კომუნიზმის რელიგია

      კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკურ ფილოსოფიაში სიუზენ ბუკ-მორსი მეტად საინტერესო წინადადებით წარსდგა 2009 წელს ბირბენკში გამართულ კონფერენციაზე.  მისი აზრით განმათავისუფლებელი ბრძოლა ყოველთვის შეიცავს თეოლოგიურ ელემენტებს და თავად თეოლოგიაშიც კი მრავლადაა განმათავისუფლებელი ელემენტები.  ის ვალტერ ბენიამინის ბენიამინის ცნობილ სენტენციას იყენებს, რომლის მიხედვითაც სოციალიზმის გადარჩენა თეოლოგიის გადარჩენას უტოლდება.
      მართლაც, რატომ არის რომ პოსტ-სეკულარულ პერიოდში უფრო და უფრო მეტი მემარცხენე ფილოსოფოსი რელიგიას უბრუნდება როგორც შთაგონების წყაროს?  იგივე ალან ბადიუ, რომელიც ერთის მხრივ მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმის ერთ-ერთ მოციქულადაც შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ პავლე მოციქულის და იესო ქრისტეს მაგალითს უკავშირებს უნივერსალიზმის ყველაზე ძლიერ იდეას.  პავლე მოციქული, რომელიც ძველბერძნული რაციონალური და გონისმიერი ტრადიციების საწინაამდეგოდ მიდის და განასახიერებს ‘მილიტანტ ანტი-ფილოსოფოსს’ მოიპოვებს დიდ გამარჯვებას საკუთარი უნივერსალისტური მოწოდებით.  ‘იესოს ყველა უყვარს, ებრაელიც და გოიმიც – და მაშასადამე ყველას აქვს გადარჩენის შანსი’ – ამ მოკლე პეამბულას ბევრად დიდი ძალა აღმოაჩნდა ვიდრე პლატონისა და არისტოტელეს მოწაფეების მეცნიერულ არგუმენტებს.  პავლე მოციქული სიყვარულის დოქტრინის წყალობით იმარჯვებს ამ ბრძოლაში, ერთის მხრივ პეტრესთან, რომელიც ეთნიკურ ნაციონალიზმს წარმოადგენს და ითხოვს რომ ქრისტიანები მხოლოდ ებრაელები იყვნენ და მეორეს მხრივ ბერძენ სეკულარისტებთან, რომელთაც რაციონალიზმის ‘ფა-ლოგო-ცენტრისტული’ პარადიგმა უმაღლეს წერტილანდე ჰქონდათ აყვანილი.  დიახაც, უბრალო ებრაელი პავლე საკუთარი სიყვარულის ფილოსოფიით ახერხებს არა მარტო ნაციონალისტების, არამედ სეკულარული კოსმოპოლიტების დამარცხებასაც.   რა არის ამის მიზეზი?
       ალან ბადიუ თავის ‘კომუნისტურ ჰიპოთეზაში” კარგად მიუთითებს სეკულარული ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის მთავარ ნაკლოვანებაზე, რომელიც ამავე დროს მისი მთავარი ძალაცაა.  ეს არის სრული კორუფცია – სრული მატერიალიზმი – ამ სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით.  თანამედროვე სეკულარული ცივილიზაციიის მთავარ ნაკლოვანებად ბადიუ მიიჩნევს იმას რომ იდეის ადგილი მატერიალურმა ნივთებმა და კარიერამ დაიკავა.  სიხარბე უკვე ლიგიტიმურ იდეოლოგიად გადაიქცა – განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთელს მსოფლიოში ჰაიეკის, მილტონ ფრიდმანის და მათი მეგობრების სიხარბის მანიფესტოები ლამისაა სახარებისეულ ტექსებად აქციეს ნეოლიბერალიზმის მიმდევრებმა.   თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიულმა სამყარომ ადამიანებს დაუკარგა იდეა – და ამის ნაცვლად შესთავაზა საყოველთაო მატერიალური კორუფცია.
       საინეტერესოა რას წერს მარქსისტი ბადიუ ამის თაობაზე:
       “სენ ჟუსტმა საკვანძო კითხვა დასვა:  რა სურს იმას ვისაც არც საზოგადოებრივი სიკეთე და არც ტერორი უნდა?  მისი პასუხი იყო რომ ამ ადამიანებს კორუფცია უნდოდა.  და მაშასადამე ეს ზუსტად ისაა, რასაც დღევანდელი მსოფლიო გვთხოვს:  რომ უსიტყვოდ მივიღოთ საყოველთაო კორუფცია, რომელიც საქონლისა და ფულის საფარქვეშ გვევლინება.  მთავარი პოლიტიკური ღირსება რომლისთვისაც დღეს უნდა ვიბრძოლოთ, გამბედაობაა.”  (Alain Badiou, “The Communist Hyphotesis”, Verso, 2010, p. 67)
       ამ შემთხვევაში ბადიუს ამ სიტყვების გადათარგმნა სხვანაირადაც შეიძლება.  იმ ტიპის კორუფციას, რომელსაც ბადიუ გულისხმობს ამ ჰიპოთეზაში ქართულ ენაზე გარყვნილებასაც უწოდებენ.   იდეისთვის ღალატი და მისი გაცვლა მატერიალურ ფასეულობებზე სწორედაც რომ გარყვნილების ყველაზე კარგი დეფინიციაა.  სწორედ ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი ‘ლიბერალურ-დემოკრატიული’ ბურჟუა ცივილიზაციისათვის.   ადამიანებს სიყვარულის იდეის სანაცვლოდ სთავაზობენ სხვადასხვა საქონელს, ნივთებს, ფულს, კარიერას და ამ მატერიალური მიზნების მიღწევის სანაცვლოდ სთხოვენ მთავარი ადამიანური იდეის – სიყვარულის უარყოფას.   სოციალური სამართლიანობა ხომ სიყვარული იდეის განხორციელებაა – პავლე მოციქულის მილიტანტური ანტი-ფილოსოფია – ყველა ადამიანის სიყვარულის სახელით ქმედება.  ერთდროულად ეს ყველაზე მარტივი იდეა ყველაზე რთულად განსახორციელებელია.  ბადიუს დღევანდელობის ანალიზი სწორედაც რომ ამას უსვამს ხაზს.  რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ათეისტური საბჭოთა კავშირის დაცემის მერე მატერიალიზმმა სახეცვლილება განიცადა და ლიბერალური-დემოკრატიის საფარქვეშ საყოველთაო მომხმარებლობის ფორმა მიიღო.   ამ საყოველთაო მომხმარებლობამ, სადაც ყველანაირი საგანი, ინფორმაცია, ემოცია, კოცნა, წივილ-კივილი ‘თავისუფალ ბაზარზე’ იყიდება, ჩვენი ცხოვრებიდან მთლიანად განდევნა იდეა.  არადა, ადამიანს იდეის გარეშე არსებობა არ შეუძლია.  რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, კომუნიზმი სწორედაც რომ იდეაა.   დიახაც, ეს იდეა რომელიც ძირითადად მატერიალისტმა და ათეისტმა მოაზროვნეებმა ჩამოაყალიბეს სწორედაც რომ თეოლოგიური ჰიპოთეზაა.
    ბადიუ ლაპარაკობს იმაზე რომ 1968 წლის საპროტესტო იდეალისტური მოძრაობის შემდეგ დასავლეთში სრულმა აპათიამ დაისადგურა.  ეს აპათია ჩაანაცვლა ბურჟუა კონსუმერულ-მატერიალისტურმა ცხოვრების სტილმა, რომლის მთავარი სიამოვნება სწორედაც რომ მატერიალური ნივთებით ტკბობაა.  ამის პასუხად ბადიუ თავისი წიგნის ერთ-ერთ თავს ასეთი მოწოდებით ამთავრებს:
       “სწორედ ამიტომაა რომ ჩვენ 1968 წლის მაისის სულის ერთგულები უნდა დავრჩეთ.  ეს სული გვეუბნება რომ იდეის გარეშე ცხოვრება ყოვლად აუტანელია.  ამის მერე გრძელხნიანი და საზიზღარი უიმედობა შემოვიდა ჩვენში.  ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს დღეს რომ არ არსებობს ეგოიზმის ალტერნატივა, საკუთარი ინტერესებით ცხოვრების ალტერნატივა.  ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა რომ ჩამოვშორდეთ ასეთ ადამიანებს.  მე ფილოსოფოსი ვარ და მინდა გითხრათ ის, რასაც ხშირად ამბობდნენ ფილოსოფოსები პლატონის დღეებიდან მოყოლებული.  ეს მეტად უბრალო წინადადებაა.   როგორც ფილოსოფოსი მე გეუბნებით თქვენ რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეისთვის, და ყველაფერი ის, რასაც ნამდვილ პოლიტიკას ვუწოდებთ ამ პრინციპის რწმენით იწყება.”  (Alain Badiou, “The Communist Hyphotesis”, Verso, 2010, p. 67)
       ეს ძალიან პირდაპირ ნათქვამი სიტყვებია და არაჩვეულებრივად მართალი.  დიახაც, სოციალური სამართლიანობა მრწამსის საკითხია – ადამიანს ან სწამს სხვისი დახმარების ან არა.  ამის ფალოგოცენტრული დასაბუთება არ არსებობს.  ცხადია, არის ‘განათლებული ეგოიზმის’ თეორია, რომელიც ამტკიცებს რომ ჩვენი მეზობლების კარგად ყოფნა ჩვენს კარგად ყოფნასაც ნიშნავს, მაგრამ თავისთავად ლოგოცენტრულ სოფისტიკას საზღვარი არა აქვს – მხოლოდ ცოდნის საფუძველზე ვერანაირ დაადგენ რომ სოციალური სოლიდარობის იდეა ადამიანებისთვის უკეთესია.  ეგოიზმი კი მეორეს მხრივ მეტად რაციონალური არჩევანია – ადამიანი საკუთარ ინტერესს ბუნებრივად ირჩევს და იკმაყოფილებს ძირეულ ინსტიქტებს.  ეს ინსტიქტები ყველას გააჩნია და ცივი გონებით მარტივია იმის დასაბუთება, რომ ადამიანს საკუთარი თავი ყველა დანარჩენს ურჩევნია.  მაგრამ, მეორეს მხრივ არის ისეთი მაგალითები, როდესაც ადამიანი სხვისთვის არჩევს ცხოვრებას – საკუთარზე მაღლა ‘სხვის’ ინტერესებს აყენებს და ეს სრულიად ალოგიკური საქციელია.   სწორედ, აქ ხდება მნიშვნელოვანი ბადიუს მიერ ნახსენები იდეა.  სიყვარული იდეა, რომლის რაციონალობას ბუნებისმეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია.  ადამიანი მთელ რიგ შემთხვევებში ირჩევს სიყვარულს – ის სხვა ადამიანებს საკუთარ ფიზიკურ არსებობაზე მაღლა სწორედ იდეის წყალობით აყენებს და ამ იდეის სამსახური მის ცხიოვრებას აზრს აძლევს.
       ეგზისტენციალისტების შემდეგ ბევრმა მოაზროვნემ დასვა ეს საკითხი – სჭირდება თუ არა ადამიანს ღმერთი?  ერთის მხრივ ორთოდოქსი  მარქსისტი მატერიალისტები გამუდმებით ამტკიცებდნენ რომ არ გვჭირდება.  ცივი ომის დასასრულმა და ჩინეთში კულტურული რევოლუციის დამარცხებამ აჩვენა რომ ეს მთლად ასე არ არის.  უფრო მეტიც, როგორც კი კომუნისტებმა სახელმწიფო შექმნეს და ხელისუფლების სადავეები ჩაიგდეს ხელში, მაშინვე ბურჟუა მომხმარებლებად იქცნენ, მაო ძედონის ცნობილი ფრაზისა არ იყოს.  ‘ბურჟუაზია დღეს ყველაზე სერიოზულად კომუნისტური პარტიის შიგნითაა’ – და დღეს კიდევ უფრო თვალნათელია ეს ფაქტი.  გარეული კაპიტალიზმის ყველაზე საშინელი ფორმები სწორედაც რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზეა.  ჩინეთში კი ეგრეთწოდებული სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმაა, რომელიც მონურ შრომასაც იყენებს და კორპორატიულ ინტერესებს უამრავი ადამიანის სიცოცხლესაც სწირავს.  ტონი ნეგრის არ იყოს, კომუნიზმი სახელმწიფოსთან ვერ თანაარსებობს, ის იდეა, რომელიც ადამიანების თანასწორობას ემსახურება.   როგორც კი იქმნება კომუნისტური სახელმწიფოები, მაშინვე ჩნდება ტერორი და ბიუროკრატია, იაკობინური და სტალინური მეთოდები.  თავისთავად სიტყვა სახელმწიფო ხელმწიფეს ითხოვს და ამის ნათელი დადასტურება ის არის რომ დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოებრის პარადიგმაში დარჩენილ ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიული მოდელი სწორედაც რომ კონსტიტუციური მონარქიის მქონე ქვეყნებს, შვედეთს, დანიას, ნორვეგიას, ჰოლანდიას აქვთ.  კომუნიზმი თანასწორობისა და თავისუფლების თეოლოგიური იდეა, რომელიც საბოლოო ჯამში სახელმწიფოზე არის თქმას ითხოვს და აქედან გამომდინარე, მისი თანაარსებობა ბიუროკრატიულ მანქანასთან შეუძლებელია.  კომუნიზმი მრწამსის კატეგორიაა – ეს არის რწმენა იმისა რომ სიყვარული გადაგვარჩენს – თუმცა ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს.  და ალბათ არც უნდა არსებობდეს.  სხვისი სიყვარული სრულიად არარაციონალური იდეაა – თუმცა ამ იდეის გარეშე ცხოვრებას ადვილად ეკარგება აზრი.  ადამიანს მარტო მოხმარების საგნები ვერ აცხოვრებს.
      სიუზენ ბაკ-მორსის მოხსენებაში ბირბენკის ცნობილ კონფერენციაზე სწორედაც რომ კომუნიზმის რელიგიურ ხასიათზეა ლაპარაკი.  დღევანდელი პოსტ-სეკულარული მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ ნიშანთვისებად ის სწორედაც რომ სოციალური სამართლიანობის რელიგიურ ხასიათს მიიჩნევს.  ავტორს, მაგალითად საიედ კუტბის ნაწერებიც მოჰყავს სადაც ცნობილი ეგვიპტელი მოაზროვნე და დღევანდელი სუნიტური მოძრაობის ერთ-ერთი მამა სწორედაც რომ ყურანში ჩადებულ სოციალური სამართლიანობის მექანიზმებზე საუბრობს.  მასთან ერთად ბუკ მორისი იხსენებს ცნობილ შიიტ მოაზროვნეს ალი შარიათის, რომლის ფილოსოფიაც საფუძვლად დაედო ისლამურ რევოლუციას და ამბობს რომ ამ მოძღვრებებმა ნეოლიბერალიზმის ქმედითი ალტერნატივა შესთავაზეს ადამიანებს იმ პერიოდში, როდესაც ტრადიციულად ძლიერი ევროპული მემარცხენეობა მატერიალიტური მომხმარებლობის ტალღამ გადაყლაპა.
      “სოციალისტური პროექტის ხსნა (ვალტერ) ბენიამინისათვის, რომელიც მემარცხენეების მთელი თაობის პატრონი წმინდანია, თეოლოგიის გადარჩენის ტოლფასია.”  (Susan Buck-Morss, “The Second Time as Farce.. Historical Pragmatics and the Untimely Present”, in “The Idea of Communism”, Verso, 2010,  pg. 74) 
      ორთოქოდოქსული მარქსისტული მოძღვრებების წინააღმდეგ ბრძოლაში ბურჟუა მატერიალისტური მომხმარებლობა გამარჯვებული აღმოჩნდა – მაგრამ კუტბისა და შარიათის რელიგიური იდეით განმსჭვალული გზავნილის წინააღმდეგ ბევრი არაფერი აღმოაჩნდა იდეოლოგიურ ომში.   სწორედ ამიტომაც არის რომ დასავლეთი იდეოლოგიურ ომს აგებს არაბულ და მუსლიმურ სამყაროში.  დაახლეობით 1,5 მილიარდი ადამიანი თავს მუსლიმად თვლის დღეს.  ამ ადამიანებს ბევრად უფრო იზიდავთ სოციალური სოლიდარობა და მრწამსი, ვიდრე ფინანსური ბირჟების მოქმედება.  ცხადია, ყველა ადამიანს აქვს მატერიალური მოთხოვნილებები, მაგრამ აშკარაა რომ მხოლოდ მომხმარებლობით ადამიანი ვერ იარსებებს.
დღეს დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის.  იესო ქრისტეს ქადაგებამ ადამიანური სიყვარულის შესახებ და პავლე მოციქულის მილიტანტურმა ანტი-ფილოსოფიამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.  ბევრი ის, ვინც ამ სიყვარულის გზავნილს იღებდა საკუთარ ცხოვრებას ნებაყოფლობით სწირავდა ამ იდეას.   ბევრი კომფორტსაც თმობდა სოციალური და სულიერი სოლიდარობის იდეისთვის. 
         კომუნიზმიც მრწმასია.  ეს არის ადამიანური სიყვარულის აფირმაცია.  ეს თითქოსდა ყველაზე მარტივი კონცეპტი ცხოვრებაში ყველაზე რთულად განსახორციელებელია.   დღეს ბადიუს ნაირი დიალიქტიკური მატერიალისტი ბევრად უფრო ღრმად მორწმუნეა, ვიდრე ლიბერალურ-მატერიალურ ჭაობში ჩაფლული ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ძალაუფლებას ან მატერიალურ ნივთებს დასდევს.
         ქართული მემარცხენეობის მთავარი საყრდენი ფიგურა გრიგოლ ხანძთელია.  მისი ცხოვრება და მისი გზავნილი სწორედაც რომ არამატერიალისტური ცხოვრების აფირმაციაა.  ისევე როგორც პავლე მოციქული არის ევროპული და საერთოდ ქრისტიანული უნივერსალიზმის იდეის საყრდენი, გრიგოლ ხანძთელი ქართული სოციალური სოლიდარობის მთავარი სიმბოლო, რომელსაც სულიერი წყარო გააჩნია.  ქართველი ბოლშევიკების მაგალითი სოციალური სოლიდარობის საქმეში არააქტუალურია.  საქართველოში სიყვარულის იდეის დამკვიდრების საქმეში გრიგოლ ხანძთელს გაცილებით დიდი როლი მიუძღვის ვიდრე მთელს ბოლშევიკურ პარტიას ერთად.   ქართული კომუნიზმი სწორედაც რომ ხანძთელიდან იღებს სათავეს. 
        რა მოდელია ყველაზე მეტად მისაღები ქართული საზოგადოებისათვის დღეს – მაშინ როდესაც კომუნიზმი და ანარქიზმი სახელმწიფოზე უარს ამბობენ და ამის წარმოდგენა დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელია?
         ჩრდილო ევროპული სოციალური დემოკრატიის მოდელი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა.   ცხადია, უნაკლო არც ერთი სისტემა არ გახლავთ – მაგრამ სკანდინავიური და საერთოდ ჩრდილო ევროპული სისტემა მაინც ყველაზე მეტ სოციალურ სოლიდარობას გვთავაზობს დღეს არსებულ სისტემებში.  ნორვეგიული მოდელი ჩვენვის ოპტიმალურთან ყველაზე ახლოს დგას – საპარლამენტო სისტემა ძლიერი სოციალ-დემოკრატიული ინსტიტუტებით.  ეს დღევანდელ პოლიტიკაში განსახორციელებელი რეალური ვარიანტია.  ხედვა კი უფრო შორს უნდა წავიდეს, ცხადია.
          კომუნიზმი ცხადია რელიგიაა – ისევე როგორც ქრისტიანობა, მაჰმადეანობა, ბუდიზმი, ჰინდუიზმი და ასე შემდეგ.  ვალტერ ბენიამინი მთლიანად მართალია.   და ამ მრწამსის მთავარი ელემენტი ‘სხვის’ არსებაზე ზრუნვაა – ეს მეტად არამეცნიერული იდეა ყველანაირად უარყოფს ფა-ლოგო-ცენტრული აზროვნების პრინციპებს.
          სიყვარული ამ მრწამსის მთავარი ელემენტია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ