"ახალი მანჯურიელი" თემურ ალასანია

ტერმინი ‘ახალი მანჯურიელები’ (New Mandarins) კომუნიკაციების თეორიაში ცნობილმა ამერიკელმა ლინგვისტმა და სოციალურმა მეცნიერმა ნოამ ჩომსკიმ 1969 წელს შემოიტანა, როდესაც გამოაქვეყნა წიგნი ნეოლიბერალურ პროპაგანდისტულ მანქანაზე.  აქვე მინდა დავძინო რომ ამ ტერმინის ჩამოყალიბებას ჩინელ ხალხთან არანაირი კავშირი არა აქვს – ეს ვიეტნამის ომის დროს ამერიკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაქირავებულ ფსევდო-ინტელექტუალურ კლასს აღნიშნავს და მანჯურიასთან მხოლოდ სიმბოლური კავშირი აქვს.  ოლიგარქიული სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ ლეგიტიმაცია მიეცეს იმპერიალიზმის თუ ადამიანების ჩაგვრის ნებისმიერ მანიფესტაციას, რადგანც ლეგიტიმაციის გარეშე ყველაზე ძალადორბივი რეჟიმიც კი ვერ ძლებს დიდხანს ხელისუფლებაში.  სწორედ, ამიტომაც ‘ტვინის რეცხვის’ საკითხებში მუშაობენ ათეულობით ინსტიტუტები (ეგრეთწოდებული Think Tank-ები) და აკადემიური დაწესებულებები.  პროპაგანდისტული ‘სპინის’ პირველადი დანიშნულებაა რომ ადამიანების მასიური მკვლელობებიდან, შიმშილიდან, ექსპლუატაციიდან და წამებიდან ყურადღება შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს და ამით მოახდინოს მოსალოდნელი პროტესტის ნეიტრალიზაცია.  60-იან წლებში ვიეტნამის ომში ამერიკის სამხედრო და მემარჯვენე წრეების აგრესიას მილიონობით მშვიდობიანი ვიეტნამელი და ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა.  ამ დროს კი ‘ახალი მანჯურიელების’ კასტა, რომელიც ჩომსკის თქმით ლიბერალური ინტელიგენციისა და მედიის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა წარმატებით ახერხებდა ამერიკელი მოქალაქეების ყურადღების გადატანას სხვადასხვა უმნიშვნელო საკითხებზე.   ეს ტექნოკრატიული ‘ექსპერტებისაგან’ შემდგარი პოლიტიკური კლასი უშუალოდ ემსახურება ოლიგარქიული ელიტის და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ინტერესებს.  აქ არანაირი შეთქმულების თეორია არ არის – ჩომსკი ამას მარტივ ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირებს – ომში ყოველთვის დიდი ფული კეთდება – სახელმწიფოს ‘უსაფრთხოების’ საფარქვეშ ხდება ძირითადად საშუალო კლასის და ღარიბების არაპროპორციულად დიდი დაბეგრვა და მერე ეს სახსრები ძირითადად სამხედრო დაკვეთებში მიდის ფინანსური კორპორაციების საშუალებით.  წაგებულნი არც ნავთობისა და ენერგეტიკული კომპანიები რჩებიან, რადგან ომის დროს ფასები მკვეთრად იზრდება და ბევრი კორპორაცია შესაბამისად ასტრონომიულად მდიდრდება.  როგორც ჯორჯ ორველი ამბობდა, ომის ძირითადი მიზანია არა გარე მტრის დამარცხება, არამედ საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო დამონება და პატარა ელიტების კიდევ უფრო გამდიდრება.  ეს ბიზნესია – და სამხედრო ბიზნესს სენტიმენტალური ცრემლების არ სჯერა – უფრო სწორად მას მორალი და ეთიკა პრაქტიკულად არ გააჩნია.  მისი მთავარი მამოძრავებელი ინტერესი (როგორც ამერიკელები იტყვიან bottom line) იარაღით ვაჭრობაზე გამდიდრება და შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდაა.
 
დასავლეთში უკვე თითქმის 100 წელია რაც არსებობს ‘საზოგადოებრივი ურთიერთობების’ (Public Relations ანუ გაინგლისურებული ქართულით რომ ვთქვათ პიარის) ბიზნესი, რომლის მთავარი დანიშნულებად ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი ედვარდ ბერნსი ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს თავის წერილში ჟურნალ Annals of the American Academy of Political and Social Science ‘მორჩილების ინჟინერიას’ ასახელებს.  ანუ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს და მასთან დაკავშირებულ ოლიგარქიულ კორპორატიულ წრეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და მოსახლეობა დაარწმუნონ ომის, ჩაგვრის, ძალადობის და ეკონომიკური მონობის აუცილებლობაში.
 
ცნობილი გამოთქმა ‘მორჩილების დამზადება’ ნეოლიბერალური პროპაგანდისტული მეთოდოლოგიის მამას, ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს ვალტერ ლიპმანს ეკუთვნის.  მისი განსაზღვრებით ადამიანების დიდ რაოდენობას გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და დემოკრატიის არსიც სწორედ იმაშია, რომ ‘საუკეთესო ხარისხის კაცებმა’ (ლიპმანის დროს ქალები პოლიტიკურ პროცესში არც იყვნენ ასე აქტიურად ჩაბმულნი), რომელთაც ეფექტურად შეუძლიათ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური მართვა მასები უნდა ‘სწორ გზაზე დააყენონ’. რამდენად საინტერესოა როგორ ჰგავს ლიპმანის და ბერნსის ნეოლიბერალური პროპაგანდის მეთოდები ვლადიმერ ლენინის, იოსებ ჯუღაშვილის და მათი ბოლშევიკი მეგობრების იდეოლოგიას, სადაც ‘პარტიის ავანგარდს’ ეკისრებოდა მთავარი გაზმკვლევის როლი ხალხის ‘მასებისათვის’.   სწორედ ეს აძლევს ბევრს იმის თქმის საფუძველს რომ ნეოლიბერალიზმი და ბოლშევიზმი ძალიან ახლობელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმდინარეობებია – უბრალოდ ერთგან ეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით ხდებოდა და მეორეგან ‘თავისუფალი ბაზრის’ წამყვანი ოლიგარქების სახელით.  ორივე მათგანი საშუალო კლასს და ღარიბებს ძარცვავდა იმისათვის რომ საკუთარი ძალაუფლება გაემყარებინა – და ორივე ეს კლასი ეყრდნობოდა სამხედრო ინდისტრიულ კომპლექსს.  ომი და იმპერიალიზმი ორთავე ამ სისტემისათვის არსებობის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება იყო.  ისიც არ არის გასაკვირი რომ ბევრი საბჭოთა კომპარტიის ლიდერი თუ კგბ-ს მაღალჩინოსანი დღეს პირწავარდნილი ნეოლიბერალი გახდა.
 
ვალტერ ლიპმანის გავლენა ლიბერალური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებზე იმდენად დიდი იყო რომ 1938 წლის აგვისტოში პარიზში გაიმართა ცნობილი ‘ლიპმანის კოლოკვიუმი’, სადაც პირველად იქნა ჩამოყალიბებული ნეოლიბერალიზმის პრინციპები.  ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნეოლიბერალიზმის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ ვილჰელმ როპკე, ალექსანდერ რიუსტოვი, ფრიდრიხ ჰაიეკი, ლუდვიგ ფონ მიზესი, მიქაელ პოლანი, რაიმონდ არონი, ლუის როდრიგესი, ჟაკ რუეფი და სხვები.   სწორედ აქ დაისახა ახალი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სოციალისტური, ფაშისტური და ტრადიციულად ლიბერალური მიდგომების ნაცვლად სთავაზობდა მსოფლიოს ახალ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო სუფსიდიებს.  ნეოლიბერალებმა კლასიკური ლიბერალიზმის მთავარ პრინციპს სახელმწიფოს სრულ ჩაურევლობას ეკონომიკურ ცხოვრებაში სხვა ინტერპრეტაცია მისცეს – მათ გადაწყვიტეს რომ შეექმნათ სოციალისტური სისტემა განსაკუთრებით მდიდარი კორპორაციებისათვის და სამხედრო კომპლექსისათვის.    და ამაში ვალტერ ლიპმანის როლი საკმაოდ დიდია – პირველ ნეოლიბერალურ სამეცნიერო კონფერენციას სწორედ მისი სახელი ერქვა.  ვალტერ ლიპმანი კი პოლიტიკური ‘სპინის’ და ინფორმაციის მანიპულირების ერთ-ერთი გამორჩეული პიონერი გახლდათ.  მას ეკუთვნის აგრეთვე ტერმინი ‘ცივი ომი’, რომლის წყალობითაც საბჭოთა და დასავლურმა სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსებმა უდიდესი სახსრები წაართვეს საკუთარ მოქალაქეებს.   სწორედ ვალტერ ლიპმანის მიერ დამკვიდრებულ ინფორმაციულ მანიპულაციებზეა დამყარებული ნეოლიბერალური მედიისა და ‘ექსპერტების’ – ‘ახალი მანჯურიელების’ მუშაობის ტექნოლოგიები.   ამ ინსტიტუტების დანიშნულებაა რომ მკვლელები და მოძალადეები პროგრესის მომტანებად წარმოგვიჩინონ, ხოლო ადამიანის ეკონომიკური დამონების პროცესს ‘სამუშაო ადგილების შექმნა’ დაარქვან.   ნეოლიბერალური პროპაგანდის მანქანის ოსტატობა კარგად ჩანს, როდესაც იარაღით და ნარკოტიკების მოვაჭრეებს ‘ინვესტორები’ უწოდონ.
 
ცივი ომის შემდეგ კი მოხდა საბჭოთა ბოლშევიკური და ნეოლიბერალური პროპაგანდისტების პრაქტიკული გაერთიანება.  მათს შორის იდეოლოგიური წინააღმდეგობები მთლიანად მოიშალა და ორივე ჯგუფის ოლიგარქებმა იოლად მოძებნეს საერთო ენა.  საბედნიეროდ ამერიკის ლიბერალურ წრეებში დღეს ნეოლიბერალები არ სჭარბობენ – აქ უფრო სოციალური ლიბერალიზმია გავრცელებული დემოკრატიულ პარტიაში და აქედან გამომდინარე ლიპმანის შთამომავლებს სრული მონოპოლია აღარ აქვთ მედიაზე.  გარდა ამისა ‘ახალი მანჯურიელების’ საინფორმაციო სივრცეში ბატონობას დაემუქრა თავისუფალი ინტერნეტის სივრცის გაჩენა, სადაც ადამიანებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი სიმართლეზე.  უფრო რთული გახდა ადამიანებისათვის სიმართლის გადამალვა.
 
‘ახალი მანჯურიელების’ მოღვაწეობის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება საქართველოში, როდესაც სააკაშვილის ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული რეჟიმის დანაშაულებებზე ლაპარაკის მაგივრად ლიპმანის ქართველი მოწაფეები ოსტატურად ახერხებენ ‘სპინის’ გადატანას შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე და ამით მკითხველების კიდევ უფრო დაბნევას და შეცდომაში შეყვანას.
 
თანამედროვე ქართული ტვინის რეცხვის მანქანის მხოლოდ ერთ მაგალითზე გავჩერდები ახლა.  ეს არის გაზეთ ’24 საათის’ 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ქალბატონ რუსუდან ვაშაკიძის ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის ბიძასთან და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ოლიგარქთან, თემურ ალასანიასთან. ცხადია, ეს პიროვნება ქართული საზოგადოებისათვის უცხო არ არის – თუმცა როგორც ამ მასალიდან ვიგებთ ეს მისი პირველი ინტერვიუა მედიისათვის – თავისთავად ეს ფაქტიც მეტად საინტერესოა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
 
თემურ ალსანიაზე წერდნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცემები – კანადური Global Research, ამერიკული ჯეიმსტაუნის ფონდი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედია მკვლევარი მარკ ოლმონდი და ბევრი სხვა ჟურნალისტი.  ამ მასალებიდან იკვეთება რომ თემურ ალასანია 1970-იანი წლებიდან საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.  ცხადია, ამ საელჩოებში მოხვედრა ასეთ ახალგაზრდა ასაკში (ბატონი ალასანია ახლაც არ არის მოხუცი) საბჭოთა იმპერიაში რომელი ორგანიზაციის გავლით ხდებოდა ეს ყველამ კარგად იცის და ეს ავტორებიც არ მალავენ ამას.
ამავე დროს ცნობილი ხდება რომ პრეზიდენტის ბიძა საბჭოთა კგბ-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენლის და მოგვიანებით კომპარტიის გენსეკის იური ანდროპოვის პერსონალური პროტეჟე იყო.  ცხადია, ეს იმაზე მეტყველებს რომ ეს ადამიანი თავის საქმეში (სავარაუდოდ მზვერავ-დიპლომატობაში) კარგი პროფესიონალი იყო და თავისი დისშვილის არ იყოს ნამდვილად დაიმსახურა საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ეშმაკი გენსეკის სიმპათიები.
 
ბატონი ალასანია თვითონაც აღიარებს რომ იგი გაეროში ერთ-ერთ დიდ თანამდებობას ფლობდა განიარაღების საკითხებში – ეს კომიტეტი კი ცნობილია რომ ხშირად იარაღის ვაჭრებისთვის იდეალური ადგილი იყო რუსული და სხვა წარმოების შეიარაღების მესამე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად. რამოდენიმე უცხოელი ჟურნალისტი პირდაპირ ადებს ხელს თემურ ალასანიას იარაღით ვაჭრობაში – მასზე საფუძვლიანი ეჭვებია გამოთქმული რომ ის იყო დაკავშირებული ვიქტორ ბუტთან და მასთან ერთად რუსეთში ნაწარმოებ იარაღს თალიბებზე ყიდდა.  ამას სპეციალური ჟურნალისტური გამოძიებაც მიეძღვნა.  კანადური გამოცემა კი მას აგრეთვე უკავშირებს ამერიკაში მოღვაწე და რუსულ გრუ-სთან ახლო კავშირების მქონე ერიკ გუდისთან, რომელიც აგრეთვე მოიაზრება მსხვილ იარაღის ვაჭრად.  სხვადასხვა წყაროს ცნობებით თემურ ალასანიაზე და მის კოლეგებზე იარაღის ვაჭრობის ხაზით იძიებს.  თუმცა აქამდე ბატონ ალასანიას გაეროს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, რომელიც მან რუსეთის იმპერიის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) წყალობით მიიღო და ახლა კი საქართველოს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. და რაც მთავარია, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი თავის გამოძიებაში თემურ ალასანიას გვარს უკავშირებს ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულ დაღუპვას.  კანადური გამოცემა მაგალითად ამტკიცებს რომ ჟვანიამ სცადა ალასანიას და გუდისის მიერ თბილისის აეროპორტის მიღების დაბლოკვა და ამის შემდეგ მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.   კიდევ ერთხელ, აქ ლაპარაკი არ არის რაიომე შეთქმულებაზე – ლაპარაკია კონკრეტულ ეკონომიკურ ინტერესებზე, რომლებსაც წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის სანათესავო კლანი და კონკრეტულად ბატონი თემურ ალასანია.
მაგრამ იმის მაგივრად რომ ასეთ რესპონდენტს ერთი მწვავე შეკითხვა მაინც დაუსვას ქართველი ‘ახალი მანჯურიელების’ წარჩინებული წარმომადგენელი რუსუდან ვაშაკიძე ბატონ ალასანიას მარსელ პრუსტზე ესაუბრება.  უნდა აღინიშნოს რომ ამ სტატიაში პოლიტიკური ‘სპინის’ კლასიკური ელემენტებია გამოყენებული.  მაგალითად ჟურნალისტი ეკითხება ალასანიას, რას იტყვით თქვენთან დაკაშირებულ ‘ლეგენდებზეო’ – და რესპონდენტიც მეტად ზოგად და ‘ინტელექტუალურ’ პასუხს გვთავაზობს.  ეს ‘ლეგენდები’ რომ კონკრეტულ მეტად მძიმე ბრალდებებთან არის დაკავშირებული ჟურნალისტს რატომღაც ავიწყდება და საუბარს აგრძელებს ყირგიზეთისა და უნგრეთის კულტურების შედარებითი ანალიზის პრობლემებზე.  ძალიან საინტერესოა რომ ქალბატონ რუსუდანში სწორედ ამ დღეს გაიღვიძა ცხოველმა ინტერესმა მარსელ პრუსტისა და აინშტაინის დაილოგებს ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციების და უნგრულ-ყირგიზული კულტურული რელატივიზმის პრობლემების მიმართ.
მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ქვეყანაში არც ფოტოგრაფს და არც უბრალო ბიზნესმენს არ ტოვებს ‘ქვეყნის ღალატში’ დადანაშაულების და დაპატიმრების გარეშე, მუდმივად ‘რუსეთის კარტას’ გვიტრიალებს მისი მთავარი იდეოლოგების პირით ძალიან უცნაურია რომ ზოგიერთ საჯარო მოხელეს მხოლოდ მარსელ პრუსტზე აძლევენ შეკითხვებს.
პირადად ამ ანტირუსული კამპანიის მთავარ ‘აქტორებს’ (არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ მაინც უნდა ვიხმარო – ‘მოთამაშეებს’) – გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს და მათს იდეოლოგიურ თანამოძმეებს რატომღაც შერჩევითი მახსოვრობა აქვთ – გოგა ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი თუ რუსეთის აგენტები არიან და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გავლენის გამტარებელი – ანდროპოვის პროტეჟე, საბჭოთა დაზვერვის 38 წლის ვეტერანი რომ უკვე საჯარო მოხელეა და საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს – ეს რატომ არ აჩენს კითხვებს?  სად არის ბატონი გოკა გაბაშვილი – რუსეთის ხმალამოღებული მტერი – რატომ არ აძლევს 1970-იან წლებში საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ნამყოფ პირებს რთულ შეკითხვებს?  მითუმეტეს რომ უცხოური პრესა ამ სახელს საქართველოს პრემიერ მინისტრის მკვლელობას უკავშირებს.
 
მაგრამ მე როგორც ვხვდები ქალბატონი რუსუდან ვაშაკიძის არ იყოს – წამყვან ქართველ ნეოლიბერალ იდეოლოგებს ამ შემთხვევაში მარსელ პრუსტის და აინშტაინის დიალოგების განხილვა უფრო აინტერესებთ საბჭოთა კგბ-ს მაღალჩინოსნებთან, ვიდრე სიმართლის გარკვევა.
ჰოდა, მეც მინდა ჩვენს ‘ახალ მანჯურიელებს’ ერთი რჩევა მივცე – საქართველოს მთავრობის მორიგი საბჭოთა დაზვერვის წევრის ინტერვიუს დროს მარსელ პრუსტთან ერთად მარსელ დუშამპიც არ დაივიწყონ.  მისი ცნობილი – აწ უკვე კლასიკური ნამუშევარი ‘პისუარი’ დღეს ქართულ სახელისუფლებო მედიაში არსებულ სიტუაციას არანაკლებ კარგად ასახავს ვიდრე მარსელ პრუსტის ‘დაკარგული დროის ძიებაში’.
 
ფოტო გაზეთი “24 საათის” გვერდიდან
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ