას. შესაბამისად, წარმოშობილი შრომითი დავის დროს, BP-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ადგილობრივი თანამშრომლების შრომით პირობებზე. ალექსანდრიას განმარტებით, წალკის რაიონში წარმოიქმნა შრომითი დავა, რომლის დროსაც პროფკავშირებმა მოითხოვეს, რომ სასამართლო პროცესის დროს BP-ი ყოფილიყო ერთ-ერთი მხარე, რაზეც ამ კომპანიამ უარი განაცხადა. ადგილზე შეიქმნა პროფკავშირიც, თუმცა ადგილობრივმა ქვეკონტრაქტორმა ამ პროფკავშირის თავმჯომარე სამსახურიდან გაანთავისუფლა, ასევე ზეწოლის შედეგად პროფკავშირში გაწევრიანებულთა რიცხვი, 80-დან 30 ადამიანამდე შემცირდა. ალექსანდრიას თქმით, ეს არის სპეციფიკური შემთხვევა, რომელსაც agency work შეგვიძლია ვუწოდოთ, რაც გულისხმობს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით სამუშაო ძალის კონტროლს, მაშინ როცა პროექტს ახორციელებს უშუალოდ BP და პროექტზეც თავად არის პასუხისმგებელი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 2 შემთხვევისა, outsourcing-ი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება მრავალ სფეროში, მათ შორის ფინანსურ, მშენებლობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებში. სამშენებლო კომპანიები საკმაოდ ხშირად იყენებენ outsourcing-ს, რომლის დროსაც ხდება შრომის კოდექსის დარღვევა. მაგალითად, სამშენებლო კომპანიების მიერ ხდება მუშების აყვანა ფიქტიურად გაფორმებული შპს-ების საშუალებით. თავად ეს ქვე-კონტრაქტორი კომპანიები კი აფორმებენ ხანმოკლე მომსახურების (და არა შრომის) ხელშეკრულებებს დასაქმებულებთან. შედეგად, დასაქმებულები განიცდიან მასშტაბურ ექსპლუატაციას, რადგან მათი შრომა ფაქტიურად რჩება რეგულირების გარეშე. ისინი ხშირად მუშაობენ 48 საათზე მეტს და მათი ანაზღაურება არის მიზერული. ამასთან ერთად ხშირია სიკვდილიანობა შრომის პროცესში, რადგან კომპანიები არ იცავენ შრომის უსაფრთხოებას.[10]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც აქტიურად გამოიყენება Outsourcing-ი ეს არის დაცვის სამსახურები. ფირმები ხელმძღვანელობენ იმ ლოგიკით, რომ მათ შეუძლებელია ჰყავდეთ კარგად მომზადებული და ეფექტური დაცვის სამსახური, რადგან ეს პროფესია მოითხოვს სპეციალური ცოდნისა და უნარების ფლობას.[11] შესაბამისად კომპანიას მოუწევს დიდი თანხის გადახდა შესაბამისი დაცვის სამსახურის შექმნისა და აღჭურვისთვის. ამიტომაც მას ურჩევნია გაიტანოს ეს პოზიცია Outsourcing-ზე ხარჯების შემცირების მიზნით. სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას აქვს უზარმაზარი სოციალური უკუეფექტები შრომითი ურთიერთობების დარღვევის მხრივ. სტატიის ავტორთან საუბარში დაცვის ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მისი შრომითი უფლებები იყო უგულვებელყოფილი, როცა ის მივლენილი იყო დაცვის თანამშრომლად ერთ-ერთი სუპერ-მარკეტების ქსელის ობიექტზე. მისი შრომითი უფლებების დარღვევა დაიწყო სამუშაოს დაწყების პირველივე დღეებიდან. კერძოდ, პირველი ორი მორიგეობის დროს, მას არ გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულება, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდა იმით, რომ მას არ მისცეს ამ მორიგეობისთვის ანაზღაურება. გარდა ამისა, შრომით კონტრაქტში ეწერა, რომ მას უნდა ემორიგევა სამ დღეში ერთხელ. თუმცა ფაქტიურად მორიგეობდა ორ დღეში ერთხელ, რადგან მას ხშირად აგზავნიდა უფროსი სხვა ობიექტებზე სამორიგეოდ. თუ მისი შემცვლელი ავად გახდებოდა, ესეც ხდებოდა იმის მიზეზი, რომ მას უწევდა დამატებით მორიგეობა, ხანდახან მიყოლებით სამი დღის განმავლობაში. რესპოდენტის თქმით, ხშირი უძილობის გამო მას განუვითარდა ნევროზი და უძილობა. მისი ხელმძღვანელი ხშირად ამცირებდა მას და მის კოლეგებს, ზოგჯერ უმიზეზოდაც კი. გარდა ამისა, ხელმძღვანელი აიძულებდა მას შეესრულებინა ის სამუშაოები, რომელიც არ შედიოდა მის შრომის კონტრაქტში, მაგალითად მას უწევდა მტვირთავის ფუნქციის შესრულებაც.

გარდა მშენებლობის, მომსახურების სექტორშიც საკმაოდ ხშირია outsourcing-ის შემთხვევები. მაგალითად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ბუღალტრულ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მივლენილნი არიან სხვადასხვა კომპანიებში ბუღალტერიის სერვისის მიწოდებისთვის. ინტერვიუს დროს ერთ-ერთი ასეთი კომპანიის ბუღალტერმა აღნიშნა, რომ ის ბუღალტრული კომპანია სადაც არის მივლენილი ბუღალტრული სერვისის მიწოდებაში იღებს 1450 ლარს. თუმცა აქედან, მას ხელფასის სახით ეძლევა მხოლოდ 350 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). მასთან გაფორმებულია ერთ წლიანი კონტრაქტი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი კომპანია აღარ გააგრძელებს კონტრაქტს, არსებობს მაღალი შანსი იმისა, რომ მისი დამქირავებელი ბუღალტრული ფირმა მასთან აღარ გააგრძელებს კონტრაქტს და შედეგად დარჩება ხელფასის გარეშე. მისი განმარტებით, გარდა სახელფასო პრობლემისა, არსებობს სამუშაო ადგილზე ექსპლუატაციის ხშირი შემთხვევები ასეთი ტიპის მომსახურების სფეროში. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საშუალოდ მისი სამუშაო საათების რაოდენობა მერყეობის 10-დან 12 საათამდე, გამომდინარე, კომპანიის დატვირთვიდან. წლიური დეკლარაციების ჩაბარების პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა მათ უწევთ რამდენიმე ღამის გათენება არასაკმარისი ადამიანური რესურსის გამო. თუმცა ზეგანაკვეთურ სამუშაოს მათ არავინ უნაზღაურებს. მისი თქმით, ასეთი ტიპის outsourcing-ში ჩართულნი არიან ძირითადად დამწყები ბუღალტრები და კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებენ მათ მონურ შრომას. ბუღალტრული კომპანიები ასეთ დაბალ ანაზღაურებას და ამგვარ ცუდ სამუშაო პირობებს ამართლებენ იმით, რომ დამწყებ ბუღალტრებს ისინი აძლევენ გამოცდილების მიღების საშუალებას და წარმატებული კარიერისთვის პირველ ნაბიჯებს უკვალავენ.[12]

დასკვნა

Outsourcing-ის პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ეკონომიკურ ცხოვრებაში. იგი აქტიურად იმკვიდრებს ფეხს ჯერ კიდევ პოსტ-ფორდისტულ ეპოქაში. ხოლო 80-იანი წლებიდან ნეოლიბერალური რეიგან-ეკონომიქსის ექსპანსიის პარალელურად, Outsourcing-ი იქცა ეკონომიკური აქტივობის განუყოფელ ნაწილად. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეგულაციების მოშლამ, გლობალიზაციისა გაძლიერებამ და ციფრული ეკონომიკის დამკვიდრებამ გააჩინა სასათბურე პირობები ამ პრაქტიკისთვის.

მართალია, Outsourcing-ი იძლევა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საშუალებას, ხშირად ეს ხდება ადამიანური რესურსის ექსპლუატაციის ხარჯზე, რაც თავის მხრივ ამცირებს დასაქმებულთა კმაყოფილებას, ქმნის არასტაბილურობის განცდას და შედეგად ეცემა პროდუქტიულობაც.

Outsourcing-ის პრაქტიკა აქტიურად ინერგება საქართველოშიც. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ის ნეგატიური ქეისები, რაც მნიშვნელოვნად არის გამოხატული ქართულ შრომის ბაზარზე. Outsourcing-ს იყენებენ, როგორც ადგილობრივი კერძო კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო კორპორაციები. ავტორის მიერ ჩატარებული ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ საქართველოში ეკონომიკური აგენტები ამ პრაქტიკას იყენებენ ხარჯების შემცირებისა და შრომითი უფლებებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. შედეგად საფრთხე ექმნება ადამიანთა ჯანმრთელობას, დასაქმებულთა შრომითი უფლებები დაუცველია და ინტერესები მარგინალიზებული.

 

შენიშვნები:

[1]What is ‘Outsourcing’, http://www.investopedia.com/terms/o/outsourcing.asp

[2] Jamieson, D., “Public Interest Group Challenges Privatization Of Local, State Government Services”, The Huffington Post, 2013

[3]Cost Competition, Fragmentation and Globalization, Burda, M, Dluhosch, B,. 2001, http://edoc.hu-berlin.de/series/sfb-373-papers/2001-40/PDF/40.pdf

[4] Globalization: the great unbuilding, Baldwin, R., 2006, http://graduateinstitute.ch/files/live/sites/iheid/files/sites/ctei/shared/CTEI/Baldwin/Publications/Chapters/Globalization/Baldwin_06-09-20.pdf

[5] Outsourcing Redux , Mankiw, G., 2006, http://gregmankiw.blogspot.com/2006/05/outsourcing-redux.html

[6] By Daniel T. Griswold and Dale Buss, published on Sept. 15, 2004 , Economic Benefits of Foreign Outsourcing , https://www.mackinac.org/6821

[7]Reich, R., Donald Trump And The Revolt Of The Anxious Class, https://www.socialeurope.eu/2015/12/the-revolt-of-the-anxious-class/

[8] ავტორის ინტერვიუ BMW-ის თანამშრომელთან.

[9] Change in the Post-Fordist Era, Crowley., M, et al. http://socant.chass.ncsu.edu/documents/Crowley_1.pdf

[10]ავტორის ინტერვიუ მშენებელ მუშასთან.

[11] ავტორის ინტერვიუ ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის მენეჯერთან

[12] ავტორის ინტერვიუ საბუღალტრო კომპანიის წარმომადგენლებთან

Share on Facebook260Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*