სამოქმედო გეგმა

გუშინ გამოიკვეთა სააკაშვილის გუნდის მოქმედების სტრატეგია. ისინი გეგმავენ ლეგიტიმური ოპოზიციის სტატუსის მოპოვებას ქართული ოცნების გამარჯვების აღიარების სანაცვლოდ. ფასადურად გათამაშდება “ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა”, რომელსაც მოითხოვს დასავლეთი, მაგრამ ფაქტობრივად მაქსიმალურად განხორციელდება დარჩენილ მომხრეთა კონსოლიდაცია და გამარჯვებული ძალის საბოტაჟი. გათვლა კეთდება იმაზე, რომ ამგვარი საბოტაჟის პირობებში მცირე უმრავლესობით გამარჯვებული ქართული ოცნება ვერ მოახერხებს თავისი გეგმების სწარაფად და ეფექტურად განხორციელებას და დაკარგავს საზოგადოების მხარდაჭერას. ნაციონალური მოძრაობა, თავის მხრივ, მოიხსნის ყოველგვარ პასუხისგმებლობას, როგორც ეს კეთდებოდა შევარდნაძის დროს, და მისდამი ლოიალური სატელევიზიო არხების გამოყენებით ეფექტურად მიმართავს საზოგადოებრივ აზრს ახალი პარლამენტის წინააღმდეგ. ვინაიდან ძალოვანი სტრუქტურები უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება, ისინიც, თავის მხრივ, შესაძლოა პარლამენტთან ოპოზიციაში არმოჩდნენ.

ქართულ ოცნებას აქვს ბევრი არგუმენტი იმის სასარგებლოდ რომ აყვეს ამ თამაშს და აღიაროს ნაციონალური მოძრაობა ლეგიტიმურ ოპოზიციად, რომელსაც შესაბამისი საკონსტიტუციო უფლებები გააჩნია. მართლაც, კონფრონტაციის შემთხვევაში სააკაშვილს გააჩნია ფორმალური ძალაუფლების საკმარისი ბერკეტები პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებისთვის. მას შეუძლია დაბლოკოს ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც პარლამენტი განახორციელებს და მის ხელშია ჯერჯერობით ის ბერკეტები, რომლებითაც შესაძლებელია რუსეთთან ახალი კონფლიქტების პროვოცირება. სააკაშვილს, ბოლოსდაბოლოს, შეუძლია, სანამ მისი საპრეზიდენტო ვადა არაა გასული, ახალ საპარალმენტო არჩევნებამდეც კი მიიყვანოს საქმე. ქართულ ოცნებას, თავის მხრივ, აქვს შესასრულებელი დაპირებები, რომლებიც მან საზოგადოებას მისცა, და, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, არა აქვს ბევრი დრო დასაკარგი.

ამ ფონზე ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი ორ სტრატეგიას შორის: კოპრომისი თუ დაპირისპირება.

კომპრომისის შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ მთელი ენერგია უნდა მიმართოს მმართველობის განხორციელებაზე საზოგადოების სასიკეთოდ, და “მიუშვას” ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები, დატოვოს ისინი საზოგადოების სამსჯავროზე. კომპრომისის უპირატესობა მდგომარეობს მეტ სტაბილურობაში, სისტემის ეტაპობრივ ტრანსფორმაციაში, დასავლეთ პარტინიორებთან ურთიერთობების სიადვილეში, სახელმწიფოს დაცვაში “ჩამოშლის” საშიშროებისგან.

დაპირისპირების შემთხვევაში ქართული ოცნება წინა რეჟიმს უნდა მოეკიდოს როგორც დანაშაულებრივ დიქტატურას და პირველ რიგში დაიწყოს გამოძიებებითა და დანაშაულების დასჯით. ამ გზაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტით დაწყებული და სამაუწყებლო ლიცენზიების ჩამორთმევით დამთავრებული, მას შეუძლია მოსპოს ის რესურსები, რომლებსაც დღეს ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა ფლობს, რათა შემდგომში დაუბრკოლებლად განახორციელოს კონსტიტუციური რეფორმა და მიხედოს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. დაპირისპირებას ახლავს უპირატესობა – საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, და საშიშროებაც – კუთხეში მიმწყვდეული სააკაშვილის გუნდის მხრიდან ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა.

 როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ ორ სტრატეგიას შორის მანევრირება ელის, სანამ ის ძალაუფლებას თავის ხელში საბოლოოდ აიღებს. არც ერთი, და არც მეორე გზა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი და მოჭრილი.

მაგრამ ამასთან ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც სისტემური ცვლილების განხორციელებისთვისაა აუცილებელი. ეს ცვლილებები უფრო ჯდება მეორე სტრატეგიის ფარგლებში, თუმცა ტოვებენ პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობას.

ქართულმა ოცნებამ უნდა შეიქმნას, ჯერჯერობით არაფორმალურად, საგამოძიებო კომისია. ეს კომისია უნდა იყოს არაპარტიული, კვალიფიციური, მრავალრიცხოვანი და სანდო. ქართული ოცნების ძალაუფლების ფორმალიზების შემდეგ ამ კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ ფორმალური უფლებამოსილებები  – რა იქნება ეს უფლებამოსილებები გაირკვევა გზადაგზა – და განახორციელებენ წინა რეჟიმის “კონტროლის პალატის” ფუნქციას. კომისიამ უნდა მოამზადოს ნიადაგი იმისათვის, რომ ყველა სადაო და პოტენციურად დანაშაულებრივ ქმედებას, რასაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, დაესვას წერტილი. უნდა ჩატარდეს ფინანსების რევიზია, დოკუმენტაციის შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა, მონაცემთა ანალიზი და ბევრი სხვა, რითაც ვერც პარლამენტი დაკავდება, და ვერც არსებულ ფორმალურ სტრუქტურებს ვერ ვანდობთ, რადგანაც ეს მათთვის ინტერესთა კონფლიქტთან იქნება დაკავშირებული.

 საგამოძიებო კომისია უნდა დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კონტროლს და იმოქმედოს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რათა გამოირიცხოს ძალაუფლების გადამეტება და არ გაჩნდეს შურისძიების მცდელობის ეჭვი.

მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას ამ ინიციატივის განხილვისკენ და ასევე მოვუწოდებ ყველას – მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სისტემის გარდაქმნაში, რაც ჩვენი, როგორც აქტიური მოქალაქეების უფლებაც არის და მოვალეობაც.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ