ბორის კაგარლიცკი: კატალონია – მდიდრების ამბოხი?

maxresdefault

►ბორის კაგალიცკი ცნობილი რუსი მარქსისტი თეორეტიკოსი და სოციოლოგია, ის პოლიტიკური დისიდენტი იყო საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთში.  არის მრავალი კრიტიკული წიგნისა და ნაშრომის ავტორი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის; მოდერნიზაციის; გლობალიზაციის შესახებ.  დღეს ხელმძღვანელობს მოსკოვის გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობების ინსტიტუტს.

თარგმნა საბა ტლაშაძემ

►მედია-პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელებს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისებრივი წვლილისათვის

© European.ge

ოქტომბრის დასაწყისში, ესპანეთის მთავრობასა და კატალონიის ავტონომიის მხარდამჭერ ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი მთავარი საერთაშორისო სიახლე გახდა. მმართველმა ნაციონალისტურმა პარტიებმა ბარსელონაში  დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მადრიდი არ მიდის დათმობებზე და კატალონიაში პოლიციურ შენაერთებს გზავნის,  რეგიონალური ხელისუფლება მართავს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს; ცენტრალური მთავრობა არ ცნობს მას და ცდილობს საბოტაჟის გზით მის ჩაშლას. ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი საერთო გაფიცვისკენ მოწოდებაა და იმის დაანონსება, რომ პროვინცია გამოეყოფა ესპანეთს და გახდება დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

ეს მიმდინარე მოვლენების მოკლე მიმოხილვაა, მაგრამ რა არის ამ ფაქტების მიღმა არსებული ფართო სურათი? რა ნამდვილი ინტერესები და მოტივებია კონფლიქტის მხარეებს შორის?

კატალონიას ხშირად ადარებენ კოსოვოს, დონბასს ან ყირიმს (სადაც, როგორც ვიცით, ადგილობრივი ხელისუფლება გამოეყო უკრაინას, ვიდრე რუსეთს მიუერთდებოდა.) უფრო სწორი იქნებოდა შოტლანდიასთან შედარება, სადაც ასევე ნაციონალისტებმა აიღეს ხელში ძალაუფლება და გამართეს რეფერენდუმი, რაც დიდი ბრიტანეთის ერთიანობის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. და ბოლოს, ბევრს მოყავს ანტონოვ-ოვზიენკოს მაგალითი, როცა 30 იან წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ბარსელონას მან უწოდა „ესპანეთის უკრაინა“.

კატალონიისა და შოტლანდიის სიტუაცია მსგავსია ორი თვალსაზრისით. დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ ვეხებით მდიდრების ამბოხს ღარიბების წინააღმდეგ. უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, სადაც ცხოვრების მაღალი სტანდარტია, არ სურთ გაუნაწილონ რესურსები ნაკლებად განვითარებულ და ჩამორჩენილ პროვინციებს. „ჩვენ აღარ გვსურს გამოვკვებოთ ანდალუსია“ ამბობენ ისინი ბარსელონაში. „ჩვენ აღარ გვსურს გამოვკვებოთ ბელფასტი“ ამბობენ ისინი გლასგოსა და ედინბურგში. ადგილობრივი ბიუროკრატია ოცნებობს ჰქონდეს კონტროლი ფინანსურ ნაკადებზე. მეზობლების მიმართ ზიზღი მართლდება კულტურული და რასობრივი პრეტენზიებით. „ჩვენ ვართ ნამდვილი ევროპელები და არა პროვინცია, როგორც ინგლისი“ ამბობენ ისინი გლასგოში. „ჩვენ ვართ ნამდვილი ევროპელები, გოთების შთამომავლები და არა არაბთა ბინძური შთამომავლები, როგორც ესპანელები“ – ამბობენ ისინი ბარსელონაში. კატალანურენოვანი პრესა სავსეა რასისტული ბოდვებით იმის შესახებ, რომ ბინძური, ზარმაცი ესპანელები ცდილობენ იცხოვრონ მშრომელი კატალონიის ხარჯზე. ამ ყველაფერს ჩვენ მეინსტრიმულ პუბლიკაციებში ვკითხულობთ. უმნიშვნელო ფაქტი ისაა, რომ თუ კატალონიის შიდა პროდუქტის დიდ ნაწილს არ ქმნიან მიგრანტები, ანდალუსიელების შრომა ფაბრიკებსა და ბარსელონას ინსფრასტრუქტურის გამართვაში, ასევე არაა გათვალისწინებული. ესპანური ენის ჩანაცვლება 10 წლის წინ დაიწყო კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში და გრძელდება მტკივნეული. ნაცნობი სცენარით. ბიუროკრატიული თანამდებობები პროვინციაში მთლიანად ოკუპირებულია „ტიტულოვანი ნაციის“ წარმომადგენლებით, კომპეტენციის დონის განურჩევლად. ბარსელონა, ესპანური სამყაროს კოსმოპოლიტური კულტურული ცენტრი. ყალიბდება მონოტონურ პროვინციად.

შოტლანდიისა და კატალონიის მოულოდნელ მისწრაფებებს დამოუკიდებლობისადმი, აქვს კიდევ ერთი ნაკლებად საჯარო, თუმცა არც თუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მიზეზი. მრავალი წლის მანძილზე. ორივე რეგიონი ახორციელებდა ევროკავშირის პროგრამას, რაც ითვალისწინებდა ახალი ინსტიტუციური სისტემის შექმნას რეგიონალური სახელმწიფოსგან გამოცალკევებით. ესაა არსი პროგრამის, რომელსაც „ევროპა რეგიონებისთვის“ ჰქვია. შოტლანდიის ყველა რეგიონს ჰქონდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, მაშინ, როცა ინგლისს ან ჩრდილოეთ ირლანდიას არ ქონია მსგავსი დახმარება. ბრიუსელმა თანმიმდევრულად და შეგნებულად შექმნა „შოტლანდიის ფაქტორი“, ტრადიციულად ევროკრატების მოწინააღმდეგე ბრიტანეთის დასაბალანსებლად.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატარა ერის ნაციონალიზმი, შოტლანდიისა და კატალონიის იდეოლოგიაც დამოუკიდებლობას,  წარსულის უსამართლობას ემყარება და ერს და ტერირორიას მხოლოდ მსხვერპლად წარმოაჩენს. ეს კარგად არ მუშაობს შოტლანდიის შემთხვევაში. უკანასკნელი სერიოზული ზეწოლა შოტლანდიელებზე განხორციელდა XVIII საუკუნის შუა პერიოდში. მთავარი მჩაგვრელები, ამ შემთხვევაში იყვნენ არა ინგლისელები, არამედ თავად შოტლანდიელები, დაბლობების მკვიდრნი, რომლებმაც შური იძიეს მთის მოსახლეობაზე, რომლებიც, თავის მხრივ, თავდაპირველად ძარცვავდნენ მათ. სწორედ მაშინ დაიწყო მაღალმთიანი მოსახლეობის ჩამოსახლების პროცესი. უზარმაზარი დარტყმის შემდეგ, მათ ჰქონდათ მხოლოდ ორი არჩევანი:  ან უნდა შეერთებოდნენ სამეფო არმიას, ან მიემართათ შოტლანდიური ვისკისთვის. მომდევნო ორ საუკუნეში, შოტლანდიელები ყველაზე პრივილეგირებული პოპულაცია გახდა ბრიტანეთის იმპერიაში. ისინი წარმოადგენდნენ სამხედრო და სამოქალაქო ელიტის უზარმაზარ ნაწილს, ინდოეთისა და აფრიკის კოლონიებში მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ კადრებს.

კატალონიაში მსხვერპლის ხატი უკეთ მუშაობს, რადგან ფრანკოს რეჟიმი ესპანეთის რესპუბლიკის განადგურების შემდეგ, კვლავ მეხსიერებაშია. კატალანური ენა  იკრძალებოდა,  ეროვნული კულტურა სისტემატიურად იდევნებოდა. თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი ბარსელონას განვითარებაში, მან გააგრძელა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად ყოფნა. სამოქალაქო ომის დროს, კატალონია არ ყოფილა ნაციონალისტური  ან სეპარატისტული ცენტრი, პირიქით, წითელი ბარსელონა იყო მნიშვნელოვანი ცენტრი ყველა ესპანური რესპუბლიკური მოძრაობისთვის. ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობდა ფრანკოისტებსა და მემარცხენეებს შორის, არავითარი საერთო არ ჰქონია იმასთან, რაც დღეს ხდება. დამოუკიდებლობის იდეოლოგია ფართოდ გავრცელდა არა უშუალოდ ფრანკოს რეჟიმის დამხობისთანავე, არამედ სამი დეკადის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მემარცხენე და მემარჯვენე მთავრობებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაებრუნებუნათ კატალანებისთვის ყველა სახის უფლებები და პრივილეგიები. მნიშვნელოვანია, რომ 1970-იან – 90-იან წლებში, მაშინ, როცა ფრანკოიზმი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაჟღერდა არა კატალანების, არამედ ბასკების მხრიდან, ვინც ამჟამად თავიანთი ეროვნული პრეტენზია მნიშვნელოვნად შეარბილეს (ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევაში, სადაც დამოიკიდებლობის საკითხი აშკარად გამქრალია)

ნაციონალური დისკრიმინაციის ტრანსფორმაცია რეალური გამოხატვიდან პოლიტიკურ მითად, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ნაციონალიზმის ზრდისათვის. ისინი, ვინც დისკრიმინირებულნი არიან, იბრძვიან დისკრიმინაციის გაუქმებისათვის, მაშინ, როცა ნაციონალიზმი ძველ შეურაცხყოფებს იყენებს სიმბოლურ კაპიტალად საკუთარი ამბიციების გამართლებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება  შოტლანდიისა და კატალონიის ისტორიებს შორის აქ მთავრდება, ლონდონისთვის კვლავ წინა პლანზე დგას რეფერენდუმის საკითხი, სადაც ერთიანობის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს, რასაც უნდა უმადლოდნენ ადგილობრივი ლეიბორისტული პარტიის პოზიციებს. პარტიას, რომელმაც საკუთარი პოლულარობაც კი მსხვერპლად გაიღო ნაციონალიზმისთვის თანმიმდევრული წინააღმდეგობის გასაწევად. თუ მადრიდი მოახდენს ესპანური უმრავლესობის მობილიზებას რეგიონში, იმის ნაცვლად, რომ დაუწესოს ბარსელონას აკრძალვები და ემუქრებოდეს მას, დადგება ანალოგიური შედეგი. თუმცა, ესპანეთის ექსტრემალურად კონსერვატიულ და რეაქციულ მთავრობას აშკარად არ სურს კატალონიის მუშათა კლასის მობილიზება. მან აირჩია პოლიციური ძალის გამოყენება, რითაც ახდენს ერთიანობის მომხრე კატალონიური პოპულაციის დემორალიზებას, იმ ხალხისა, რომელიც მხარს არ უჭერს ძალადობას.

სამწუხაროდ, ეს გარემოებები მემარცხენე პუბლიკის უმრავლესობისათვის ყურადღების მიღმა რჩება, ისინი აღტაცებით ადევნებენ თვალს ნაციონალისტ კატალონიელებსა და ესპანურ პოლიციას შორის შეტაკებებს.

კატალონიელთა ამბოხი, როგორც შოტლანდიური სეპარატიზმი,  არის მდიდრების გამოსვლა ღარიბების წინააღმდეგ; ლიბერალური საზოგადოების პროტესტი რედისტრიბუციული სოციალური სახელმწიფოს ნაშთების წინააღმდეგ. ბარსელონას ცენტრალური რეგიონების საშუალო კლასი არ არის  მეზობელი რეგიონების ღარიბი მუშახელის პოპულაციის მსგავსი, სადაც არ იციან კატალანური ენა და არანაირად არ უკავშირებენ თავიანთ მომავალს დამოუკიდებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალისტური პარტიების მიერ გამოცხადებული „საერთო გაფიცვა“ სრულიად არ ეხება ინდუსტრიას, მუშათა კლასი არ უჭერს მხარს წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის ამბოხს. უფრო მეტიც, ისინი აცნობიერებენ, რომ ამ ამბოხის უმთავრესი სამიზნე არა ესპანური მონარქიაა, როგორც ეს არაერთ გულუბრყვილო მემარცხენეს სჯერა, არამედ სოციალური სოლიდარობის პრინციპები და სოციალური სახელმწიფოს ნარჩენები.

მაგრამ  ვის ჭირდება ესპანურენოვანი მუშების ინტერესთა გათვალისწინება? ისინი არიან „დამპყრობლები“! შედარებისთვის, თუ ავიღებთ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კოლაფსს, დავინახავთ, რომ ბარსელონაში, დღეს დომინანტურია ის ამაზრზენი ილუზიები, რაც ნაციონალისტებს საბჭოთა კავშირის კოლაფსისას ჰქონდათ. იმას, რაც ამჟამად ხდება, ღრმა ფესვები აქვს პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში. შემთხვევითი არაა, რომ ნეოლიბერალიზმის ტრიუმფს ყველგან ახლდა თან ეროვნული სახელმწიფოებისა და ფედერაციების კრიზისი, სეპარატიზმის აღმოცენება და განვითარება. ამ გაგებით, მადრიდისა და ბარსელონას მმართველ წრეებს შორის არავითარი განსხვავება არაა. ისინი წარმოადგენენ ერთსა და იმავე კლასის ინტერესებს. ფედერაციათა დეზინტეგრაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების კრიზისი, რაც დღეს ყველგან გვაქვს სახეზე, მჭიდროდაა დაკავშირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან, რასაც მადრიდიცა და ბარსელონაც იზიარებს. ესაა ნეოლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი დესოციალიზაციის, პრივატიზაციისა და ფრაგმენტიზაციის საერთო ლოგიკის გაგრძელება. ეს იყო ის პოლიტიკური ეკონომიის ლოგიკაც, რაც თან სდევდა საბჭოთა კავშირის კოლაფსს. ეს ლოგიკა აერთიანებს არა მხოლოდ სოლიდარობის საფუძველზე დაფუძნებული კლასებისა და საერთო ჰუმანური ღირებულებების უარყოფას, არამედ ნაციონალური ღირებულებების ჩანაცვლებას ეთნიკური ღირებულებებით. ეს  ეთნიკური ნაციონალიზმია, რაც იდეალურად ანაცვლებს კლასობრივ და მოქალაქეობრივ სოლიდარობას. ის ახშობს ერთიანობის აუცილებელ განცდას ხალხისთვის და ანაცვლებს მას წარმოსახვითი დიდი ოჯახით.

მსგავსი დინამიკა შეგვიძლია შევნიშნოთ მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპაში, როცა როზა ლუქსემბურგი აფრთხილებდა სხვა მემარცხენეებს იმ საფრთხის შესახებ, რაც პატარა ერების წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმისგან მოდიოდა. დეზინტეგრირებული იმპერიების ტერიტორიებზე გაჩენილი ახალი სახელმწიფოების უმრავლესობაში, ჩამოყალიბდა რეაქციული და ფაშისტური რეჟიმები. მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გაკვეთილები საკმარისია იმისათვის, რათა საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ. სამწუხაროდ, თანამედროვე ევროპული მემარცხენეობა, რომელიც დეინდუსტრიალიზაციისა და კლასობრივი სოლიდარობის შესუსტების კონტექსტში განვითარდა, თავისთავად არის ნეოლიბერალიზმის პროდუქტი და წვრილბურჟუაზიული რომანტიზმითაა განმსჭვალული. მიუხედავად ამისა, მემარცხენეები ვერ ბედავენ ღიად განაცხადონ, რომ უმცირესობათა ნაციონალიზმი იმაზე ნაკლებად საზიანო არაა უმრავლესობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის ნაციონალიზმი.

კარგი სიახლეა ჯერემი კორბინის წარმატება და განახლებული ლეიბორისტული პარტიით, შოტლანდიაში კლასობრივი დღის წესრიგის დაბრუნება – რეგიონი კვლავ იქცა მუშათა მოძრაობის ხერხემლად. ნაციონალისტი დემაგოგები მალევე კარგავენ მიმზიდველობას მასების ფონზე, როცა არსებითი მემარცხენე ალტერნატივა ჩნდება. პატარა ქალაქების ნაციონალიზმის განვითარება მემარცხენეობის სიძლიერისა და გავლენის უკუპროპორციულია. როცა სოციალური ტრანსფორმაციის მომხრეები მარცხდებიან მათ ადგილს დაუყოვნებლივ იკავებენ ნაციონალური ექსკლუზიურობის მქადაგებლები. ამის საპირისპიროდ, მემარცხენე ძალების გაძლიერება დაუყოვნებლივ მიისწრაფის  ნაციონალსტური ორგანიზაციების აღმოფხვრისაკენ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალური საკითხი უმნიშვნელოა და  რეგიონალური ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული. მემარცხენეებსა და ნაციონალისტებს დიამეტრიულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პრობლემების დაძლევის შესახებ. პირველი ეფუძნება ხალხთა ურღვევი ერთიანობის რწმენას, ხოლო მეორე ყოფს და აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან. პირველი აცნობიერებს, რომ დიდი, ინტეგრირებული ეკონომიკა, დაფუძნებული რესურსების რედისტრიბუციაზე უმრავლესობის ინტერესებისთვის, ქმნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობებს, მაშინ, როცა სხვები მოითხოვენ თავისუფლებას მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის, უარყოფენ არამხოლოდ სოციალური თანასწორობის პრინციპებს, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მიზნებს.

სამწუხაროდ, ესპანელი და კატალონიელი მემარცხენეები ვერ ბედავენ ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაშინაც კი, როცა აანალიზებენ, რომ მათთვის დამღუპველად სახიფათოა ნაციონალიზმის ზრდა. პოლიტიკური კორექტულობა ბლოკავს ცნობიერებას და გამორიცხავს არსებით დისკუსიას. თუმცა, ადრე თუ გვიან, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თუ გვსურს რაიმე პროგრესული ცვლილება კატალონიაში, მხარი არ უნდა დავუჭიროთ მის სეპარაციას ესპანეთისგან. ამის ნაცვლად, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით უნდა ვიბრძოლოთ პროგრესული ცვლილებებისთვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ