რატომ ვერ ერევა თავისუფალი მედია ხელისუფლებას

ფოტოგრაფების საქმის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა გამოაჩინა ქართული მედიის უმთავრესი პრობლემები, რომელთა არსებობა გამორიცხავს შესაძლებლობას _  ჟურნალისტებმა მოუგონ ხელისუგლებას ან მის ცალკეულ დანაყოფებს, მათ შორის შსს-ს, რომელმაც ფოტოგრაფების სკანდალის გამო ჩატარებულ შეხვედრაზე მინისტრსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, მოახერხა არათუ პოზიციების შენარჩუნება, არგუმენტების გამყარებაც კი. ეს კი  საბოლოოდ ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ თავისუფალმა ქართულმა მედიამ მოახერხოს ჯაშუშობაში დადანაშაულებული კოლეგების დახმარება.

ქართული თავისუფალი მედიის სისუსტეს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია მმართველი რეჟიმის ნება, უფრო სწორად კი ნების არ არსებობა _ ქვეყანაში არსებობდეს რელური მეოთხე ხელისუფლება, როგორც ძალა, რომელიც დაეხმარება სახელმწიფოს სამართლიანი, დემოკრატიული და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში.

ნების არ არსებობა აიხსნება რეჟიმის შიშით. პოლიტიკური ჯგუფი, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა რევოლუციამდელი მედიის თავისუფლებამ და გავლენამ, არაა დაინტერესებული იმავე დონის ძლიერ მედიაში, რადგან განუზომლად იზრდება იმის ალბათობა, რომ მედიის ძალაუფლება ძირს გამოუთხრის ამ რეჟიმს. ამიტომაა, რომ განსხვავებით შევარდნაძის ეპოქისგან, სააკაშვილის ეპოქაში თავისუფალი მედიის მიერ გამომზეურებული კრიმინალის ან დარღვევების ფაქტები რჩება ხელისუფლების რეაგირების გარეშე, რაც სათავეშივე კლავს მედიის ეფექტურობას. უამრავი ინფორმაცია რჩება დაუმოწმებელი იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების სამივე  შტო ფაქტიურად დახურულია მედიისთვის. გარდა ზოგადი და არაფრისმომცემი ინფორმაციისა, ყველა სხვა მონაცემი, რომელიც უშუალოდ ეხება საზოგადოების უსაფრთხოებას, მის გადასახადებს, სოციალურ თუ ადგილობრივ პოლიტიკებს, მკაცრად იზოლირებულია გრიფით“ სახელმწიფო საიდუმლოება“ ან „სამეწარმეო საიდუმლოება“. დამახინჯებული და სახელისუფლებო პროპაგანდის ფარგლებშია ჩასმული სახელმწიფოს სტატისტიკა, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის რეალური სურათის დანახვას. ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა _ დღევანდელ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დაბალი დონე. საუბარია არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროებში გარკვეული ჟურნალისტების დეფიციტზე, არამედ საერთოდ მიმდინარე მოვლენებში ჩახედულ მედია მუშაკებზე. ხშირად ისეთი ზედაპირული და ერთის მხრივ მარტივი თემატიკაც კი როგორიცაა არსებული პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური სერიალები, ჟურნალისტების სოლიდური ნაწილი გაურკვეველია. მათი ნაწილი მთელ სიუჟეტს ან წერილს ამზადებს მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმით "თქვენი კომენტარი", "რა აზრისა ხართ…", "რას უპასუხებდით". ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტულ აქციაზე ან ღონისძიებაზე გასული ჟურნალისტიები სიუჟეტს აკეთებენ ისე, რომ არ ელოდებიან თავად აქციის დაწყებას, წერენ აქციის ორგანიზატორს და მხოლოდ ამის შემდეგ კითხულობენ _ "თქვენი სახელი და ანამდებობა?" მოკლედ თავისუფალი მედიის სისუსტის მეორე დიდი მიზეზი არის ჟურნალისტთა დიდი ნაწილის არაინფორმირებულობა და ამავდროულად რედაქტორების დაუინტერესებლობა ამ პრობლემების აღმოფხვრაში. 

ეს კომპლექსური პრობლემები კი აფერხებს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული მედიის განვითარებას. ძირითადი წყაროები, საიდანაც იკვებება ქართული თავისუფალი მედია, არის ან სახელისუფლებო პროპაგანდის ნაყოფი, რომელიც აქტიურად მიეწოდება ხალხს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიიდან, ან საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მონაცემები. რეალურად, ქართულ თავისუფალ მედიას არ აქვს შესაძლებლობა იმუშაოს იმ სფეროებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აქტუალურია საზოგადოებისთვის.

ამ აკრძალვის საკომპენსაციოდ თავისუფალ მედიას ხელისუფლებამ შესთავაზა პოლიტიკის თემა, უფრო სწორად ის პოლიტიკა, რომლის შენარჩუნებაც ხელისუფლების ხელშია და რომელიც პერსონაჟების გარდა თითქმის არაფრით განსხვავდება ლათინოამერიკული სერიალებისგან.

 არსებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების 80% არ გამოხატავს მოსახლეობის ამათუ იმ ფენების ინტერესებს და წარმოადგენს პოლიტიკური ამბიციების მქონე 5-10 კაციან ჯგუფებს, რომელთა არსენალში მხოლოდ პოპულისტური რიტორიკაა.

ამგვარი პოლიტიკური ჯგუფების გაშუქება არის ქართული თავისუფალი მედიის ძირითადი თემატიკა და მედიაც ვერ ხედავს სხვა გამოსავალს გარდა ფსევდოპარტიების ფსევდოაქტიურობის გაშუქებისა, რაც საბოლოოდ ქმნის საზოგადოებაში იმის ილუზიას, რომ ქვეყანაში არის ის პოლიტიკები, რომლებიც ჩანს ეკრანზე, სადაც სააკაშვილის რეჟიმი არის ორგანიზებული და მონოლითური, ხოლო ოპოზიცია დაქსაქსული, უვიცი და არასანდო.

მედიის ბევრი წარმომადგენელი ღიად ამბობს უარს გააშუქოს საზოგადოებისთვის მართლაც პრობლემატური საკითხები, აცხადებს რა რომ მათი პრიორიტეტი სხვაა(ანუ გასაცოდავებული თუმცა ნაცნობი ოპოზიციის ურთიერთობათა სერიალები) და თავს იმით იმართლებს, რომ საზოგადოებას სწორედ პოლიტიკური სერიალები ანტერესებს, რომლებში მონაწილეობენ ძველი და ნაცნობი სახეები.

ამის პარალელურად ეს ძველი ოპოზიციური პარტიები ცდილობენ არა ქვეყნის მომავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელის შექმნას, არამედ ახალ ახალი პროვოკაციული აქციების ან ფრთოსანი ფრაზების მოგონებას, რათა მოიტყუონ მედია და საზოგადოების გართობით თავი დაამახსოვრონ მას მომავალი არჩევნებისთვის. ფაქტიურად, დღევანდელი ოპოზიციის მთელი პოლიტიკა კეთდება არა ხალხისთვის, არამედ მედიისთვის და შედეგად ვიღებთ დახურულ წრეს. ხელისუფლებას აწყობს, რომ საზოგადოებამ მუდამ შეადაროს ის მასზე უარეს და სუსტ ოპოზიციასთან, რაშიც იყენებს არა მარტო საკუთარ, კონტროლირებად მედიას, არამედ თავისუფალსაც, რომელიც ვერ ხედავს სხვა გზას _ გარდა ჩაყოლისა. შედეგად კი თავისუფალი მედია თავისადაუნებლიედ ერთის მხრივ ეხმარება ხელისუფლებას, მეორეს მხრივ სიცოცხლეს უნარჩუნებს საზოგადოების განვითარების ბალასტად ქცეულ გამხმარ ოპოზიციურ პარტიებს და მესამეს მხრივ ამუხრუჭებს და ამახინჯებს საზოგადოების შეხედულებებს პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე და ცხოვრებაზე. მოკლედ, ამგვარი წრით ხელისუფლება ძლიერდება, ოპოზიციურ ფლანგს არ თმობს რეგრესული ოპოზიცია, ხოლო საზოგადოება არ ვითარდება. შესაბამისად საზოგადოება ინარჩუნებს ინტერესს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ ინტერესებზე, ამ ინტერესს აკმაყოფილებს მედია, რისთვისაც სერიალში მონაწილე პოლიტიკური პარტიები იგონებენ მეტ სისულელეს, თუმცა ინარჩუნებენ ოპოზიციურ ფლანგს, რადგან მედია მათზეა დამოკიდებული და ეს ყველაფერი საბოლოოდ  შედის ხელისუფლების ინტერესში. ხელისუფლების სიძლიერე კი ნიშნავს სტატუს ქვოს შენარჩუნებას თავისუფალი მედიის მდგომარეობაში. რამდენ ხანსაც გაგრძელდება ხელისუფლების ამგვარი ტაქტიკა, იმდენი ხანი გაგრძელდება თავისუფალი მედიის ყოფნა ხელისუფლების უსუსურ მძევლად.

არსებული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს არერთი  ჟურნალისტი. ჯერჯერობით, შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის დომინირებს თავისუფალ ჟურნალისტთა ძლიერი და სოლიდარული ჯგუფების შექმნის, ან მედია პროფკავშირების ჩამოყალიბების, ან მედია ომბუდსმენების იდეები. იქმნება უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ვითარება არ იცვლება.

ჟურნალისტთა გაერთიანებების შექმნა შესაძლოა ცუდი არაა, მაგრამ სერიოზული ცვლილებებისთვის არაეფექტურია. არსებულმა პოლიტიკურმა რეჟიმმა მოახერხა და დაყო მედია ორ ნაწილად _ სახელისუფლო საშუალებებში მოღვაწე ჟურნალისტებად და "ოპოზიციონერ" ჟურნალისტებად. სახელისუფლო ჟურნალისტები ფლობენ პრივილეგიებს, თუმცა საზოგადოებისთვის მათ ვერ და არ იყენებენ, რადგან ექვემდებარებიან სახელისუფლო პროპაგანდის კანონებს, რაც გამორიცხავს მათ ჩართულობას ისეთ გაერთიანებებში, რომლებშიც იქნებიან „ოპოზიციონერი“ ჟურნალისტები. „ოპოზიციონერ ჟურნალისტად“ ან მედია საშუალებად ხელისუფლება მიიჩნევს ყველას, ვინც არ არის ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი. ასევე, იმის გამო, რომ თავისუფალი მედიის ძირითადი სარბიელი დღევანდელი ოპოზიციური სერიალებია. აშუქებ ოპოზიციას? ოპოზიციონერი ხარ. ოპოზიციონერი ხარ? მტერი ხარ!

ეს თავისუფალი(ხელისუფლების ენაზე „ოპოზიციური“) მედიაც დაყოფილი და დაქსაქსულია, რადგან არსებობენ ე.წ. რადიკალები, რომლებიც ხედავენ მათი და ქვეყნის პრობლემების აღმოფხვრის გზას მხოლოდ არსებული რეჟიმის წასვლაში. არსებობენ ასევე ზომიერ პოზიციაზე მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც „კარგსაც ხედავენ და ცუდსაც“ და უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ არსებული რეჟიმი გადემოკრატიულდება. ასევე არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც თანმაშობენ ორივე ფრონტზე _ ხან ოპოზიციონერები არიან ხალ პოზიციონერები. ფაქტიურად მედია გავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იგივე სიჭრელე, ნაირ ნაირი პრიორიტეტები, ამბიციები, ინტერესები. ამგვარ ვითარებაში გაერთიანებების შექმნა თავისუფალი მედიის ფრონტზე განწირულია კრახისთვის. საკმარისია რამდენიმე თვე, რომ გაერთიანებაში გაჩნდება შიდა ოპოზიცია, დაიწყება გარჩევები გრანტის განაწილებაზე, პოლიტიკურ მიკერძოებაზე და ა.შ. შესაბამისად გაერთიანებები თავისუფალი მედიის პრობლემას ვერ ხსნის.

იგივე ვითარებაა მედია პროფკავშირებთან დაკავშრირებით. სანამ საქართველოში არ მიიღებენ ქმედით და ნორმალურ შრომის კოდექსს, ვერანაირი პროფკავშირი ვერ იმუშავებს.

სულ არ არის აუცილებელი თავისუფალმა მედიამ შექმნას რამე ინსტიტუციები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს რომელიმე ჟურნალისტს ან საერთოდ შეცვალოს ვითარება მედიასთან დაკავშირებით. უმთავრესი პრობლემა ქართული თავისუფალი მედიისთვის არის რეალური ნების არ არსებობა.

არ შეიძლება შეცვალო ვითარება პასუხისმგებლობების აღების და საკუთარი თავის შეცვლის გარეშე. დღევანდელი მედია ცდილობს დააკნინოს საკუთარი გავლენა საზოგადოებაზე. ეს რომ ასე არ იყოს სხვადასხვა თავისუფალი მედიაგამოცემის წარმომადგენელი არ დააწესებდა „პრიორიტეტებს“ რომლითაც ის თავს იმართლებს ამა თუ იმ „საზოგადოებისთვის არასაინტერესო“ ღონისძიების არგაშუქებისას. თუ რომელიმე პარტია მოინდომებს მისი პოლიტიკური, სოცილაური ან აგრარული პროგრამის პრეზენტაციას, დღევანდელი თავისუფალი მედიის უდიდესი ნაწილი ამას  არ გააშუქებს, ან თუ გააშუქებს, ფულს მოითხოვს.  მაგრამ თუ იგივე პარტია დააანონსებს, რომ „არსებული ვითარების გასაპროტესტებლად დღეს სამ საათზე პარტიის 10 წევრი სახალხოდ დაიწვავს თავს რუსთაველზე“, მაშინ დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას ჟურნალისტების ტევა არ იქნება. სწორედ ამგვარი მიდგომების გამო არ ვითარდება საქართველოში არც მედია, არც ოპოზიცია და არც საზოგადოება. თავისუფალი მედია გახდა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წესების მძევალი, ხოლო თემები, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოებისთვის არ შუქდება „უინტერესობის“ გამო. ვისაც უნდა, გადაიხადოს ფული და გააშუქებენ. ვისაც ფული არა აქვს თავისი იდეები დაახვიოს და… ეს არის დღევანდელი თავისუფალი მედიის პოლიტიკა.

რეალურად, დღევანდელ თავისუფალი მედიას არ უნდა პასუხისმგებლობების აღება. ის არ ზრუნავს საზოგადოების, პოლიტიკის და საკუთარი სფეროს (ზოგადად) ინტერესებზე, განვითარებაზე, პროგრესულობაზე. მედიის, მისი ატომიზირებული შემადგენლების ინტერესია შემოსავლის შენარჩუნება და გაზრდა, თუ ცეცხლმოკიდებული ადამიანი გაყიდის გაზეთს, ადგილი მას დაეთმობა და არა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს. რასაკვირველია, მედია საშუალებამ მოგება უნდა ნახოს, მაგრამ საქართველოში როგორც გვინდა, ეგრე არ ხდება მსოფლიოში _ თუ გინდა ცვლილებები უკეთესობისკენ, მაშინ მსხვერპლი უნდა გაიღო და პასუხისმგებლობა აიღო. თუ მედია დაელოდება დროს, როდის შეიცვლება ხელისუფლება „თავისით“ მაშინ ლოდინი დიდხანს მოუწევს, რადგან თუ არ შეიცვალა მედია, არ შეიცვლება პოლიტიკის პრიორიტეტები, არ გაჩნდება საზოგადოებრივი დისკურსები, თუ არ გაჩნდება დისკურსები არ შეიცვლება საზოგადოება, რომელიც შესაბამისად კვლავ მოითხოვს უაზრო პოლიტსერიალებს და მედია კვლავ მიაწვდის ამ სერიალებს, რითიც იხეირებს არსებული, ან სხვა რეჟიმი, რომელიც ასევე ჩათვლის, რომ თავისუფალი და გავლენიანი მედია მისი საფრთხეა.

თუ თავისუფალ მედიას სურს მეოთხე ხელისუფლების შექმნა, მაშინ მან უნდა შექმნას ახალი დისკურსები, თემები, რომლებიც ერთროულად ეხება ხალხს და ეხამუშება ხელისუფლებას. სკანდალები? კი ბატონო, ოღონდ სკანდალი კეთდებოდეს არა ორი ოპოზიციონერის ჭიდაობისგან, არმედ მაგალითად ამერიკელი სენატორების ჩივილისგან საქართველოში არსებული დისკრიმინირებული პროფკავშირების გამო. თავისუფალი მედია უნდა იყოს სახელისუფლებო ვირტუალური რეალობის სახალხო, საზოგადო რეალობით ჩანაცვლების ფლაგმანი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ