მარტოობა, თანამედროვე ხელოვანების გზა – ინტერვიუ ბორის გროისთან


5c44a99355614a3a89a49492e0ecf7b6
► ბორის გროისი XX საუკუნის მეორე ნახევრისა და თანამედროვეობის გამორჩეული ხელოვნების კრიტიკოსი, მედიის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსია; ამჟამად New york University -ს პროფესორი. ის ერთ-ერთი პირველი ანალიტიკოსია სოციალისტური და პოსტმოდერნული ხელოვნების, ეკუთვნის არაერთი ცნობილი ესსე და ნაშრომი პოლიტიკის ესთეტიკის, მოდერნული და პოსტმოდერნული; კომუნისტური თუ პოსტ-კომუნისტური ეპოქების კულტურული  ტრანსფორმაციების შესახებ.  

► გთავაზობთ ბორის გროისთან ჩატარებულ ინტერვიუს, რომელიც პირველად არტ – პორტალ INRUSSIA-ზე გამოქვეყნდა.

► თარგმნა მარიამ გაჩეჩილაძემ 

► მედია პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანთა ავტორებს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

© European.ge

“ხელოვნების პროცესი სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საკუთარ თავში ჩაღრმავების ფსიქოდრამას”

ბორის გროისი

– საბჭოთა პერიოდში არსებობდა იმიჯებისა და ლოზუნგების სპეციფიური სისტემა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანამედროვე მხატვრებისთვის აღარ დარჩა ენა, რომლის გამოყენებითაც ისინი შეძლებდნენ მუშაობას. რუსეთი ბუნდოვანი გახდა – შეუძლებელია მისი ზუსტი გამოსახვა;  90-იანების პოლიტიკური რიტორიკაც კი გაჟღენთილი იყო არაფრისმთქმელი შორისდებულებით – ელცინის ცნობილი ფრაზები: „გესმით რაშია საქმე“ და „ერთმნიშვნელოვნად“.  დღეს თითქოს კვლავ ყალიბდება გარკვეული იდეოლოგიური ენა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთის თანამედროვე ხელოვნებაზე? 

რთული სათქმელია. ვიტყოდი, რომ გარეგნულად რუსეთი ნამდვილად ბუნდოვანია და რთულია მისი ზუსტი გამოსახვა, მაგრამ რით განსხვავდება მისგან საფრანგეთი, აშშ ან ჩინეთი? დღეს აღარსადაა ერთიანი ეროვნული სტილი. იმის თქმა, რომ თავის დროზე საბჭოთა სტილი გამოსახავდა რუსეთს – ილუზიაა. ეს იყო ცივი ომის პერიოდი – კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის არსებული გლობალური დაპირისპირება. მაშინ რუსული ხელოვნება და საერთოდ, საბჭოთა სიტუაცია, საინტერესო იყო იმით, რომ ის გლობალურ იდეოლოგიურ ბრძოლას უკავშირდებოდა.

ახლა ასე აღარ არის. რუსეთს შეუძლია მოიფიქროს ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შეიძლება, მაგრამ აღარ არსებობს დაპირისპირება მასში მოქმედ სისტემასა და სხვა ქვეყნის სისტემებს შორის, არ არსებობს ფუნდამენტური განხეთქილება, აღარაა გლობალური იდეოლოგიური ბრძოლა. ყოველი ხელოვანი, იქნება ეს ინგლისელი, პერუელი ან რუსი, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. ჩვენ ვცხოვრობთ ნეოლიბერალიზმის და ინდივიდუალიზმის ეპოქაში, სადაც ირღვევა ყველა პოლიტიკური და კულტურული ერთობა. ეს არის ეპოქა, სადაც ყველა ყველას კონკურენტია, სადაც როგორც მხატვარს, ისე ავტორს, უყურებენ იმის მიხედვით, თუ თავად როგორ ახდენს საჯარო სივრცეში საკუთარი თავის რეპრეზენტაციას. ის არაფერს გამოხატავს საკუთარი თავის გარდა.

– სასაცილოა, რომ რუსეთის გამოსახვის შეუძლებლობა ზოგადად რუსული იდენტობის განუყოფელი ნაწილია იმდენად, რამდენადაც ეს ჯერ კიდევ  XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ჩვენ გვაქვს ჩვენეული წარმოდგენა დასავლეთზე, რომელსაც ჩვენი გაგება ბოლომდე არ შეუძლია. ამას უკავშირდება ის სტერეოტიპიც, რომ რუსეთი ტანჯვის ქვეყანაა. სწორედ ამ სტერეოტიპის განხილვა მინდა მე. დღეს თვალს ვადევნებთ პავლენსკის აქციებს და  ვხედავთ, რომ ის სავსეა თვითგვემით. თქვენ როგორ უყურებთ ამას?

ჩემთვის პავლენსკი, პირველ რიგში, საინტერესოა იმით, რომ იგი რუსულ აქციონიზმს აბრუნებს იმ პერიოდთან, როცა რუსულმა კულტურამ ის გამოტოვა. უბრუნდება დასავლეთში 60-70 იანების პერფორმანსის დასაწყისს, რომელიც სრულიად მაზოხისტური იყო (კრის ბერდენი, ადრეული აბრამოვიჩი და ულაი) – ეს ძალიან შთამბეჭდავი სვლაა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს დაბრუნება ხდება დღეს, როცა სხვა მედია გარემოა, ამიტომაცაა პავლენსკის ნამუშევრები  ასეთი სანახაობრივი.

საერთოდ, ხელოვნების ეს მიმართულება დღემდე ცოცხლობს: მე მყავდა სტუდენტი, რომელიც დგამდა თავის კვეთის სცენას, სადაც თავს თითქოს მატლები ჭამდნენ. მაგრამ ამ კონტექსტში მე ვისაუბრებდი არა სხვების თვალწინ განადგურებაზე, არამედ თვითგანადგურებაზე – გაიხსენეთ ნიცშე. როდესაც ადამიანი შეზღუდულია გამოხატოს აგრესია საზოგადოებაში, ის ამ აგრესიას საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ მიმართავს. ტანჯვის გავლით ის ხდება სუბიექტი – ეს ჩვენ ცნობილი ადამიანების მაგალითზე ვიცით, რომლებიც მაგალითად ჯვარს ეცვნენ.

სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაიმართა ახალგაზრდული ბიენალე, თემით სახელად – „ღრმად შიგნით“. მე გამაოცა იმან, თუ რამდენი ნარცისისტული პრაქტიკა და ობიექტი იყო გამოტანილი გამოფენაზე. ერთი წლის წინ, ჩატარდა მოსკოვის ბიენალე, სადაც ყველაფერი პირიქით – ურთიერთქმედებასა და მაყურებლის თანამონაწილეობის შესაძლებლობაზე იყო დაფუძნებული. მე მგონია, რომ ეს ორი რეჟიმი რაღაცნაირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს: ერთის მხრივ ხელოვანები ცდილობენ დაუბრუნდნენ კოლექტიურ პრაქტიკებს, ხოლო მეორეს მხრივ – ყველა სულ უფრო მეტად იკეტება ნიჰილიზმში.

გეთანხმებით, მაგრამ მცდელობა, რომ ხელოვნების საშუალებით შეიქმნას საერთოობის განცდა – ეს ნოსტალგიური პრაქტიკაა, რაც ახასიათებს უფროს თაობას, რომელმაც კომუნიზმი დაკარგა. ახალგაზრდა თაობას არაფერი დაუკარგავს იმდენად, რამდენადაც გაიზარდა კულტურაში, სადაც არავინ არავის უსმენს, არავინ არავის  უყურებს და სადაც ყველას რაღაცის თქმა უნდა. არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ნიჰილიზმია.

დღეს ყველას რაღაცის დემონსტრირება სურს, ეს, რაღაც აზრით, სელფის კულტურაა. ამასთან, ჩვენი ერთადერთი პუბლიკა – Google, თვალთვალის სისტემები და სპეცსამსახურებია – ანუ ადამიანები, რომლებიც ამისთვის სპეციალურად იხდიან ფულს ან აკეთებენ ამას სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. დანარჩენებს არაფერი აინტერესებთ. თანამედროვე ხელოვანები მიეჩვივნენ, რომ ისინი თავადვე არიან საკუთარი თავის აუდიტორია და ხელოვნების პროცესი სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება  საკუთარი თავის ჭვრეტისა და კვლევის ფსიქოდრამას .

– როგორ გგონიათ, ხელოვნების თეორიისათვის პრობლემატურია თაობათა შორის წყვეტა? უფროსი თაობის კოლეგებთან ურთიერთობისას ხშირად ვამჩნევ, რომ არსებობს განსხვავება პირობითად 1989 წელს დაბადებულ ადამიანებსა და მათ შორის, ვინც მოესწრო საბჭოთა კავშირს და შეუძლია საკუთარი საბჭოთა გამოცდილებით რეფლექსირება. ჩემი აზრით, თქვენ ძალიან ზუსტად ამბობთ, რომ ხელოვნებაში თანამონაწილეობის პრაქტიკები ნოსტალგიურია იმდენად, რამდენადაც ეს რაღაც აზრით კომპენსირებს იმ თანამონაწილეობის პრაქტიკებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ გვაქვს. თუმცა, კითხვა უფრო რთულდება, როცა ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც არც არასდროს ჰქონიათ ასეთი გამოცდილება, გამოდის რომ მათ ნოსტალგია აქვთ იმისა, რასაც არასდროს მოსწრებიან.

– ყველა თაობას საკუთარი ვიზუალური და ტექნოლოგიური გამოცდილება აქვს, სახელოვნებო ნამუშევრის შექმნისა და აღქმის გამოცდილება. მე მგონია, რომ თაობათა შორის წყვეტის პრობლემა დიდი ალბათობით რუსეთში დგას. დასავლეთში სიტუაცია განსხვავებულია და თაობათა შორის ზღვარიც სულ სხვაგან გადის: ახალგაზრდა თაობა სულ უფრო ექცევა ინტერნეტის ზეგავლენის ქვეშ და სხვათა შორის, თუ დააკვირდებით თარიღებს, აღმოაჩენთ დამთხვევას – ინტერნეტი, თანამედროვე ფორმით, აღმოცენდა სწორედ ცივი ომის დასრულების შემდეგ.

ვფიქრობ, რომ ინტერნეტის ძირითადი პრინციპი – ესაა საჯარო სივრცის ფრაგმენტაცია. ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ XIX – XX საუკუნეებში ჩამოყალიბებული საჯარო სივრცის კრახის შედეგებს. დღეს ინტერნეტი – ესაა facebook-ზე მეგობრებთან სოციალიზაცია, მსგავსად XVIII საუკუნეში ადამიანებს შორის სოციალიზაციისა, თუმცა შესაძლებელია სრულიად განსხვავებულ სოციალურ ქსელებში მოხვედრაც და მაშინ ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მედია სივრცეს მთელი თავისი მოცულობით: იარაღის უკანონო გაყიდვის საიტები და ტერორიზმის პროპაგანდა, პორნო საიტები, რესურსები რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისთვის. აქ ადამიანები განიხილავენ საკუთარ პრობლემებს, რომლებიც განსხვავდება ჩვენი პრობლემებისგან. არ მგონია, რომ ინტერნეტსივრცეში არსებობდეს რაიმე ერთობა. ინტერნეტი თავად არის ერთობის დასასრული.

რამდენად შეცვალა ინტერნეტმა ხელოვნება? ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან ხელოვანებმა და კურატორებმა? ინტერნეტის გაჩენის მომენტი მახსენებს იმ გადატრიალებას, როდესაც ფერმწერები პირველად შეეჯახნენ ფოტოგრაფიას.

– ხელოვანისთვის ამ ტექნოლოგიურ შეჯიბრში ჩართვა საშიშია. ჩემს ბევრ სტუდენტს სურს განცალკევდეს სახელოვნებო „ეკოსისტემისგან“ და შექმნას რამე ვირალური ვიდეოს მსგავსი. პრობლემა იმაშია, რომ ისინი კონკურენციაში შედიან გავრცელების მძლავრ მექანიზმთან, რასაც ვერ აჯობებ. მაგალითად თუკი აიღებთ ვირალური ვიდეოების ჩამონათვალს, რომელთაც ყველაზე დიდი პოპულარობა ხვდა წილად ბოლო წლების მანძილზე, ნახავთ, რომ პირველ ადგილზე დგას კატების და ძაღლების ვიდეოები. მეორეზე – გაქურდვის ან საგზაო შემთხვევების… მორჩა – თქვენ ან საშინელ ავარიაში უნდა მოხვდეთ, ან გადაიქცეთ კატად ან ძაღლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნდოვანია გზა, რომლითაც პოპულარობას მიაღწევთ ინტერნეტში.

ვფიქრობ, საჯარო სივრცის ფრაგმენტაციის პირობებში, კარგია, რომ სახელოვნებო სისტემა ჩაკეტილი რჩება. ამით იქმნება შესაძლებლობა უფრო თავისუფალი და საინტერესო გამოხატვისთვის, რაც შეუძლებელია მოხდეს დიდ არენაზე. აი, თქვენ ახსენეთ შორისდებულები. ახლა ყველა პოლიტიკოსი შორისდებულებით და ცარიელი ფრაზებით  ლაპარაკობს, იმიტომ რომ საერთოდ შეუძლებელია რაიმეს თქმა ისე, რომ ამით ვინმე არ შეურაცხყო. თამაშის ამოცანა მდგომარეობს იმგვარი რაღაცების თქმაში, რაც არ გამოიწვევს პროტესტს მცირე მოსახლეობაშიც კი. ადამიანების მიზანია ისეთი რამის ლაპარაკი, რაც უსაფრთხო იქნება – ცდილობენ თქვან და ამით არც არაფერი თქვან, არავინ წამოიკიდონ, ცდილობენ საკუთარი გამონათქვამები მაქსიმალურად უშინაარსო იყოს. ეს გარკვეული აზრით გავს კიდეც ისტორიას კატებზე და ძაღლებზე, თუმცა, თუ გსურთ, რომ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთოთ,  მაშინ უნდა დაავიწროვოთ ზონა, სადაც თქვენს მიერ გამოთქმული აზრი იტრიალებს.

– ეს ძალიან ღირებული შენიშვნაა. ავიღოთ სოციალური ქსელები: ყოველ დღე, შენს ქალაქში ტარდება 15 „ღონისძიება“, რომელთა გამოტოვებაც თითქოს არ ღირს, თუმცა ესწრები რომელიმეს და ფიქრობ, რომ სახლში დარჩენა ჯობდა. სოც-ქსელები თითქოს გიბიძგებენ გამოიმუშავო გამოცდილება, რომელიც სინამდვილეში არც არასდროს გქონია. როგორ შევძლოთ ვიმუშაოთ ამ სისტემის საზღვრებში, თუ  საერთოდ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი?

– ინტერნეტს საერთოდ არ გააჩნია ცენტრი, შესაბამისად შეუძლებელია მოვექცეთ მისი საზღვრების ფარგლებში. ის – როგორც ღმერთია; ღმერთის  კლასიკური, შუასაუკუნეობრივი განმარტებით. მისი ცენტრი არ არსებობს, ხოლო საზღვრები ყველგანაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სისტემაში, რომელიც არა კულტურული, არამედ ინფორმაციულია. რადგან კულტურის სისტემა – ეს განათლებისა და აღზრდის სისტემაა, ინფორმაციის გაცვლა კი  საქონელბრუნვას ჰგავს.

ნეოლიბერალური წარმოდგენა, რომ კულტურული პრაქტიკები ინფორმაციის გაცვლაში მდგომარეობს,  შეცდომაა. სინამდვილეში, ჩვენი კულტურული ქცევები არ არის ჩვენგან გაუცხოებული, შეუძლებელია მათი ჩვენგან განცალკევება და საქონელივით მიმოქცევაში ჩაშვება. თქვენ სხედხართ სახლში და იღებთ ინფორმაციას, რომ თქვენი რამდენიმე მეგობარი სადღაც წავიდა. თქვენ ინფორმირებული ხართ – ეს საკმარისია და აღარ გჭირდებათ დამატებით რაიმეს გაკეთება. არსებობს გამოთქმა: „მის წინაშე გადაიშალა ენით აღუწერელი სანახაობა.“ მეტი არცაა საჭირო, ეს აღწერა თავისთავად ამომწურავია. „თქვენ წინაშე გადაიშალა ინტერნეტი, რომელსაც სრულიად ვერ დაფარავთ“, თუმცა შეგიძლიათ დახუროთ თქვენი ბრაუზერი.

– მივხვდი, მაგრამ იქნებ კულტურა იძლევა გარკვეულ ორიენტირებს თანამედროვე ინტერნეტ-სივრცეში? ადრე ხელოვნების ისტორიას წარმოგვიდგენენ ისეთი ნოველის სახით, რომლის სიუჟეტი ვითარდებოდა პალეოლითის დროინდელი კერპებიდან – ხელოვნების აყვავების ხანამდე. ახლა, საძიებო სისტემაში წერ „რენესანსის ხანის ხელოვნება“ და პოულობ ობიექტების ყველანაირ კრებულს. როგორ არ უნდა დაიკარგო გამოსახულებების ამ კორიანტელში?

– ვფიქრობ, არანაირი ორიენტირი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ რევოლუციურ ეპოქაში და ჩვენი სინამდვილე არსებითად ფრაგმენტიზებულია, აგებულია წყვეტებზე და არა განგრძობითობაზე. თქვენ ახსენეთ ხელოვნების ისტორიის კვაზიბიოლოგიური მოდელი, რაც მოიცავს სტილის „აყვავების“ გაგებასაც. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს მოდელი დომინანტური იყო, მაქს ნორდაუ წერდა ხელოვნების, როგორც დეგენერაციის ეფექტის შესახებ. ამ დროის ყველა მიმართულება დაფუძნებულია სახელოვნებო შემოქმედების ექსპრესიულ მოდელზე – როცა ხელოვანი გამოსახავს იმას, რასაც გრძნობს და ხედავს. და თუკი, მაგალითად ფრანც მარკი ცხენებს ხატავს ცისფრად, ეს იმიტომ რომ ის დეგენერატია და ცხენებს მართლაც ასე ხედავს.

სინამდვილეში, ის ცხენებს ხედავს ისე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათი ცისფრად დახატვის გადაწყვეტილება კი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ პროექტს: არ მინდა საგნები გამოვსახო ისე, როგორადაც მე მათ ვხედავ. გესმით? თუკი ცხენებს ვხატავ ცისფრად, ამით ვამბობ, რომ თქვენი ყველას წინააღმდეგი ვარ და არ მინდა თქვენთან რაიმე საერთო მქონდეს, და თუკი ჩვენ შორის საერთო მაინც არის, ამაზეც უარს ვამბობ. ეს პროტესტის ტაქტიკაა, ეს რევოლუციის სტრატეგიაა.

თანამედროვე ეპოქა ბალახისმჭამელი ცხოველივით შედარებით უწყინარია – ის სასტიკია სოციალურ დონეზე, თუმცა არაა მტაცებელი კულტურულ დონეზე და ეს ორი დამოკიდებულება ურთიერთწინააღმდეგობრივია. არსებობს ფუნდამენტური შეუსაბამობა – თუ როგორ პოზიციონირებენ ადამიანები კულტურული თვალსაზრისით, ამ პრაქტიკასა და იმ რეალობას შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ გამუდმებით სურთ, იყვნენ პოზიტიურები, ოპტიმისტები, თავაზიანები, კომუნიკაბელურები, თუმცაღა ვერ იტანენ ერთმანეთს. მგონია, რომ  მეტი რეალიზმი ურიგო არ იქნებოდა თანამედროვე კულტურისათვის.

– გეთანხმებით. 90-იანების მოსკოველი აქციონისტები სწორედ რომ აგრესიულები ჩანან, უყვართ პირდაპირი ჟესტი; საკუთარ თავს კი უპირისპირებენ კონცეპტუალისტებს და მათ სიყვარულს ორაზროვნების მიმართ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო თაობათა შორის განხეთქილება. მე და ჩემი სამეგობრო წრე კი, წიგნის ჭია განდეგილებივით ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი წიგნები და არაფერს განვიცდით სამყაროსთან მიმართებაში. ვცდილობთ ყოველთვის რაღაც ვთქვათ, თუმცა თან გვესმის, რომ ეს უსარგებლოა. რამდენად აღიქვამთ ამას, როგორც პრობლემას ხელოვნებაში თქვენ?

ჩემთვის ტიპური „განდეგილი“ იყო ნიცშე, ავადმყოფი კაცი. ის პრაქტიკულად სულ სახლში იყო ჩაკეტილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლაპარაკობდა ღიად და დაუფარავად. სისასტიკე შესაძლებელია არა ფიზიკურ დონეზე, როგორც ეს აქციონიზმის შემთხვევაშია, არამედ დისკურსულ დონეზე. გაიხსენეთ ჰუისმანსი – ახლახან გამოვიდა უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელშიც მთავარი გმირი – ლიტერატურის მცოდნე ჰუისმანსის მკვლევარია. ყველა ეს დეკადენტები და ადრეული ავანგარდისტები არ წამოადგენდნენ მოქმედ ადამიანებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მათ გამოხატვის რადიკალიზმში. დღეს მგონია, რომ ადამიანები ზედმეტად კომუნიკაბელურები არიან, მათ შორის, ინტერნეტის გამოც, რომელიც გამუდმებული კომუნიკაციის ილუზიას ქმნის, ეს კი აქარწყლებს სამყაროს მიმართ სიძულვილს.

რატომ ვსაუბრობ ნიცშეზე ამდენს? იმიტომ, რომ სწორედ რომ მარტოობა, ჭეშმარიტად რადიკალური მარტოობა აჩენს მთლიანობასთან მობრუნების შესაძლებლობას და სურვილს. სწორედ აქედან ამოიზარდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მთელი ავანგარდი. აქედან ამოიზარდა შეგრძნება, რომ არსებობს მე და მთელი სამყარო – რომელსაც მე ვაღიარებ, ან მძულს. თუმცა ახლა, ერთიანობის ეს ნება გაწყვეტილია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი წამოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ნაწილს. ისინი საუბრობენ საკუთარ თავზე, იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ მთლიანობაზე. ჩემი სტუდენტები მოდიან ჩემთან და ამბობენ: „უმჯობესია, თუ მე ვიტყვი ჩემს შესახებ“, და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. რას ნიშნავს ეს? სინამდვილეში ისინი ცხოვრობენ გარკვეულ ფარულ იდენტობაში, ოღონდ არ უტყდებიან საკუთარ თავს ამაში და სცხვენიათ ამის.

თქვენ შეეხეთ მნიშვნელოვან მომენტს. დღეს ადამიანები ძალიან ზრუნავენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ყველა რაღაც ადვილ და ხელმისაწვდომ საშუალებებს ეძებს, რათა გაუმკლავდეს საკუთარ მძიმე სულიერ მდგომარეობას. რატომ ხდება ეს?

ეს ხომ ნათელია. ეს არის ნეოლიბერალიზმის ეფექტი წმინდა სახით – ადამიანის ჩაკეტვა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირება. მსგავსი სიტუაცია გვქონდა XIX საუკუნის ბოლოს – მაშინ ლიბერალიზმის პირველი ბუმის დროსაც იყო თავისუფალი ბაზრები, საქონლისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. მაშინაც იყვნენ ცნობილი სახეები და ტერორისტები; იგივე სტრუქტურები იყო, რაც დღეს გვაქვს და მაშინ, ადამიანთა უმრავლესობა დაკავებული იყო ფსიქოანალიზით. როდესაც ინდივიდზე ახდენენ ზეწოლას, მას მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლია – ან  წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, ან გაანეიტრალოს ზეწოლა, რაც მეტწილად მედიკამენტოზური საშუალებებით ხდება. ვამჩნევ, რომ ყველა ჩემმა სტუდენტმა,  რომლებიც ჩემთვის ახალგაზრდა თაობის მაგალითებს წარმოადგენენ, შეწყვიტეს ფსიქოლოგებთან და ფსიქოანალიტიკოსებთან სიარული. ფსიქოანალიზი გადაშენდა, დარჩა მხოლოდ ფარმაკოლოგია.

ეს ერთი გზაა, ხოლო მეორეა – მივყვეთ ნიცშეს: დავიწყოთ ამ მდგომარეობით ტკბობა და მისი შესწავლა, ამ მდგომარეობისგან გაქცევის ნაცვლად. მისი მასალად ქცევა შესაძლებელია და მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თუ ეს მასალა თქვენ პერსონალური, მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი გეგონათ, ის შეიძლება განზოგადდეს კიდეც. შინაგანი მარცხებისა და გამუდმებული დაუკმაყოფილებლობის ანალიზი – ესაა ჩვენი დროის  პიქტოგრამა ანდა ტექსტოგრამა. აქ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სკანდინავიელი მწერლები, რომელთაც დიდ ხნის განმავლობაში არავინ იცნობდა, ახლა კი მათ ყველა კითხულობს. ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ სტატიაში სწორედ იმ აზრს ვაყალიბებ, რომ თანამედროვე რეალიზმი ძალიან ჰგავს XIX საუკუნის რეალიზმს – მას ადამიანის ფსიქიკაზე რეალობის ასახვის ასეთივე მიზანი გააჩნია.

ამ გაგებით, მე თავიდან აღმოვაჩინე ეკონომიკური დეპრესიის დროის ლიტერატურა, კონკრეტულად კი ფიცჯერალდის „რღვევა“…

ეკონომიკური დეპრესია, ასევე, ძალიან აქტუალურია. შორეულ ახალგაზრდობაში წავიკითხე რომანი, რომელსაც მეორედ აღარ წავიკითხავდი, თუმცა მაშინ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესაა – ფლობერის „გრძნობების აღზრდა“, სადაც ყველაფერი აგებულია იმაზე, რომ მთავარ გმირს გრძნობები უკვდება. ამ რომანმა შემძრა თავისი რეალიზმით, რომელიც მე მესმის, როგორც ინდივიდის რეაქცია რეალობაზე. მარქსს ძალიან უყვარდა ამგვარი ლიტერატურა, აღმერთებდა ბალზაკს და ფლობერს. მან კარგად აღწერა, თუ როგორაა კაპიტალიზმის პირობებში ადამიანის ფსიქიკა შეპყრობილი ფატალისტური განცდებით. ეს იყო XIX საუკუნეში. 60 და 70-იანების ცალკეული ტექსტებშიცაა დაჭერილი ადამიანის სამყაროსთან ურთიერთქმედების ეს ფატალურობა – მსგავსი რამაა რობ-გრიეს ნაწარმოებში – „რევოლუციის პროექტი ნიუ-იორკში“.

ეს შეგრძნება ბრუნდება კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით. ფატალიზმი საინტერესოა იმით, რომ მასში არაა მორალი – სასჯელი დგება ისე, რომ არ არსებობს დანაშაული. ახლა ჩვენ კვლავ ვეჯახებით კულტურასა და მორალს მიღმა პროცესებს და გამუდმებულ შეტევებს განვიცდით. თუკი ვისაუბრებთ სახელოვნებო შემოქმედებაზე, მგონია, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი შესაძლო რეაქცია – ეს რეფლექსიაა, პოლიტიკური რეაქცია, რადგან სოციალიზმის დაბრუნებაზე საუბარი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ადრეა. ადამიანები ჯერ ისევ ზედმეტად არიან გართულნი ინდივიდუალიზმით: ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე, რომ ის სტარტ-აპია, რომ მას შეუძლია გამოავლინოს შემოქმედებითობის წარმოუდგენელი ნიჭი. ყველა ფიქრობს, რომ საკუთარ თავში ატარებს გარკვეულ კრეატიულ ძალას, თუმცა, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება.

– რაღაც ამდაგვარი მეც გავიარე. მგონია, რომ სახელოვნებო კრიტიკის ადრინდელი ტრადიციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ გააჩნდათ პოზიცია, პოლიტიკური ნება. მე კი მხოლოდ წუწუნი დამრჩენია.

რაღაც აზრით გეთანხმებით, თუმცა, მაგალითად, მარქსი თავის წერილებში წერდა იმის შესახებ, თუ როგორ უშლიდა ნერვებს სოციალისტური თემატიკის ლიტერატურა. მას უფრო მეტად მოსწონდა ბალზაკის კითხვა, რომელსაც განურჩევლად ყველა სძულდა და უპირატესობას არავის ანიჭებდა –  ეს იმიტომ, რომ ბალზაკს არ ჰქონდა ილუზიები. ამიტომ, არა მარტო წუწუნი დაგვრჩენია, არამედ აღწერა და ანალიზი, რაღა თქმა უნდა  უიმედო პოზიციიდან. ეს ერთადერთია, რაც იყო და დღემდე რჩება ყველაზე უფრო სწორ მიდგომად.

ინტერვიუ მოამზადა ბორის კლუშნიკოვმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ