ანატოლი კალეცკი: საბაზრო ფუნდამენტალიზმის კრიზისი

Share on Facebook14Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Anatole_Kaletsky_in_2010გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდ.

წარმოგიდგენთ გამოცემა Social-Europe-ზე ცნობილი ეკონომისტის, ანატოლი კალეცკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

► ანატოლი კალეცკი ავტორია საკმაოდ ცნობილი წიგნისა Capitalism 4.0, The Birth of a New Economy, სადაც საუბრობს ახალი ეკონომიკური რეალობის შესახებ, რომელსაც სხვადასხვა იდეოლოგიური თუ ეკონომიკური აქტორები ქმნიან საერთაშორისო არენაზე. წიგნი საკმაოდ კრიტიკულად აანალიზებს გლობალური ეკონომიკის პოსტკრიზისეულ ტრანსფორმაციას.  მისი 1985 წელს გამოცემული წიგნი Costs of Default, მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ლათინური ამერიკისა და აზიური ქვეყნების მთავრობებისათვის ბანკებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებში.

ასევე, ანატოლი კალეცკი არის Gavekal Dragonomics–ის უფროსი ეკონომისტი და თანა-თავმჯდომარე, Institute for New Economic Thinking-ის ხელმძღვანელი. ის გახლდათ მესვეტე ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Times of London, International New York Times და Financial Times.

© European.ge

2016 წლის ყველაზე დიდი პოლიტიკური მოულოდნელობა იყო ის, რომ მიმდინარე მოვლენები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩემთვის კი არაფერი იყო მოულოდნელი: 2008 წლის კრიზისის შემდეგ, მალევე დავწერე წიგნი, სადაც გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეკონომიკურ კოლაფსს დაახლოებით 5 წელიწადში, მოყვებოდა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვა.

მოვლენათა განვითარების მსგავსი თანმიმდევრობა ადრეც გვინახავს. კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ 1848 წლის კომუნისტურ მანიფესტში აღწერილი გლობალიზაციის პირველ ნგრევას, შედეგად მოჰყვა კანონების რეფორმირება და მუშათა კლასისთვის მანამდე უპრეცენდენტო უფლებების მინიჭება. I მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანული იმპერიალიზმის დაცემის შედეგი იყო ახალი შეთანხმება (New Deal) და კეთილდღეობის სახელმწიფო. ხოლო 1968 წელს კეინსიანური ეკონომიკის დაცემამ გამოიწვია ტეტჩერ–რეიგანის რევოლუცია. ჩემს წიგნში, კაპიტალიზმი 4.0, ვაცხადებდი, რომ გლობალური კაპიტალიზმის მეოთხე სისტემურ ჩამოშლას, რაც გამოიხატა 2008 წლის კრიზისით, დიდი პოლიტიკური მღელვარება მოყვებოდა.

როდესაც კაპიტალიზმის კონკრეტული მოდელები კარგად მუშაობს, მატერიალური პროგრესი ამსუბუქებს პოლიტიკური ზეწოლის ტვირთს. მაგრამ, როდესაც ეკონომიკა კრახს განიცდის – და ჩამოშლა უბრალოდ გარდამავალი ფაზა კი არა, ღრმა წინააღმდეგობრივი სიმპტომია – კაპიტალიზმის სოციალურად დამანგრეველი ეფექტები პოლიტიკურად მომწავლელი ხდება.

ეს მოხდა 2008 წელს. როდესაც აღმოჩნდა რომ თავისუფალმა ვაჭრობამ, დერეგულაციამ და მონეტარიზმის კრახმა არა მხოლოდ დროებითი საბანკო კრიზისი, არამედ მუდმივი ქამრების შემოჭერისა და შემცირებული მოლოდინების პოლიტიკა გამოიწვია, კრიზისამდელი უთანასწორობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა და კულტურული დისლოკაციების ლეგიტიმაცია უკვე შეუძლებელი გახდა – ისევე როგორც 1950–იანი და 60–იანი წლების მაღალმა გადასახადებმა დაკარგა თავისი ლეგიტიმაცია 1970–იანი წლების სტაგფლაციის დროს.

თუ ჩვენ ვხდებით მსგავსი ტიპის ტრანსფორმაციის მოწმენი, მაშინ რეფორმატორების ის ნაწილი, რომლებიც ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ კონკრეტულ პრობლემებზე რომელიც ემიგრაციას, ვაჭრობას ან შემოსავლების უთანასწორობას უკავშირდება, დამარცხდებიან რადიკალურად განწყობილ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მთლიანად სისტემას უპირისპირდებიან. თუმცა, რაღაც კუთხით, რადიკალები მართლები არიან.

„კარგი“ სამუშაო ადგილების გაქრობა არ შეიძლება დაბრალდეს ემიგრაციას, ვაჭრობას ან ტექნოლოგიებს. თუმცა, როდესაც ეკონომიკური კონკურენციის ეს ვექტორები ზრდიან მთლიან ეროვნულ შემოსავალს, მისი (შემოსავლის) დისტრიბუცია ყოველთვის სოციალურად მისაღები გზებით არ ხდება. ამის გაკეთება მოითხოვს კარგად გააზრებულ, ფრთხილ პოლიტიკურ ჩარევებს, სულ მცირე ორ ფრონტზე.

პირველი, მაკროეკონომიკურმა მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოთხოვნა ყოველთვის ისე ძლიერ იზრდებოდეს როგორც ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის მიერ შექმნილი მიწოდების პოტენციალი. ეს არის კეინსიანიზმის ფუნდამენტური ხედვა, რომელიც დროებით უარყოფილ იქნა 1980–იანი წლების მონეტარიზმის ზენიტის პერიოდში. 90–იანებში ამ მიდგომამ კვლავ მოიპოვა პოპულარობა (სულ მცირე ამერიკასა და ბრიტანეთში), თუმცა მივიწყებულ იქნა 2009 წლის შემდეგ დეფიციტის პანიკის დროს.

კეინსიანური მოთხოვნის დაბრუნება შესაძლოა გახდეს მთავარი ეკონომიკური სარგებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რადგან ექსპანსიონალური ფისკალური პოლიტიკა ჩაანაცვლებს ნაკლებად ეფექტურ მონეტარულ სტიმულირებას. აშშ–მა შესაძლოა გააუქმოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და ინფლაციის კონტროლის მონეტარული დოგმები და აღადგინოს სრული დასაქმება, როგორც მოთხოვნის მენეჯმენტის ძირითადი პრიორიტეტი. ევროპისთვის, მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რევოლუცია ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა.

ამავე დროს, საჭიროა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ინტელექტუალური რევოლუცია სახელმწიფოს ინტერვენციით, სოციალური შედეგებისა და ეკონომიკური სტრუქტურის უზრუნველსაყოფად. საბაზრო ფუნდამენტალიზმი მალავს ღრმა ურთიერთწინააღმდეგობებს. თავისუფალი ვაჭრობა, ტექნოლოგიური პროგრესი და სხვა ძალები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ „ეფექტურობას“, წარმოდგენილია როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო, მაშინაც კი როცა ისინი ზიანს აყენებს ინდივიდუალურ მუშებსა თუ ბიზნესებს, რადგან ეროვნული შემოსავლების ზრდით მოგებულები აკომპენსირებენ წაგებულებს და ამით უზრუნველყოფენ, რომ არავინ დარჩეს წაგებული.

ეს ე.წ. პარეტოს პრინციპი ოპტიმალურად უსვამს ხაზს თავისუფალი ბაზრი ეკონომიკის მორალურ პრინციპებს. პოლიტიკების (policies) ლიბერალიზაცია გამართლებულია თეორიაში იმ დაშვებით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოგებას მდიდრებიდან ღარიბებზე სოციალურად მისაღები გზებით გადაანაწილებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებენ?

ფინანსების და ვაჭრობის დერეგულირებით, კონკურენციის მომძლავრებით და პროფესიული კავშირების შესუსტებით, მთავრობამ შექმნა ისეთი თეორიული გარემო, რომელიც მდიდრებიდან ღარიბებისკენ დოვლათის რედისტრიბუციის საჭიროებას ქმნიდა. მაგრამ, საბაზრო ფუნდამენტალიზმის ადვოკატებმა არა მხოლოდ დაივიწყეს რედისტრიბუცია, არამედ აკრძალეს ის..

ეს ყოველივე კი მოხდა იმ საბაბით, რომ გადასახადები, კეთილდღეობის გადასახადები და სხვა სამთავრობო ინტერვენციები აქვეითებენ მოტივაციას, კლავენ კონკურენციას და ამცირებენ ეკონომიკურ ზრდას მთლიანად საზოგადოებისთვის. მაგრამ, როგორც მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა: „[…] არ არსებობს ცნება საზოგადოება. არსებობენ ინდივიდუალური კაცები და ქალები და ოჯახები“. კონკურენციის სოციალურ სარგებელზე ფოკუსირებისას და საზოგადოების გარკვეული წევრების იგნორირებით, საბაზრო ფუნდამენტალისტებმა საკუთარი იდეოლოგიის საფუძველშივე არაფრად ჩააგდეს ინდივიდუალიზმის პრინციპები.

მიმდინარე წლების პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, სოციალურ სარგებელსა და ინდივიდუალურ დანაკარგებს შორის არსებული ფატალური წინააღმდეგობები, არ შეიძლება იქნას უგულვებელყოფილი. თუ ვაჭრობა, კონკურენცია და ტექნოლოგიური პროგრესი  კაპიტალიზმის მომდევნო ფაზის გამაძლიერებელი ფაქტორებია, მაშინ საჭირო გახდება მათი დაკავშირება სამთავრობო ჩარევის პოლიტიკებთან რათა შესაძლებელი გახდეს სიმდიდრის ისეთი გზებით გადანაწილება, რაც ტაბუირებული იყო ტეტჩერისა და რეიგანის მიერ.

ტაბუების დანგრევა არ გულისხმობს აუცილებლად 70–იანი წლების მაღალი გადასახადების, ინფლაციის და კულტურული დამოკიდებულებების პერიოდში დაბრუნებას. ისევე როგორც შესაძლებელია ფისკალური და მონეტარულ პოლიტიკების იმგვარი დაკალიბრება რომ შეამცირდეს უმუშევრობა და ინფლაცია, ასევეა შესაძლებელი ისეთი ტიპის რედისტრიბუციის მოდელის შექმნა, რომელიც შეძლებს არა კეთილდღეობაში გადასახადების გადატანას, არამედ ტექნოლოგიური ცვლილებებისა და გლობალიზაციით დაზარალებული მუშებისა და საზოგადოებისთვის პირდაპირ დახმარებას.

ნაცვლად ფულის პირდაპირ დარიგებისა, რაც მოსახლეობას გრძელვადიანი უმუშევრობისკენ უბიძგებს, მთავრობებს შეუძლიათ სარგებლის რედისტრიბუცია დასაქმების, რეგიონული და ინდუსტრიული სუბსიდიების ხელშეწყობით, ასევე მინიმალური ხელფასის დაწესებით. ასეთი ტიპის ყველაზე ეფექტურ ინტერვენციებს, რომლებიც გვხდება გერმანიასა და სკანდინავიაში, წარმოადგენს ინვესტიციები ხარისხიან პროფესიული განათლებაში და უნივერსიტეტს გარეთ არსებულ გადამზადებებში, ასევე არა-აკადემიური გზით საშუალო ფენის საცხოვრებელი სტანდარების შექმნაში.

შესაძლოა ეს ყველაფერი უტყუარ ფორმულას გავს, მაგრამ მთავრობები ძირითადად მაინც საპირისპირო ნაბიჯებს დგამენ. მათ საგადასახადო სისტემა გახადეს ნაკლებად პროგრესული, შეამცირეს ხარჯვები განათლებაზე, ინდუსტრიულ პოლიტიკებსა და რეგიონულ სუბსიდიებზე, ამის ნაცვლად კი ფული ჩადეს ჯანდაცვაში, პენსიებსა და ფულად დახმარებებში, რაც უბიძგებს უმუშევრობისა და პენსიაზე ადრეულ ასაკში გასვლისკენ. რედისტრიბუცია არასდროს შეხებია შედარებით ახალგაზრდა დაბალანაზღაურებად მშრომელებს, რომელთა სამუშაო ადგილები და ხელფასები მუდმივად საფრთხეს ქვეშ დგას ემიგრაციის და ვაჭრობის გამო. სამაგიეროდ რედისტრიბუცია ყოველთვის იყო ფინანსური ელიტების სასარგებლოდ, რომელთაც გლობალიზაციით ყველაზე მეტად იხეირეს, ასევე პენსიონერებისთვისაც, რომელთაც გარანტირებული პენსია იცავს ეკონომიკური სირთულეებისგან.

მიმდინარე წლების პოლიტიკური მღელვარება ძირითად უფროსი ასაკის ამომრჩეველმა გამოიწვია, მაშინ როდესაც ახალგაზრდები სტატუს კვოს შენარჩუნებას ემხრობოდნენ. ეს პარადოქსი აჩვენებს, რომ პოსტ–კრიზისული დაბნეულობა და იმედგაცრუება ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ახალი ეკონომიკური მოდელის ძებნა, რასაც მე „კაპიტალიზმი 4.1“– ვუწოდე, ნამდვილად დაიწყო – უკეთესისთვის ან უარესისთვის.


ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

Share on Facebook14Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.