სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები

მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია.

მხოლოდ საბაზრო მექანიზმების განვითარება არ არის საკმარისი სამოქალაქო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. სამოქალაქო ეკონომიკა მოითხოვს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გადასახადების, კანონის, კონტრაქტების პატივისცემას და დამორჩილებას.
არასამოქალაქო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო ვერ ახერხებს გადასახადების შეგროვებას და ხალხსაც არ უნდა მათი გადახდა.

არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკა იყოფა 4 ტიპად:

1. ლეგალური არაფორმალური ეკონომიკა – ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არ ფიქსირდება ანგარიშებსა და კონტრაქტებში, არ არღვევს საკანონმდებლო ნორმებს და არც სხვა სამეურნეო აგენტების უფლებებს (მაგ, ნატურალური მეურნეობა სოფლად).

2. არასამართლებრივი ეკონომიკა – ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არღვევს სხვა სამეურნეო აგენტების უფლებებს, მაგრამ არ არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით და ამდენად, მდებარეობს არასამართლებრივ ზონაში (მაგალითად ფინანსური პირამიდები, „გამონაკლისის წესით“ დაშვებული შეღავათები და სუბსიდიები).

3. ნახევრად სამართლებრივი ეკონომიკა – ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც თავისი მიზნებით შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ პერიოდულად სცდება კანონის საზღვრებს გამოყენებულ საშუალებათა ხასიათის მიხედვით (მაგალითად – გადასახადების თავიდან აცილების სხვადასხვა გზები, ბარტერული გაცვლები, მუშაობა პატენტისა და ლიცენზიის გარეშე, თანამშრომლის დაქირავება გაფორმების გარეშე)

4. არალეგალური კრიმინალური ეკონომიკა – კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა (მაგ – ნარკონიზნესი, იარაღის უკანონო წარმოება და ვაჭრობა, პროსტიტუცია, კონტრაბანდა, რეკეტი)

სისტემური გარდაქმნების 20 წლის თავზეც კი, როგორც სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, ისე საქართველოშიც ვერ იქნა არაფორმალური ეკონომიკა აღმოფხვრილი. საქართველოში გავრცელებულია პირველი და მესამე ტიპი. პირველი, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ არ იცავს საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს და მეორე, რომელიც ცდილობს სხვადასხვა ხერხებით კანონზე თავის არიდებას.

სახეზე გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის შემდეგი  ძირითადი მახასიათებლები:

1. რეგულარული ორგანიზებული, სამეურნეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე

2. სამეურნეო ოპერაციების დაფარვა – წინასწარგანზრახული დაფარვა ხელშეკრულებებში და ანგარიშგებაში

3. დაქირავებული სამუშაო ძალის დაფარვა

4. შემოსავლების დაფარვა

არაფორმალური  ეკომონიკის ზრდის მიზეზები საქართველოსა და სხვა პოსტკომმუნისტურ ქვეყნებში თითქმის იდენტურია:

1. ეკონომიკური და სტრუქტურული კრიზისის პირობებში შრომით ბაზარზე ვითარების გართულება, რაც იწვევს მცირე მეწარმეების დამოუკიდებელი დასაქმების უსწრაფეს ზრდას.

2. მასიური მიგრაცია – როგორც გარე ისე შიგა ეკონომიკურად სუსტი რეგიონებიდან და ცხელი წერტილებიდან

3. საშინაო ბაზრების დაუცველობა, რაც ზრდის კონკურენტულ ბრძოლას და უბიძგებს დანახარჯთა შემცირებისკენ ნებისმიერი საშუალებით.

4. ზედმეტი ინსტიტუციონალიზაცია და რეგლამენტიზაცია განუვითარებელი სამოქალაქო ეკონომიკის პირობებში, რაც უბიძგებს შრომით ურთიერთობებს არაფორმალობისკენ და მოქნილობისკენ.

5. უპირატესობის მოპოვების მცდელობა სხვა შიდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების მიმართ.

6. სახელმწიფოს მხრიდან კორუფციის თუ პატრონაჟ-კლიენტერისტური გარიგების შედეგად რომელიმე ეკონომიკურ სუბიექტზე უპირატესობის მინიჭება, რაც ავტომატურად უბიძგებს სხვა ეკონომიკურ სუბიექტს ჩრილოვანი ეკონომიკისკენ საკუთარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუენებლად.

7. დაბალი ხელფასები ლეგალურ ეკონომიაში, ხშირად საარსებო მინიმუმზეც კი,  რაც უბიძგებს ადამიანებს იპოვონ მეორე სამუშაო ადგილი არაფორმალურ ეკონომიკაში.

8. თვისობრივად ბუნდოვანი, დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით არაეფექტური საგადასახადო კანონმდებლობა, ეგრეთწოდებული flat tax, რომელიც აღმავებს ნაპრალს საზოგადოებაში და ამძაფრებს უსამართლობის განცდას

კეთილდღეობაის უზრუნველყოფა იმ მთავარ ვალდებულებათაგანია, რაც სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ გააჩნია.
2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ლიბერტარიანულ- ეკონომიკურ მოდელს ამოფარებულმა ხელისუფლებამ სრულიად მოიხსნა რა პასუხისმგებლობა მოქალაქების კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ის ბაზრის პრინციპებს გადააბარა.
ეკონომიკის სრულმა დერეგულაციამ და სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის მოხსნამ მის რეგულირებასა და სტიმულირებაზე, გამოაცალა რა ქვეყნის კონკურენტუნარიან ინდუსტრიულ განვითარებას ყოველგვარი საფუძველი, ისეთ მოკლევადიან განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული ეკონომიკური დარგების განვითარებას შეუწყო ხელი, როგრიც არის: მცირე ბიზნესი და სერვისი, ტრანსპორტი და მშენებლობა. სოფელი, სადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკური დარგი, რომელიც ოდითგანვე იყო ქართული ეკონომიკის ფუნდამენტი, იქნა სრულიად უგულველყოფილი. ამ ტენდენციამ ოდითგანვე ძლიერი ქართველი გლეხის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

საქართველოში დღეს დასაქმებულთაგან (შრომისუნარიანი მოსახლეობის 83%) მხოლოს 600000ს ადამიანი ეწევა დაქირავებულ შრომას.  აქედან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 50% შეადგენს. დანარჩენი ზემოთაღნიშნულ დარგებშია დასაქმებული, ხოლო მათგან 65% თვითდასაქმებული.

მცირე ბიზნესში და სერვისში 170 000 ადამიანია დასაქმებული –  62 000 დაქირავებულია. ხოლო 108 000 თვითდასაქმებული. ტრანსპორტში 40000 დასაქმებულდან 80% თვითდასაქმებულია. მშენებლობის დარგში 55 000 ადამიანია დასაქმებული. აქედან 19% თვითდასაქმებულია, ხოლო  61 % დაქირავებული. სოფლის მეურნეობაში 970 000 ადამიანია დასაქმებული და აქედან მხოლოდ 2,5 % დაქირავებული. არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 38 %-ს აქვს დაბალი თვიური შემოსავალი, ხოლო 22% -ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

კერძო სექტორში თვითდასაქმებულთა ეს მაჩვენებლები თითქმის პირდაპირპროპორციულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობისა. შემოსავლებიდან გამომდინარე მათი უმრავლესობა  სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენს. ამ ადამიანების არარეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობის გამო სახელმწიფო იხსნის  ვალდებულებას, მათ ისეთი მწირ სოციალურ უზრუნველყოფაზეც კი, როგორიც დაქირავებული, რეგისტრირებული შრომითი ურთიერთობების ფარგლებში არის გათვალისწინებული.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თვითდასაქმებულთა და განსაკუთრებით არაფორმალური ეკონომიკის სექტორში დასაქმებულთა შრომოთი ურთიერთობები სრულიად ეწინააღმდეგებიან ევროპის სოციალური ქარტიით გათვალისიწნებულ რიგ ნორმებს:

1. არ არსებობს რა შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად არ არსებობს მისი შეწყვეტის პირობები (არ არსებობს კომპენსაცია).

2. 8 საათიანი სამუშაო დღე არ არის გარანტირებული

3. ზეგანაკვეთური შრომა არ არის ანაზღაურებული

4. ჯანმრთელობისთვის მავნე პირობებში მუშაობა არ არის კომპენსირებული

5. დასაქმების ხანგრძლივობა არ ითვლება საპენსიო სტაჟში.

6. ქალების ფეხმძიმობის დროს არ არიან არც ერთი საბაზისო უფლებით დაცული, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი შრომის კოდექსი.

7. არასწრულწლოვანთა მუშაობა არ არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებული.

2004 წელს საქართველო შეუერთდა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკას’.  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, გარდა სხვა ვალდებულებებისა, საქართველომ შრომისა და სოციალურ უზრუნველყოფის სფეროებში საკუთარი კანონმდებლობის ევროპის სოციალურ ქარტიითა და (მშო) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება იკისრა. 2008 წელს სოციალური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა “სამთა კომისია”, სადაც სამი სოციალური პარტნორი: დასაქმებულნი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების კონფედერაცია, დამსაქმებელნი დამსაქმებელთა ასოციაცია და სახელმწიფო -შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან გაერთიანებული.
შედეგიანი სოციალური დიალოგის უზრუნველსაყოფის მთავარ პირობას სოციალური პარტნიორების წარმოიმადგენლობითობისა და ლეგიტიმურობის ხარისხი წარმოადგენს.  საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ვერ პასუხობენ სამწუხაროდ ამ მოთხოვნებს. არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულნი საერთოდ არ არიან წარმოდგენილი ამ კომისიაში, რაც პროფკავშირების, როგორც დასაქმებულთა მხარის წარმომადგენელი სოციალური პარტნიორის წარმომადგენლობითობისა და ლეგიტიმურობის  ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გამოსავლის პოვნა არ არის მარტივი. ზოგი მეცნიერის აზრით შემდეგი ღონისძიებებით: კვალიფიკაციის ამაღლება, დასაქმება, დახმარება მარკეტინგის თვალსაზრისით, კრედიტების გაცემა, რესტრუქტურიზაციის შედეგად გაუქმებული მატერიალური ბაზის გადანაწილება ყოფილ მუშებზე ახალი საქმიანობის დასაწყებად, უნდა მოხდეს ეკონომიკის  ფორმალიზება.  წარმატებული ფორმალიზების შემთხვევში, აქ დასაქმებულნი მოიპოვებდნენ რა უფლებას სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციებისა ფარგლებში გაერთიანებულიყვნენ გაერთიანებული პროფკავშირების კონფედერაციაში, გაიზრდებოდა მისი ლეგიტიმურობისა და წარმომადგენლობის ხარისხი და იგი უფრო თამამად წარდგებოდა სამთა კომისიაში, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენელი მხარე.
ოლიგოპოლიურ, არაკონკურენტულ სამეწარმეეო გარემოში, ორიენტირებულია რა დღევანდელი ხელისუფლება გადასახადების მაქსიმალურ ამოღებაზე, ის ხშირ შემთხვევაში კაბალური საგადასახადო ჯარიმების საშუალებით საფრთხეს უქმნის არსებულ სამუშაო ადგილებს ფორმალურ სექტორშიც კი და ზოგიერთ შემთხვევაში უბიძგებს მეწარმეებსა და დასაქმებულთ არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობისკენ.

სამწუხაროდ, საყოველთაო სოციალური უზრუნველყოფის  არ არსებობის, არაეფექტური, უსამართლო საგადასახადო კოდექსისა და მიზერული მინიმალური ხელფასის პირობებში არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა დაბალი შემოსავლის გათვალისწინებით, მათი საქმიანობის ფორმალიზება და დაბეგვრა მძიმე ტვირთად დააწვებოდა მათ და ისედაც ფატალურ სოციალურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა.

საწყის ეტაპზე უკეთესი იქნებოდა თვითდასაქმებულთა და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა ქმედითუნარიანი ასოციაციების, სამოქალაქო ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც პროფკავშირებთან ერთად, მოახდენდნენ  პრობლემების საჯაროდ არტიკულირებას და სინდიკალური პრინციპით წარსდგებოდნენ “სამთა კომისიაში” როგორც სოციალური პარტნიორი.  გაერთიანების შედეგად გაიზრდებოდა რა წნეხი მთავრობაზე, მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების ფონზე სოციალური თუ შრომითი პოლიტიკის თვალსაზრისით შესაძლებელი გახდებოდა არაფორმალური სექტორის გრადუალური ფორმალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეებში რწმენის გაღვივების გარეშე, რომ ყოველი გადახდილი თეთრი მათ კეთილდღეობასა და განვითარებას მოხმარდება, გარდაუვალი იქნება არათუ არაფორმალური ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის არსებულ ზღვარზე შენარჩუნება, არამედ მისი გაზრდა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ