პირდაპირ უოლ სტრიტიდან: ნეოლიბერალიზმის ახალი კრიზისი

       ორი დღის წინ ნიუ იორკში გახლდით ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე რეჟისორ ქეროლ ჯენინგსთან ერთად და დაგეგმილი გვქონდა "Incy Whincy Spider"-ის ინსტალაციის პერფორმანსი უოლ სტრიტთან.  მაგრამ, როდესაც ადგილზე მივედით სავაჭრო დისტრიქტი თითქმის მთლიანად გადაკეტილი და პარაკიზებული დაგვხვდა.  უოლ სტრიტის შესასვლელებს ბლოკავდა არა მხოლოდ რამოდენიმე ასეული ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი FBI-სა და სხვა უშიშროების სამსახურების წარმომადგენელი.  ძალიან გაგვიკვირდა პოლიციური ორგანიზმების ამხელა მობილიზაციას რომ წავაწყდით.  ამის შემდეგ გამოჩნდა სულ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, რომელიც მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის აქციას იწყებდა: Occupy Wall Street.  აქ იყვნენ ახალგაზრდა ანარქისტები, ტროცკისტები, ლიბერტარიანელი-სოციალისტები, კომუნისტები, ანტი-კორპორატისტები, პოეტები, მწერლები, რელიგიური მოღვაწეები.  თუმცა ყოველ წუთს დემონსტრანტების რიგებს ახალი ადამიანები ემატებოდნენ.  პოლიცია რატომღაც არაპროპორციულად ნერვიულობდა – ეს არ იყო ძალიან დიდი თავყრილობა.  მაგრამ, როგორც რამოდენიმე დღეში გამოჩნდა სტუდენტებს კარგად გათვლილი გეგმა ჰქონდათ.  განდის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის სტრატეგიის საშუალებით მათ დაიწყეს უვადო მოძრაობა და აქცია.  აქციის მიზანია რომ უოლ სტრიტი გახდეს ადამიანების საკუთრება, რომ ბაზარი თავისუფალი გახდეს უბრალო ადამიანებისათვის და არა მხოლოდ ფინანსური ელიტებისათვის.

https://occupywallst.org/

          აქცია ახლაც გრძელდება. გუშინ პოლიციამ ახალგაზრდა ქალების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც უკვე მეინსტრიმ პრესის ყურადღება მიიქცია.  60-იანი წლების მერე ამერიკას არ ახსოვს ნეოლიბერალური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასშტაბის აქცია.  ეს არ არის უბრალოდ ომის მოწინააღმდეგეების ან რომელიმე, თუნდაც ძალიან დიდი ინტერესთან ჯგუფის აქცია, რომელიც ნეოლიბერალურ დისკურსში კარგად ჯდება.  ანტონიო ნეგრის ტერმინით რომ ვილაპარაკოთ ეს არის Swarm-ის ტიპის ახალი სოციალური მობილიზაციის დასაწყისი, სადაც წინა წლების მოდელებისაგან განსხვავებით ასეთი მოძრაობა მთლიანად ავტონომიური და მკაცრად დეცემტრალიზებული.  ჯერჯერობით, მონაწილეებს შორის სჭარბობენ თეთრკანიანი ინტელექტუალები, თუმცა საინტერესო ისაა რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა.  ეს ნამდვილად ახალი ტალღაა დასავლურ ცნობიერებაში, რომელიც ეძებს ბურჟუა უკმარისობის ფილოსოფიის ალტერნატივას.  გამომსვლელებს შორის არიან რელიგიური მოღვაწეებიც, რომლებიც მარქსის ან პრუდონის დებულებებს იზიარებენ ადამიანების ექსპლუატაციის და ჩაგვრის შესახებ.


         ახალი დემონსტრანტები ახალი ტექნოლოგიებით არიან შეიარაღებულები – ინტერნეტი ახალი იარაღია, რომლითაც შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელება.  მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმ პრესა მთლიანად კორპორატიული სამყაროს ხელშია, ინტერნეტი იძლევა ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.  სწორედ ეს არის ნეგრის და ჰარტის ახალი რევოლუციური სტრატეგიის საფუძველი.  ჯორჯ სორელის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაყენებული 'საყოველთაო გაფიცვის' იდეა არცთუ ისე წარმოუდგენელი ხდება ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში.  
უოლ სტრიტის პრობლემა არ არის მხოლოდ ამერიკელების პრობლემა – 'არაბული გაზაფხულიც', ლონდონის მოვლენებიც, საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის ეკონომიკური კრიზისებიც ნეოლიბერალური ელიტების განუსაზღვრელმა სიხარბემ წარმოშო.  სამი დღის წინ მსოფლიო ბანკის და IMF-ის პირველმა პირებმა პრაქტიკულად ერთ ხმაში განაცხადეს რომ დღეს მსოფლიო 2008 წლის ფინანსური კრიზისის განმეორებას უახლოვდება – თუმცა ამ ჯერზე თუკი კოლაფსი ისევ დადგა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ბევრად რთული იქნება, რადგან სახელმწიფოებს უკვე აღარ აქვთ ასეთი დიდი ფინანსური რეზერვი, რათა ამ მდგომარეობას გაუმკლავდნენ. 

          და კიდევ ერთი კრიზისი: ეს არის სულიერი კრიზისი – იმ სამყაროში სადაც ყველაფერი 'გასაქონლებულია' (commodified) ადამიანის ექსისტენციური შიში იზრდება.  აქ რაღა თქმა უნდა მომხმარებლური სისტემა კარგ ნიადაგს უმზადებს ბნელ ფუნდამენტალიზმს.  როგორც სლავოი ჟიჟეკი ამბობს ლიბერალური სამყარო თავისი მომხმარებლური კულტურით თავად წარმოშობს ბნელ ფუნდამენტალიზმს და ფეოდალიზმში დაბრუნების სურვილს.  ადამიანი, რომელიც მხოლოდ ნივთების შემყურეა იწყებს გამოსავლის ძიებას და აწყდება ათას ფსევდო სულიერ ღირებულებას.  დღევანდელ ამერიკული 'ჩაის პარტიის' მოძრაობა სწორედ ასეთი ფსევდო სულიერი მოძრაობაა, რომელსაც პროტესტანტი ფუნდამენტალისტები უძღვებიან და ყველაფერ ცუდს აბრალებენ 'სხვა' ჯგუფებს – მაგალითად გაეროს, მუსლიმებს, ჰომოსექსუალებს, მართლმადიდებლებს, კომუნისტებს და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს.  ასეთი ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტური ნარატივები მთელს მსოფლიოში წარმოიშობა, სწორედ იმის გამო რომ სეკულარულმა ალტერნატივამ ძალა დაკარგა.  და სეკულარული ცივილიზაციის მთავარი პრობლემაა მსოფლიოსათვის არნახული უთანასწორობა.


         დღეს მსოფლიოში ისეთი უთანასწორობაა, რომელიც კაცობრიობას აქამდე არ უნახავს.  ჟიჟეკის არ იყოს, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ადამიანი კოსმოსში ტურისტად დაფრინავს, როდესაც კაცობრიობის მცირე მდიდარი ნაწილი უამრავ საჭმელს ყრის ზღვაში, მაშინ როდესაც მილიარდი ადამიანი შიმშილით კვდება.


         უოლ სტრიტის პრობლემა მთელი მსოფლიოს პრობლემაა – დღეს ჩვენ ყველანი მსოფლიოს მოქალაქეები ვართ – და თანასწორობის ბიბლიურ პრინციპს ალტერნატივა არა აქვს.  ღმერთის წინაშე მდიდარი და ღარიბი თანასწორია – ეს არის უოლ სტრიტის პროტესტის მთავარი პრინციპი.
როგორც ალან ბადიუ ამბობს, ადამიანის ცხოვრების მთავარი მიმზიდველობა ის კი არ არის რამდენ ნივთს შეიძენს და როგორი მდიდარი იქნება, არამედ ის თუ როგორ შეუძლია ადამიანს იდეის გულისათვის იცხოვროს და იდეის გულისათვის მოკვდეს.


         თავისუფლება და თანასწორობა ისეთი იდეებია, რომელთა გულისათვის ადამიანს თავის გაწირვა შეუძლია.  ამის საინტერესო დასტურია ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტების აქცია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ