ინიციატივა – მოქალაქეთა მონაწილეობის კომიტეტები

ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე, რაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის რადიკალურმა ცვლილებამ უნდა  მოიტანოს, ის, რამაც რეალობად შეიძლება აქციოს განცდა, რომ საქართველო – ყველა ჩვენგანის საერთო სახლია, არის მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვასა და განვითარებაში.

მიუხედავად იმისა, რომ იდეის დონეზე ამ აზრს თითქმის არავინ შეეწინააღმდეგება, ფაქტია – დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ეფექტური და გამართული ინსტიტუტები. მრავალ ადამიანს, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებას მთლიანად, წარმოდგენა არ აქვს მონაწილეობის კონკრეტული ფორმებისა და მექანიზმების შესახებ. ეს მათ არც არაფერში სჭირდებათ.

მაგრამ ეს გვჭირდება ჩვენ – ამ ქვეყნის მოქალაქეებს! 

ვფიქრობთ, არ უნდა გადავდოთ პოზიტიური ალტერნატივის განხორციელება არჩევნების შემდეგ მომავალში, როდესაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამოქალაქო მონაწილეობის უფლებებათა კანონით უზრუნველყოფას. ამ მექანიზმების შემუშავებას და დამკვიდრებას დღესვე შეიძლება შევუდგეთ. ამ მიზნით,  საჭიროა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში დაარსდეს  სამოქალაქო მონაწილეობის კომიტეტები. 

ეს კომიტეტები შეიძლება მოიცავდეს 5-10 ათასიდან – 30 000 ან მეტი რაოდენობის მოსახლეობის საქალაქო ტერიტორიებს. სამომავლოდ სასურველად მიგვაჩნია უბნების, და არა ქალაქის რაიონების მოცულობის კომიტეტების ფორმირება, რომლებიც შესაძლოა საბოლოოდ რაიონულ, ან საქალაქო ფედერაციებად გაერთიანდნენ.

კომიტეტები ნებაყოფლობით საფუძველზე კომპლექტდება, თვითორგანიზდება, თავად ადგენს მიზნებს, განსაზღვრავს მუშაობის წესს (თუმცა საწყისს ეტაპზე მოხდება დახმარება ორგანიზაციულ საკითხებში, ტრენინგით და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და ა.შ.). იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს მოსახლეობის რეალური ინტერესების განხორციელებას, იქცეს ქმედით ინსტრუმენტად საზოგადოების ხელში, ნაცვლად მდგომარეობისა, როცა არჩევანის უფლების არმქონე ადამიანები უბრალოდ იძულებულნი არიან უპირობოდ  მიიღონ ზემდგომი ინსტანციების მიერ გამოტანილი ვერდიქტები მათი ‘სურვილებისა’ და ‘მისწრაფებების’ შესახებ.

მონაწილეობის ფორმები მრავალგვარი შეიძლება იყოს – კონსულტირებითა და პარტნიორობით დაწყებული, უფლებამოსილებათა დელეგირებით და პროცესებზე უშუალო კონტროლით დასრულებული.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

  • ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა აკონტროლონ მათი დეპუტატის საქმიანობა, ხოლო დეპუტატი ანგარიშვალდებული იყოს პირველ რიგში სწორედ მათ წინაშე. ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად მოქალაქეებს უნდა მიეცეთ დეპუტატის ვადაზე ადრე გაწვევის უფლება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტების მეშვეობით განახორციელებენ.
  • ეს ნიშნავს მოქალაქეთა მონაწილეობას საქალაქო თუ რაიონული ხელმძღვანელი თუ დარგობრივი უწყებების მუშაობაში – კრებებზე, განხილვებზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის უფლებას.
  • ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს უფლება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც, მათი აზრით, რაიმე გავლენას ახდენს მათი კონკრეტული რაიონის ან უბნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ, კულტურულ, ეკოლოგიურ  თუ ვიზუალურ ვითარებაზე.
  • ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა ვეტო დაადონ პროექტებს, რომლებიც მათი აზრით, უხეშად ხელყოფს მათ საცხოვრებელ გარემოს, ასევე –  უნდობლობა გამოუცხადონ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთა მიმართ საკმაო ნდობა არ გააჩნიათ.
  • ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა, მათთვის სანდო წარმომადგენლების მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ მათ გარემოში განსახორციელებელი ყველა მნიშვნელოვანი პროექტის – იქნება ეს სკოლისა თუ სუპერმარკეტის, საცხოვრებელი კომპლექსისა თუ კლინიკის მშენებლობა, გზის დაგება თუ სავაჭრო ინფრასტურუქტურის მოწყობა, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამართალდაცვითი პროგრამების და ა.შ. – რეალიზების  პროცესში ყველა ეტაპზე – იდეის განხილვიდან და დაგეგმვიდან დაწყებული, მისი პრაქტიკული განხორციელებით დასრულებული.
  • ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს თავად ექნებათ უფლება შესთავაზონ და მოითხოვონ ასეთი პროექტების განხორციელება, თუკი ეს მათ სასიცოცოხლო და განვითარების ინტერესებშია; მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის შედგენასა და კონტროლში.
  • ეს ნიშნავს ძირეულ გარდატეხას ცნობიერებასა და ქმედებაში, გამოცხადებას, რომ საზოგადოება ენდობა საკუთარ თავს და წყვეტს თავად  მოჰკიდოს ხელი საკუთარი კეთილდღეობისა და განვითარების საქმეს. რომ ჩვენ ბედს განვაგებთ ჩვენ, და არა ‘კომპეტენტური’ ზემდგომი ორგანოები, რომლებიც ხშირად ნაყოფიც არ არიან უბანში, რომლის გარდაქმნის გეგმებსაც ადგენენ, არ იცნობენ იქაური მოსახლეობის გასაჭირს, სურვილებსა და მისწრაფებებს.

ეს ნიშნავს რევოლუციურ ინოვაციურ ცვლილებას ჩვენ რეალობაში, რამაც არსებითად უნდა შეცვალოს დღვანდელი ვითარება და შეუქცევადი გახადოს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც პროცესი.

 

სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ