ეგვიპტეში მყიფე სტაბილურობამ არ გაამართლა

18 დღიანი სამოქალაქო
აქტივობის შემდეგ, ჰოსნი მუბარაკის ავტორიტარულმა მმართველობამ ეგვიპტეში
30 წლიანი არსებობა დაასრულა.  პროტესტის  წარმატების მთავარი
განმაპირობებლი ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იყო. პოლიტიკურმა და
განსაკუთრებით სოციალურმა უსამართლობამ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა
სოციალური იდენტობის ადამიანი, ერიც და ბერიც ერთი – ჩაგრულის იდენტობის
ქვეშ გააერთიანა. ხალხმა მოახერხა საერთო ნების გენერირება პროტესტის სახით
და მისი რეალიზაცია  აქტიური ქმედებით, რაც თავდაუზოგავ აქციებში
გამოიხატა.  გერმანიის წითელი არმიის ფრაქციის (RAF) ერთ-ერთ აქტივისტს
ულრიკე მაინჰოფს თუ დავესესხებით: “პროტესტი ის არის, როდესაც ადამიანი
ამბობს, რომ რაღაც მას არ მოსწონს, ხოლო წინააღმდეგობა ის არის, როცა ის
ისე იზამს, რომ ეს რაც ხდება დიდხანს აღარ გაგრძელდეს“. ეგვიპტელებმა
მოახარხეს სამზარეულოს პროტესტიდან ქუჩის აქტიურ წინააღმდეგობაზე გადასვლა,
რამაც  სიცოცხლე მოუსწრაფა მუბარაკის რეჟიმს. ეს იყო დემოკრატიული
პროცესი, რომელმაც ეგვიპტის სახელმწიფოს „სტაბილურობა“ შეარყია და კითხვის
ნიშნის ქვეშ დააყენა ის. ესეიგი ერთ მხარეს აღმოჩნდა დემოკრატია და მეორე
მხარეს სტაბილურობა, როგორც მისი საწინააღმდეგო პოლუსი. მაგრამ თუ
პოლიტიკური სტაბილურობის დეტერმინიზაციას მოვახდენთ გამოიკვეთება ორი
მოდელი: ავტორიტარული პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის საყრდენი მკაცრი
ვერტიკალური მმართველობა და  ძალოვანი სტრუქტურებია და რომელიც ერთის ან
ცოტას  ნებას ეფუძნება, ხოლო მეორე – დემოკრატიული სტაბილურობა, რომლის
საყრდენიც სხვადასხვა დაპირისპირებულ ინტერესთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციის
შედეგად მიღწეული საერთო ნებაა.  შესაბამისად, პირველ შემთხვევაში, იგებს
ერთი , ხოლო მეორე შემთხვევაში იგებს ყველა. ავტორიტარული მმართველობა, არ
ტოვებს რა პოლიტიკური კონკურენციის სივრცეს, თავისი არადინამიური
ხასიათიდან გამომდინარე ინარჩუნებს მყიფე სტაბილურობას, მაგრამ არა
მდგრადობას. შესაბამისად, პროგნოზირება ერთის, ამ შემთხვევაში ავტორიტარული
მმართველის  გადაწყვეტილებებისა არის უფრო მარტივი, რადგან ის ერთის ან
მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურება და თავისი ხასიათიდან გამომდინარე
უგულველყოფს  სხვა კონკურენტულ  მოსაზრებას.  დემოკრატია, ეფუძნება რა
აზრთა და ინტერესთა  კონკურენციას, არის უფრო დინამიური. შესაბამისად
სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა მრავალფეროვნებისგან გამომდინარე
დემოკრატიული პროცესების შედეგად კრისტალიზირებული გადაწყვეტილებების
პროგნოზირება არის ბევრად რთული, ვიდრე ავტორიტარულისა.  მაშასადამე, მისი
კონკურენტული ხასიათიდან გამომდინარე, თვით პროცესი არ არის სტაბილური,
მაგრამ ემსახურება რა ის საერთო ნების ჩამოყალიბებას, რაც ფართო
საზოგადოების ჩართულობასა და კონსენსუსს ითვალისწინებს, უზრუნველყოფს
რეჟიმის მდგრადობას, განსხავებით ავტორიტრული რეჟიმის მყიფე სტაბილურობისა.

 

ავტორიტარული
რეჟიმის სტაბილურობა და ხანგძლივობა მისი რესურსების რაოდენობასა და
თვისებაზეა დამოკიდებული. ეს არის უპირველესად მის ხელში კონცენტრირებული
ქვეყნის მატერიალური რესურსი, რომელიც წესით ხალხს ეკუთვნის. მისი
პატერნალისტური ხასიათათიდან  გამომდინარე, ის საზოგადოების იმ დიდი
ნაწილის ფიზიკურ არსებობას უზრუნველყოფს, რომელიც იზოლირებულია
გადაწყვეტილების მიღების და რესურსების განაწილების პროცესიდან და რომლის
ფიზიკური არსებობაც ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით დამოკიდებულია
მმართველთა ნებაზე. მეორე, ეს არის მმართველი ჯგუფის ერთსულოვნება და
განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების მისდამი ლოიალობა, რომლის
საშუალებითაც ახორციელებს რა ის  საზოგადოების სისტემატიურ ტერორს, აღკვეთს
მისი პოლიტიკური ოპონენტების  მისწრაფებას  ჩაერთონ რესურსების
გადანაწილებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

მესამე,
ეს არის წარმოსახვითი საფრთხე, რომელზეც აპელირებით,  ის  შიდაპოლიტიკური
თვალსაზრისით კრიტიკულ მომენტში, ახდენს საზოგადოების ყურადღების
გადატანას, მის კონსოლიდაციას საფრთხის საწინააღმდეგოდ და საწყის ეტაპზევე
ანეიტრალებს საზოგადოების მღელვარებას.

ამ სამიდან მაინც მთავარი ის
მატერიალური რესურსია, რომლითაც რეჟიმი მასზე დამოკიდებული საზოგადოების
ფიზიკურ არსებობას უზრუნველყოფს. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის
თანახმად სხვა ფიზიოლოგიურ მოთოვნილებათა შორის, კვება არის უმთავრესი.
მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემდეგ, უჩნდება ადამიანს სხვა მოთხოვნილებები.
მცირდება თუ არა რეჟიმის ხელთ არსებული  რესურსი, ავტორიტარული
ხელისუფლება  ვერ ართმევს  თავს მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან
ვალდებულებას დარჩეს ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური არსებობის ერთადერთი
წყარო. რის შედეგადაც ადამიანები ავტომატურად გამოდიან მასზე
დამოკიდებულებიდან. თუ ამ ხალხის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ისინი
გადადიან რეჟიმის საწინააღმდეგო ქმედებაზე.  ანუ, თუ აქამდე მათი საბაზისო
მოთხივნილება იყო დაკმაყოფილებული და ქონდათ მხოლოდ პროტესტის განცდა სხვა
მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო, ახლა, მისი არარსებობის
შემთხვევაში ისინი გადადიან აქტურ ქმედებაზე. საზოგადოების ქმედების
ინტენსივობის მიხედვით, ხდება განხეთქილება მმართველ ძალაში. ოპორტუნიზმის,
ან სტატუსის შენარჩუნებისა თუ თვითგადარჩენის მოტივით მმართველი ძალის
წევრები ტოვებენ ლიდერს და იწყება რეჟიმის რღვევა, რაც მისთვის ფატალური
შედეგით მთავრდება. მმართველი ჯგუფი, ხდება თავისივე დაუბალანსებელი
ძალაუფლებისა და სიხარბის მსხვერპლი.

 

ავტორიტარული რეჟიმები
საზოგადო რესურსებზე ტოტალური კონტროლის განსახორციელებლად ორ ეკონომიკურ
მოდელს, ბრძანებლურ ან ნეოლიბერალურ მოდელს ეფუძნებიან. ბრძანებლური
ეკონომიკური მოდელის შემთხვევაში რეჟიმი  სახელმწიფო აპარატისა და
ბიუროკრატიის საშუალებით, ხოლო ნეოლიბერალური რეჟიმის შემთხვევაში თავის
ოლიგარქიულ-მონოპოლიური ხასიათიდან გამომდინარე ახდენენ საზოგადოების მიერ
გამომუშავებული და დაგროვილი რესურსების რეჟიმის ხელში კონცენტრაციას.
ორივე მოდელის შემთხვევაში საზოგადოების მოტივაცია უფრო ეფექტიანად
გამოიმუშავოს რესურსი არის ძალიან დაბალი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებაზე აისახება. ხშირ შემთხვევაში, ეს გარემოება მათ გარეშე
ქვეყნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე ეკონომიკურ და
პოლიტიკურ დამოკიდებულებას განაპირობებს. გამომუშავებული თუ უცხოეთიდან
მოზიდული რესურსების საზოგადოებში სამართლიანად გადანაწილება არის ორივე
მოდელის შემთხვევაში სრულიად უგულველყოფილი.

 

დემოკრატიული
მმართველობის დროს, საზოგადოება, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური
კონკურენციის მექანიზმების მეშვეობით, ახდენს დოვლათის უფრო ეფექტიანად
გამომუშავებასა და დაგროვებას.   ეფუძნება რა ამგვარი მმართველობა საერთო
ნებას, ის არის საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული და შედეგად რესურსების
სამართლიანად გადანაწილება არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, რეჟიმის
ფორმის თვისობრივი შეცვლა შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე თითქმის
გამორიცხულია და მისი მდგრადობა არის გარანტირებული.

 

მუბარაქის
მმართველობა ავტორიტარულ-ნეოლიბერალური რეჟიმის ნათელი მაგალით იყო. მან,
მისი “სტაბილურობით” დაინტერესებული და შესაბამისად პროგნოზირებადი
ხასიათით მოხიბლული დასავლეთის ქვეყნების ფინანსური დახმარების ფონზე,
მოახარხე 30 წლის განმავლობაში არსებობის შენარჩუნება. დასავლეთის
ქვეყნების სურვილი, შეენარჩუნებინა მუბარაქს მმართველობის სადავეები
რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. მთავარი მათგან ეგვიპტის მიერ
ისრაელის, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილის, მიმართ ლოიალობის
შენარჩუნება, სუეცის არხის გავლით ნავთობის თავისუფლად მიმოსვლის
უზრუნველყოფა და რაც მთავარია რეგიონში გლობალიზაციის შედეგად გამოწვეული
საზოგადოების სიდუხჭირის ნიადაგზე წარმოქმნილი და გაძლიერებული ისლამისტური
ძალების დაბალანსება და კერძოთ ეგვიპტეში, როგრც ყველაზე მრავალრიცხოვან
ისლამურ ქვეყანაში, მათი გაინეიტრალება წარმოადგენდა.

 

2008-2009
წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, როგორც ეგვიპტის, ასევე მისი დონორი
დასავლური ქვეყნების ეკონომიკის რყევა გამოწვია. ეგვიპტის მყიფე ეკონომიკამ
ვერ გაართვა თავი ამ გამოწვევებს, რამაც მუბარაკის ხელისუფლების
ავტორიტარული სტილის ქმედითუნარიანობას ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა. ამ
გარემოებამ უფრო გააუარესა ეგვიპტელი ხალხის ისედაც სავალალო სოციალური
მდგომარეობა, რაც სახალხო გამოსვლების ფონზე მმართველი რეჟიმის მარცხით
დაგვირგვინდა. ავტორიტარული რეჟიმის მყიფე სტაბილურობა ნამსხვრევებად იქცა,
რამაც დასავლეთის ქვეყნების ინტერესები რეგიონში საფრთხის ქვეშ დააყენა.

 

რევოლუცია
არა ერთი პოლიტიკური ელიტის მეორეთი ჩანაცვლებას, არამედ მთლიანად
პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. შესაბამისად
ეგვიპტის მოვლენებზე რევოლუციის ხარისხის მინიჭება ჯერ ნაადრევია. ამის
ნათელი მაგალითია „ვარდების რევოლიცია“ საქართველოში, რის შედეგადაც ერთი
კორუმპირებული ავტორიტარული ელიტა, საზოგადოების მეორე, შედარებით უფრო
დახვეწილი ავტორიტარული ბერკეტებით აღჭურვილმა ნეოლიბერალურმა,
ოლიგოპოლიურმა ელიტამ ჩაანაცვლა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ დემოკრატიული
მმართველობის დამყარება იქნებოდა ჭეშმარიტი რევოლუცია ეგვიპტეში.

 

პოლიტიკური
თუ ეკონომიკური ძვრებით დასუსტებულ ეგვიპტეს დღეს დახმარება ესაჭიროება.
ამის მზაობა უკვე ბევრი ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა. მხოლოდ, დღეს მათ ერთი
მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება მოუწევთ, გააკეთონ ფსონი არა
მყიფე სტაბილურობაზე, რისი მწარე გაკვეთილიც მათ უკვე იწვნიეს, არამედ
ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებაზე. გააკეთონ ფსონი არა რომელიმე
მათთვის სასურველ ქარიზმატულ ან მერიტოკრატ ლიდერზე, არამედ ხალხის
სუვერენულობაზე და მათ საერთო ნებაზე, რაც მათგან დამოუკიდებლად იქნება
ეგვიპტელი ხალხის განვითარებისა და რეგიონში მშვიდოების გარანტი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ