ნიკო ნიკოლაძე, მისი „რევოლუციონერების როლი“და დიდი ოთარ ჭილაძე

ყოველ საზოგადოებაში თვითოეულ თაობას თავისი საკუთარი ტვირთი აწევს და ისტორიულ ცხოვრებაში ყოველ თაობას უნდა შეეძლოს თქმა: ჩემი მხრით მე ეს ახალი სარგებლობა მოუტანე ჩემს ხალხს, ეს ახალი სინათლე ვაჩვენე, ახალი ძალა შევძინე და ახალი გზა გაუხსენი უკეთესი ცხოვრებისაკენ        “

                                                                        ნიკო ნიკოლაძე, 1871 წ. „ჩვენი ახალგაზრდობა“

    ქართული ხასიათის მკვლევარები  დაგვეთანხმებიან, რომ პიროვნების გონებრივი  გამორჩეულობის აღნიშვნა, ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და მეტყველებაში არც თუ მიღებულია. სადღეისო – აღწერილობითი ჟურნალისტიკა და უღიმღამო პუბლიცისტიკა სავსეა განსაზღვრებებით – „დიდი მამულიშვილი“, „ეროვნული მოღვაწე“, „დიდი/გავლენიანი კაცი“, „სწორუპოვარი თამადა“, „დიდი პოეტი“, „გენიოსები“ და ა.შ. ქართულ საინფორმაციო სივრცეში მეტად დევალვირებული ცნება  „ექსპერტი“– ს თაობაზე, ოქტომბრის თვეში, ბ-მა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. ცნებები: „სახელმწიფოებრივი აზროვნება“, „ნათელი გონება“, „ფართო ერუდიციის მქონე სპეციალისტი“, „საქართველოს მცოდნე“, „გამჭრიახი პრაქტიკოსი“, „კვალიფიციური ინჟინერი“ „გამორჩეული ანალიტიკური შესაძლებლობების კაცი/ქალი“ და ა.შ., ქართულ მასმედიაში საერთოდ არ იკითხება და არ ისმის.

 

   ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის და სახელმწიფო აღმშენებლობის ეროვნულ -კონცეპტუალურ ნიადაგზე დამკვიდრების  ამოცანების  მართებული დასმა-ფორმულირება და გადაჭრა საზოგადოებაში არსებულ ცოდნა-გამოცდილებას, უპირველესად კი, ევროპული მასშტაბის მქონე ქართველ ინტელექტუალთა მემკვიდრეობის ღრმა და საფუძვლიან ანალიზს უნდა ემყარებოდეს. ბოლო, ნახევარსაუკუნოვან ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერება-მეტყველებაში დამკვიდრებულ ცნებათა  – „კარგი მაცხოვრებელი“– ს, „ფულიანი კაცი“ –  და, ამჟამინდელ,  ხელისუფლების ბიზნესთან გადაჯაჭვულობის ეპოქაში, საღი აზრიდან გამომდინარე არგუმენტებმა, პრაქტიკული ღირებულება დღემდე  ვერ შეიძინა და შესაბამისად, ინტელექტუალურ პროდუქცია-მემკვიდრეობაზე მოთხოვნა, დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

 

    მათ, ვინც ზემოთმოყვანილ ამ აზრს არ ეთანხმება, ვთავაზობთ,  უკვე ოცწლიანი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაასახელონ დანიშნული ან არჩეული, ქართული საზოგადო საქმის მსახურის იმიჯის და, ამავდროულად, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ვისზეც თამამად შეიძლება გავრცელდეს აკაკი წერეთელის  აზრი: „…ესეები კარგად უწყიან რჩეულ-ჭკვიანებმა, მაგრამ თავისი პირადობა მაინც დავიწყებული აქვსთ! ისინი იმას კი არ ჰფიქრობენ, რომ ხალხს თავი შევაყვაროთ, პატივი ვაცემიოთ და დიდ რამედ მივამჩნევინოთ ჩვენი თავიო. მხოლოდ იმას სცდილობენ, რომ შეაყვარონ სხვებსაც ის კეთილი საქმე, რომლისათვისაც იმათ თავი გაუწირავთ და გაიყვანონ სხვებიც სამუშაოდ იმ გზაზე, რომელზედაც თვითონ დგანან! მათთვის არ არსებობს წამიერი აწმყო! .. იმათა სწამთ მხოლოდ ხანგძლივი მომავალი!“ („ლაყბობა“).

 

   ნიკო ნიკოლაძე, ქართული პუბლიცისტიკის და საქართველოს ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში, ნათელი გონების პიროვნების და მამულიშვილის დიდი, სადღეისოდ შეუსწავლელი და დაუფასებელი მაგალითია.  მან, მდიდარი ქუთათური ვაჭრის – იაკობ ნიკოლაძის ვაჟმა, მამის დიდი სურვილის მიუხედავად – ყოფილიყო მისი საქმის გამგრძელებელი,  ცხოვრების ასპარეზად საზოგადო საქმე აირჩია. ქართულ ცნობიერებაში ფესვგადგმული, ეროვნული საქმისადმი დღემდე დაუძლეველი ნიჰილიზმი (აკაკი ბაქრაძე),  ნიკოლაძემ ლაკონიური, აფორისტული ფორმით გამოხატა და ამით ქართული ხასიათის კვლევის პროცესი ერთი მძლავრი ნაბიჯით წინ წასწია: „საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებად, სიტუტუცედ …“.

 

  სიმონ ხუნდაძე: „ნ. ნიკოლაძე 68 წლის განმავლობაში ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას და სიკვდილის უკანასკნელ დღემდე არ გაუგდია ხელიდან კალამი. სამწუხაროდ, მისი მემკვიდრეობის ძლიერ მცირედი ნაწილია გამოქვეყნებული … ნიკოლაძე პუბლიცისტურ მუშაობას ეწეოდა როგორც ევროპის პრესაში, ისე რუსეთსა და ადგილობრივ ქართულ ორგანოებში. ყველა მისი ნაწერი რომ ერთად შეგროვდეს, იგი ოც ტომშიაც ვერ მოთავსდება“. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი დღემდე ელოდება მრავალტომეულის სახით გამოცემას და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ადეკვატურად ასახვას.  

 

   პედაგოგიკის უმთავრესი პოსტულატი შეგვახსენებს, რომ თუ ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ ღირებულება-ფასეულობებით დაბალანსებული ცოდნის მყარი ბაზის/ბალავრის შექმნისთვის,  მოსწავლე-სტუდენტს  მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავის დროზე არ მიეწოდა, მისი შევსება  ზრდასრულ ასაკში  მეტად პრობლემატიური ხდება, ან, საერთოდაც, შეუძლებელია. უკვე ნათქვამს  საინჟინრო ენაზე ამგვარად გამოვხატავთ: მწირი საინფორმაციო მასალისგან ჩამოსხმული ცოდნის სახლის ფუნდამენტი და კედლები, ადამიანის პიროვნული მთლიანობის („კაცნი მთლიანნი ბუნებისანი“- მიხაკო წერეთელი) და პროფესიული სრულყოფის გზაზე,  გადაულახავ წინააღმდეგობად აღიმართება. აშენებული შენობის კარდინალურად სხვა ფუნქციური დანიშნულებით  გადაკეთება კი, უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლებელია!

   ახლა კი, უშუალოდ, რევოლუციონერების როლზე: მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს უფროს თაობაში, ჯერ კიდევ, არიან შემორჩენილნი მოქალაქენი, რომლებიც საპენსიო უზრუნველყოფას რევოლუციური დამსახურებისთვის იღებენ ან იღებდნენ. ყოფილ საბჭოთა კავშირში რევოლუციონერთა მასობრივმა ტირაჟირებამ ოდიოზური ტრანსფორმაცია განიცადა: ამ ცნების თავდაპირველ შინაარსს –  საზოგადოების წინაშე ღრმა პასუხისმგებლობას, მთლიანად დაშორდა, მხოლოდ მეამბოხის – ძველი საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელაღებით უარმყოფელის მნიშვნელობა შეიძინა და ინტელექტუალთა გასაკვირად, ამ შინაარსით დამკვიდრდდა ყოველდღიურობაში. მე-20 ს. დასაწყისისდან, ამგვარი რევოლუციონერობის სენი მთელ  საქართველოს მოედო და, როგორც აღვნიშნეთ, პროფესიად, შემოსავლის წყაროდ იქცა და, დღემდე, ასეთად რჩება ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირში ინტეგრაციის ყბადაღებულ მოპოლიტიკოსო ელემენტებისთვის, რომლებსაც ევროატლანტიკურ ქოლგაზე ოცნება, ახალ, სოციალ-დემოკრატიულ პანაცეად გაუხდიათ და „ფიქრის ნიჭის  არა მქონეთ“ (მიხაკო წერეთელი) წარმოდგენაც კი არა  აქვთ „ულმობელი საქმის კაცის“ (არჩილ ჯორჯაძე) შემდეგ შეგონებაზე:

„გამოფხიზლებული კაცობრიობა თავის ნამდვილ განმანთავისუფლებლად, ცხოვრების ახალი წყობილების შემოქმედად  ჩათვლის სადი კარნოს, ლავუაზიეს, პურტალესს, (ჯეიმს უატს – გ.ბ.) რობერტ ფულტონს, სტეფენსონს, ლესეპსს, ლუი პასტერს და არა იმ თოჯინებს, რომლებიც კრიზისის დღეებში ხდებიან მომწიფებული ძალებისა და ინტერესების, ცოტად თუ ბევრად, შემთხვევით წარმომადგენლებად. … საერთოდ კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: ხალხი, რომელიც ვერ შეძლებს ააღორძინოს, ააყვავოს თავისი ქვეყნის ეკონომიკა, მრავალმხრივი, ძლიერ და მტკიცე გახადოს იგი, ვერც ეროვნული თავისუფლების მოპოვებას მოახერხებს. თუ მოიპოვებს, შემთხვევით, დროებით და მალე დაკარგავს“.

ნიკოლაძის ამ სიტყვებში ჩადებულ, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის (დე ფაქტოდ – უსისტემობის!) კონცეპტუალურ დოკუმენტებში ჯერ არ ასახული აზრის სიღრმეს, დღემდე, ვერ აცნობიერებენ არათუ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური აქტორები, არამედ ნაწვიმარზე სოკოებივით გამრავლებული უნივერსიტეტების მხოლოდ უცხოელ მოაზროვნეთა ჰაზრების მოტრფიალე დამფუძნებელნი და პროფესორთა კორპუსიც.

ნიკო ნიკოლაძის „რევოლუციონერების როლი“ ღირებულია, უპირველესად იმიტომაც, რომ მისი ავტორი, 21-ე საუკუნის ”ბრავო-რევოლუციონერებს”, ამ ცნების საწყისებთან გვაბრუნებს … საუკუნენახევრის მიღმა. ჟურნალ „Современность“-ში, 1865 წ. გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილი, საგანმანათლებლო  სივრცში დღემდე არ აღიარებულ სიმონ ხუნდაძის მიერ, შეტანილია ნიკო ნიკოლაძის რჩეული ნაწერების, 1931 წ. მისივე რედაქტორობით გამოცემულ,  ექვსტომეულში (ტომი I, გვ.289-93). წერილის ორიგინალი რუსულენოვანია – „Роль революционеров“.

ინტელექტუალური პატიოსნებით აღბეჭდილი, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური კულტურის საკვირველი სიზუსტით ამსახველი, ბოლო საუკუნის ქართული საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზროვნება-ცნობიერების  სტაგნაციის არსებობა-გააზრებაში დამხმარე, დავიწყების მტვერწაყრილი ეს და სხვა ნაშრომები, დღემდე რომ არ გავაკარეთ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, იმის მკაფიო ნიმუშ-მაგალითია, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს „მოწინავე კაცების“ ნააზრევის უპატივცემულობამ. ქვემოთ მოგვაქვს ვრცელი ამონარიდი სიმონ ხუნდაძის ქართული თარგმანიდან. მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენს მასმედიაში, სადღეისოდ შერისხული, აზრის გადმოცემის რთულ-ქვეწყობილ წინადადებათა ის ფორმა, სულ მცირე, ორი საუკუნის განმავლობაში რომ მეტყველებენ მოწინავე კულტურის საზოგადოებები, სულაც არაა იმგვარად გაუგებარი, როგორადაც დღევანდელი მედიის რედაქატორ-გამომცემლები ცდილობენ წარმოგვიდგინონ:

  „ევროპის სახელმწიფოთა მოწინავე პარტიები, დაწყებული 1848 წლიდან, მოქმედებენ მხოლოდ უარყოფითი გზით. გაფაცოცებით ადევნებენ რა თვალყურს მთავრობის მოქმედებას, ისინი კმაყოფილდებოდნენ უბრალო პროტესტაციებით, მთავრობის ამა თუ იმ განკარგულების უკანონობის აღნიშვნით და მიისწრაფოდენ მხოლოდ ერთი მიზნისაკენ: დაერწმუნებინათ მასა, რომ მთავრობები ბოროტი განზრახვით არიან გამსჭვალულნი, აღეძრათ მასში სიძულვილი ამ მთავრობებისადმი და გამოეწვიათ მისი მხნე მოქმედება მთავრობის ძალის წინააღმდეგ – დაეპირისპირებინათ ამ უკანასკნელისთვის არჩევნების მორალური ძალა და ბარიკადებზე მებრძოლთა კუნთების ძალა.

   ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის მოწინავე კაცები სცდილობდენ არ აღეძრათ ის საკითხები, რომელთაც შეეძლოთ ჩამოეგდოთ რაიმე უთანხმოება არსებულ მთავრობათა სხვადასხვა ჯურის მტრებს შორის.  სადაო მუხლები იმ მოკავშირეთა შორის, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ მიდიოდნენ, მიჩქმალული იყო თითქოს მოკავშირეთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით. ამ ტაქტიკის წყალობით, რომელიც იქნებ მოხერხებულია საარჩევნო უმრავლესობის მისაღწევად, უკანა რიგში მოექცა ის საკითხები, რომლებიც მასების გონებას ეუფლებოდენ, და მოხდა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არსებითი საკითხების გადაწყვეტაში ვერ  შეთანხმებულიყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მთავრობის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ერთმანეთთან შეტევითი კავშირი დასდეს. ამის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მასებს გული აუცრუვდათ იმ საქმისადმი, რომელზედაც მოწინავე კაცები ქადაგებდნენ.

   რაკი „მტრის დამარცხებამდე“ გადაწყდა გაჩუმება სადაო და საჭირბოროტო საკითხებზე, მოწინავე კაცებმა, – ხოლო მათ შემდეგ იმ ახალგაზრდობამაც, რომელიც სიტყვის შეუბრუნებლად მისდევდა მათ, – თანადათან დაკარგეს ნათელი შეგნება ამ საკითხების არსებასა და მდგომარეობაზე და მათი გადაჭრის საშუალებებზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ხელს უწყობდა არა მარტო მოკავშირეებთან არ წაჩხუბების სურვილი, არამედ ის უბრალო მოსაზრებაც, რომ ახლა მთავარი და უპირველესია მტრის დამხობა, ხოლო ყოველივე დანარჩენის მოფიქრება და მოგვარება შეიძლება ამ სასურველი დამხობის შემდეგ.

  ასეთ უმოქმედო მოლოდინში გასული დრო ვერ შესძენდა მოწინავე ადამიანებს უნარს – ჩაეხედათ ცხოვრებაში და გაერკვიათ იმ სიძნელეთა დედააზრი, რომელთა თავიდან აცილება გადაიქცევა მათ მოვალეობად იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა მათი სასურველი მოლოდინი.  მათ ვერ გაიგეს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება მთავრობისა და მიმდინარე ცხოვრებისადმი ვერ ჩაითვლება მათი მომავლი მოქმედების საკმაოდ ძლიერ თავმდებად, რომ იგი ვერ მოაგროვებდა ძალას მთავრობასთან საბრძოლველადაც კი, აღარას ვამბობთ იმაზე, რომ იგი ვერ მიიზიდავდა მათ რიგებში ვერც ერთ გარეშე კაცს, რომელსაც მათი დროშის დაცვა პირად გადაუდებელ საკითხად არ მიაჩნია.

 საზოგადოებრივ საქმეებში არაფერია ისე ადვილი, როგორც საზოგადოების ამა თუ იმ განწყობილების წაქეზება: საკმარისია მცირედი ნიშანიც კი, რომ საზოგადოებამ იგი თავისი აზრების გამოხატულებად მიიღოს, და მსმენელები თუ მკითხველები გულუბრიყვილოდ მზად არიან თავიანთი აზრები და გრძნობები მიაწერონ ყოველ ფრაზას, რომელიც ოდნავ მაინც, თუნდაც გარეგნობით, ეგუება მათ განწყობილებას. მაგრამ ასეთი სიმპატია იმდენადვე მტკიცეა, რამდენადაც ადვილად წარმოიშვება იგი. აი სწორედ აქ სჩანს სიბეცე მოწინავე კაცებისა, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მასების სიმპატია და ახლად ჩასახული ნდობა შეინარჩუნონ იმ დროისთვის, როდესაც გაივლის საზოგადოების ეხლანდელი განწყობილება. ამის მიღწევა კი შეიძლებიდა მასების მოთხოვნილების, მათი მისწრაფებებისა და საჭიროების უაღრესად სერიოზული და კეთილსინდისიერი შესწავლით (ხაზი ჩვენია- გ.ბ.). მართალია ამგვარი საკითხების საჯარო დამუშავება შეამცირებდა თანამგრძნობთა რიცხვს, მაგრამ სამაგიეროდ თანაგრძნობისა და ნდობის ძალა და სიმტკიცე იმ ზომამდე გაიზრდებოდა, რომ არავინ აიტკივებდა თავს ცრუ თაყვანისმცემელთა დაკარგვაზე ფიქრით.

  მეორე უბედურება, რომელსაც უკვე მიაღწიეს მოწინავე კაცებმა, არის ის, რომ ისინი არ იცნობენ პრაქტიკულ საკითხებს, ვერ ახერხებენ მოსალოდნელ დაბრკოლებათა და სიძნელეთა თავიდან აცილებას. ოპოზიციონური დეპუტატების სიტყვები და ასევე ჟურნალისტების წერილები სავსეა მთავრობის ბოროტ-განზრახვათა აღნიშვნით ამ მთავრობის მთავრობის წარმომადგენელთა და მის მწერალთა მხილებით წინააღმდეგობასა და არათანმიმდევრულობაში. მაგრამ ყოველსავე ამას ერთგვარი ინტერესი აქვს მხოლოდ დღევანდელ მომენტში; რომ გაჰქრეს ამჟამად მთავრობა, ოპოზიციონურ მოღვაწეებს არ ეცოდინებათ, რა გააკეთონ: ისინი არა თუ ვერ მოახერხებენ მეტად აბნეული ფინანსური მდგომარეობის ლიკვიდაციას ან სხვებზე უფრო ნაკლებად გაძნელებული ისეთი ისეთი ეკონომიკური პირობების თავიდან აცილებას, რომლებიც გაძვალტყავებულ და უკმაყოფილო ხალხს შეეხებიან, არამედ მათ არ ეყოფოდათ ნიჭიერი და მცოდნე  ხალხი სამოსამართლო და ადმინისტრატიული დაწესებულებების რეორგანიზაციისათვის. და თანამედროვე მოწინავე კაცები რომ ბედის წყალობით მთავრობის სათავეში მოექცნენ, ისინი იძულებულნი გახდებიან კვლავ დააღონ პირი და იწყონ საზოგადოებრივი საკითხის             „გამოკვლევა“ და „შესწავლა“, მაშინ,  როცა ცვლილებით დაჩქარებული ცხოვრების მსვლელობა მოითხოვს მათგან დამზადებულ გადაწყვეტილებებს და ზომებს, ხალხის ეკონომიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრების სწრაფ გაუმჯობესებას, გადაუდებელ ცვლილებებს კანონმდებლობის ყოველ ნაწილში და უამრავი ხალხის მატერიალურ საჭიროებათა დაკმაყოფილებას, იმ ხალხისა, რომელიც უპუროდ და უმუშაოდ დარჩება შერყევათა გამო, რაც აუცილებლად მოსდევს ყოველ პოლიტიკურ ცვლილებას. სად გამოძებნიან მოწინავე კაცები სახსარსა და ძალას ყველა ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად? საიდან აიღებენ ისინი ცხოვრების პრაქტიკულ ცოდნას, გამჭრიახობას, გაბედულებას და ენერგიას ყოველგვარი ცდისა და ღონისძიებისათვის? ისინი გულხელდაკრეფილნი იყვნენ და მოელოდნენ მესამე რესპუბლიკის მოსვლას და ამას უქმად არ ჩაუვლია მათთვის: მათი გონება ვიწრო და ცალმხრივია, ხასიათი – სუსტი და მოდუნებული, ცოდნა არავითარი არ გააჩნიათ, გარდა გაუმჯობესებული, პირადი თავდასხმით გაღვივებული რიტორიკისა; ასეთი-დიდებით კი ძნელია გაუძღვე საზოგადოებრივი აღორძინების მეტად რთულ საქმეს“.          

რა იქნება? ამას ვერავინ გამოიცნობს. მაგრამ ისინი, ვისაც გულწრფელად სურს სიკეთე ხალხისათვის, – დარწმუნებულნი ვართ – ჩვენთან ერთად გაიმეორებენ: ღმერთმა ქნას, რომ იმ გადატრიალებას, რომელსაც იწვევს მთავრობათა იდიოტური შეუგნებლობა და გონების სიჩლუნგე, მოუმზადებელი არ დახვდეს ახალგაზრდობა (ხაზი ჩვენია – გ,ბ.), და ღმერთმა ქნას, რომ მოესწროს ახალგაზრდობის ძალთა გამაგრება და მისი დავაჟკაცება ამ აუცილებელი კატასტროფის დროისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, ეხლანდელი მოწინავე კაცების მოუმზადებლობის წყალობით და მასების მისწრაფებათა გაურკვევლობის გამო, მოჰყვება ისეთი რეაქცია, რომელზეც მარტო ფიქრიც კი შესაზარია“ (ციტატის დასასრული).

„მოწინავე კაცების“ უმოქმედობის შედეგს, ოთარ ჭილაძე, ერთი საუკუნის შემდეგ, ამგვარად აღწერს:

 „… თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარგახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე, ჰაერშივე შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება – მივმდგარ-მოვმდგარიყავით, გაგვეხედ-გამოგვეხედა, გავმძვრალ-გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს-ჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა. მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც.ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად“.

აი, რატომ არის  დიდი, მკითხველო, ოთარ ჭილაძე.

 

გიორგი ბერუჩაშვილი                                     სექტემბერ – ოქტომბერი, 2011 წ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ