წელი განვლილი და წელი ახალი (რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ანალიზი)

’რაბკორის’ ქვემოთმდებარე ედიტორიალი რუსულიდან თარგმნა ქეთევან ამირეჯიბმა.

ისტორიამ კარზე მოგვიკაკუნა, რევოლუცია რეალობად იქცა. ეჭვსგარეშეა – საზოგადოებრივი გარდატეხა არ ხდება იმის გამო, რომ ხელისუფლებას ჩახუტებულმა  გამაძღარმა ინტელექტუალებმა, მოდურმა მწერლებმა და ,,მაღალი წრის“ მანდილოსნებმა უცებ გააცნობიერეს რომ  ,,ღირსება შეელახათ“.

,,ედინაია როსიას“ დეპუტატები და ფუნქციონერები ერთმანეთს ასწრებენ განცხადებების გამოქვეყნებას და ირწმუნებიან, რომ აღშფოთებულნი არიან საკუთარი პარტიის მოქმედებით. მაგრამ, კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ისინი ამ პარტიის სრულიად ლოიალური წევრები იყვნენ და შესაშური ერთსულოვნებით უჭერდნენ მხარს ყველა სისაძაგლეს, რომელსაც დღეს ასე თავგამოდებით გმობენ.

მოხელეები უჩივიან ბიუროკრატიის თვითნებობას. გლამურული პერსონაჟები მღერიან ,,ვარშავიანკას“ და სოციალურ სამართლიანობაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ცენზურას დაქვემდებარებულ ტელეარხებზე მოკალათებული თანამედროვე ცივილიზაციის მგზნებარე კრიტიკოსები კი  მიწასთან ასწორებენ არსებულ წესრიგს და იმავდროულად მოუწოდებენ ადამიანებს გაერთიანდნენ ხელისუფლების გარშემო, მხარი მისცენ მას და არ დაუშვან ცვლილებების განხორციელება.

ერთი შეხედვით, ყოველივე ეს აბსურდის თეატრს ჰგავს. სინამდვილეში კი სწორედ ეს არის რევოლუციური ყოველდღიურობა – მისი პირველი ფაზა, რომელიც ყოველთვის გროტესკული და წინააღმდეგობრივია. ძველი წესრიგის სტაბილურობა უკვე შერყეულია, მაგრამ, ახალი დრამის მოქმედ პირებს ჯერ კიდევ ვერ უპოვნიათ თავიანთი ადგილები, ვერ მიმხვდარან თუ რა როლი უნდა ითამაშონ და ამიტომ უწესრიგოდ მოძრაობენ სცენაზე. ყველაფერი არეულ-დარეული და ქაოტურია.

ნუთუ გგონიათ რომ 1789 წელს, ან 1905 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო?

რას ეფუძნება თქვენი ცოდნა რევოლუციის შესახებ – საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოს, თუ იმ საშინელებათა ფილმებს, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ლიბერალურ-ბიუროკრატიული ტელევიზიების შემქმნელ-შემოქმედებმა დაახვავეს?

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით რა განსხვავება არსებობს სიღრმისეულ  სოციალურ-ისტორიულ ძვრებსა და ,,ნარინჯისფერი რევოლუციების“  იმ ფანტომს შორის, რომელიც პოლიტტექნოლოგებმა მოიგონეს  თავიანთი სპონსორების მოსაწველად, ჩვენ არ შევეცდებით თქვენთვის ამის ახსნას და  თქვენს გადარწმუნებას. თქვენ ისტორია მიგიჩენთ სათანადო ადგილს.

მმართველი წრეები, ცხადია, ვერ ხედავენ თუ რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. ისინი მხოლოდ ინტუიტიურად გრძნობენ ამას. ეკონომიკური კრიზისის პირველ ტალღას ყოველთვის მოსდევს მეორე. ზუსტად ასევე, პოლიტიკური კრიზისი, რომლის გაკონტროლება კიდევ შესაძლებელი იყო  ,,დუმის არჩევნების“ ჩაშლილი სპექტაკლის შემდეგ, შეიძლება გაცილებით უფრო საშიშ მოვლენებში გადაიზარდოს, რადგან ერთ საბედისწერო დღეს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ზვავი რუსეთის მშვიდობისმოყვარე და არამეამბოხე მოსახლეობასაც კი ჭკუიდან გადაიყვანს.

ქვეყნის დღევანდელ საჭეთმპყრობელთ სწორედ ამისი ეშინიათ. ხელისუფლება ცდილობს  დაძაბულობის განსამუხტავად რაღაც ნაბიჯები გადადგას – მცირედ პოლიტიკურ დათმობებზე მიდის. ეს დათმობები თანმიმდევრულად უსისტემო და პრინციპულად უპრინციპოა. ჩვენ გვთავაზობენ შევქმნათ უამრავი ჯუჯა პარტია და არაფერი შევცვალოთ არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებში. გვპირდებიან, რომ მოგვცემენ უფლებას თავისუფლად ავირჩიოთ გუბერნატორები, მაგრამ, მათი კანდიდატურები ხელისუფლებამ უნდა შემოგვთავაზოს. გასულ წლებში ,,მართული დემოკრატიის“ პოლიტიკა ეფუძნებოდა ახალი მოთამაშეების მოედანზე არდაშვებას, დღეს კი ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ,,ქაოსის მართვის“ მეშვეობით შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას.

,,მართული ქაოსის“ არაადეკვატური, ავადმყოფური იდეა ადმინისტრატორ-პიარისტებისა და მოხელე-პოლიტტექნოლოგების დაბინდული გონების ნაყოფია. ეს ერის მამები თავდაპირველად ცდილობდნენ ნებისმიერი პროტესტის გამოვლინება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში (თვით ნიუ-იორკსა და ვაშინგტონიშიც კი) ამ თეორიის მეშვეობით ამერიკული დიპლომატიის ხრიკებით აეხსნათ. ჩანს, რომ  თავადვე ირწმუნეს ამ ზღაპრების და გადაწყვიტეს საკუთარ ქვეყანაში მსგავსი ჯადოსნობა ჩაეტარებინათ. ისინი ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ ქაოსის გამოწვევა ადვილია, მაგრამ მისი მართვა სრულიად შეუძლებელი.

ქაოსის გამოსაწვევად გადადგმული  სახელისუფლო ნაბიჯები უკვე ნაყოფს იძლევა; მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ნაყოფი საკმაოდ განსხვავდება იმისაგან, რასაც მოელოდნენ. ქვეყნის მესაჭენი ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გათიშონ და დაანაწევრონ საზოგადოება, მაგრამ, აშკარაა, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, ხელისუფლება თვითონ იშლება. თვალნათლივ ვხედავთ როგორ ცვივა სახელმწიფo შენობის ნაწილები. თვითნგრევის მექანიზმი უკვე ამოქმედდა. იგი პოლიტიკურიც არის და ეკონომიკურიც. მმართველი კლასს უკვე აშკარად აღარ ჰყოფნის რესურსები წონასწორობის უზრუნველსაყოფად. დამატებითი წყაროების შოვნა კი შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური რეფორმების მარწუხების მოჭერით.  ეს კი ახალი მტრების გაჩენას მოასწავებს. სისტემა ლპება და ზედაპირზე ლპობის სხვადასხვა პროდუქტს გამოყოფს. ზედაფენების კრიზისი ცვლილებების შეუქცევადობის გარანტიაა. ,,კრეატიული კლასი“ და ძმანი მისნი უცებ მიხვდნენ, რომ ,,ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“ უბრალოდ იმიტომ, რომ ძალაუფლების მპყრობელთ ძველებურად მართვა აღარ შეუძლიათ.

მემარცხენე სექტანტების  სხვადასხვა ჯგუფებმა უკვე შეიმუშავეს ნაირ-ნაირი ინტერპრეტაციები იმისა, რაც ხდება. ეს თეორიები უფრო თვით მათთვის არის განკუთვნილი, ვიდრე საზოგადოებისათვის. მათი დიაპაზონი ,,სამოქალაქო საზოგადოებით“ ინფანტილური აღფრთოვანებიდან ,,არასწორი მოვლენების“ ღვარძლიან დაგმობამდე მერყეობს. ,,არასწორი მოვლენების“ თვალსაზრისის მიმდევრები ვარაუდობენ, რომ პროცესები არ შეესაბამება ,,ნამდვილი რევოლუციის“ კანინებს. უნდა ითქვას, რომ ეს აბსურდული ,,კანონები“ თვით ამ ადამიანებმა შეიმუშავეს, რადგან ვერ გაიაზრეს ვერც მარქსის თეორია და ვერც ლენინის ნაშრომები.

დღევანდელი მოვლენების მიმართ პრინციპული მემარცხენე პოზიცია ცვლილებათა პროცესის მხარდაჭერასა და დემოკრატიზაციის მოთხოვნას გულისხმობს.. იმავდროულად, მან უნდა ამხილოს ლიბერალური ელიტებისა და აღვირახსნილი ნაციონალისტების თვალთმაქცობა; აშკარაა, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოების აღტკინება საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად გამოიყენონ. არც ერთ მათგანს დემოკრატია არ სჭირდება. ლიბერალებმა იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების მცირედი შანსიც არ აქვთ, ნაციონალისტები კი ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი სრულიადაც არ არის რუსეთის ყველა მოქალაქის თავისუფლება და თანასწორობა, არამედ ახალი, რასისტული ლოზუნგებით მოსული დიქტატურა.

 თანმიმდევრული დემოკრატიზაცია განუყოფლად არის დაკავშირებული ისეთ სოციალურ გარდაქმნებთან, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს უპასუხებს, აგრეთვე –  ხალხის საკეთილდღეოდ მიმართულ,  რადიკალურ, ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცვლილებებთან. სოციალური სახელმწიფოს დაცვისა და აღდგენის ეს სტიქიური პროგრამა გააზრებულ პოლიტიკურ პროექტად უნდა გარდაიქმნას. დღეს ამის გაკეთება მხოლოდ მემარცხენეებს შეუძლიათ.

დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნა, ჩამოყალიბება მემარცხენე ძალების კოალიციისა, რომელიც პრინციპულად დაუპირისპირდება როგორც ლიბერალებსა და ნაციონალისტებს, ასევე ავტორიტარულ ხელისუფლებას. ქვემოდან – საწარმოების, სკოლების, უნივერსიტეტების და პროფესიული კავშირების დონიდან დემოკრატიული მობილიზაციის დაწყება. აი, ყოველივე ის, რისთვისაც დღეს ჩვენ ვმუშაობთ.

,,რაბკორის“ გასული წლის მოწინავე სტატიაში ჩვენ დავწერეთ, რომ სოციალური კრიზისი აუცილებლად გადაიზრდებოდა პოლიტიკურ კრიზისში. ისტორიამ დაადასტურა, რომ მართლები ვიყავით. გლობალურმა ცვლილებებმა რუსეთამდეც მოაღწია და ,,მართული დემოკრატიის“ შენარჩუნების არანაირი შანსი არ დატოვა. რაგინდ დიდი სურვილიც ჰქონდეთ მავანთ, ისტორიას ვერ დაემალებიან.

2011 იყო მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის დიადი წელი და მან რევოლუციურ პროცესებს დაუდო სათავე. ეს წელი დაიწყო აჯანყებებით არაბულ ქვეყნებში და დამთავრდა მასობრივი პროტესტით რუსეთში. დღეს ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და ეს რეალობა განსხვავებულ მოქმედებას მოითხოვს. ახალი რუსული რევოლუცია დაიწყო. 2012 წელი გადამწყვეტი პოლიტიკური ძვრების, მასობრივი გამოსვლების, ეკონომიკური პრობლემების გამძაფრებისა და საზოგადოებრივი გადატრიალებების წელი იქნება.

ისტორია ჩვენთან მოვიდა!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ