ქვეყნის განვითარების კურსი

 “Их так учат”

 Фазиль Искандер 

ეპიგრაფში გამოტანილი ფრაზა ხშირად მახსენდება ხოლმე – სამწუხაროდ.  ორიგინალში ვითარება იყო შემდეგი: ორი აფხაზი გაოცებული უსმენენ საბჭოთა კოსმონავტს, რომელიც სუფრასთან აფრქვევს “სწორ” აზრებს, ისეთებს, გაზეთ “პრავდას” რომ დაამშვენებდა.  სტუმრის გასამართლებლად ერთი მეორეს ამ ახსნას სთავაზობს: იხ ტაკ უჩატ, ანუ კოსმონავტს ეპატიებაო.

“იხ ტაკ უჩატ” არის ერთადერთი და უკონკურენტო ინტერპრეტაცია, რომლითაც შეიძლება აიხსნას საქართველოს ერორ-იმედ-რეალის მრავალტანჯულ მაყურებელთა პასუხები სოციოლოგიურ გამოკითხვებზე. “მიგაჩნიათ თუ არა რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება?” – ჩასძახებენ ხოლმე ამ ქვევრს, და ქვევრი ამოსძახებს “კი”-ო. ამოსძახებენ ხოლმე ის ადამიანები, ვისაც ამ განვითარების კურსმა ყველაფერი წაართვა: სტაბილური, თუნდაც მოკრძალებული შემოსავალი, ჯამრთელობა, სოციალური სტატუსი; ადამიანები, რომლებიც ხშირად შიმშილობენ და ნოსტალგიურად იხსენებენ იმ დროს, როდესაც არ ეშინოდათ ოჯახში სტუმრის მოსვლისა – სუფრის გაშლას ყოველთვის მოახერხებდნენ.

ვინაიდან სოციოლოგიური გამოკითხვები მეტწილად საარჩევნო ქცევის პროგნოზირებას ემსახურება ხოლმე, ამ “კი”-ს უტილიტარული ინტერპრეტაცია ადვილია: კი-ს მთქმელი არჩევნებში სავარაუდოდ მიშას მისცემს ხმას. კი-ს მთქმელები ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ, ამიტომ გინდ სამართლიანი არჩევნები ჩაგიტარებია, გინდ გაყალბებული, დარია თუ ავდარია, მიშა მაინც მაგარია. სპასენია ნეტ, ჩვენ ისევ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში! ქვეყანას მართავს დომინანტური იდეოლოგია, რომელსაც ჰქვია “ქვეყნის განვითარების მიმართულება”.

როგორც ყოველთვის, საბჭოთა წარსულს დავაბრალებ, თუმცა კი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შესაძლოა შებრუნებულიც იყოს. სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ვაშენებდით კომუნიზმს, რომელიც იყო ჩვენი განვითარების კურსი, და რომელსაც სჭირდებოდა ერთადერთი ლიდერი, ავანგარდი, უკონკურენტო კომუნისტური პარტიის სახით. რატომ გასტანა საბჭოთა მმართველობამ ასე დიდხანს? იმიტომ ხომ არა, რომ ზუსტად მიაგნო ძალაუფლებაში დარჩენის მთავარ არგუმენტს – განვითარების კურსზე მონოპოლიას?

დამთავრდა საბჭოთა კავშირი და გამოცხადდა, რომ სახელმწიფოს არ სჭირდება მმართველი იდეოლოგია, ხოლო ქვეყანაში უნდა დამყარდეს მრავალპარტიულობა და იდეოლოგიების შეჯიბრებითობა. მაგრამ ჰოი ცდუნებასა! ხალხისთვის შეუმჩნევლად კომუნიზმის ადგილი დემოკრატიამ დაიკავა, როგორც განვითარების კურსის ახალმა ვერსიამ. ჩვენ ხომ “დემოკრატიზაციის” პროცესში ვიმყოფებოდით, და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ამ ახალმა კურსმა ვარდების რევოლუციამდე მიგვიყვანა. ზოგიერთები კი ვაპროტესტებდით, მაგრამ ვინ გვისმენდა! მახსოვს, 2002 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთ-ერთ პროფესორს ვაჩვენე ჩემი სტატია სათაურით “დემოკრატია როგორც კომუნიზმი” – რა გაოცებული თვალებით მიყურებდა. არადა ზუსტად ასეთი აღმოჩნდა “დემოკრატიის” როლი საქართველოში, და სულ არ უნდა გვიკვირდეს რომ ამ ლოზუნგის ქვეშ ისევ ერთპარტიული და ავანგარდისტულ-ავტორიტარული მმართველობა მივიღეთ.

გასაგები მიზეზების გამო ქვეყნის განვითარების ორიენტაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ “დემოკრატიის” სახელს ვერ შეინარჩუნებდა. ხელისუფლებამ რამდენჯერმე ლავირება მოახდინა კურსის სახელწოდების შესარჩევად სანამ მყარად არ ჩამოყალიბდა ნატოზე. ნატო, მართალია, საკმაოდ სუსტი ორიენტირია, ვინაიდან შინაარსობრივად გამოცლილია მკაფიო ღირებულებრივი დატვირთვისგან, მაგრამ ეს უშინაარსობა პლიუსი უფროა ხელისუფლებისთვის, ვიდრე მინუსი. რადგანაც მოსახლეობამ იმაზე მეტი არ იცის, თუ რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაცია, ვიდრე იცოდა თუ რას ნიშნავდა კომუნიზმის აშენება, ამიტომ არც ზედმეტ კითხვებს სვამს. უბრალოდ სჯერა, რომ ეს რაღაც კარგი მომავლის სინონიმია, ისევე როგორც “დემოკრატია” იყო კარგის მომასწავებელი. მედია პროპაგანდისთვის კი ეს სავსებით საკმარისია. შედეგი: გამოკითხულთა 70%-ს უნდა ნატოში.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით მთლად საბჭოთა ვითარებაში არა ვართ. ქვეყნის განვითარების კურსი ჩაბეჭდილია ხალხის ცნობიერებაში ნაწილობრივ მაინც მანიპულირებით, და არა მხოლოდ ზეწოლით. საბჭოთა დროსთან შედარებით ის უფრო ბუნდოვანი და არამკაფიო გახდა. სიმართლე რომ ითქვას, კაციშვილმა არ იცის დღეს თუ სად მივდივართ სინამდვილეში. ხან ევროპაში ვახდენთ ინტეგრაციას, ხან სინგაპურს ვემსგავსებით, ბოლო დროს სამხრეთ კორეაც გამოჩნდა ჰორიზონტზე, ხვალ კი რას გადავეყრებით წინასწარ თქმაც კი ძნელია. მთავარი მესიჯი, გზავნილი, რომელიც “ქვეყნის განვითარების კურსს” პოლიტიკურ რეალობად აქცევს არის მუდმივი დაპირება მომავალში “კარგი” რაღაცეების შესახებ. სწორედ მომავალში გადატანილი მოლოდინები არის ის, რაც “ქვეყნის განვითარების კურსში” გვაცხოვრებს, დღევანდელ რეალობასთან გვარიგებს და “მიშა მაგარიას” გვამღერებს.

როგორც დომინანტურ (თუ ჰეგემონურ) იდეოლოგიას შეეფერება, ქვეყნის განვითარების კურსის კვლავწარმოებას ახორციელებეს არა იმდენად ხელისუფლება, რამდენადაც მედია და საზოგადოების ზედა ფენა. ორიგინალური არ ვიქნები თუკი ვიტყვი, რომ ხელისუფლების კრიტიკაც ხშირად ამ კურსის გამყარებას უწყობს ხელს. დიდი ნაწილი ამგვარი კრიტიკისა უბრალოდ ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, დანაშაულობებზე თუ გადაცდენებზე, რაც ლატენტურად კურსის უალტერნატივობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნუ დავაბრალებთ ტელემაყურებლებს სოციოლოგიური გამოკითხვების თუ არჩევნების შედეგებს – მათი წარმოდგენების საწყისი იმ ადამიანებშია, ვისაც მოსახლეობა ტელევიზორში ხედავს.

თუკი მოცემული ნარკვევის მიზანი იქნებოდა ოპოზიციის კრიტიკა, აქ უბრალოდ იმით დავამთავრებდი, რომ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის განვითარების კურსის ახალ ვერსიას არ სთავაზობს საზოგადოებას, განწირულია წაგებისთვის. დომინანტური დისკურსის ფარგლებში მიშას ალტერნატივა არის მხოლოდ “უკეთესი მიშა”. უკეთესი მიშა კი არ არის საკმარისად მიმზიდველი ფიგურა არც ოპოზიციური საზოგადოებისთვის, არც წარმატებული მიშისტებისთვის, რომლებსაც პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ შესაძლოა თბილი ადგილები დააკარგვინოს.

ის რისი თქმა მინდოდა როდესაც წერა დავიწყე, ამისგან ოდნავ განსხვავებულია და გაცილებით უფრო რთული. მე მაქვს კითხვა: სჭირდება თუ არა ქვეყანას განვითარების კურსი, მიმართულება? ხომ არ ვიყენებთ ამ გამონათქვამს ევფემიზმად დრომოჭმული და მრავალჯერ უარყოფილი სახელმწიფო იდეოლოგიის სანაცვლოდ? აქვთ კი განვითარების კურსები ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ, საფრანგეთი ან გერმანია? 

სიმართლე რომ გითხრათ, არა მგონია რომ შემეძლოს ამ კითხვაზე ადვილი პასუხის გაცემა. ერთი შეხედვით, განვითარების კურსის სიმკაფიოვე და მისი კონსესუალური გაზიარება სასარგებლო იქნებოდა ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან მოიტანდა მეტ სტაბილურობას და შეამცირებდა დანახარჯებს გვერდით, კურსისგან შორს მდგარ ინიციატივებზე. მეორე მხრივ, კურსის არსებობით განპირობებული ტელეოლოგია გამორიცხავს დემოკრატიული მმართველობის შესაძლებლობას და გვაბრუნებს წარსულში, თუნდაც ამ კურსის გაცხადებული მიზანი იყოს ამ წარსულისგან განთავისუფლება.

ხომ არ დაგვეწყო “პერესტროიკა” თავიდან? თუ იმავე მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა იქნებოდა?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ