ევროკომისარი: ევროპამ „მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატებს, და არა დიქტატორებს“

ლი ფილიპსი
ბრიუსელი – ევროკავშირის კომისარი შტეფან ფიულე უპრეცედენტო აღიარებით წარსდა იმ ისტორიული დანაშაულის გამო, რომელიც ევროპას ჩრდილოეთ-აფრიკელი დიქტატორების მხარდაჭერის საქმეში აქვს
მან გააკრიტიკა ის „საკმაოდ შეურაცხმყოფელი შეხედულება“, რაც დემოკრატიის საკითხებში „არაბულ გამონაკლისთან“ დაკავშირებით არსებობს და ორშაბათს (28 თებერვალი) ევროპარლამენტის დეპუტატებს მიმართა: „ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს იმის, რასაც წარსულში ვაკეთებდით. ევროპა საკმარისად აქტიურად არ იცავდა ადამიანის უფლებებს და ადგილობრივ დემოკრატიულ ძალებს რეგიონში“.
„ძალიან ბევრი ჩვენგანი იმ ვარაუდის მსხვერპლი გახდა, რომ ავტორიტარული რეჟიმები რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენდნენ“ – განაცხადა ფიულემ – წარსულში ჩეხმა დიპლომატმა და დღეს ევროკავშირის გაფართოვებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა კომისარმა.
ფიულემ, რომლის შეფასებებიც ძალიან სწორხაზოვანი იყო, სთქვა რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა „დიქტატორებს“, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ.
„ტუნისის, ქაიროს და სხვა ქალაქების ქუჩებში ადამიანები იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ მათთან ერთად და მათთვის უნდა ვიმოქმედოთ დღეს და არ უნდა ვითანამშრომლოთ დიქტატორებთან, რომლებიც ამ წუთებშიც საკუთარი მოქალაქეების სისხლს ღვრიან, რითაც ადამიანის სიცოცხლისადმი აბსოლუტურ გულგრილობას ავლენენ“.
მისი თქმით, ევროპამ უნდა მოახდინოს რეაგირება იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც მისგან სამხრეთით მდებარეობენ ზუსტად ისე, როგორც ის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში სხვა რეჟიმების მიმართ მსგავს აჯანყებებზე რეაგირებდა. „ევროპამ უნდა შესძლოს და შესძლებს კიდეც გამოწვევების მიღებას და მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისკენ გადასვლას ჩრდილოეთ- აფრიკაში, როგორც ეს აღმოსავლეთ-ევროპაში 1989 წლის რევოლუციების შემდეგ გააკეთა“.
მან დასძინა, რომ მიგრაციის ზრდასთან, ნავთობზე ხელმისაწვდომობასთან ან ისლამისტების ზრდასთან დაკავშირებულმა შიშებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ევროპას რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში.
„დიახ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ტუნისიდან, ლიბიიდან და გარკვეული დოზით ეგვიპტიდანაც მიგრაციის მზარდი ნაკადის წინაშე. დიახ, ქვეყნებში რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, გარკვეული პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება, მათ შორის გაჩნდებიან ისლამისტური პარტიებიც და სავარაუდოდ ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიის წესებით თამაში არ მოუნდებათ. დიახ, ნავთობზე ფასები გაიზრდება, ინვესტიციები და ბიზნესები დაიკარგება. დიახ, ლიბიაში სამოქალაქო ომის და მასთან დაკავშირებული არასტაბილურობის საფრთხეა“.
„ჩვენ ვიცით, რომ გათავისუფლებულ ცვლილებათა ძალას უმალ სტაბილური პოლიტიკური სისტემების შექმნა არ მოჰყვება, თუმცა ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს რისკები და მხედველობიდან არ გამიგვრჩეს ჩვენი გრძელვადიანი საერთო ამოცანა: დემოკრატიული, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი ჩრდილოეთ-აფრიკა“.
ფიულეს თქმით, ევროკომისიამ „ახალი მიდგომა“ მოამზადა, რომელიც სწორედ იმ მისწრაფებების შესაბამისია, რომლისკენაც პარლამენტი „მუდმივად მოუწოდებდა“.
მან განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მოითხოვა, რომ კომისიის ყველა დანაყოფმა განსაზღვროს ის, თუ მათი საქმიანობის სფეროში რომელი ინიციატივები შეუწყობს ხელს იმის შექმნას, რასაც მან უწოდა „ახალი სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი“.
16 მარტს, შტეფან ფიულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი ასევე გამოაქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც ამ საკითხზე სტრატეგიულ წინადადებებს მოიცავს. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს გაზაფხულის სესიაზე ანგარიშს  ბლოკის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები განიხილავენ.
კომისარმა ასევე ისაუბრა რეგიონიდან მიგრაციის დელიკატურ საკითხთან ახლებურ მიდგომაზე და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მომავალშიც მოითხოვს ჩრდილო-აფრიკული სახელმწიფოებისგან არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრას და დევნილების დაბრუნების საკითხზე თანამშრომლობას, ბლოკმა „მეტი ინიციატივა“ უნდა გამოიჩინოს. ფიულემ ისაუბრა მუშებისთვის დაკანონებულ „დროებითი ან განმეორებადი მიგრაციის“ იდეაზე.
მისი თქმით, ამ მხრივ ტუნისმა განაცხადი უკვე გააკეთა. კომისარმა აღნიშნა, რომ მუშებისთვის კანონიერ საფუძველზე ევროპაში გადაადგილების გამარტივება უფრო მისაღებია, ვიდრე მოულოდნელ მასობრივ შედეგებთან ბრძოლა.
„სჯობს მსგავსი მიგრაციის მართვა, ვიდრე იმ ჰუმანიტარულ კრიზისებთან ბრძოლა, რომლებიც არაკონტროლირებადი მიგრაციის გამო წარმოიქმნება“.
თუმცა, როგორც სჩანს ევროკავშირის იმ სახელმწიფოთა პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან მიგრაციას, მან განაცხადა რომ მსგავსი სტრატეგიის ცხოვრებაში რეალიზებას ევროპარლამენტის დახმარება დასჭირდება.
„ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ჩვენ ამ [წარმომადგენელთა] პალატის სრული მხარდაჭერა დაგვჭირდება“ – სთქვა მან.
„ჩრდილოეთის და სამხრეთის პაქტი“
ეს პირველი მსგავსი ფაქტია, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსანი ბლოკი პოლიტიკური სტრატეგიისთვის ბოდიშს იხდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი ჩრდილო-აფრიკული რეჟიმების მხარდაჭერის საკითხზე დუმს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა იანვარში მსგავსი შეფასება მალევე მას შემდეგ გააკეთა, რაც ტუნისის რევოლუცია დაიწყო. ბილდტი საკუთარ ბლოგში წერდა: „ტუნისის შემთხვევაში აბსოლუტურად ცხადია, რომ [ევროპული თანამშრომლობა ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოებთან] ჩავარდა“.
„წარსულისთვის თვალის გადავლების შემდეგ გონივრული იქნება ვიკითხოთ, საკმარისად ვუჭერდით მხარს ტუნისში დემოკრატიულ უფლებებს“ – ნათქვამია ბილდტის ბლოგში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმაც რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა.
ორშაბათს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველეც გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ახალი „ჩრდილოეთის და სამხრეთის პაქტი“ ევროპას და ჩრდილოეთ-აფრიკას შორის, რითაც ფიულეს მოსაზრებები გაიმეორა, თუმცა ნაკლები სწორხაზოვნებით.
გაზეთ FT Deutschland-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ჯერ ერთი სულ უფრო ხშირად უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ისლამი, დემოკრატია და პროგრესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მეორეც, ჩვენ შეგვიძლია სტაბილური სახელმწიფოს გარანტიები გავცეთ არა ავტორიტარული მთავრობის, არამედ სტაბილური საზოგადოების დახმარებით“.
თავის მხრივ ბოლო ორი თვის განმავლობაში, საფრანგეთი კომენტატორების მრავალრიცხოვანი თავდასხმების ობიექტი გახდა, მაშინ როცა თითქმის ყოველ კვირას გაზეთები აქვეყნებენ ცნობებს ორივე იდეოლოგიური სპექტრის ფრანგი პოლიტიკოსების სამარცხვინო კავშირებზე ჩრდილო-აფრიკულ რეჟიმებთან“.
საფრანგეთი ნეგატიური პრესის შეჩერებას შეეცადა და იმ ქვეყნების ავანგარდში აღმოჩნდა, რომლებმაც ევროკავშირს ლიბიაში უფრო გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდეს. ორშაბათს პარიზმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, ბენგაზიში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი ახლა „გათავისუფლებულ ტერიტორიას“ უწოდებს, ორი თვითმფრინავი გააგზავნა.
ამ ნაბიჯზე საუბრისას მან დასძინა: „როგორც ხედავთ საფრანგეთი პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გადაწყვეტილების ავანგარდში იყო. ჩვენ ევროპის საბჭოს ამ საკითხზე საერთო პოზიციის დაკავებისკენ მოვუწოდებდით“.
თუმცა ალჟირის, ტუნისისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, პარიზს არასდროს ჰქონია მჭიდრო კავშირები ტრიპოლის ადმინისტრაციასთან.
გასულ კვირას, ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ახსნა ის, თუ რატომ ეპყრობიან ჩრდილოეთ-ევროპის ქვეყნები უფრო კრიტიკულად სამხრეთელი დესპოტების მხარდაჭერას: „რაც უფრო შორს ხართ იმიგრანტებისგან, რომლებიც სანაპიროებზე ჩამოდიან, მით უფრო აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, მაღალზნეობრივი პოზიცია დაიკავოთ“.
foreignpress
euobserver
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ