შრომის პრობლემა

შრომის პრობლემა
შრომის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო უფლებათა რიგს განეკუთვნება, ნებისმიერი საზოგადოების წევრთა უმრავლესობისათვის შრომითი შემოსავალი ფიზიკური არსებობისა და მატერიალური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, შრომა არის პიროვნების თვითრეალიზაციის, საზოგადოებაში დამკვიდრების, მისი გონებრივი და სულიერი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. ამის გამო უმუშევრობა აღიარებულია არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად. სწორედ ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე, ებრძვის უმუშევრობას.
დასაქმება და უმუშევრობა უცილობლად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან. ცხადია, რომ ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, მაგრამ თავის მხრივ, დასაქმების სტრუქტურა, მისი ეფექტურობა (მწარმოებლურობა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თვით ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე.

საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად დასაქმების სფეროში შექმნილი პრობლემები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესის დაწყებას, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, თან დაერთო სამხედრო კონფლიქტი და სამოქალაქო დაპირისპირება. ამით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა, შეიძლება ითქვას, კატასტროფული იყო. ეჭვსგარეშეა, ეს იქცა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმისა, რომ დღესაც კი ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით კრიზისამდელი დონე მიღწეული არ არის ( ამჟამად იგი 1989 წლის დონის 3/4-ს შეადგენს).
ამგვარად, თუკი 1988 წელს საქართველოში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OEჩD) შემავალი ქვეყნების ანალოგიური დონის 40%–ს შეადგენდა, 2009 წელს იგი 12,8%–მდე დაეცა. ზემოხსენებული კრიზისის დაძლევა ჭიანურდება იმიტომაც, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში არსებული არცერთი ხელისუფლება არ ატარებდა და არ ატარებს თანმიმდევრულ, სტრატეგიულად გათვლილ ეკონომიკურ პოლიტიკას; ყველა მათგანისათვის დამახასიათებელი იყო და არის ბაზრის, როგორც უნივერსალური რეგულატორის გაფეტიშება და პროცესების მართვის საქმეში მინიმალური ჩარევა, ამგვარი ნეოლიბერალური პოლიტიკა კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას და ოლიგარქიული სისტემების ჩამოყალიბება–განმტკიცებას; საზოგადოებაში ქონებრივი და სოციალური პოლარიზაციის გაძლიერებას.
ამის გამო გასაკვირი აღარ არის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მატება არ იწვევს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, პირიქით – ბოლო წლებში იგი განუხრელად იზრდება. სადღეისოდ, ოფიციალური სტატისტიკური მოინაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 17% უმუშევარია, ეს შედარებით მოკრძალებული მონაცემი, შეიძლება ითქვას, ხელოვნური მანიპულირებით არის მიღებული და მდგომარეობის ნამდვილ სურათს ვერ ასახავს.
საქმე ისაა, რომ ე.წ დასაქმებულთაგან (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 83%) მხოლოდ 600–630 ათასი ადამიანი ეწევა დაქირავებულ შრომას (აქედან სახელმწიფო სექტორში დახლოებით 300 ათასი), ხოლო მილიონზე მეტი (დაახლოებით 65%) განეკუთვნება ე.წ. თვითდასაქმებულ მოსახლეობას. ამ მეორე ჯგუფში გაერთიანებულია  ყველა, ვინც სტატისტიკური სამსახურის ყოველკვარტალური კვლევის მონაცემებით შერჩეული ერთი საკვლევი კვირის განმავლობაში ერთი საათი მაინც იმუშავა – ანაზღაურებით თუ უსასყიდლოდ(!)
ახლა შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რამდენად ახერხებენ დასაქმებული ადამიანები თავიანთი შრომისთვის მიღებული ანაზღაურებით მატერიალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ აღნიშნავენ, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაქირავებულ მომუშავეთა ანაზღაურება განუხრელად იზრდება და რომ ხელფასმა დაიბრუნა თავისი სოციალურ–ეკონომიკური ფუნქცია და სტატუსი. მართლაც, თუ 2003 წელს საშუალო ხელფასი 128 ლარი იყო ბოლო, 2010 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, იგი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 609,5 ლარი შეადგინა. ეს ყოველივე ძალზე სასიხარულო იქნებოდა, რამდენიმე გარემოება, რომ არა.
ამავე პერიოდში ფასებმა საშუალოდ 87%–ით მოიმატა. ძნელი დასანახი არ არის, თუ რამდენად დააზარალა ამან ეს ,,საარაკოდ” გაზრდილი „საშუალო ხელფასი“ მაგრამ, მარტოოდენ ეს ციფრები არ კმარა სრული სურათის შესაქმნელად. საშუალო ხელფასის ასეთი ზრდა ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების, განსაკუთრებით კი ე.წ. „ზედა ეშელონის“ მუშაკთა ანაზღაურების მკვეთრი მატებით. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ დღესდღეისობით ქვეყანაში ძალიან მაღალი რჩება ე.წ „ღარიბ დასაქმებულთა“ წილი. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემებით დაქირავებით მომუშავეთა 44%–ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ექსპერტული კვლევები ადასტურებს, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი შინამეურნეობების საერთო შემოსავლების ნახევარსაც კი არ შეადგენს (2006 წელს 31%, 2009 წელს 44%), თვითდასაქმებულთა შემთხვევაში კი ეს მონაცემები სამჯერ დაბალია.
ყოველივე ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ქონებრივი პოლარიზაციის გაღრმავებას. იგი კარგახანია გადაცდა სოციალურად საშიშ ზღვარს. ამას მოწმობს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაბალ და მაღალ შემოსავლიანი დეცილური ჯგუფების (ყველაზე ღარიბი 10%–ის და ყველაზე შეძლებული 10%–ის) შედარება. ცნობილია, რომ შემოსავლების ასეთი შედარების კრიტიკულ–ზღვრული მაჩვენებელი 1/10 -ს  შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში კი 2008 წლის სტატისტიკური მონაცემებით იგი 1/27 იყო. შემოსავლებისა და მოხმარების უთანასწორობის მაჩვენებლებით (ჯინის ინდექსით) მსოფლიოს 143 ქვეყნიდან საქართველოზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ 32–ს აქვს და ესენი აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოებია.
      აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს ტოტალური სიღატაკის ზღვარზე იმყოფება და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, ქვეყანაში არაფორმალური (არარეგისტრირებული) ეკონომიკა რომ არ არსებობდეს. ცხადია, ჩვენ არ ვგულისხმობთ მის კრიმინალურ ფორმებს (მაგ. ნარკოტიკების ბიზნესი, იარაღით უკანონო ვაჭრობა.) საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძირითადად გავრცელებულია არაფორმალური ეკონომიკის ე.წ. `ნახევრადსამართლებრივი~ ფორმა, ანუ საქმიანობა, რომელიც თავისი მიზნებით არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მაგრამ გამოყენებული საშუალებებით ხშირად სცდება კანონის ფარგლებს (მაგ. გადასახადების თავიდან აცილების სხვადასხვა გზები – შემოსავლების დაფარვა, ბარტერული გაცვლები, მუშაობა პატენტისა და ლიცენზიის გარეშე, გაუფორმებლად თანამშრომლის დაქირავება და სხვ).  არ არსებობს სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ადამიანი არის დასაქმებული არაფორმალურ სექტორში, მაგრამ ყველა ჩვენგანი იცნობს მაგ. `ტაქსისტს~, რომელსაც ულიცენზიოდ გადაყავს მგზავრები, სკოლის მასწავლებელს, რომელიც შეთავსებით `რეპეტიტორიც” არის, მცირე მეწარმეს, რომელიც გამოშვებული პროდუქციისა თუ მომსახურების ნაწილს `საგადასახადოს არ უჩვენებს~ და ა.შ. შეუძლებელია ამ გზით მიღებული შემოსავლების თუნდაც მიახლოებითი სიზუსტით დათვლა, მაგრამ განუვითარებელი სამოქალაქო ეკონომიკის პირობებში, არაფორმალური დასაქმება ხშირად არის ერთადერთი საშუალება ადამიანებისათვის, რომ როგორმე `თავი გაიტანონ~. ცხადია, რომ საქმიანობის ოფიციალური რეგისტრაციისგან თავის არიდება, მათ სრულიად უუფლებო მდგომარეობაში აყენებთ, მათი შრომის პირობები და ანაზღაურება მთლიანად `დამკვეთის~ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ეს დამატებითი (და ხშირად ერთადერთი) შემოსავლის წყარო იმდენად მნიშვნელოვანია მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, რომ ისინი იძულებულნი არიან ასე იმოქმედონ. მით უმეტეს, რომ არც ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების უფლებები არის დღეს დაცული, ვინაიდან საქართველოს შრომითი კანონმდებლობა ამას ვერ უზრუნველყოფს.
                             
შრომითი კანონმდებლობა
დასაქმების სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვნად განპირობებულია დღევანდელი შრომითი კანონმდებლობით, 2006 წელს მიღებული „შრომის კოდექსი“ ფაქტობრივად უდიდეს უფლებებს დამქირავებელს ანიჭებს და დაქირავებულთა პირდაპირი დისკრიმინაციის ყველა პირობას ქმნის. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა 10–12 (ზოგ შემთხვევაშ კი 14–16) სათიანი სამუშაო დღე, 6–7 დღიანი სამუშაო კვირა, საარსებო მინიმუმზე ნაკლები სახელფასო ანაზღაურება, ხელფასის დაგვიანებით გაცემა ან საერთოდ არ მიცემა, სამუშაოდან უმიზეზოდ დათხოვნა, ასაკის, პოლიტიკური შეხედულების, გენდერული და სხვა სუბიექტური ნიშნების მიხედვით თანამშრომელთა დისკრიმინაცია, ხანმოკლე შრომითი კონტრაქტები, ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოზე ადამიანების დასაქმება, ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების, დედების უფლებების დაუცველობა (ეს უკანასკნელი დაუშვებელია იმიტომაც, რომ გაეროს მონაცემებით საქართველო შედის „დემოგრაფიულად მომაკვდავ“ ქვეყნების რიცხვში).
ექსპერტთა აზრით, მოქმედი შრომის კოდექსი არა მარტო დისკრიმინაციული, არამედ არარაციონალურიც არის. იგი არ ემსახურება მთლიანად საზოგადოების სახელმწიფოსა და თვით დამსაქმებლის ინტერესებსაც, რადგან ხელს უშლის მომუშავეთა შრომის მოტივაციისა და მწარმოებმულობის ამაღლებას.
                  
ზოგადი დასკვნები
დაქირავებულ დასაქმებულთა ასეთი უუფლებო მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია იმიტომ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არ ვითარდება შრომის ბაზარი, არ წარმოიშვება დამატებითი სამუშაო ადგილები. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნეს–სექტორის, ეკონომიკის მწარმოებლური დარგების განვითარებასთან. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში საშუალო და მცირე ბიზნესს ენიჭება. ცნობილია, მაგალითად, რომ აშშ–ში 70% დამატებითი სამუშაო ადგილებისა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში იქმნება, საქართველოში კი სულ უფრო მცირდება მისი წილი, ამჟამად იგი 16%–ს არ აღემატება, რაც 3-4 – ჯერ ჩამოუვარდება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ ბაზარი თითქმის მთლიანად გადაინაწილა სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ოლიგარქიულმა კაპიტალმა. ფაქტობრივად იგი აკონტროლებს ქვეყნის ფინანსური და მატერიალური რესურსების უდიდეს ნაწილს, ამავე დროს იგი დღემდე მნიშვნელოვანწილად იმპორტზე არის ორიენტირებული და ხელს უშლის მწარმოებლური დარგების განვითარებას. ის ადამიანები, რომლების ამ პირობებში მაინც რისკავენ საკუთარი, დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყებას, ხშირად გადაულახავ წინაღმდეგობებს აწყდებიან. ამ წინაღმდეგობათაგან უპირველესი ფინანსური პრობლემაა. დღეს, რა გინდ კარგი ჩანაფიქრიც უნდა გქონდეს, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მატერიალური შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში, რომ საქმე დაიწყოს, საკრედიტო რესურსები კი უმეტესწილად მიუწვდომელია, მათი სიძვირისა და გაცემის პირობების სიხისტის გამო. სადღეისოდ საქართველოში კომეციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 28%–ს შეადგენს. შედარებისთვის – ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს ციფრი, სულ ცოტა, სამჯერ უფრო მაღალია.
ყოველივე ეს აიძულებს ძალზე ბევრ ჩვენს თანამემამულეს ქვეყნიდან წავიდეს და სამუშაო უცხოეთში ეძიოს. შრომითი მიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მიახლოებითი ექსპერტული გათვლებით იგი ნახევარ მილიონზე გაცილებით მეტია. ის კი დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ყოველთვიურად ეს ადამიანები სამშობლოში  150 მილიონ ლარზე მეტის ექვივალენტურ თანხას აგზავნიან, ამ ტრანსაქციების რაოდენობა უკვე საგრძნობლად  ჭარბობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და 250–260 ათასი დაქირავებით მომუშავის საშუალო     თვიური ხელფასის ტოლია.
ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ თუ არ შეიცვალა დასაქმების საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება, უახლოეს მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ეს შეუწყობს ხელს სოციალური დაძაბულობის ზრდას და უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე.
რადიკალურ–ლიბერალური მიდგომები, განსაკუთრებით კი ამ მიდგომების ჩვენეული (ქართული) მოდელი, ვერ უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და, შესაბამისად,  ძირეულად ვერ გადაწყვეტს დასაქმების პრობლემას.
მხოლოდ სოციალური სამართლიანობის სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპები შეიძლება გახდეს საფუძველი დასაქმების სფეროსათვის ისეთი პოლიტიკის შემუშავებისა, რომელიც უარს იტყვის ზედაპირულ, სარეკლამო ღონისძიებებზე და მთავარ ყურადღებას პრობლემის მიზეზების წამლობაზე გადაიტანს.
ამ საქმისთვის აუცილებელია იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
პრობლემის გადაწყვეტის ჩვენეული ხედვა შემდეგ აუცილებელ ნაბიჯებს გულისხმობს:
–    უნდა შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული, ინდიკატური გეგმა და მასში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს წარმოებისა და მომსახურების ისეთ დარგებს, რომლებიც დასაქმების ფართო შესაძლებლობებს შეიცავენ.
–    სტრატეგიული დაგეგმარების შესაბამისად, უნდა მოეწყოს ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებით ასევე მეორად (კვალიფიკაციის ამაღლების, შეცვლის, ზრდასრულთა მიერ ახალი პროფესიების შეძენის) საფეხურებს.
–    სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში(„საგადასახადო კოდექსი“, „კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“, „საბაჟო კოდექსი“ და სხვა).
–    უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს ახალი შრომითი კანონმდებლობა, რომელიც თანაბრად დაიცავს დამსაქმებლისა და დასაქმებულთა ინტერესებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრავს დაქირავებულ მუშაკთა სოციალურ გარანტიებს.
–    უნდა შემუშადეს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ბიზნესის სფეროში მონოპოლიზაციის აღკვეთის სპეციალური პროგრამები. მთავრობის სტუქტურაში უნდა შეიქმნას შესაბამისი სამსახურები.
–    უნდა შემუშავდეს ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკის დასაქმებატევად დარგებში ინვესტიციების მოზიდვას.
–    უნდა აღდგეს და განვითარდეს უმუშევართა დასაქმების ინსტიტუტები. სამუშაოს გარეშე მყოფ ადამიანებს კანონმდებლობით უნდა განესაზღვროთ მათი არსებობისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის საკმარისი სოციალური გარანტიები.
დასაქმების საკითხი ქართული  საზოგადოების  ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  თუ იგი არ გადაწყდება, ჩვენ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ ექნება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ