ჩვენ, ელექტრონული კოლონიალიზმი და ინფორმაციული შიზოფრენია

Share on Facebook33Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

SF-book
წერილის ავტორები:

► გიორგი ნამგალაძე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.  

► ზაქარია თავბერიძე, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.  

ჩვენს პორტალზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ სხვა ერთობლივ ნაშრომებს: “ქართული კაპიტალიზმის ჰიბრიდები” და “ისტორია, პროგრესი და ძალადობის სატირული სახიერება”

© European.ge

 

კარგი მესინჯერი ისაა, რომელიც საკუთარი მესიჯის უკან ქრება, როგორც ანგელოზი უჩინარდება გამოცხადების შემდეგ“

რეგის დებრეი; „მედია მანიფესტი“

ტექსტის მიზანია მარშალ მაკლუენის ტაბლოიდური თეზისი, „მედიუმი არის მესიჯი“, პოლიტიკური დღის წესრიგის კონტექსტში გასაგები გახადოს. პოსტმოდერნული პოსტულატები, ხშირად მხოლოდ მოწინავე დასავლური საზოგადოების აღსაწერად გამოიყენება, მაშინ, როდესაც „პლურალიზმის აფეთქება“ განვითარებად საზოგადოებებსაც არანაკლები ინტენსივობით მიეყენება. ჩვენი წარსული მკვდარია, რადგან უარყოფილია, როგორც გამოუსადეგარი და დაგმობილი. ჩვენი მომავალი ბუნდოვანია, რადგან არ არის შეთანხმებული. ამგვარად, მოქალაქე გატყორცნილია ყოველდღიურობაში, რომლის მოქმედებები სპონტანური, გრძნობადი გამღიზიანებლებითაა ნაკარნახევი და არა ისტორიული მიმართულებით, ან მომავლის გამიზნული კონსტრუირების სურვილით.

მათთვის, ვისაც სამყაროსთვის მემარცხენე ლინზით ერთხელ მაინც შეუხედავს, ნაცნობია გაკვირვება, რომელსაც მასების მიერ სოციალური უთანასწორობის ვერ დანახვა იწვევს. თითქოს შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, რომ კაპიტალიზმია საწყისი მიზეზი იმ მოჩვენებითი ინდივიდუალური პრობლემებისა, რომელსაც მასების გონება ასე საყოველთაოდ დაუკავებია. ამ გაოცებაზე დგას მე-20 საუკუნის მემარცხენე სკოლები და თეორიები, რამაც მათ კიდევ ერთხელ დაასმევინა შემდეგი კითხვები: რატომ არ ხდება რევოლუცია? რატომ არ ჯანყდება ხალხი? რატომ არ ინგრევა სტატუს-ქვო?

60-იან წლებამდე, პასუხების მისაღებად ავტორები კვლავაც კლასიკურ ნამგალსა და ჩაქუჩს იმარჯვებდნენ. ამბობდნენ, რომ საქმე კაპიტალიზმის გლობალიზაციას უკავშირდებოდა, ან განახლებული სამომხმარებლო საზოგადოების ჩამოყალიბებას; ან – პრობლემა ფსიქოანალიტიკურ განზომილებას პოულობდა და ასე შემდეგ. ამბობდნენ ყველაფერს გარდა ერთისა – ბაზისმა, რომელიც მარქსის მიხედვით ეკონომიკა უნდა ყოფილიყო, ფერი იცვალა. ნელ-ნელა მის ადგილს მედიუმი/მედია იკავებდა. „თანამედროვე ცივილიზაციებში ბუნებრივი ურთიერთობები უშუალოდ კი არა, არამედ, ადამიანის ცნობიერების მედიაგაშუალებით ბატონობენ“ (ადორნო, ჰორკჰაიმერი; განმანათლებლობის დიალექტიკა).

დღეს მედია ქმნის იმედგაცრუებებს. „მედიუმი არის მესიჯი“  სწორედ ამ გარდატეხაზე მიუთითებს. მაკლუენი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მედია არაა მორიგი ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანი საკუთარი იარაღების ყუთში მოათავსებს, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენოს; არამედ, ესაა ეპისტემოლოგიური ცვლილება: მედიუმის არსებობა თავისთავად უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფორმირებაზე, ვიდრე მისი გავლით გატარებული ნებისმიერი დამოუკიდებელი მესიჯი. ანუ, ინფორმაცია მეორეხარისხოვანი ხდება მაშინ, როდესაც პირველ პლანზე მედიუმის, როგორც იმიჯების პროდუქციის ხასიათი გამოდის.

რა კონტენტსაც არ უნდა ქმნიდნენ პოლიტიკური მოძრაობები გავლენის მოსახდენად, თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ის, თუ რა მედიუმი ატარებს მას.

„დღეს კიდევ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ გულწრფელობის წარმოება მოდერნულ ეპოქაში დიზაინის გაქრობით, დიზაინირებული სამყაროს ცენტრში ცარიელი სივრცის განთავსებით, დიზაინის ამოწურვით ხდებოდა“, წერს გროისი. ამ მოსაზრების თანახმად, მოდერნიზმი დიზაინ-ჩარჩოებისგან თავისუფალი არეალების შექმნას; გულწრფელობის, მაღალი მორალის, ნდობის სივრცეების აღმოჩენას ცდილობდა, ანუ მიიჩნევდა, რომ არსებობდა სივრცე, სადაც ნამდვილი გულწრფელობა, ნამდვილი მორალი, თანაგრძნობისა და ერთგულების კონცეპტები მუშაობდა (მაგ. ჰაბერმასის საჩაიე ან ყავის სახლი). სადაც კოლექტიურად განიხილებოდა და იწმინდებოდა სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენები.

მასმედიალური მედიუმი კი, ჯადოსნური ფანჯარაა. ამ აზრით, ის განსხვავდება ნებისმიერი წარსულში არსებული მედიალური სივრცისგან, რომლის ფორმებიც მისი სოციალური ფუნქციონიების მიღმა იმალებოდნენ. დღეს არსებული მედიუმი გარკვეული სახის სუბსტანციაა, რომელშიც კონკრეტული მოდუსები ხატებად ფრაგმენტირდება და მას გადაეცემა. მან კარგად იცის, რომ თუ ის მედიალურ სივრცეში ვერ გაივლის, ვერ გაფორმდება, როგორც მესიჯი თავისთავად. სხეულის მესიჯად ქცევისთვის მომამზადებელი არენისა და პუბლიკის როლს დღეს მედია ითავსებს, სხეულები და იდეები ეკრანებიდან უნდა გადმოვიდნენ. რადგან მედია თავადაა უხილავი შუალედი,  წესებს, კორექტურას, ეთიკას, მორალს, სამართალს, თავისუფლებას, სწორს და არასწორს თავად დაიდგენს და ამით მოიპოვებს იმ მთავარ ძალაუფლებას, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გააჩნია.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის ცივი მედიუმი გახდა. მედია სოციალურ ფრაგმენტაციას იწვევს, გონება ერთი ნაწარმოებიდან მეორეზე აჩქარებული ტემპით გადადის. მაკლუენი თვლიდა, რომ თანამედროვე მედიატექნოლოგიურ საშუალებებს შეუძლიათ გადალახონ ინდივიდუალური მაყურებლის იზოლაცია. ყველაფერი, რაც ამ სივრცეებში ხვდება, მონაწილეთა ყურადღებას იპყრობს, იწვევს მათ რეაქციებს, რომლებიც თავისმხრივ სხვა რეაქციებს იწვევენ და ა.შ. ჩვეულება არ მიიჩნევს საჭიროდ ერთ კონკრეტულ ნაწარმოებზე კონცენტრირებას, გვეჩვენება, რომ არჩევანის შესაძლებლობა მარტივი და საყოველთაოა. სწორედ ამიტომ, ასეთ სივრცეს (ნებისმიერ თანამედროვე ეკრანს) შეუძლია დაიტიოს ყველა სახის ინფორმაცია და თვითონ გახდეს გარდაუვალი მედიამესიჯი. ის სისტემურ ჩარჩოს სთავაზობს, უსასრულო რაოდენობიდან გამოარჩევს და სტრუქტურულ მწყობრს აძლევს ტექსტს, მუსიკას, ინდივიდუალურ ხატებს და ამით, ანეიტრალებს მათ.

მაკლუენი, შეიძლება ითქვას, ამაზე შორს აღარ წასულა. დანარჩენი ინტელექტუალური სამუშაო, რაც მისმა განსჯამ ამ მიმართულებით გასწია, ძირითადად აღნიშნული თეზისის განვრცობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ცივი ჭვრეტა, მაინცდამაინც მიზნად არ ისახავს ესთეტიკური კრიტერიუმის ან არჩევანის წარმოებას. ის თვალიერების ჟესტის მუდმივი გამეორებაა, რომელიც აცნობიერებს, რომ არ აქვს საკმარისი დრო სრულფასოვანი ჭვრეტისთვის.

თანამედროვე მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბანალობისთვის სიცოცხლის შთაბერვაა –  ფამილარული და გაცვეთილი სიცოცხლე მან ამაღელვებელი უნდა გახადოს. დამწერლობამ, როგორც მედიუმმა, გააფართოვა ხალხური მეხსიერება და შექმნა ქრონოლოგიურად გაშლილი ისტორია. დღეს ციფრული ეკრანი ქმნის ისტორიას ჩვენს თვალწინ, რომლის საშენი მასალაც, არც მეტი არც ნაკლები ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია. ის ბანალური ყოველდღიურობა, რომელსაც ყველანი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვესწრებით, მედიის ალქიმიაში იძერწება, რეკონსტუირდება, იფუთება და ისტორიულდება. თუ თქვენივე ბანალობა არ გაციფრულდება, ის გაქრება ორგანიზმის ნერვული სისტემის ვიწრო, სუბიექტურ გაღიზიანებებში.

საკითხის უფრო ღრმად გასაგებად, ასპარეზი პოსტმოდერნისტებს უნდა დავუთმოთ, მაგალითად, ჟან ბოდრიარს, როგორც „ყველაზე რადიკალ პოსტმოდერნისტს“.

ცნება 1:  ხატების (images) ინფლაცია.

ვისაც მარქსი ჩაგრულ კლასს უწოდებდა, მარქსისავე მიხედვით, საჭირო იყო მათი ინფორმირება, რაც თავის თავში განმანათლებლობის პროექტის განვრცობაა. არსებობს რეალობა, რომელსაც ხალხს გადავცემთ და ისინი გაცნობიერდებიან მის მიმართ; გაცნობიერდებიან, როგორც სუბიექტები. პრინციპში, განმანათლებლობის იდეა დგას რწმენაზე, რომ არსებობს რაღაც დაფარული, რომელიც ემანსიპაციას ითხოვს. იქნება ეს სექსუალური, კლასობრივი თუ ტექნოლოგიური პოტენციალის გამოვლინება იმგვარად, რომ დღევანდელი პრობლემები დღის წესრიგიდან მოიხსნას. „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება” (ლუკა 12:2;3).  სწორედ ეს დაფარული პოტენციალის რწმენაა, რომელიც სიზმრებში იქექება, შემოაქვს კლასიფიკაციები და ხლეჩს ატომს. თუმცა საბოლოო ჯამში იღებს სიცარიელეს: უნაყოფო ფსიქოანალიზის სეანსებს, უნაყოფო რევოლუციებსა და უნაყოფო ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რაც ატომური ენერგიით ნებისმიერი სხვა ნაყოფის განადგურებასაც ემუქრება. აქ ისტორია ნულდება და თავისივე საწყის წერტილს, სრულ სიცარიელეს უბრუნდება. ეს საბოლოო რევერსიაა, რომელიც თავისივე არარაობაში გაცხადდა. რა აზრი აქვს ფსიქოანალიზს, თუ ეკრანებიდან ყოველდღიურად მეტყვიან, რომ შვილმა დედა შეჭამა? რა აზრი აქვს რევოლუციას, თუ ახალი წყობაც ძალადობრივია? რატომ უნდა მიხაროდეს ტექნოლოგიური პროგრესი, თუ ვიცი, რომ ის ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდება? განმანათლებლობის ექსპედიცია ცნობიერების, კლასისა და მატერიის სიღრმეებში მხოლოდ ამ რიტორიკულ კითხვებსღა გვიტოვებს. პრიალა ზედაპირზე აციმციმდა ყველაფერი: ნივთები, მეცნიერება, აბსტრაქციები და სხეულები, რომელთა არსიც მხოლოდ მათი რეპრეზენტაციის მომნუსხველობით/ცდუნებით (seduction) შემოიფარგლება.  

მას, ვისაც განმანათლებლობის იდეის აღარ სჯერა (თუნდაც გაუცნობიერებლად), რეალობის მიმართაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. შედეგი გამომდინარეობს ინფორმაციის ზედოზირებიდან. ყოველდღიურად, ჩვენს ეკრანებზე ციმციმებენ მოვლენები, რომლებიც როგორც ცალკე აღებული ფენომენები, თითოეული მოქალაქის მხრიდან აქტიურ ჩართულობას, საზოგადოების მხრიდან კი რეაგირებას მოითხოვენ. ასეთია ნებისმიერი ის მედიაკონტენტი, რომელიც კრისიზებს წარმოაჩენს და მათ მართვაზე ითხოვს პასუხისმგებლობას. მოქალაქის ცნობიერება დიდი დოზით მიწოდებული გადასამუშავებელი ინფორმაციის მიმართ იმუნური ხდება. ნებისმიერი საშინელების მიმართ ფრუსტრაცია შემოიფარგლება ბანალური უკმაყოფილებით, რომელსაც მასმედიის საშუალებები ყოველდღე ახლიდან აწარმოებენ და აგენერირებენ. ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია და ის, ვინც მას უმზერს, ვერ ასწრებს მასზე რეაქციას, არ იცის სწორია თუ არა მასზე რეაგირება. მოქალაქის მზერას სწორედ ის ინფორმაცია გაუყალბდება, რომელიც შეიძლება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი იყოს და ამგვარად, მის სენსიტიურობაზე ვერ გაივლის.

მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტები საკითხისთვის მეტი სიცხადის მისანიჭებლად სპეციალისტებისა და ექსპერტების განცხადებებს აშუქებენ, სინამდვილეში, საკითხს უფრო ბუნდოვანს ხდიან, რადგან მას ემატება კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომელსაც დამოუკიდებელი კითხვები მიეყენება: რა გავლენები აქვს ექსპერტს? ვისი დაკვეთით საუბრობს ექსპერტი? არის თუ არა ექსპერტი კომპეტენტური? არის თუ არა ექსპერტი გულწრფელი? არის თუ არა ექსპერტის განცხადება მედიამონტაჟი? მსგავსი გახლეჩის დროს, მთლიანობის იდეის შენარჩუნება შეუძლებელია. ისტორიულად, ყველა ასეთი მცდელობა დიქტატურით დამთავრდა (ესაა ქვეყნები, სადაც დიქტატორები არჩევნებში 100%-ით იმარჯვებენ). ერთიანობის მცდელობა სახიფათოა, ინფორმაცია ძალიან ბევრი, საშინელება ძალიან ბანალური და შესაბამისად, მაყურებელი უემოციო და დანაწევრებული.

ბოდრიარი ამბობს, რომ „მასკომუნიკაცია, ერთგვარი ცალმხრივი კომუნიკაციაა“, რაც თავისთავში ნიშნავს, რომ ის აკომუნიკაციაა – ის სხვაა, ვიდრე კომუნიკაცია; ინფორმაციის მიმღები ინფორმაციაზე ვერ რეაგირებს როგორც რაციონალური სუბიექტი, რადგან ის ჭარბი ინფორმაციითაა გაბრუებული. აქ მთავარია მედიუმმა ინფორმაცია მხოლოდ გაატაროს. მედიის დინების ინფორმაციული ანალიზი ტრადიციული ფილოსოფიის ცნებებით, როგორიცაა მაგალითად: ნება, ძალაუფლება, არჩევანი, თავისუფლება, სურვილი და ცოდნა, ვეღარ განიხილება. მედიუმის ტრადიციულ გაგებებს სწორედ ეს სურვილები უნდა აღეძრა სუბიექტებისთვის, თუმცა, ეს გაციფრულებული ცნებები სუბიექტის მკვლელები აღმოჩნდნენ. ისინი გაუფასურდნენ და პროექტმა სრული რევერსია განიცადა. სუბიექტის სახელით მან მკვდარი სუბიექტის დაბადების შესაძლებლობა მიიღო.

ცნება 2: მედიაკოლონიალიზმი.

დრო კი არ ქმნის მედიას, მედია ქმნის დროს.

– რა ემართება დროს? წესით, ის გადაილახა მაშინ როდესაც მთლიანი დროის ოკუპაცია მოხდა და ის უნდა გამოთავისუფლდეს.

კოლონიალიზმი, როგორც ჩვენ ეს ვიცოდით, იყენებდა სივრცეს (ტერიტორიას) იმისთვის, რომ განვრცობილიყო, დღეს კი ტერიტორია იწურება და კოლონიალიზმი იყენებს ახალ სივრცეს, რომელიც არა ტერიტორიული, არამედ დროითია. პოსტკოლონიალიზმი, გნებავთ ჰიპერკოლონიალიზმი, დროის გავლით ამუშავდა. დროს, რომელსაც ფეისბუქზე ატარებთ, იგივე ფეისბუქი ყიდის სხვადასხვა კომპანიებზე; დროს, რომელსაც ნებისმიერი რეკლამის ნახვისთვის ხარჯავთ, ანაზღაურდება იმ მედიუმის სასარგებლოდ, რის გავლითაც რეკლამა ინახა. მაშ არის თუ არა ფეისბუქი კოლონიალისტი? ის, რაც იპარავს თქვენს დროს და ყიდის? იპარავს დროს, რადგან სხვა ყველაფერი (მატერიალური) დიდი ხნის წინ მოიპარეს.

მედიამ სუბიექტი მოკლა, ის – გახდ მასები, მას არაფერზე რეაგირების უნარი აღარ აქვს. მასა საშუალებას იძლევა, არსებობდეს დესპოტი და არა პირიქით – არსებობდეს დესპოტი, რომელიც შექმნიდა ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ყოფილიყო დესპოტი. ის გულისხმობს იმას, რომ კაპიტალისტური წყობილებდან კი არ გამომდინარეობს მასა, არამედ, სწორედ მასებისგან გამომდინარეობს ის (საუბარია გლობალურ კაპიტალიზმზე). ეს მედიის დამსახურებაა. აქ ბაზისისა და ზედნაშენის რადიკალურ დიალექტიკაზეა საუბარი, ამ ცნებების ერთმანეთთან კავშირი ისევ რევერსირებს და ყირავდება. რადგან მედია გახდა გენერატორი და ბაზისი, ზედნაშენი არის ყველაფერი სხვა, გარდა მედიისა. შესაბამისად, ყველაფერი ჰიპერრეალური გამოდის.

ცნება 3:  მედია ბადებს ჰიპერრეალობას.

დღეს წარმოების საშუალებების მონოპოლიზაცია კი არაა მთავარი, არამედ, ხატებზე  მონოპოლია. მასების სუბიექტი რაციონალური არსება აღარაა, ის სრულიად ირაციონალური ხდება, რადგან მას წმინდა ჭვრეტის ინსტრუმენტები აღარ გააჩნია. მისი პრიზმა სავსეა მედიალაქებით. ირაციონალური სუბიექტი თავისთავად ირაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი ორგანიზმი შეჯერებული და განეიტრალებულია. გადაწყვეტილება იდეებიდან მომდინარეობს, იდეა კი მედიაძალადობის შედეგად მიღებული ირაციონალური გადაწყვეტილბა ხდება, რომელიც მედიუმიდან გენერირდება. ჰიპერრეალობა მატერიას არ ექვემდებარება. პირიქით, ის აწარმოებს მატერიას თავისი მომნუსხველობით/ცდუნებით. ცდუნება  ბოდრიართან დაახლოებით იგივეა, რაც ფუკოსთან დისკურსის ძალაუფლება. თუმცა ამ შემთხვევაში, ძალაუფლებას, ანუ საკუთარ მომნუსხველობას/საცდუნებელს აგენერირებს მედია. სწორეს აქ მჟღავნდება მედიის სინგულარობა. ამიტომაც, ის ერთადერთი დისკურსია და მისი მომნუსხველობა/მაცდურობა დისკურსების ნაცვლად ხატების წარმოებას იწყებს. მედიამომნუსხველობა/მედიამაცდურობა ხატებზე გადადის და ისინი მონადებად იშლებიან. ხატების მომნუსხველობა/მაცდურობა ანაცვლებს სუბიექტს, რადგან სუბიექტი მის ფორმებს იღებს. მომნუსხველობა/მაცდურობა ხატის უნარია, იმოქმედოს სხვისი სხეულით. ეს ყველაფერი სხეულს საშუალებას აძლევს, რომ თანმიმდევრული იდეოლოგიისა თუ აქტივიზმის გარეშე განხორციელდეს; მაგალითად ისე, როგორც “ჰიპსტერის” სხეულისა და სტილის მომნუსხველობა/მაცდურობა აჰიპსტერებს სხვა სხეულებს. Marlboro-ს იმიჯის მომნუსხველობა/მაცდურობა მილიონობით ღერს დაწვავს ადამიანების ფილტვებით. ეს პროცესი იდეებზეც გადადის და სიყვარულის იმიჯის მომნუსხველობა/მაცდურობა ერთმანეთში შეგვათანხმებს, რომ ფასადურ ურთიერთობებზე თვალი დავხუჭოთ; და ასე უსასრულოდ. გულმოწყალე მედია ყველა იმიჯს ასაჩუქრებს თავისი წილი მომნუსხველობით/მაცდურობით. ნებისმიერი ეკრანი (დღეს, განსაკუთრებით ტელეფონის) პანდორას ყუთია, საიდანაც მაცდური იმიჯები სამყაროში ჩვენი გავლით შემოფრინდებიან. ურთიერთობების კომპლექსურობა ხატების სცენაზე მარტივდება და ჯგუფები საერთო მიზნის ნაცვლად (მაგ. კლასობრივი; გენდერული და ა.შ.) ფრაგმენტული იმიჯების გარშემო ერთიანდებიან.

ეს ბადებს იმის შესაძლებლობას, რომ ითქვას: “Anybody who rides a bike is a friend of mine.”

ტერმინებში რომ არ ავირიოთ, თავად ბოდრიარის ციტატას მოვიხმობთ: „მომნუსხველობა ბატონობს სიმბოლურ სამყაროზე მაშინ, როდესაც ძალაუფლება მხოლოდ რეალურ სამყაროს  მართავს“.

ანუ გამოდის, რომ მედიასივრცეში აწყობილი ხატი, რომელიც ჰიპერრეალობიდან იბადება, სიმბოლური სამყაროს წარმომადგენელია. ვინაიდან ბოდრიართან საერთოდ არ არსებობს რეალური სამყარო, შესაბამისად არ არსებობს რეალური ძალაუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ეს ჰიპერრეალური მედიახატი სარგებლობს უნარით მოხიბლოს/მონუსხოს/აცდუნოს სხეული. სხეული ვერც კი აცნობიერებს, ისე გაივლის მასში „მაცდური“ (evil).

4: მედიათემფლეითი

დანიელ ბურსტინმა შეამჩნია, რომ მედიაში რეალური მოვლენები (ღმერთის შექმნილი) ფსევდო მოვლენებს (ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილს) ანაცვლებდა; და მედია მოვლენების შეგროვებიდან, გადავიდა მოვლენების წარმოებაზე. თუმცა, მედია, თავისი არსით, უფრო შორს წავიდა და დღეს მან მოვლენების იმგვარი თვითგენერირება დაიწყო, რომ მას სუბიექტი (ღმერთი ან ჟურნალისტი) აღარ სჭირდება. ის თვითონაა ერთადერთი სუბიექტი, სხვა დანარჩენი კი მისი ხელსაწყოებია. ამ ხდომილებას ჩვენ მედიაივენთებს  ვუწოდებთ. მისი ხასიათი გამომდინარეობს არა რეალური მოვლენების პირდაპირი გაშუქებით, არა ფსევდო შექმნილი მოვლენებით, არამედ მოვლენებით, რომლებსაც მედია როგორც მესიჯი, თავისი ლოგიკით ითხოვს. მედია ქმნის თემფლეითს (მოდელს), რომელიც ყოველდღიურად უნდა შეივსოს კონტენტით. მედიათემფლეითი, გნებავთ ფორმატი, განსაზღვრავს როგორც ღმერთის, ასევე ადამიანის შექმნილ ივენთებს. ის უპირატესია, რადგან მას უნდა დაემორჩილოს მოვლენა და არა პირიქით.

ბურსტინის აზრით, დღეს ივენთს არ მიეყენება კითხვა – „არის თუ არა ის რეალური?“ (god made) არამედ, „არის თუ არა ის აქტუალური (newsworthy)?“. ის ამ აზრებს 1960-იანებში ავითარებდა. თუ საქმე დღესაც ასეა, მაშინ მედია ანალიზისათვის საკმარისი იქნებოდა ძველ კითხვასთან დაბრუნება (არის თუ არა მოვლენა რეალური), რათა ნაწილობრივ მაინც შეგვესრულებინა მედიაკონტენტის გაწმენდითი სამუშაო და ფსევდო მოვლენები მოვლენებისგან გაგვემიჯნა. თუმცა, დღეს მედია ანალიზი სწორედ იმიტომაა გართულებული, რომ მას ეს კითხვები აღარ მიეყენება. მთავარი ხდება არა კონტენტი, არამედ ის მოდელი, რომლითაც კონტენტი თვითპრეზენტირებს (მაგ. შესავალი, ხმა, ტონი, შორი და ახლო კადრების ცვლა, ხელოვნური ბალანსი, დასკვნის ადგილი და ა.შ.). თუ თვითპრეზენტირების ფორმატები დაცულია, ანუ თემფლეითს ექვემდებარება, მაშინ მოვლენა რეალურიცაა და აქტუალურიც, იმდენად, რამდენადაც ფუნქციონირებს როგორც რეალური და აქტუალიზდება როგორც აქტუალური. იმისთვის, რომ მოვლენა წარმატებით გაშუქდეს, აუცილებელია არა მისი ფაქტობრიობა ან მნიშვნელოვნება, არამედ, მისი შესაბამისობა თემფლეითთან, რომელიც სხვა დანარჩენს თავად უზრუნველყოფს. თანამედროვე საზოგადოება თემფლეითების საზოგადოებაა.

მოვლენები დაფუძნებას ვერ ასწრებენ, ისე იჩქმალებიან ტელეფონებისა და ნოუთბუქების ეკრანებს მიღმა. ნებისმიერი მოვლენა დაუმთავრებელია (open-ended), რადგანაც ის დრო, რაც თითოეულ მათგანს გამოეყოფა, ფრაგმენტული და შეზღუდულია. „დღის მთავარი ახალი ამბავი“ მთლიანი მედიუმის გავლით (ნებისმიერ ეკრანზე) ფოკუსს ან ხანძარზე შეაჩერებს, ან ციხეებზე, ან ნარკოპოლიტიკაზე, შემდეგ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირებაზე, მოდაზე, სიყვარულზე, მიტოვებასა და მარტოობაზე, ბრძოლის ხელოვნებაზე და ხშირად ფეხბურთზე. დღის წესრიგის სწრაფი ცვლილება და თემების მივიწყება მიუთითებს არა იმაზე, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ან პრობლემას კონკრეტული პირები (კერძო თუ საჯარო) მალავენ, არამედ იმაზე, რომ ნებისმიერ პრობლემაზე კონცენტრირება მისი გადაჭრის შეუძლებლობას ავლენს და მასთან მიმართებაში მაყურებელს უსუსურად წარმოაჩენს. სწორედ მსგავსი ფრუსტრაციის თავიდან აცილების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს წამყვანის ფრაზა: „მოვლენების შემდგომი განვითარებით ერთ საათში დაგიბრუნდებით“. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც წესი, მოვლენები სტაგნაციას განიცდიან, ისინი დროში აღარ პროგრესირებენ.

ცნება 5: მედია და მორალის გახლეჩა

როდესაც მე, მოქალაქე სუბიექტი დანაშაულის შესახებ (მაგალითად მკვლელობა) მედიით ვარ ინფორმირებული, მისი პრევენცია ჩემი იმპერატიული მორალური მოთხოვნა არ არის. მორალი, ამ შემთხვევაში, კატეგორიული იმპერატივის როლს ვერ ასრულებს. მაშინ, როდესაც იგივე მოვლენა offline ყოველდღიურობაში ვითარდება, ანუ მედიუმის გარეშე მატყობინებენ ხდომილებას, მორალი მკაცრდება და გაცილებით იმპერატიული ხდება. ეს კონფლიქტი სრულდება არა რომელიმე მხარის დომინაციით, არამედ მორალის, როგორც კატეგორიის სრული კოლაფსით. იწარმოება მორალური ქცევის პატერნალური ფორმები, რომლებიც, ამავე დროს, ერთმანეთთან კონფლიქტური და ურთიერთგამომრიცხავია. შესაბამისად მათ შორის (პატერნალური ფორმები) გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი მორალური ამბივალენტობის  განცდას ტოვებს.

ერთ-ერთ დიალოგში, ჟიჟეკი იხსენებს, რომ მისმა ებრაელმა მეგობარმა მას მოუთხრო ამბავი: თურმე, ის იცნობდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილ ებრაელს, რომელიც დღეს თავადაც თითქმის იგივე თეორიული სისასტიკით უტევს არაბებს, როგორი სისასტიკითაც გერმანელები ექცეოდნენ ებრაელებს. ამ ამბავს ჟიჟეკი ასე ინტერპრეტირებს: თითქოს, რეპრესიებს და ტანჯვას მოაქვს არამხოლოდ მატერიალური, არამედ ფსიქიკურ-მორალური ტრავმაც. შესაბამისად, რეპრესიულ სისტემებს გამოვლილი ადამიანი, მაგალითად ის, რომელიც ეკონომიკურად ჩაგრულია, შესაძლოა მორალურადაც გარყვნილი აღმოჩნდეს. შეიძლება ჟიჟეკი მართალია, თუმცა შეიძლება, ცდება კიდეც. ის არ ითვალისწინებს მორალურ ამბივალენტურობასა და მისი დღევანდელი წესით წარმოებას. ეკონომიკური ტრავმა, შესაძლოა, არაა მორალის ინდიკატორი, მაგრამ არც მხოლოდ ფსიქო-მორალური ტრავმაა მისი შემადგენლობა. აქაც მედიადანაშაულთან გვაქვს საქმე. მორალის გახლეჩაში, მის ფრაგმენტაციაში მასმედიაა დამნაშავე და არა სხვა ტიპის რაიმე სახის ჩაგვრა. გახლეჩა, ესაა არა მედიამორალისა და სოციალური მორალის (მოდერნული მორალის) დაპირისპირება, არამედ, ამ დაპირისპირების ნარჩენები. ეს ტრანსმორალია, მორალს მიღმა გაწეული მორალი. მორალის დეგრადაცია, რომელიც იმდენად ამბივალენტურია საკუთარ შინაარსში, რომ შიზოფრენიულ მორალს აწარმოებს, რომელსაც პერმანენტულობა და იმპერატიული ნორმები აღარ გააჩნია. მას შეუძლია ნებისმიერი ფორმა აითვისოს.

რა იქნება მორალური ხვალ, გაუგებარია. რა შეიძლება იყოს უფრო ამორალური, ვიდრე მემარჯვენე მაღაროელი ჭიათურის შახტაში?

Share on Facebook33Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.