ვარდისფერი სათვალით დანახული საქართველო

ტიმოთი რაიანი

„ჩემს ბავშვობაში, ცივი ომის დროს, ამერიკა ჩვენთვის აბსოლუტური იდეალი იყო“, – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩარლი როუზის შოუ, 2011 წლის 11 მარტი. 

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, რევოლუციით, რომელმაც ახალი, დემოკრატიული მისწრაფებების მქონე მთავრობის მოსვლის შესახებ გვამცნო, რომლის მზერაც ევროპისა და ამერიკისკენ იყო მიპყრობილი. ეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში გამოიხატა. 2006-07 წლებში ეკონომიკა მკვეთრად (თუმცა არათანაბრად) გაიზარდა, მაგრამ დაზარალდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის და 2008 წელს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო. გასული შვიდი წლის განმავლობაში მთავრობა შეეცადა ინვესტიციების მოცულობის გაზრდას, ნორმატიული მოთხოვნების და გაბატონებული კორუფციის შეზღუდვას, ის თითქოს პოლიტიკური დემოკრატიისკენაც მიისწრაფვოდა. მაგრამ ვარდი გაუფერულდა.

მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა საჯაროდ აქებს შეერთებულ შტატებს, ის როგორც ჩანს საკუთარ თავს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით სინგაპურთან აიგივებს, ერთპარტიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც ხელისუფლების დასაბალანსებლად არ გააჩნია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მისი ოპოზიცია  სიმბოლური და არაეფექტურია. სინამდვილეში, მთავრობა მუდმივად ლახავს მშრომელი ქალების და მამაკაცების საბაზისო (და ახლახანს შეძენილ) დემოკრატიულ უფლებებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, საქართველო ერთადერთია, რომლის პროფესიული კავშირების ფედერაციამ, სადაც ერთ დროს მთავრობა დომინირებდა, საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინა და შეეცადა მართლაც დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი შრომითი ორგანიზაცია გამხდარიყო. თუმცა, დემოკრატიის ეს კონკრეტული გამოვლინება, როგორც ჩანს სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და პროფკავშირების განადგურების მიზნით ამ პროცესში ჩარევა დაიწყო. 

ეკონომიკურად, საქართველომ განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, შექება დაიმსახურა. თუმცა ამ რეფორმების კურსი მკვეთრად ლიბერტარიანული გახლდათ, რის გამოც ქვეყანა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა. მან გარდაქმნა საკუთარი საივესტიციო კანონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად (მაგალითად, უცხოური კაპიტალი იღვრება სამშენებლო პროექტებში შავი ზღვის სანაპიროზე), მოახდინა კომუნალური მომსახურების პრივატიზაცია, ისეთის როგორიცაა ჯანდაცვა (რამაც ისედაც ცუდი ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გააუარესა) და განახორციელა შრომითი კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც დასაქმებულები ფაქტობრივად უუფლებოდ დატოვა.                             

საქართველოს ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგარამ ამავდროულად ის ყოფილ მოკავშირეებში სულ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს. 21 მარტს „ღია საზოგადოების ინსტიტუტში“ გამართულ სემინარზე, საქართველოს ევროკავშირში მისწრაფების სურვილთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ განაცხადა, „ჩვენ არანაირი პროგრესი არ გვაქვს. აქ არის პრობლემები მედიის თავისუფლების მხრივ, მშრომელების და პროფესიული კავშირების აბსოლუტური უგულებელყოფა… ეს ყველაფერი ნეო-ბოლშევიკურ სახელმწიფოს გავს, სადაც არანაირი თავისუფლება არ არის“.  

ავტორიტარული სახელმწიფო ლიბერტარიანულ სამოსში

2006 წელს საქართველომ მიიღო დრაკონული შრომის კოდექსი, რამაც პირდაპირ ხელყო მშრომელთა უფლებები. ის მკვეთრად გააკრიტიკა შრომითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში გაეროს საექსპერტო სტრუქტურამ „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ILO – International Labor Organization). 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მთელი ძალით შეუტია საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციას (GTUC) და ბევრ მის ფილიალს, მათ შორის ყველაზე დიდ, საქართველოს განათლების და მეცნიერების თავისუფალ პროფკავშირებს (ESFTUG). პედაგოგთა კავშირი საქართველოს მშრომელთა მოძრაობის ნახევარს შეადგენს. საჯარო სექტორში (მაგალითად, რკინიგზა, საავადმყოფოები და სკოლები), მთავრობა ცდილობს ადამიანების დაშინებას, რათა მათ უარი თქვან პროფკავშირების წევრობაზე და მათ დაფინანსების წყაროებს უკეტავს. ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობა იმდენად შორს წავიდა, რომ დაბლოკა დაფინანსების ნებაყოფლობითი გადარიცხვა კავშირის წევრების ინდივიდუალური საბანკო ანგარიშებიდან კავშირის ანგარიშზე, ამგვარად ის აკონტროლებს იმას, თუ როგორ ხარჯავენ საკუთარ ფულს ქვეყნის ცალკეული მოქალაქეები. პედაგოგების შემთხვევაში, ეს ფული მათი ხელფასია, რომელიც თვეში დაახლოებით 100$-ს შეადგენს.         

თუმცა ზოგიერთები გაბრუებულებები არიან მთავრობის აგრესიული რიტორიკით და არ აღიარებენ იმას, რომ ეს ქვეყნის ყველაზე დიდ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმაა და რომ ეს ეწინააღმდეგება თავისუფლებას, როგორც ეკონომიკურს, ასევე პოლიტიკურს. მაგალითად, ამერიკის მწარმოებელთა ინსტიტუტის (American Enterprise Institute) წარმომადგენელმა რიკ ჰესმა 2010 წლის 30 ივნისს საკუთარ ბლოზე დაწერა: „საქართველო მომხიბლავი ქვეყანაა და მისი გაცნობა ნამდვილად ღირს. განსაკუთრებით რეფორმატორებისთვის საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ ამოიწურა რეალობაში, ლიბერტარიანული მთვარობის მიერ სულ რაღაც ხუთი წლის წინ არჩეული კურსი“

დაცვა საერთაშორისო შეთანხმებების გზით

მშრომელთა საერთაშორისო მოძრაობა  საქართველოს დამოუკიდებელი შრომითი ორიგანიზაციების დაცვას სხვადასხვა საერთშოროსო მექანიზმებით ცდილობს. საქართველოს პროფკავშირთა კონფედერაციამ მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მთავრობას უჩივლა; ინდუსტრიული ორგანიზაციების მშრომელთა კონგრესის ამერიკულმა ფედერაციამ (AFL-CIO) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „პრეფერენციების საერთო სისტემის“ (GSP) საფუძველზე 2010 წელს პეტიცია წარადგინა (GSP – სავაჭრო კანონი, რომელიც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ მშრომელთა საეთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მაგალითად გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიური შეთანხმების უფლების დაცვას, შეერთებულ შტატებში საექსპორტო პროდუქციაზე საბაჟო შეღავათებს აწესებს). აშშ-ს მთავრობამ სიტუაცია საკმაოდ სერიოზულად აღიქვა და საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ის მიიღებს ამ შუამდგომლობას განხილვისთვის, როგორც კი კონგრესი კანონის ხელახალ ავტორიზაციას მოახდენს (კანონს ახლახანს ვადა გაუვიდა საძილე ტომრების იმპორტთან დაკავშირებული დავის გამო).        

AFL-CIO  ცდილობს სხვა მექანიზმების გამოყენებასაც. მაგალითად, ამერიკის ფედერალურმა სააგენტომ, „კერძო საგარეო ინვესტიციების კორპორაციამ“ (OPIC – Private Investment Corporation) ახლახანს მოიწონა 58 მილიონი დოლარის საკრედიტო გარანტიის გაცემა საქართველოში ჰოდროელექტრო პროექტისთვის. OPIC – შეზღუდულია საექსპლუატაციო მეთოდებში, რომლებიც შეესაბამება აშშ-ს სტანდარტებს და GSP-ის შრომით სტანდარტებს ქვეყნის დონის შესაბამისად და საპროექტო შეთანხმებებში შრომითი უფლებების მხრივ მოიცავს ყოველმხრივ საკონტრაქტო ენას. AFL-CIO ამ პროექტის მონიტორინგს ახდენს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ღირსეული საკონტრაქტო პირობებია, რომელიც მშრომელებს  მისცემს იმის საშუალებას, რომ განახორციელონ თავიანთი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები ყველაზე ცოტა ერთ ადგილას, საქართველოში მაინც. ანალოგიურად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია განიხილავს იმას, გააგრძელოს თუ არა შემდეგი მულტიმილიონიანი (დოლარი) „კომპაქტი“ საქართველოს მთავრობისთვის პროექტების განსავითარებლად. მისი ინდიკატორებიც მოითხოვს იმას, რომ მიმღები ქვეყანა იცავდეს ადამიანის და შრომით უფლებებს. AFL-CIO-ი დაკავებულია იმით, რომ ვიდრე ნებისმიერი ახალი „კომპაქტის“ საქმე გადაწყდება, ხელი შეუწყოს კრიტიკული შრომითი რეფორმების განხორციელებას.

რეალობის უარყოფის მიღმა      

როდესაც სიტუაცია გამოუვალი ხდება, მთავრობების უმრავლესობა „ელისაბედ კალვერ-როსის „უბედურების ხუთ საფეხურს გადის“: უარყოფა, ბრაზი, მოლაპარაკებები, დეპრესია, აღიარება. მართალია მთავრობები იშვიათად აღწევენ „აღიარების“ საფეხურს, თუმცა  უმრავლესობა საფრთხეს სერიოზულად უდგება. უარყოფისა და ბრაზის ხანმოკლე ფაზების შემდეგ ისინი დაიწყებენ თანამშრომლობას აშშ-ს მთავრობასთან, ორგანიზაციასთან რომელმაც ამ უკანასკნელს პეტიციით მიმართა, და საკუთარ შრომით ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან. იმ შემთხვევაშიც, თუკი ის რასაც ისინი აკეთებენ დიდწილად ცარიელი სიტყვები, ან უბრალოდ პიარია, ეს მაინც გარკვეული მცდელობაა. „მოლაპარაკებების“ ეტაპს შედარებით სწრაფად უახლოვდებიან.                            

როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ პეტიციის შესახებ ინფორმაცია მიიღო, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინოვნიკები აშშ-ს მთავრობასთანაც და ILO -ნაც კატეგორიულად უარყოფდნენ იმას, რასაც ისინი რეალურად აკეთებენ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც „სიბრაზის“ საფეხურზე გადავიდნენ. ამ სიბრაზის მანიფესტაცია კი იმაში გამოიხატა, რომ მათ გააორმაგეს მშრომელთა უფლებების და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი რეფორმირებული პროფკავშირული ორგანიზაციის დანგრევის ძალისხმევა.   

გადავლენ თუ არა ისინი „მოლაპარაკებების“ საფეხურზე, თუნდაც მხოლოდ პიარისთვის? მართლაც შეეცდებიან თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას? 19 მაისი საქართველოს მთავრობისთვის ამ თავდასხმის შესუსტების მორიგი შესაძლებლობაა. განათლების სამინისტრო ცდილობს პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტის არჩევნები უკანონოდ ცნოს, არადა ის კანონიერად აირჩიეს შარშან ოქტომბერში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით და დემოკრატიული პროცედურების დაცვით. სასამართლო პროცესმა შეიძლება განათლების სამინისტროს ჩინოვნიკს ამ თანამდებობის დაკავების და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფკავშირული ორგანიზაციის კონტროლის შესაძლებლობა მისცეს, შესაბამისად პროფკავშირებზე საბჭოთა სტილის სამთავრობო გავლენა აღდგება. 

ნუთუ ვარდების რევოლუციის მიზანი ამ ანტი-დემოკრატიულ, ავტორიტარულ დიქტატთან ბრძოლა არ იყო? და თუკი ამერიკა „აბსოლუტური იდეალია“, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, უნდა მიბაძოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სინგაპურის კონტროლირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას?     

ტიმოთი რაიანი – აზია/ევროპის პროექტების დირექტორი „სოლიდარობის ცენტრში“, რომელიც საქართველოში პროგრამებს ახორციელებს და მსოფლიოში მშრომელებს  დემოკრატიული კავშირების მშენებლობასა და მშრომელთა უფლებების მხარდაჭერაში ეხმარება, ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

foreignpress.ge

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ