მაოხრებელი მკვდრის არასაიდუმლო სირობა

თვეების განმავლობაში ოპოზიციისგან ყოველმხრივ რეკლამირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრება მკვდარშობილი დაიბადა. მშობელიც და მკვლელიც თავად ოპოზიცია აღმოჩნდა. მიტინგზე შეკრებილ 10 ათას ადამიანს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ელიტამ კონკრეტული მოქმედების გეგმის ნაცვლად შესთავაზა თავისი თავი, ახალ ამპლუაში გამოწყობილი ძველი სახეები, ხოლო  ხელისუფლების შეცვლის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რეალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.
წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეა შესაძლოა ორიგინალური იყო, მაგრამ მოსახლეობის ოპოზიციურ ნაწილს სულ ფეხზე კიდია კრებაც, მისი სტრუქტურებიც და ამ სტრუქტურებში დიდი გაწევ გამოწევით ჩასმული პოლიტიკოსებიც, კულტურის მოღვაწეებიც და „ექსპერტებიც“. ხალხისთვის ეს კრება იყო საშუალება კონკრეტული მიზნის _ სააკაშვილის მოშორებისთვის, კრების ორგანიზატორებისთვის, კი როგორც აღმოჩნდა, თავად კრება ყოფილა მიზანი. შემოიარეს საქართველო, ჩამოიყვანეს დელეგატები, შეკრიბეს რუსთაველზე, დააფუძნეს კრება და დაიშალნენ. საზოგადოება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოტყუებული, მოხმარებული და მოსროლილი. კრების ორგანიზატორთა უპირველესი დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ცრუ მოლოდინების შექმნა. გასაგებია, რომ მათთვის ეს არის ნაცადი აფიორა „მასოვკის“ მოსაყვანად, მაგრამ ოპოზიციის მერკანტილური მიზნების დაკმაყოფილების პარალელურად ინგრევა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის მცირეოდენი შანსებიც კი. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციის მაგალითებმა გააქტიურონ საზოგადოების მეტი წარმომადგენელი, ეს მაგალითები ჩანასახშივე კლავენ ამ მაგალითებს, რითაც აკეთებენ უფრო დიდ საქმეს ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება თავის ვანო მერაბიშვილიანად. სხვათაშორის,წინასწარ  რევოლუციის დასაწყისად მონათლულ შეკრებას შსს-მ სრული იგნორი გამოუცხადა, რაც მიანიშნებს მხოლოდ ერთ დასკვნაზე _ ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს არავინ არ მოუწოდებდა რეალური მოქმედებისკენ, შესაბამისად შსს-ს კავშირი აქვს ოპოზიციონერ ორგანიზატორებთან. ამიტომაც ნურავის ეწყინება, თუ ოპოზიციის „მასოვკებში“ მიტყუებული ხალხი გამოიტანს დასკვნას _ ოპოზიცია ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
სახალხო კრების დასრულებამ  დამსწრე ხალხი სახტად დატოვა, მოსახლეობა ორგანიზატორებს სთხოვდა პასუხს კითხვაზე _ რატომ ვიშლებით, თუ ხელისუფლების დასრულებას ვაპირებდითო, რაზეც იღებდა პრეტენზიას _ ეს ხელისუფლება თქვენი მოყვანილია, და თუ გაშვება გინდოდათ 10 ათასის ნაცვლად 100 ათასი მოხვიდოდითო. ჯერ ერთი, დღევანდელი ოპოზიციის თითქმის 100% სააკაშვილის ყოფილ ფანკლუბს წარმოადგენდა, ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა პირველ რიგში მათი ბრალია. გარდა ამისა, 10 ათასი ადამიანი ისეთივე მოქალაქეა, როგორც არმოსული 100 ათასი, სხვაობა იმაშია, რომ  მოსულებს კიდევ ქონდათ დარჩენილი იმედი ამ ოპოზიციის, ელოდა, რომ დასახელდებოდა მეორე კონკრეტული შეკრების ან რევოლუციის დასაწყისის თარიღი, მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად, ოპოზიციონერებმა აქეთ შეუტიეს ხალხს რატომ არ აქტიურობთო. საინტერესოა, თუ ხალხი თავად უნდა გააქტიურდეს, თავდ შეიკრიბოს და თავად იმოქმედოს, მაშინ რა საჭიროა ეს ოპოზიცია, ეს პატროტული ელიტა და ჭკვიანი ექსპერტობა? სხვათაშორის მიტინგის დასრულების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები არა მარტო გამოიტანა, არამედ საკმაოდ თამამი ფორმით გაუზიარა კიდეც უპრინციპო ორგანიზატორებს _ ოპოზიცია მატყუარა და არაფრისმაქნისია. განრისხებული ხალხის ალყაში მოყოლილი ოპოზიციის ლიდერები ძლივს გადაურჩნენ გალახვას. სახალხო კრების ბედი გადაწყვეტილია, ის მოკვდა. სულ მალე, მისი ორგანიზატორები კვლავ გადავლენ ერთმანეთის დადანაშაულებაზე და ხელისუფლებაც დიდი სიამოვნებით დაუთმობს მათ ამისთვის სატელევიზიო ტრიბუნას. არა, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ კეთილ მიშას სურს დაანახოს ხალხს თუ რა ბრიყვი და არასანდოა ოპოზიცია. უბრალოდ, სააკაშვილი შეეცდება ამ ოპოზიციისთვის ტრიბუნის შენარცუნებით გაუხანგრძლივოს მას არსებობა, რათა სხვა, ახალ და ახალგაზრდულ, გაურყვნელ და თავისუფალ ძალებს არ მიეცეთ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება. დღეს სააკაშვილს ისევე აწყობს საქართველოში დღეს არსებული ოპოზიცია, როგორც პუტინს აწყობს სააკაშვილის პრეზიდენტობა.
25 ნოემბერი იყო ქართული ოპოზიციის მიერვე საკუთარი თავისთვის გადახდილი ქელეხი. და ეს სულაც არ არის ცუდი საზოგადოებისთვის. ქელეხი ჯერ კიდევ 2008 წელში იყო გასამართი, მაშინ როცა არსებულმა ოპოზიციამ ვერ, უფრო სწორად კი არ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა და როგორც პოლიტიკური სუბიექტი უსუსურობის განგრენით მიიცვალა. როცა ორგანიზმი კვდება საჭიროა მისი დამარხვა ან უტილიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გვამი იწყებს ხრწნას და საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. დღევანდელი ოპოზიცია არის ზომბი, რომელიც არ ეგუება საკუთარ სიკვდილს და პერმანენტულად ცდილობს საფლავიდან წამოდგომას, რაც იმით სრულდება, რომ რუსთაველზე ან სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილას დგება კურდღლობის, ღალატის, ცრუპენტელობისა და უსიცოცხლო დევიზების აქოთებული სუნი. ეს შმორი სჭირება სააკაშვილს, რათა იმ ადგილებზე, სადაც ოპოზიციის გვამი მიდის არ მივიდეს ჩვეულებრივი ხალხი და მართლაც არ მოინდომოს ხელისუფლების შეცვლა. ეს გვამი საფლავში ღრმად უნდა ჩაიმარხოს, თანაც მანამდე, სანამ დადგება ხელისუფლების გასვენების მომენტი. სანამ არსებობს ასეთი ოპოზიცია, იარსებებს ასეთი ხელისუფლებაც.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ