არანაირი პრივილეგია ოლიგარქ ბენდუქიძეს!

თვალყურს ვადევნებ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ირგვლივ ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია-არხების მიერ ატეხილ ისტერიკას და რატომღაც ერთი მარტივი კითხვა მიჩნდება:  რომ არ ყოფილიყო ეს უნივერსიტეტი სააკაშვილის რეჟიმის ფავორიტი რუსი ოლიგარქის მართული, რამდენად ატყდებოდა ამხელა დავიდარაბა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პროცედურის გავლის გამო?  ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი უმაღლესი სასწავლებელი დახურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კი პოლიტიკური ‘წმენდა’ ჩაატარა.  ამ დროს სააკაშვილის მიერ მართული მედია ან სდუმდა, ანაც კი მიესალმებოდა განათლების მორიგი კერის დახურვას ან დაკნინებას.

ჟურნალი და ტელევიზია ‘ტაბულა’ ბუნებრივია რომ დაინტერესებული პირია, რადგან ოლიგარქი ბენდუქიძე მათი დამფუძნებელია, მის მეგობარ სხვა ოლიგარქებთან ერთად.   მაგრამ, აჯენდას ისევ და ისევ ნაციონალების ულტრა-მემარჯვენე გუნდი მართავს და საზოგადოება პასიურ მდგომარეობაში უყურებს ამას.  ეს იმის მანიშნებელია რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც სწორედ ასეთი მემარჯვენე და პრივილეგირებული სისტემის მომხრეა.

კახა ბენდუქიძემ საკუთარი უნივერსიტეტიდან გარიცხა ხელმოჭერილი სტუდენტები.  რა ვქნათ, ამ სტუდენტებს არ ჰქონდათ შანსი მისნაირად ელცინის კორუმპირებული რეჟიმის პირობებში ‘ურალმაშის’ ან რომელიმე სხვა მილიარდიანი ქარხნის მითვისების და აქედან გამომდინარე მათ აღარ მიეცათ სწავლის გაგრძელების საშუალება.  სტუდენტების ქონებრივი ცენზის მიხედვით დისკრიმინაცია ჩემთვის განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპის დარღვევაა.  ეს ერთი საკითხი, რომელშიაც განათლების სამინისტროს პოზიციას ვეთანხმები.

მეორე, კახა ბენდუქიძე და მისი თანამოაზრეები, საქართველოში ექსტრემალური ფორმის ნეოლიბერალური ფილოსოფისის მქადაგებლები არიან.  ცხადია, სხვებთან ერთად მათაც აქვთ უფლება რომ ის ასწავლონ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან.  მაგრამ, უნივერსიტეტის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ბანაკად გადაქცევა, სადაც უარს ეუბნებიან ყველა ისეთ პროფესორს, რომლის პოლიტიკურ იდეოლოგიაშიც ეჭვი ეპარებათ, აგრეთვე განათლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის წინააღმდეგ მიდის.  2010 წელს მე შევესწარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეტად კვალიფიციური ლექტორის გამოსვლას, სადაც მან განაცხადა რომ პირადად ბენდუქიძემ სამუშაო ინტერვიუს დროს მას უარი უთხრა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეჭვი შეეპარა ამ ლექტორის პოლიტიკურ ორიენტაციაში.  “ჩვენ ეს უნივერსიტეტი ტროცკისტებისათვის არ გაგვიხსნია’ – ასეთი პარაფრაზირება გაუკეთა ამ ლექტორმა ბენდუქიძის ფრაზას.  კვალიფიციური აკადემიური პერსონალისათვის იდეოლოგიურ საფუძველზე უარის თქმა სამუშაო ადგილზე არის აკადემიური შრომის უფლების ფუნდამენტური დარღვევა.  თუმცა, რაზეა ლაპარაკი, ბატონ ბენდუქიძეს შრომის უფლების საერთოდ არ სწამს.  მას მიაჩნია რომ პროფკავშირებს საერთოდ ფუნქცია არ გააჩნია და როგორ შეიძლება უნივერსიტეტში ისეთი ვინმე ასწავლიდეს, ვინც სოციალურ სამართლიანობაზე ხმას ამოიღებს?!

ოლიგარქი კახა ბენდუქიძე, რომელიც ნამდვილად არ არის უნიჭო ადამიანი, თუმცა უტიფარი და უზრდელი ნამდვილად არის, ცდილობს თავის თანამოაზრეებთან ერთად დაამკვიდროს უკიდურესი ნეოლიბერალიზმის ფორმები საქართველოში, სადაც ადამიანების აბსოლუტური უმცირესობა – მათი დაახლოებით 1 პროცენტი – მართავს ყველა დანარჩენს, და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სრულიად მარგინალიზებულ მდგომარეობაში იქნება.  ნეოლიბერალიზმი ამ შემთხვევაში ძალიან ჰგავს ბოლშევიზმის იმ მოდელს, რომელმაც აღზარდა კახა ბენდუქიძე და რომელი სისტემის კორუმპირებულობის წყალობითაც მან ასე კარგად ისარგებლა 1990-იან წლებში.

მე ვფიქრობ, ბატონმა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ოლიგარქები არ არიან განსაკუთრებული ადამიანები.  ეს ადამიანები იშვიათ შემთხვევაში არიან ან მოდილიანები, ან მოცარტები.  ძირითადად ესენი ან პირდაპირი მნიშვნელობით ყაჩაღები არიან, რომლებიც 1990-იანი წლების რუსეთის ან საქართველოს მაგალითზე ხალხის დაგროვილ ქონებას ინაწილებდნენ, ან უბრალოდ იღბლიანი ადამიანები, რომელთაც გაუმართლათ და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ.  ამის გამო ადამიანების ამ პატარა უმცირესობას რომ ამხელა პრივილეგიები მივანიჭოთ და ყველა სხვაზე ზემოთ დავაყენოთ, ეს იქნება უსამართლო საზოგადოება.  სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ ბენდუქიძის მაგვარი ოლიგარქიული კაპიტალიზმის მძევალი გახდა.

რა დააშავა იმ ასეულებით ხელმოჭერილმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ შეძლო თანხის გადახდა და რომელიც კანონდარღვევით გარიცხეს?

რა დააშავა იმ ლექტორებმა, რომლებიც იდეოლოგიური ნიშნით დაიწუნეს და როგორც ‘ტროცკისტი’ ან სამუშაოდან დაითხოვეს ანაც საერთოდ არ მისცეს მუშაობის საშუალება?

მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ავტორიზაციის საკითხი ადვილად დასარეგულირებელია.  სწავლის პროცესს ეს არ შეეხება.  ივნისის თვემდე კი, თუ ბენდუქიძე მოინდომებს, ამ ნაკლოვანებების შესწორება ძალიან მარტივია.  უბრალოდ, ამ შემთხვევაში ბენდუქიძის და მისი ამფსონების გაბერილი ეგო ვერ შეეგუა რომ მას პრივილეგირებული სტატუსი აღარ აქვს.

დროა რომ საქართველო აღარ იყოს მდიდრების რესპუბლიკა, როგორც ამას ჰარტი და ნეგრი ამბობენ.  დროა რომ უბრალოდ ადამიანებსაც მიეცეთ განათლების უფლება.

პიერ ჟოზეფ პრუდონმა ძალიან დიდი ხნის წინ ენამოსწრებულად თქვა:  ‘კერძო საკუთრება ეს ქურდობაა!’ – სამწუხაროდ რაც დრო გადის, და რაც მეტ გამოვლინებას ვხედავთ ასეთი ‘კერძო საკუთრების’, რომელიც ღარიბი სტუდენტების უფლებებს არღვევს და მხოლოდ მდიდარი მფლობელებისას იცავს, ნამდვილად ქურდობას ჰგავს.

სამართლიანი საზოგადოება ნიშნავს რომ განათლების უფლება ყველა ადამიანის უფლებაა და პრივილეგია არ გახლავთ.  კახა ბენდუქიძის მაგვარ ოლიგარქებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს.  მათი განუზომელი სიხარბის შედეგად მოპოვებული ძალიან დიდი ქონებაა პრივილეგია და არა განათლება და ჯანდაცვა.

ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ რომ გამონაკლისი არ არსებობს.  ამ საზოგადოებაში ყველა თანასწორია!

ძირს ოლიგარქების რესპუბლიკა!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ