არგუმენტები 94-ე მუხლის წინააღმდეგ კონსტიტუციონალიზმის პერსპექტივიდან

Share on Facebook73Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

 

nino

► ავტორი: ნინო ხელაია, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

© European.ge

რამოდენიმე დამატებითი არგუმენტი კონსტიტუციის 94-ე მუხლის წინააღმდეგ კონსტიტუციონალიზმის პერსპექტივიდან

მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებისას, დამსწრე საზოგადოების მხრიდან არაერთგზის დაისვა საკითხი კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების აქტის” გაუქმების საჭიროების შესახებ. რიგ შემთხვევაში საკითხი დასვეს საზოგადოებრივი კამპანიის “კონსტიტუცია თანასწორობისათვის – არა Liberty აქტს” წარმომადგენლებმა, რიგ შემთხვევაში თანამოაზრე მოქალაქეებმა, და ძირითადად ორი არგუმენტით: პირველი, რომ არსებული ჩანაწერი ზღუდავს საპარლამენტო სუვერენიტეტს მისი ერთ-ერთი უმთავრესი, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის წარმოების ასპექტში, და მეორე, რომ არსებული ჩანაწერი ეკონომიკური განვითარების მიზნებს კი არ პასუხობს, არამედ პირიქით, აღრმავებს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის ისედაც მზარდ მაჩვენებელს.

ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვებიდან გამოიკვეთა შემდეგი სიტუაცია: მმართველ გუნდშიც და საკონსტიტუციო კომისიაშიც არსებობენ კომპეტენტური ადამიანები, ვისაც მოცემული მუხლის მმართველობის პრინციპებთან სრული შეუსაბამობა გააზრებული აქვთ და აღიარებენ მისი ამოღების აუცილებლობას, ან როგორც მინიმუმ, მასზე მსჯელობის გაგრძელების მნიშვნელობას. თუმცაღა, ასევე მძლავრია ინერტულად შემორჩენილი რწმენა იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი იზიდავს ინვესტორებს და ამიტომაც ქმნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ეს მემკვიდრეობითი რწმენა გარკვეულწილად წნეხს ქმნის და ამ ვითარებაში რთული ხდება პრინციპული პოზიციის დაკავება თუნდაც ისეთი უმნიშვნელოვანესი მმართველობის პრინციპის სასარგებლოდ, როგორიც არის საპარლამენტო სუვერენიტეტი. ინერტული რწმენა რომ უსაფუძვლოა და რომ ინვესტორი აპრიორი ეკონომიკურ განვითარებას არ ნიშნავს, ამის მტკიცება  ეკონომიკურ არგუმენტებს მივანდოთ, აქ კი შევეცდები კონსტიტუციის რეფორმის პროცესის ანალიზის პერპექტივიდან მოვიყვანო რამოდენიმე არგუმენტი, და დავასაბუთო, რომ 94-ე მუხლი არა მხოლოდ მემარცხენე, არამედ დემოკრატიული თეორიის ლიტერატურის თვალსაზრისითაც ვერ უძლებს კრიტიკას.

კონსტიტუციის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ზოგადად რთული დასადგენია ის, თუ რა გავლენა აქვთ კონსტიტუციის შექმნის პროცესებს საბოლოოდ მიღებულ შედეგებზე (Ginsburg, Elkins & Blount 2009). ამ შემთხვევაში, საუბარია კონსტიტუციაზე მუშაობის პოლიტიკურ პროცესზე და არა მის შინაარსობრივ მხარეზე. პროცესისა და შედეგის მიზეზშედეგობრივი კავშირი ადვილად დაკვირვებადი არ არის, ვინაიდან კონსტიტუციის შექმნისა თუ მისი რეფორმის პროცესები ხშირად ბუნდოვანია და მხოლოდ უამრავი ვარაუდისა თუ სპეკულაციების ადგილს ტოვებს. ბუნდოვანების ნათელი მაგალითია თუნდაც 2009-2010 წელს, საჩქარო და გაურკვეველი წესით ჩატარებული რიგით მეორე საკონსტიტუციო ცვლილებები. ამჟამად მიმდინარე, რიგით მეოთხე საკონსტიტუციო რეფორმებზეც კი ზოგიერთმა დამკვირვებელმა დაწერა, რომ იყო რიგი პროცედუალური საკითხებისა, რომლებიც ასევე ბუნდოვანი იყო, მაშინ, როდესაც საინტერესო იქნებოდა იმ ზუსტი მექანიზმების – დისკუსიებისა თუ ფორმულაციების ცოდნა, რომელთა გამოყენებითაც იქმნებოდა დოკუმენტი.

ვინაიდან კონსტიტუციის რეფორმის პროცესის გავლენა საბოლოო შედეგზე თეორეტიზებული არ არის, ძნელია რაიმე სიზუსტით გვქონდეს იმის წინასწარი ცოდნა, თუ როგორი ტიპის პროცესი მიგვიყვანს კანონზომიერად ამა თუ იმ შედეგამდე. ამ ზუსტი კანონზომიერების მოუხელთებლობის მიუხედავად, შეგვიძლია როგორც მინიმუმ ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიული პროცესი შობს დემოკრატიულ და სახალხო შედეგს, საბოლოოდ კი ყველაფერი დაიყვანება იქამდე, თუ ვინ არის პროცესებში ჩართული, და რა ეტაპზე.

ამასთან დაკავშირებით კი გამოიყოფა ხოლმე ორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელთაგანაც ორივე ეფუძნება კონსტიტუციის შექმნის პროცესების გარკვეულ ნორმატიულ ხედვას და ღიაა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ანალიზისათვის:

პირველი, ეს არის ინსტიტუციური თვით-წარმართვა (institutional self-dealing) – რაშიც მოიაზრება ცენტრალური შეკითხვა იმის შესახებ  თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესებში ჩართული იყვნენ ის სამთავრობო ორგანოები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებისაგან გარკვეული ტიპის სარგებელს ელიან. იგივე შეიძლება ითქვას იმ არასამთავრობო სუბიექტების აქტიურ მონაწილეობაზეც, რომელთა პოლიტიკური რეპრეზენტაციაც ახალი სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება. ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით თუ გადავხედავთ კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიღების დროინდელ (2010წ.) სიტუაციას, როდესაც ქვეყანაში არსებული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ზედმიწევნით აქტიური თანამონაწილეობით ხდებოდა მათი ერთ-ერთ დომინანტურ პოლიტიკურ სუბიექტად ქცევა. კონსტიტუციაში კორპორატიული კაპიტალისა და მსხვილი ბიზნეს სუბიექტებისათვის მოქალაქეობრივი თუ წარმომადგენლობითი პრივილეგიების მინიჭებას “ახალი კონსტიტუციონალიზმის” სახელით ვიცნობთ (Gill 1998). სწორედ ახალი კონსტიტუციონალიზმის ჩარჩოებში განხორციელდა 90-იანი წლების შემდგომ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ნეოლიბერალური პოლიტიკების სამართლებრივ ასახვას საკონსტიტუციო ჩარჩოში (დისციპლინარული ნეოლიბერალიზმი) და ეკონომიკური დღის წესრიგის ჩამოშორებას დემოკრატიული პოლიტიკიდან. მთავარი ამბავი კი აქ იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალისათვის პრივილეგირებული სამართებრივ-პოლიტიკური რეპრეზენტაცია დემოკრატიულ პროცესებს უკიდურესად ზღუდავს.

მეორე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის სახალხო ჩართულობა. კონსტიტუციის შემუშავების წარმატებულ პროცესად ცხადია მოიაზრება ის პროცესი, რომელსაც განსაკუთრებული სახალხო მობილიზაცია და ჩართულობა ახასიათებთ. ჩართულობის განსაკუთრებული მაგალითია სახალხო რეფერენდუმი. თუმცაღა კვლევები გვეუბნებიან, რომ რეფერენდუმის იდეის გამოყენება ძალაუფლებადამშეულ ქარიზმატულ ლიდერებს ავტორიტარიზმის კონსტიტუციური განმტკიცებისათვის ადვილად შეუძლიათ გამოიყენონ, და ამისი კონკრეტული მაგალითები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მრავლად გვაქვს, ვინაიდან სახელმწიფოს ლიდერები აქ ვერ რისკავდნენ ხოლმე ავტოკრატიული ნაბიჯების ღიად გადადგმას და ამით ცივი ომის შემდგომი გლობალური დემოკრატიული კონსენსუსის შეწინააღმდეგებას (Parlett 2012). როდესაც მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს თავისუფლების აქტის პოლიტიკის “სიკეთეებზე” საუბრობდა, მთავარი არგუმენტი აქაც სწორად რეფერენდუმის მომენტი იყო: მისი და მისი თანამოაზრეების თქმით, “ხალხის ნებას უნდა გადაეწყვიტა” საგადასახადო პოლიტიკის ღრმად ნიუანსური საკითხები. მაშინ როდესაც, ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ რთული და კომპლექსური სფეროს “ხალხის ხმისათვის” მინდობა, იმ გამონაკლის შემთხევაშიც კი თუ მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას მოინდომებდა მომავალში, ნიშნავდა ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ არა ხალხის ნების, არამედ დომინანტური ლოგიკის ასახვას რეფერენდუმის შედეგებში. კონსტიტუციონალიზმის პროცესების ირგვლივ არსებული ცოდნა საშუალებას გვაძლევს მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც კონსტიტუციის შექმნისა თუ გადახედვის პროცესში გამოირჩევიან მოწოდებებით “ხალხმა გადაწყვიტოს”, სინამდვილეში შეიძლება ყველაზე უფრო მიდრეკილები იყვნენ ავტორიტარული განმტკიცებისკენ.

სახალხო ჩართულობის ამ “საშიში მხარეების” მიღმა ცხადია არსებობს არასაშიში მხარეებიც, და აქ კი უკვე საინტერესო ხდება თუ ვინ არიან კონსტიტუციის ცვლილების მონაწილე აქტორები და და რა წარმოადგენს მონაწილე აქტორთა რეალურ მოტივაციას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რეალური მოტივაციების გამორკვევა საკმაოდ რთულია, მაგამ ჩართული პირები და მათი მოტივაცია, პირდაპირ არის დაკავშირებული კონსტიტუციის ცვლილების პროცესის ლეგიტიმურობასთან. ეს პროცესი კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად და ღირებულად, როდესაც  ჩართული პირების რეალური მოტივაცია სცილდება მცირე ჯგუფების პრივილეგირებული რეპრეზენტაციის იდეას. საკონსტიტუციო კომისიისა თუ საკანონმდებლო ორგანოს მისია დღეს, საქართველოს კონსტიტუციის საჯარო განხილვებისას არის ის, რომ ფხიზელი თვალით იდენტიფიცირება გაუკეთოს პროცესებში ჩართულ იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთა ინტერესიც არ შემოიფარგლება ვიწრო ჯგუფების პრივილეგიების განმტკიცებით.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის შექმნისა თუ ცვლილების პროცესი კიდევ ერთხელ განვასხვავოთ ჩვეულებრივი ყოველდღიური პოლიტიკური პროცესისაგან: დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა აღემატება თუნდაც რამოდენიმე წელიწადში ერთხელ, მაგრამ მაინც რეგულარულად ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მისი შედეგები გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე მორგებული აღმოჩნდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Gill, S. (1998). New constitutionalism, democratisation and global political economy. Global change, peace & security, 10(1), 23-38.

2. Ginsburg, T., Elkins, Z., & Blount, J. (2009). Does the process of constitution-making
matter?. Annual Review of Law and Social Science, 5, 201-223.

3. Partlett, W. (2011). The dangers of popular constitution-making.


ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

ნინო ხელაია: დისკურსების ლოკალიზაცია, როგორც ცნებების დროსა და სივრცეში აღქმის ხელისშემშლელი ფაქტორი

 

Share on Facebook73Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*