არ არსებობს უმუშევარი ქალი – 8 მარტის მსვლელობა და მანიფესტი

51732431_1045829745625632_6738589291246518272_o

დამოუკიდებელი პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი” 8 მარტს, თბილისში, მშრომელ ქალთა მსვლელობას აანონსებს და ვრცელ მანიფესტს აქვეყნებს, რომელიც ქალებისა და მათი ოჯახების სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და მოგიწოდებთ, შეუერთდეთ  სარვამარტო დემონსტრაციას.

8 მარტს  ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის, რადგან არ არსებობს უმუშევარი ქალი!”წლევანდელი ღონისძიების მთავარი სლოგანია. მედია-პლატფორმა European.ge უერთდება 8 მარტის მსვლელობას და  უცვლელად გთავაზობთ მანიფესტს:

რატომ  გამოვდივართ 8 მარტს?

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტს  ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, მაგრამ არსებობს მთავრობის ერთ-ერთი მავნებელი დადგენილება, რომელიც 48 საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იგივე ოდენობის ხელფასს. ეს დადგენილება სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს! ყოველი ასეთი რვა საათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი, არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება იქნება, გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხოვრებელ ხელფასს, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის თვეში 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ქვედა ზღვარი. ხელფასების ეს დონე აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზეა შემორჩენილი. ჩვენ ნერვებსა და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით და თავად კი უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდება, ხელით ვრეცხავთ; როცა ავად გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ, ხოლო როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის მაგივრად დამატებით ჟაკეტს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს ვყიდულობთ,  ჩვენს დახეულ ტანსაცმელს კი ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაო ადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება, ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის. ამიტომ ვითხოვთ მომხდარზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, პროცედურების გამჭვირვალობას, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში.

მოვითხოვთ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას კაცებთან მიმართებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულებაც, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმე. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების თენება. ქალად ყოფნა ხშირად სასჯელი უფროა, ვიდრე შეღავათი და პრივილეგია.

დეკრეტი

ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ აღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში, სახელმწიფოსგან კი არავითარი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ, მათ ერთჯერად, 1000 ლარიან დახმარებას სთავაზობს, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში.

არადა, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდება. დამსაქმებელი სრულიად თავისუფალია დეკრეტის ვალდებულებისგან. ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას. არსებული დეკრეტით გათვალისწინებული ექვსი თვე ძალიან ცოტაა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი დედებს არ გამოუყენებიათ შვებულება, ესეც პრობლემაა, რადგან ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.

სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი დედისთვის 40 საათიანი კვირა ხანგრძლივი გრაფიკია, რაც ფუფუნებაა საქართველოში. ახალშობილის დიდი ხნით დატოვების შემთხვევაში, მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ, შეინარჩუნონ საკმარისი რძე. ასევე, გასათვალისწინებელია დედისა და ბავშვის ურთიერთმიჯაჭუვლობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებისათვის. ამის გარდა, ჩვენ ვაწყდებით დედების დისკრიმინაციასაც სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველდღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.

ჩვენ ვითხოვთ, მინიმუმ, პირველ ეტაპზე, კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო 6 თვიდან – 2 წლამდე.

ბაღები

საჯარო ბაღებში დიდ პრობლემას ხელმისწავდომობა წარმოადგენს, რომ საბავშვო ბაღები არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები და ყოველწლიურად 10 000-ობით აღსაზრდელი რჩება მათ მიღმა.

მასწავლებლებს იმაზე მეტი ბავშვის მოვლა უწევთ, ვიდრე  ეს ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენ საკუთარ ბავშვებს აღსაზრდელად ვაბარებთ ბაღის თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 275 ლარიდან, საუკეთესო შემთხვევაში, 660 ლარამდე მერყეობს, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციასა და როლს, ისევე როგორც, არ უზრუნველყოფს სასკოლო განათლების სისტემაში კვალიფიციური კადრების არსებობას.

მეტიც, ბაღებისა და სკოლების გრაფიკი არ ემთხვევა სამსახურების დაწყებისა და დასრულების დროს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა ჩვენთვის. ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად, შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს ბაღების სახელმწიფო დაფინანსება და ბაღები გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამასთანავე, ბაღებში ბავშვები მიღონ  6 თვიდან –  6 წლამდე.

გარემო

ოჯახი თავისთავად ვალდებულია, თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და შეუქმნას მას შესაფერისი გარემო, თუმცა, ამის ვალდებულება საზოგადოებასა და სახელმწიფოსაც აწევს. უფრო ზოგადად, ამ ფუნქციებს ასრულებს ჯანდაცვა, ტრანსპორტი, პარკები, სკოლები, ჰაერი, ქუჩები ქალაქში და სხვა. თითოეულზე ხელმწისავდომობა მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას  განაპირობებს და გავლენა აქვს ადამიანის პროდუქტიულობაზე.

ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისა და დედებისთვის, რომელთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება. ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა არ პასუხობს მათ საჭიროებებს. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო.

ჩვენი, ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემასა და მისი ხარისხის ამაღლებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას. ამ მაგალითის საფუძველზე, ჩვენ  ვითხოვთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სიკეთის გაუმჯობესებას!

8 მარტს ჩვენ გამოვდივართ უკეთესი საჯარო ტრანსპორტის მოთხოვნით. საქართველოში ძალზე მწვავეა ტრანსპორტის პრობლემა. ჩვენ გვიჭირს გადაადგილება სამუშაო ადგილამდე, სახლამდე, საავადმყოფომდე და სხვა დანიშნულების პუნქტებამდე. ავტობუსები, “მარშუტკები” და მეტრო გადაჭედილია; ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იშვიათად ან საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ტრანსპორტის გამო ყოველდღიურად გვეხარჯება დრო და გვეშლება ნერვები, ხოლო ტრანსპორტიდან გადმოსულთ, გვხვდება დანგრეული ქუჩები, ორმოებითა და მანქანებით სავსე ტროტუარები, სადაც თუ ფრთხილად არ ვიარეთ და ზემოთაც არ ვიყურეთ, ნებისმიერ დროს შეიძლება შენობიდან ჩამონგრეულმა ნაწილმა გვიმსხვერპლოს.  ქალაქში თითოეული გასვლა ყოველდღიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკია.

საბინაო პოლიტიკა

სახლებში დაბრუნებულებს, გვხვდება ჩვენი დიდი ოჯახები. რადგან ერთ სახლში ძირითადად მრავალი სული ცხოვრობს, ჩვენ იშვიათად გვაქვს ჩვენი ადგილი. თავად შენობები –  ავარიულია, ხშირად ლიფტი არ მუშაობს ან ფუჭდება, სადარბაზოებში კედლებიც ნელ-ნელა ინგრევა, შიდა ინფრასტრუქტურა კი მოძველებული და გაურემონტებელია. შესაძლოა, ჩვენს სახლში წესრიგში იყოს გაყვანილობა და სხვა სისტემები, თუმცა, გაუმართავია თავად კომუნალურების ინფრასტრუქტურაა:  საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ხშირად ვიგებთ გაზის გაჟონვის ან შენობების აფეთქებების შესახებ. სახელმწიფოს მოვალეობაა, უსაფრთხო და გამართული გაზისა თუ სხვა საჭიროებების მიწოდების კონტროლი. კომუნალური გადასახადები იზრდება მაშინ, როცა ჩვენი შემოსავალი მცირდება და მცირდება ასევე, ჩვენი უსაფრთხოების განცდა.

ასეთი საჯარო სიკეთეები სახელმწიფომ ხარისხიან საცხოვრებელთან ერთად უნდა უზრუნველყოს. როგორ ვიქნებით პროდუქტიული და სრულფასოვანი მოქალაქეები, თუ სახლში მუდმივად გვექნება  ინფრასტრუქტურული პრობლემები? ან საერთოდ არ გვაქვს საცხოვრებელი ადგილი, ან გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ; ან კიდევ იმდენს ვიხდით ქირასა თუ იპოთეკაში, რომ ჩვენი მთელი ცხოვრების ხარისხს აზიანებს გადაუხდელობის დარდი და შემოსავლის დაკარგვის შიში, რომელსაც, შესაძლოა გამოსახლება მოჰყვეს. ჩვენ გამოვდივართ 8  მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას, რომელიც ყველას უზრუნველყოფს ღირსეული საცხოვრებლით !

ეკოლოგიურად სუფთა გარემო

ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია! მშენებლობებისა და ტრანსპორტის მატებას ქალაქში არსებული ხეებიც ვერ უმკლავდება. გარეთ გასვლა შეუძლებელია. ქალაქში არ არის საკმარისი პარკები და რეკრეაციული ზონები. მთავრობას ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ფიქრის ნაცვლად, ურჩევნია ბიზნესსა და სწრაფ მოგებაზე იფიქროს. სწრაფი განვითარება კი ნიშნავს მოსახლეობის 1%-ის გამდიდრებას, რომელიც სხვა ქვეყანაში მიდის უკეთესი ჰაერისთვის, გარემოსთვის. ჩვენ ვრჩებით დაბინძურებულ ქვეყანაში, ვყრუვდებით მშენებლობის ხმაურით და ამ ნევროზის ფონზე, აგრესიას ერთმანეთისადმი გამოვხატავთ.

ჩვენ ვითხოვთ სუფთა საკვებს. რეგულაციების ნაკლებობამ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა და სიღარიბემ დაბალხარისხიანი საკვების მიწოდება განაპირობა. უცხოეთიდან იაფი და დაბალხარისხიანი საკვები შემოდის, რომელსაც ადგილობრივი გლეხის ან ფერმერის მიერ მოყვანილი პროდუქტი კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად, ჩვენს მიერ მოყვანილი ჯანსაღი საკვების დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის სხვებისთვის. ექსპორტზე ორიენტირებულმა ბაზარმა შიდა მოთხოვნა მოსპო, რადგან ჩვენ არ ვართ გადახდისუნარიანი “მომხმარებლები.”

ბავშვები

8 მარტს, ჩვენ გამოვდივართ ბავშვებისთვის. სახელმწიფოსათვის ბავშვები პრიორიტეტი უნდა გახდეს. უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები ბავშვთა კვებაზე, საცხოვრებელსა და ტანსაცმელზე. ჩვენს შვილებს სჭირდებათ საბავშვო კულტურის განვითარება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების მაგივრად, სხვა საშუალებებით გაერთონ. ჩვენ გვჭირდება ხელი შევუწყოთ მათ თვითგამოხატვას, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ამიტომ, ვითხოვთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და პროდუქტს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქტებზე (სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები, სასკოლო ნივთები) შემოწმების მაღალი სტანდარტების დაწესება.

პენსია

8 მარტს, ჩვენ გამოვდივართ ღირსეული პენსიისთვის. ერთადერთი გონივრული კანონი ქვეყანაში, ალბათ ქალთა საპენსიო ასაკზე გვაქვს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საბაზისო პენსია! პენსია არის ხელფასის გაგრძელება, რომელზეც სიბერეში უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რათა შრომისუუნარობის დროს გადავრჩეთ. სამწუხაროდ, დღევანდელი პენსია არ არის საკმარისი გადარჩენისთვის, ღირსეულ ცხოვრებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.  სახელმწიფო პენსიის რეფორმა არ პასუხობს პენსიის დანიშნულებას და აუცილებელია, ის გარდაიქმნას სოლიდარობის სისტემად, რომლის მიხედვითაც პენსიის ოდენობა დამოკიდებული ღირსეულ კრიტერიუმებზე და არა ინდივიდუალური შენატანების რაოდენობაზე.

ჩვენ ვითხოვთ, რომ საშინაო შრომა და თვითდასაქმებულთა შრომა (საოჯახო მეურნეობა, მიწის ნაკვეთზე მუშაობა) აუცილებლად ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებაში.

ჯანდაცვა

8 მარტს, ჩვენ გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის! ექთნები, რომლებიც ძირითადად ქალები არიან და უდიდესი დატვირთვისა და წნეხის ქვეშ მუშაობენ, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ჯანმრთელობის დაზღვევა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქალები დგანან. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალთა დიდი ნაწილისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, ისინი იძულებით ამბობენ უარს შვილის ყოლაზე მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც გამართული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ღირსეული დეკრეტული შვებულების არარსებობის გამო. ჰიგიენური, რეპროდუქციული და ბიო-ფსიქოლოგიური საჭიროებების შესახებ განათლების აუცილებლობა უგულველყოფილია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციასა და საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არარსებობას. ჩვენ ვითხოვთ სკოლებში შესაბამისი განათლების ოპტიმიზაციას.

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევა ვერ სთავაზობს ქალებს სათანადო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალები ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად ჯგუფია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები დღითი-დღე მატულობს. არსებობს უფასო სკრინინგ პროგრამები, რომლებიც ამ სერვისს მხოლოდ კონკრეტული ასაკიდან სთავაზობს ქალებს, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია.

პრივატიზაციამ და ექსპორტზე ორიენტირებულმა (სამედიცინო ტურიზმის განვითარება) ჯანდაცვამ პრიორიტეტად სწრაფი მოგება დაისახა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური და პრევენციული მკურნალობა არ არის ბიზნესისთვის მომგებიანი. ჩვენ ვითხოვთ, პრევენციული მკურნალობა პრიორიტეტი გახდეს, მეტი აქცენტი დაისვას სხვადასხვა სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც ქალთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს და შეიქმნას ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებადი ბიულეტინი არამხოლოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისთვისაც გაიცეს, რადგან უმეტესად ქალები უვლიან ბავშვებს და ქრონიკულად/დროებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს.

ქალები რეგიონებში

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველ დილით მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ხშირად ტონობით წყალს ეზიდებიან ჭიდან ან სოფლის წყაროდან სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად თუ სარეცხისთვის; ამზადებენ სადილს, ვახშამს, უკვე დაღამებულზე ახერხებენ სახლში შესვლას და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას, რადგან კაცები, ძირითადად, მხოლოდ სტუმრები არიან სახლში!

კულტურა და ხელოვნება

8 მარტს, ჩვენ გამოვდივართ ქალებისთვის, რომლებსაც არავითარი ხელმისაწვდომობა არ აქვთ თეატრზე, კინოზე, გამოფენებსა თუ კონცერტებზე; რომლებმაც სამუდამოდ დაივიწყეს, რომ სულსაც ისევე სჭირდება საზრდო, როგორც სხეულს. ქვეყანაში, სადაც კულტურის ხელშეწყობა დაყვანილია ახალი წლის კონცერტების დაფინანსებაზე, ხოლო ხელოვნების განვითარება აღქმულია, როგორც ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკებისთვის ვარსკვლავის გახსნა, აღარ რჩება იმედი, რომ პოლიტიკა ოდესმე დაინახავს და მოიცავს უბრალო ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დღეს, სხვა მრავალ უფლებასთან ერთად, ქალებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ნიჭი ან მინიმალური სიამოვნების მიღების ნება დართონ საკუთარ თავს. ქვეყანაში აღარ არსებობს მუნიციპალური კინოთეატრები, მათ ადგილას ან სასტუმრო შენდება, ან კაზინოებია მოწყობილი; რეგიონებში არ ფუნქციონირებს ლოკალური კულტურის ცენტრები და ყოველივე ამის ფონზე, ქალებს მხოლოდ ოცნებად გვრჩება,  TBC სტატუს კლიენტებისთვის ჩამოყვანილი რომელიმე მეგა ვარსკვლავის კონცერტზე რომ ოდესმე ჩვენც შეიძლება მოვხვდეთ.

მასმედია

დღეს მედია ადამიანს განიხილავს არა როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს, არამედ ცალსახად, როგორც ამომრჩეველს. საზოგადოება განიცდის საგანმანათლებლო ფოკუსის მქონე, მიუკერძოებელი და ობიექტური მასმედიის დეფიციტს. ფაქტია, რომ ისეთი მოთხოვნადი მედია საშუალება, როგორიც ტელევიზიაა, (ხოლო მასში გასაკუთრებით გამოვყოფდით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დაფინანსებულია ქვეყნის მოსახლეობის მიერ), მასთან ერთად კი რადიო და ჟურნალ-გაზეთები ორიენტირებულნი არიან ე.წ ‘’ყვითელი’’ ამბების, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების იმგვარად გაშუქებაზე, რომ შეუძლებელია, ადამიანმა შეძლოს მიღებული ინფორმაციის ობიექტურად აღქმა და გაანალიზება. ჩვენ მოგვეწოდება მზა, სუბიექტური, ე.წ ‘’შეფუთული’’ ინფორმაცია პოლიტიკოსების, ექსპერტების, ბიზნესმენების და სხვათა პირით და არსად ჩანს ამ მოვლენათა კრიტიკული ანალიზი, რაც, რეალურად, წარმოადგენს ჟურნალისტიკის უპირველეს მიზანს.

ჩვენ ვითხოვთ, მედიამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას დღევანდელ საქართველოში, სადაც საზოგადოება სტრესის ქვეშაა ქვეყანაში არსებული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო. მედია მთელი საზოგადოების, განსაკუთრები კი ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების აზრს უნდა გამოხატავდეს და აჟღერებდეს – არა მხოლოდ ქვეყნის ფართო მასებსა და სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მასმედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ჩართულნი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მედია მათთვის  წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ, დამაკავშირებელ  რგოლს საზოგადოებასა და გარესამყაროსთან და  იცავს მათ ინფორმაციული ვაკუუმისგან.

მარტოხელა დედა

მარტოხელა დედები განსაკუთრებით წვალობენ საქართველოში. ყველა მარტოხელა დედა ვერ იღებს სახელმწიფო შემწეობას, მათი მინიმალური დახმარება კი ტერიტორიულიშერჩევით ხდება,  რაც არსებობისთვისაც არასაკმარისია.

ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისათვის და ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან მათ მხარდაჭერასა და მათთვის უკეთესი პოლიტიკის შემუშავებას: დასაქმების ხელშეწყობას, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, არამხოლოდ ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდის ინტერვალებით; უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა დედების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ჩვენ ვითხოვთ დიდ ქალაქებში მუნიციპალური საცხოვრებლის პროგრამების შემუშავებას! მარტოხელა დედებისთვის უნდა შემუშავდეს გარკვეული საკანონმდებლო უზრუნველყოფანი, რომლის შესაბამისადაც მათთვის გარანტირებული იქნება სხვადასხვა პრივილეგიები: არაფიქსირებული სამუშაო გრაფიკი, დეკრეტული შვებულება (ხელფასის  და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით), მარტოხელობის სტატუსის გამო სამსახურში დაქირავებისას დისკრიმინაციისგან დაცვა, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, მათი შვილების ბაგა-გაღებით და უფასო მკურნალობით უზრუნველყოფა,ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და სხვა.

8 მარტს ჩვენ გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით, ჩვენ შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა.

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ