უოლ სტრიტის ქრონიკები – კაპიტალიზმის ნამდვილი სახე

       უკვე 2 კვირაა რაც მოძრაობა Occupy Wall Street გრძელდება.  საოცრებაა რომ მის ორგანიზატორებს დაღლილობა არ ეტყობათ.  გუშინ, 1 ოქტომბერს ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.  მაგრამ სულ ტყუილად.  დღეს ბევრი მათგანი ისევ უოლ სტრიტთან იყო მიბრუნებული პლაკატებით.  სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მოულოდნელ და კრეატიულ ფორმებს იღებს – თუმცა ერთი რამის თქმა უკვე შეიძლება – რაც არ უნდა მოხდეს ამის მერე, დემონსტრანტებმა მთავარ მიზანს უკვე მიაღწიეს.  მათ თავისი შეუპოვარი აქციებით უკვე შეცვალეს დისკურსი – და კაპიტალიზმის სიხარბის კრიტიკა აგერ უკვე 30 წლის შემდეგ ისევ შემოიტანეს სალაპარაკო ლექსიკონში.  

        ეს პირველ რიგში ახალი თაობის დამსახურებაა, რომელიც უკვე საოცრად დაიღალა მოცვეთილი 'იდენტობის პოლიტიკის' კლიშეებით და რომელსაც არ ეშინია კრიტიკული თვალით შეხედოს ბურჟუა ცნობიერებას და დომინაციას.  ბრუკლინ ბრიჯზე გამართული მსვლელობა საოცარი დისციპლინით გამოირჩეოდა – ყველა პროტესტის წევრმა უარი უთხრა ძალადობას და ნიუ იორკის პოლიციამ უკვე მერამდენე დამარცხება განიცადა ფოტოაპარატებით შეიარაღებულ დემონსტრანტებთან.    თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ამერიკის ლიბერალური მედია, რომელიც თითქოს მემარცხენე იყო მთლიანად გამოავლინა საკუთარი თავი ამ დღეების მანძილზე. 

       The New York Times-მა და სხვა ლიბერალურმა გაზეთებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნოამ ჩომსკის მიერ ჩამოყალიბებული აქსიომა:  ლიბერალური პრესა პირველ რიგში მულტი-ნაციონალების საკუთრებაა და პოლიციის არ იყოს პირველ რიგში საკუთარი მფლობელების ინტერესებს იცავს.   ინტერნეტი რომ არ იყოს, ცხადია ეს პროტესტები დიდი ხნის ჩაკლული იქნებოდა უკვალოდ – მაგრამ ინტერნეტმა დღეს აიღო დამოუკიდებელი მედიის ფუნქცია, რომელსაც თვით J.P. Morgan Chase, Goldman Sax და ფინანსური მონსტრებიც ვეღარ იმორჩილებენ.  დღეს გაირკვა რომ ერთი კვირის წინ J. P. Morgan-მა ნიუ იორკის პოლიციას სასრაფოდ 4,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.  ეს პოლიციისათვის არცთუ მცირე თანხაა – მაგრამ ამ კორპორაციისათვის დიდი არაფერი – მხოლოდ დერივატივებში მორგანის შთამომავალ კომპანიას დაახლოებით 70 ტრილიონი აქვს.  ფინანსური კომპანიები შიძლება ითქვას რომ მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.  ნეოლიბერალური სისტემა კი პირდაპირ მუშაობს ამ კორპორაციების გამდიდრებაზე.  დღეს ამერიკა დიდი დეპრესიის პირასაა, ისევე როგორც დასავლეთ ევროპა.  ჩინეთს და ინდოეთს ბევრად უფრო სერიოზული ზრდა აქვთ, ვიდრე წამყვან დასავლურ ეკონომიკებს.  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ის სიხარბეა, რომელშიც თანამედროვე კაპიტალიზმი გადაიჭრა.  
        

         ახალმა მემარცხენე მოძრაობამ ძველ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.  საბჭოთა სტილის ბოლშევიკური ალტერნატივა არ არსებობს – ისევე როგორც ჩინური სახელმწიფო კაპიტალიზმი.  ეს ორივე სისტემა ისევ კაპიტალიზმში გადაიზარდა – რუსეთიც და ჩინეთიც დღეს რეალურად ნეოლიბერალური დიქტატურის ქვეყნებია.   სახელმწიფო ყოველთვის კაპიტალს ემსახურება – და სწორედ ამიტომაც სჭირდება მას ნაციონალისტური პროპაგანდა.  აქედან გამომდინარე მსოფლიო პოლიტიკაში ახალი პარადიგმაა საყოველთაო გაფიცვა – ვიზიონერი ფრანგი მოაზროვნის ჯორჯ სორელის მიერ დამკვიდრებული ეს ტერმინი 100 წელიწადზე მეტი ხნისაა, მაგრამ ეს ცნება ახლა გახდა რელევანტური – რადგან ინტერნეტი საყოველტაო გაფიცვის და სოლიდარობის საუკეთესო მეკავშირეა.  კორპორატიული მეინსტრიმ პრესა არასდროს გააკეთებს იმას რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროული გაფიცვა მოეწყოს – აქედან გამომდინარე სოციალური ქსელები, ტვიტერი და სხვა ინტერნეტის საშუალებები საუკეთესო გზაა კაპიტალიზმთან დასაპირისპირებლად.  არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური როდესაც ის საბანკო და ფინანსურ სექტორს დაარტყამს – მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ამერიკაში პრაქტიკულად აზრი არა აქვს, რადგანაც აქ დიდი ხანია ფინანსური კომპანიები მართავენ პოლიტიკას – მთავრობა, ჯარი და პოლიცია კი მხოლოდ მათი დაქირავებული მსახურია.  აქედან გამომდინარე პროტესტერების მიერ უოლ სტრიტის შერჩევა სამიზნედ აბსოლუტურად სწორი ტაქტიკაა.  საინტერესოა რომ ამ რადიკალური მემარცხენეების მიერ მოწყობილ აქციას უკვე ბევრმა პოლიტიკოსმა გამოუცხადა სოლიდარობა – მათს შორის კი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა რონ პოლმა.  მოკლედ, მეგობრებო, მეტად საინტერესო სურათია ამერიკაში.  ნიუ იორკის პარალელურად ბანკებზე შეტევები დაიწყო ბოსტონში, ჩიკაგოში, სიეტლში, პორტლენდში და სხვა ქალაქებში.  კინორეჟისორმა მაიკლ მურმა მოუწოდა ამერიკის ყველა ქალაქში მოსახლეობას რომ საკუთარ ქალაქში მოენახათ დიდი ფინანსური ინსტიტუტი და იქ დაეწყოთ Occupy Wall Street-ის მოძრაობა.          

           12 ოქტომბერს ნიუ იორკში უკვე მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ლიდერებს, სლავოი ჟიჟეკს და ალან ბადიუს ელოდებიან.  გაურკვეველია პროტესტის ორგანიზატორებს და მათს შორის რაიმე კოორდინაცია თუ არსებობს – თუმცა ცხადია დამთხვევა კარგად მოხდა.  ახალი კომუნისტები გამოდიან როგორც დიდი კორპორაციების, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ.     როგორც ტონი ნეგრიმ თქვა "თუ დღეს კომუნისტი ხარ, მაშინ აუცილებლად სახელმწიფოს წინააღმდეგიც ხარ".  რეალურად დღეს კომუნისტები ანარქისტულ პოზიციებს უახლოვდებიან.  ცხადია თავის დროზე მარქსი და ენგელსიც არ იყვნენ ფორმალური ეტატისტები, მაგრამ მათ მაინც არ უარყვეს სახელმწიფოს მიერ ძალადობის მონოპოლიური გამოყენების პრინციპი და აქედან გამომდინარე ლენინმა და მისმა მეგობრებმაც სახელმწიფო არათუ არ გააუქმეს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერეს.  დღეს კი ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა სახელმწიფო საზღვრების მორღვევა. საყოველთაო გაფიცვის იდეა სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო.  როგორ პროტესტის მონაწილეები ამბობენ – ჩვენ ვართ 99 პროცენტი და ტრანს-ნაციონალური კორპორაციები კაცობრიობის 1 პროცენტს არ აღემატებიან.   აქედან გამომდინარე სინდიკალისტების იდეა რომ ადამიანებმა ერთად მოაწყონ გაფიცვა უფრო აქტუალური ხდება.  აგრეთვე ლაპარაკია იმაზე რომ გაუფასურება განიცადა პოლიტიკოსის ინსტიტუტმა – რადგანაც პოლიტიკოსები ყველა სისტემაში ან თვითონვე არიან მთავარი კაპიტალისტები ან კი მათ მსახურებად გვევლინებიან.  პირდაპირი დემოკრატია სოციალური დემოკრატიაა, სადაც ადამიანები პოლიტიკოსების გარეშე ახდენენ საკუთარი მოთხოვნების და დაკვეთის ფორმულირებას.  


            დემონსტრანტებს შორის ბევრი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელია – ეს კიდევ ერთხელ უარყოფს იმ გავრცელებულ სტერეოტიპს რომ მემარცხენე რადიკალები აუცილებლად ათეისტები არიან.  ცხადია მათს შორის ასეთებიც არიან – მაგრამ უმრავლესობა მაინც სულიერების სხვადასხვა ტრადიციების მიმდევარია.  იმისათვის რომ კაპიტალიზმს და მომხმარებლუ საზოგადოებას გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიო მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბურჟუა ცნობიერება გადალახო.  დოგმატური მარქსიზმის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სწორედაც რომ სულიერების როლის უარყოფა იყო.  თუმცა სულიერების გამოხატვა არა მხოლოდ რელიგიით შეიძლება – აქ მნივნელოვანია ხელოვნების როლიც.  ამიტომ ამ პროტესტებზე მუდმივად ისმის მუსიკა – ბევრია როკის, რეგაეს, ჰიპ-ჰოპის, ბლუზის მოყვარული – ამავე დროს თვითონ არტისტებიც მოდიან.  სუზენ სარანდონი, მაიკლ მური, და ბევრი სხვა არტისტი იყო იყო აქციებზე.  სოლიდარობაც ბევრმა გამოაცხადა.


          საყოველთაო გაფიცვას ინტერნეტი სჭირდება – მას არ სჭირდება მეინსტრიმ პრესა, დიდი სახსრები და პიარი.  როგორც ალან ბადიუ ამბობს საჭიროა ისეთი ადამიანები ვისაც იდეის გულისათვის ცხოვრება და სიკვდილი შეუძლია.  მსოფლიოს სწყურია ასეთი იდეა.  ამის მოწმობაა ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების თავგანწირული ქმედება.

                                                            ირაკლი კაკაბაძე უოლ სტრიტიდან.  2011 წლის 2 ოქტომბერი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ