ანატოლი კალეცკი: “მაკრონეკონომიკური“ რევოლუცია?

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Anatole_Kaletsky

► ავტორი: ანატოლი კალეცკი – Gavekal Dragonomics-ის წამყვანი ეკონომისტი და თანათავმჯდომარე, ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის თავმჯდომარე. ბრიტანული Times-ის, New York Times-ის და Financial Times-ის ყოფილი ავტორი. ორჯერ მიიღო ბრიტანული გამომცემლობების ასოციაციის პრიზი “წლის ავტორის” ნომინაციაში; ასევე, მიღებული აქვს BBC -სა და უინკოტის პრიზები. კალეცკის ეკუთვნის წიგნი, სახელად „კაპიტალიზმი 4.0“: „ახალი ეკონომიკის დაბადება“ – რომელშიც პროგნოზირებდა გლობალურ ეკონომიკაში მომხდარ არაერთ პოსტ–კრიზისულ ტრანსფორმაციას.

► თარგმნა გუგა დუდუჩავამ 

► სტატია პირველად გამოქვეყნდა  Project Syndicat-ზე;  2017 წლის ივლისში.

► სტატია თარგმნილია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში.

© European.ge

მომდევნო თვეში, 10 წელი შესრულდება გლობალური ფინანსური კრიზისიდან, რომელიც 2007 წლის 9 აგვისტოს დაიწყო, როცა პარიზის ეროვნულმა ბანკმა მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულების გაუფასურება გამოაცხადა – რაც ყველაზე მყარ ამერიკულ ობლიგაციებს მოიცავდა. ამ საბედისწერო დღიდან, განვითარებული კაპიტალისტური სამყარო ეკონომიკური სტაგნაციის ყველაზე გრძელ პერიოდს გადის 1929 წლის უოლ სტრიტის კრიზისის შემდეგ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებით დასრულდა.

რამდენიმე კვირის წინ, ექს-ან-პროვანსში გამართულ კონფერენციაზე (Rencontres Économiques) დამისვეს კითხვა იმის შესახებ, იყო თუ არა შესაძლებელი, როგორმე თავიდან აგვეცილებინა ეკონომიკური წარუმატებლობის „დაკარგული დეკადა“, რომელიც კრიზისს მოჰყვა. სესიაზე, რომელსაც ერქვა „ამოვწურეთ თუ არა ეკონომიკური პოლიტიკები?“ –  ჩემმა თანამომხსენებლებმა დამარწმუნეს იმაში, რომ ეს შესაძლებელი არ იყო. მათ წარმოადგინეს არაერთი მაგალითი სხვადასხვა პოლიტიკებისა, რომელთაც შეეძლოთ გაეუმჯობესებინათ წარმოების ზრდა, დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და შემოსავლების გადანაწილება.

ამან საშუალება მომცა,  დამესვა კითხვა, რომელიც ბევრად საინტერესოდ მიმაჩნია: ამდენი სასარგებლო, განხორციელებადი იდეის არსებობის პირობებში, რატომ დაინერგა ასე ცოტა პოლიტიკა, რომელსაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და კრიზისის შედეგად დაგროვილი საზოგადოებრივი უკმაყოფილების შემცირება შეეძლო?

პირველი დაბრკოლება საბაზრო ფუნდამენტალიზმის იდეოლოგია იყო. ადრეული 80-იანი წლებიდან, პოლიტიკებზე დომინირებდა დოგმა, რომ  „ბაზარი“ ყოველთვის მართალია, მთავრობის ინტერვენცია ეკონომიკაში კი  – თითქმის ყოველთვის მცდარი. ეს დოქტრინა გაამყარა მონეტარულმა კონტრრევოლუციამ კეინზიანური  ეკონომიკის წინააღმდეგ, რაც 70-იანი წლების ინფლაციურმა კრიზისმა წარმოშვა. ამან შთააგონა რეიგან-ტეტჩერის პოლიტიკური რევოლუცია, რომელმაც, თავის მხრივ, 1982 წლიდან,  ბიძგი მისცა 25 წლიან ეკონომიკურ ბუმს.

თუმცა, საბაზრო ფუნდამენტალიზმმა ასევე წარმოქმნა მცდარი, სახიფათო ინტელექტუალური წარმოდგენები იმის შესახებ, რომ  ფინანსური ბაზრები ყოველთვის რაციონალურად და ეფექტიანად ფუნქციონირებს, რომ ცენტრალური ბანკების ერთადერთი სამიზნე ინფლაციის თარგეთირებაა და არა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა თუ უმუშევრობასთან ბრძოლა; რომ ფისკალური პოლიტიკის ერთადერთი ლეგიტიმური ფუნქცია ბიუჯეტის ბალანსირებაა და არა ეკონომიკური ზრდის სტაბილიზება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდარმა წარმოდგენებმა ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია, 2007 წლის შემდეგ, საბაზრო ფუნდამენტალისტური პოლიტიკა მაინც გადარჩა, რაც  კრიზისის საპასუხოდ ადეკვატური პოლიტიკების შემუშავებას უშლის ხელს.

ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. საბაზრო ფუნდამენტალიზმი მხოლოდ ინტელექტუალური მოდა როდია. 70-იან წლებში ეკონომიკურ აზროვნებაში მომხდარი რევოლუცია ძალაუფლებრივმა პოლიტიკურმა ინტერესებმა განაპირობა. ვარაუდის დონეზე გამოთქმულმა მტკიცებულებებმა, რომელთა მიხედვითაც მთავრობის ეკონომიკური ინტერვენცია თითქმის ყოველთვის კონტრპროდუქტულია, ლეგიტიმაცია მისცა სიმდიდრის გადანაწილების უზარმაზარ ცვლილებას :  ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთაგან  – ფინანსური კაპიტალის მფლობელებისა და მენეჯერების სასარგებლოდ. შეიცვალა ძალაუფლების ცენტრიც – ორგანიზებული შრომიდან ბიზნეს-ინტერესებისაკენ. პოლონელი ეკონომისტი მიხალ კალეცკი, კეინსიანური ეკონომიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი (და ჩემი შორეული ნათესავი), ჯერ კიდევ 1943 წელს, შესაშური აკურატულობით წინასწარმეტყველებდა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ იდეოლოგიურ შემობრუნებას:

„ვარაუდი, რომ მთავრობას შეუძლია სრული დასაქმების უზრუნველყოფა კაპიტალისტურ ეკონომიკაში, თუკი მას ეცოდინება, როგორ გააკეთოს ეს, მცდარია. პერმანენტულად განგრძობითი სრული დასაქმების რეჟიმში, სამსახურიდან დათხოვნის პრაქტიკა ვეღარ შეასრულებს დისციპლინური მექანიზმის როლს, რომელიც წინ უძღვის  მთავრობების მიერ ინიცირებულ წინასაარჩევნო ბუმებს. დასაქმებულთა კონტროლი რთული გახდება,  წარმოების მფლობელები შეშფოთდებიან და მათთვის გაკვეთილის სწავლებას მოინდომებენ. დიდ ბიზნესსა და “რენტიე” ინტერესებს შორის, მოსალოდნელია მძლავრი ბლოკის ჩამოყალიბება – ისინი აუცილებლად მოძებნიან არაერთ ეკონომისტს, რომელიც გამოაცხადებს, რომ სიტუაცია აშკარად არაჯანსაღია.“.

ეკონომისტი, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო პოლიტიკები, რომელთა მიზანი სრული დასაქმების მიღწევაა, „აშკარად არაჯანსაღია“, იყო მილტონ ფრიდმანი. საბაზრო–ფუნდამენტალისტური რევოლუცია, რომელსაც ის ეხმარებოდა –  კეინსიანური ეკონომიკის წინააღმდეგ, 30 წლის მანძილზე გაგრძელდა. თუმცა, კეინსიანიზმის დისკრედიტაციის მსგავსად, რომელიც 70-იანი წლების ინფლაციური კრიზისის გამო მოხდა, საბაზრო ფუნდამენტალიზმმაც ვერ გაუძლო მის შინაგან წინააღმდეგობებს 2007 წლის დეფლაციური კრიზისის დროს.

საბაზრო ფუნდამენტალიზმის სპეციფიკური წინააღმდეგობრიობა გასაგებს ხდის შემოსავლების სტაგნაციასა და პოპულისტური სენტიმენტების ზრდას. ეკონომისტებს სჯერათ,  რომ  პოლიტიკები, რომლებიც ზრდის ეროვნულ შემოსავალს, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა და დერეგულაცია, სოციალურად ყოველთვის მომგებიანია, მიუხედავად იმისა, თუ როგორაა გადანაწილებული ეს მაღალი შემოსავლები. ეს რწმენა დამყარებულია პრინციპზე, რომელსაც „პარეტოს ოპტიმალურობა“ ჰქვია და პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც იღებენ მაღალ შემოსავალს, ყოველთვის შეუძლიათ წაგებულებს კომპენსაცია გაუწიონ. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც  ზრდის ჯამურ შემოსავალს, კარგია საზოგადოებისთვის, რადგან მას შეუძლია ზოგიერთი ადამიანი გაამდიდროს, ამასთან ერტად კი  არავის ტოვებს უარეს მდგომარეობაში.

მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომისტების მიერ თეორიულად ნავარაუდები კომპენსირება პრაქტიკაში არ ხორციელდება? რა ხდება მაშინ, როცა საბაზრო–ფუნდამენტალისტური პოლიტიკები პირდაპირ კრძალავს შემოსავლების გადანაწილებას ან რეგიონული, ინდუსტრიული თუ განათლების მიმართულებით სუბსიდიების განხორციელებას, რომლებსაც შეუძლიათ კომპენსირება გაუწიონ მათ, ვინც დაზარალდა თავისუფალი ვაჭრობისა და შრომის ბაზრის „მოქნილობის“ შედეგად? ამ შემთხვევაში პარეტოს ოპტიმალურობის პრინციპი საერთოდ აღარ არის სოციალურად ოპტიმალური.  ნაცვლად ამისა, პოლიტიკები, რომლებიც კონკურენციას აძლიერებენ, იქნება ეს ვაჭრობა, შრომის ბაზრები თუ შიდა წარმოება, შესაძლოა სოციალურად დესტრუქციული და პოლიტიკურად ფეთქებადი გამოდგეს.

ყოველივე ეს გამოკვეთს კიდევ ერთ მიზეზს 2007 წლის შემდეგ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკების მარცხისა. მთავრობის ჩაურევლობის დომინანტური იდეოლოგია ბუნებრივად აძლიერებს წინააღმდეგობას გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად დამარცხებულების რიგებში აღმოჩენილთა შორის და ქმნის გადაულახავ პრობლემებს თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმებისთვის. წარმატებისათვის საჭიროა, რომ მონეტარული, ფისკალური და სტრუქტურული პოლიტიკები ერთდროულად დაინერგოს, ლოგიკური და ერთმანეთის გამაძლიერებელი წესრიგით. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზრო ფუნდამენტალიზმი ბლოკავს ექსპანსიონისტურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკებს და თავიდან იცილებს რედისტრიბუციულ საგადასახადო პოლიტიკებსა და სახელმწიფო დანახარჯებს, პოპულისტური წინააღმდეგობა ვაჭრობის, შრომის ბაზრის დერეგულაციისა და საპენსიო სისტემების რეფორმების მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, თუ პოპულისტური ოპოზიცია სტრუქტურულ რეფორმებს შეუძლებელს გახდის, ეს წაახალისებს კონსერვატორულ წინააღმდეგობრიობას ექსპანსიონისტური მაკროეკონომიკის მიმართ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთის მხრივ, სრული დასაქმებისა და გადანაწილების მომცველი პროგრესული ეკონომიკა, მეორეს მხრივ კი – თავისუფალი ვაჭრობისა და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციის მომხრე კონსერვატული ეკონომიკა გაერთიანდება. ორივე, მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკების გამოყენების გამართლება პოლიტიკურად უფრო მარტივი იქნება და მისი წარმატებაც, მეტად მოსალოდნელია.

შესაძლებელია, დაახლოებით მსგავსი რამ ევროპაში მოხდეს? საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  საკუთარი საარჩევნო კამპანია “მემარჯვენე” შრომითი რეფორმებისა და “მემარცხენე” ფისკალურ-მონეტარული მოცემულობების გამარტივების სინთეზზე დააფუძნა – და მის იდეებს მხარს უჭერს გერმანიაც და ევროკავშირის “პოლის-მეიქერებიც”. თუ „მაკრონეკონომიკა“, რომელიც წარმოადგენს კონსერვატორული სტრუქტურული პოლიტიკების გაერთიანების მცდელობს პროგრესულ მაკროეკონომიკასთან, წარმატებული იქნება საბაზრო ფუნდამენტალიზმის ჩანაცვლების საქმეში, რომელმაც მარცხი 2007 წელს განიცადა, ეკონომიკური სტაგნაციის დაკარგული დეკადა შესაძლოა მალე დამთავრდეს, ყოველ შემთხვევაში ევროპაში მაინც.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსა და თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.