ტუსაღი საზოგადოების დილემა

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone


ბევრისთვის ცნობილია „ტუსაღის დილემად“ ცნობილი ვითარება, როდესაც ადამიანი კრიზისულ მდგომარეობაში იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის ყველაზე ნაკლებად სარისკოა. დილემის წინაშე მდგომის არჩევანი (ზოგჯერ კომპრომისით მორალთან) საკუთარი ინტერესების გასატარებლად მეცნიერულმა კვლევებმა მონათლეს როგორც გარდაუვალი შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მერკანტილური მოთხოვნების კოოპერაციულ ქმედებასთან თანაარსებობის შესაძლებლობის ქმედითობა ნობელის პრემიებითაა დადასტურებული. მოკლედ, ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება _ ის არის არსება, რომლის მიზანია საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ არსება, რომელსაც შეუძლია სხვებზე ზრუნვაც. „ტუსაღის დილემა“ ამტკიცებს, პირველს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვაზე _ „ჩაუშვებ“ თუ არა ადამიანს საკუთარი თავის გადარჩენისთვის, საქართველოში ბევრი უარყოფით პასუხს გაგცემს, თუმცა რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში საპირისპირო, მერკანტილურ და კონფორმისტულ პოზიციებს იკავებს.  ავიღოთ ქართული საზოგადოების ერთ ერთი ყველაზე პრივილეგირებული, ძლიერი და პრესტიჟული კასტა _ პოლიცია. მაგალითად პოლიციაში იწყება მასიური შემცირება. წესით, ამ ადამიანებს უნდა აერთიანებდეთ სამსახურის შენარჩუნების სურვილი. თუ ყველამ არა, ნაწილმა მაინც რომ გამოთქვას პრეტენზია ხელმძღვანელობის მიმართ, ხელისუფლება იძულებული იქნება გაითვალისწინოს ამხელა მასის მოთხოვნა და კომპოვისი მოძებნოს პოლიციელებთან. მაგრამ ამ პოლიციელთაგან უმრავლესობა სათითაოდ თავს იკავებს აქტიურობისგან, რადგან არის ალბათობა, რომ სხვა პოლიციელებმა თავი შეიკავონ და ის „ინიციატორი“ აღმოჩნდეს მარტო სამინისტროს პირისპირ, მაშინ მას ელის დიდი პრობლემები, ამიტომაც სამსახურიდან გათავისუფლების კანდიდატი ირჩევს არა ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის, არამედ პასიური ლოდინის რეჟიმს. დაელოდება რა მოხდება, თუ გაათავისუფლეს, ეცდება სხვაგან დაიწყოს მუშაობა ან უმუშევრად დარჩეს, მაგრამ პრეტენზიას ის არ წამოაყენებს. პოლიციელის მაგალითად მოყვანა შემთხვევითი არაა, თუ პრივილეგირებული კლასი პასიურობს, უარსი ვითარებაა არაპრივილეგირებულ კლასებში. ამგვარი არჩევანის შედეგად ბოლო წლებში უმუშევართა არმია ჩუმად მაგრამ სოლიდურად გაიზარდა. განსაკუთრებით  სახელმწიფო სისტემიდან დათხოვნილთა ხარჯზე. ხელისუფლებამ უკანონოდ, ეტაპობრივად, მცირე ჯგუფებად გაყარა პროფესიონალი ადამიანები სამსახურებიდან და ამის გამო არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. ქვეყანაში მიღებულამა რაციონალიზზმა მათ უკარნახა პასიური პოზა.
იმისთვის რომ წარმოიქმნას „ტუსაღის დილემა“, საჭიროა მინიმუმ 2 სუბიექტი. დასაქმებულთა შემცირების შემთხვევაში ეს როლები შეასრულეს შემცირებულებმა და ჯერ არ შემცირებულებმა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების „დაფერთხვისას“ უმრავლესობას გაგდების პერსპექტივა აქვს, უმრავლესობა მაინც არ მოქმედებს შეთანხმებულად, რადგან არ აღიქვამს თავს ერთ ჯგუფად, ამ უმრავლესობის ატომიზებული წარმომადგენლობა სათითაოდ  ეჭიდება უკანასკნელ იმედს _ იქნებ და მე არ მიშვებენ. როგორც კი ადამიანი(პოლიციელი, რკინიგზელი, ექიმი, მასწავლებელი…) დგება ფაქტის წინაშე და გადადის უმუშევართა ჯგუფში, მას უჩნდება რევანშის და აქტიური მოქმედების სურვილი, მაგრამ მისი აქტიურობა ვერ იქნება შედეგიანი, თუ არ იქნება სოლიდარული ქმედება ჯერ არგაშვებულებთან ერთად. მაგრამ საკმარისია მაგალითად ფინანსთა სამინისტროდან გაგდებულმა ადამიანმა მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყოს მუშაობა, რომ კვლავ ამოქმედდება „ტუსაღის დილემა“ და შეცდომა კვლავ განმეორდება ახალი შემცირების შემთხვევაში.
დილემისადმი მიდგომის პოლიტიკურ ცხოვრებაზე განვრცობისას იქვივე სურათი იხატება. მხოლოდ არჩევნებზე აქტიური საზოგადოება საარჩევნო ურნასთან კვლავ „ტუსაღის დილემის“ წინაშე დგება. ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეს შეუძლია ხმა არ მისცეს მმართველ პარტიას და მისცეს ნებისმიერ სხვას, ან მისთვის ყველაზე მომგებიან ალტერნატივას. მაგრამ მომგებიანი ალტერნატივის განსაზღვრა მისთვის სარისკოა, რადგან უცნობია შედეგი. მისთვის ცნობილია არსებული ხელისუფლების ცუდი, მაგრამ მაინც სახე. ამომრჩეველიც ანგარიშობს _ თუ ხმას მისცემს რომელიმე ოპოზიციურ ძალას, ის ძალა ან გაამართლებს მის მოლოდინს ან არა, სამაგიეროდ თუ მეზობელმა დაასმინა შესაძლოა ოპოზიციონერობა ძვირად დაუჯდეს. თუ ხმას მისცემს ხელისუფლებას _ მიიღებს იმავე ვითარებას, რომელშიც არის. თუ საერთოდ არ წავა არჩევნებზე, მაშინ მოიხსნის პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ამომრჩეველი ირჩევს მისთვის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტს რომელიც ხშირად დაიყვანება ბოიკოტამდე.
დილემის იდეალური შედეგის მიღწევისთვის ტუსაღსაც, უმუშევრად დარჩენილ პოლიციელსაც და ამომრჩეველსაც სჭირდება ინფორმაცია. თუ არ არსებობს ზუსტი და სრული ინფორმაცია, ძნელია იმის განსაზღვრა თუ რა ქმედებაა კონკრეტული ინდივიდისთვის საუკეთესო მისი ინტერესებისთვის. თუ ჩვენი ქმედების რეზულტატი დამოკიდებულია სხვისი ქმედებაზე და ჩვენთვის უცნობია რას მოიმოქმედებს სხვა, მაშინ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ქმედების რეზულტატი და ინტუიტიურად ვირჩევთ ისეთ ალტერნატივას, რომელიც ნაკლებად დაგვაზარალებს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს იდეალური ვარიანტი _ სრული და ზუსტი ინფორმაცია ქმედებაზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა, არარეალურია. შესაბამისად გამოდის რომ,  საუკეთესო შედეგის მიღწევა ამ დილემისას შეიძლება  მხოლოდ  რისკის შემთხვევაში. რისკია ნდობა, ადათი, ინტუიცია, ინსიქტი, აზარტი, ნება, ინტერესი, ნოვაცია, გმირობა და ა.შ. დღეს ასეთი რისკები არარაციონალობად მიიჩნევა, ირაციონალობა კი სიბრიყვედ. თუ „პოდელნიკი“ არ ჩაუშვი, მან კი ჩაგიშვა ბრიყვი ხარ, თუ მარტომ დაიწყე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის _ ბრიყვი ხარ, თუ გაგაფრთხილეს ოპოზიციონრობას განანებთო და მაინც შენ აზრზე ხარ ისევ ბრიყვი ხარ. დღევანდელ საქართველოში კონფორმიზმი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდრის რაციონალიზმს, რისკი – სიბრიყვეს, კოლექტიური ქმედება, სოციალური აქტივობა და სოლიდარობა კი საერთოდ უცნობი სიტყვებია. და რა გასაკვირია, რომ ავტორიტარული რეჟიმი მუდმივად ეცდება ტუსაღ საზოგადოებას დილემის გადაწყვეტისას „რაციონალიზმისკენ“ უბიძგოს?
ისეთი სურათი დაიხატა, რომ მკითხველი გადაწყვეტს _ თუ მე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მიდრეკილი ვარ მინიმალური ზარალით მაქსიმალური(რეალურად ეს მაქიმალურობა მინიმალურს ნიშნავს) შედეგისკენ და ამისთვის მიწევს კონფორმისტობა, მაშინ ჩემი კარმაც ეს ყოფილა და გააგრძელებს ძველებურ არსებობას. მაგრამ, მაშინ რა აზრი აქვს ისეთ კოლექტიურ ცნებებს, როგორიცაა საზოგადოება, რომელიც ვერ იარსებებს ერთობლივი საზოგადო ნების გარეშე? რა აზრი აქვს ოჯახს ან მეგობრობას, რომლებიც მართალია რისკებზეა დამყარებული, მაგრამ მოქმედებს. რა აზრი აქვს პატრიოტიზმს, ინიციატივას, სამართლიანობას, ეროვნულობას, გმირობას და ა.შ.? გამოდის, რომ ადამიანი მაინც სოციალური არსებაა, რომელსაც ადამიანად აქცევს კოლექტივიზმი, სოლიდარობა, ურთიერთობები, ერთგულება და ა.შ. ანუ ის რისკი, ის „ირაციონალური“, რომელსაც ასე ამასხარავებს დღევანდელი მმართველი ელიტა.  ბოლო ბოლო  „რაციონალიზმი“ და „ირაციონალიზმი“  მხოლოდ ტერმინების და ვერსიების ჭიდილია, ორივე ამოდის გონებიდან, მაგრამ, სანამ არ არის შესწავლილი გონება, მანამდე შეუძლებელია გონებრივის და უგუნურების(სიბრიყვის) განსაზღვრა. მაგალითად რაციონალური იყო თუ არა გალილეის ქმედება, როცა მან იცოდა რა ჯორდანო ბრუნოს მაგალითი, მაინც გაიმეორა, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის ვერსიის ჭეშმარიტება? დღეს ჰელიოცენტრულობა რაციონალურობას უდრის, იმიტომ რომ ეს ასეა, მაგრამ გალილეის მაშინდელი ქმედება არარაციონალიზმად მიიჩნევა, რადგან ის ძლივს გადაურჩა კოცონს.  ჰიტლერის ეპოქის გერმანიაში რაციონალური და ირაციონალური ერთმანეთში აითქვიფა. ებრაელის არსებობა გახდა ირაციონალური, ხოლო საარსებო ტერიტორიებისთვის ომების წარმოება რაციონალური. ჰიტლერულ კოალიციას მეორე მსოფლიო ომი რომ მოეგო, რაციონალიზმი იქნებოდა ის რაც გამარჯვებულების მიერ შექმნილი წესრიგი გვიკარნახებდა, მათ შორის რასობრივი სეგრეგაცია, მეორეხარისხოვნობა და ა.შ. საბჭოთა რაციონალიზმის პროდუქტი  იყო კანონმორჩილება, იმ კანონების მორჩილება, რომელთაც დღეს ირაციონალურად მივიჩნევთ იგივე ადამიანები, ვინც იმ კანონებს ემორჩილებოდა. საბჭოთა წყობასთან ბრძოლაც ირაციონალური იყო, იმიტომ რომ იყო დახვრეტის საფრთხე, დღეს ყველას შეუძლია საბჭთა წყობასთან ბრძოლა, იმიტომ რომ წყობა საფრთხეს არ წარმოადგენს. მოკლედ, რაციონალიზმი და ირაციონალიზმი ფარდებითი თუმცა კარგად კონვერტირებადი ცნებებია. ჯერჯერობით პოლიტიკოსებსა და პიარტექნოლოგებს აქვთ შესაძლებლობა ამ ტერმინებით სპეკულირების შესაძლებლობა და სპეკულირების ნიადაგზე ხალხის იძულება ამა თუ იმ ქმედებაზე ან უმოქმედებაზე. ჩვენც საქართველოს მოქალაქეებიც ვართ ამ მანიპულირების მსხვერპლიც და მონაწილეც, რადგან ვეგუებით მმართველი უმცირესობების თავსმოხვეულ რაციონალიზმებსა და ირაციონალიზმებს, შემდეგ კი ვთამაშობთ „ტუსაღის დილემის“ მსგავს თამაშებს.
ადამიანის ადამიანობა და მითუმეტეს გონებრიობა და რაციონალობა არ იფარგლება მისი ეგოთი, უსაფრთხოებით, ჩაცმულობით ან სიმაძღით. მისი რაციონალიზმი  არ სრულდება იქ სადაც პრობლემები იწყება, პირიქით, სწორედ ინიციატივამ, რისკმა, კოლექტიურმა და სოლიდარულმა ქმედებამ შექმნა თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი სისტემები, ოჯახი,  რომელშიც ვერასდროს ვერ მოვხვდებით სანამ საქართველოს მოქალაქე არ წავა რისკზე, არ გაარღვევს თავსმოხვეული „რაციონალიზმის“ კედლებს და არ დაიწყებს საკუთარი და არა მმართველების რაციოს პატივისცემას, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას.  
დღევანდელი ქართული საზოგადოების ცხოვრების წესი არ არის „ტუსაღის დილემის“ რაციონალური გადაწყვეტა, რადგან ამ ვითომ უსაფრთხო და არასარისკო გადაწყვეტილების მიღებისას ინდივიდიც და საზოგადოებაც განწირულია მუდმივად დაბრუნებადი დილემის სამუდამო პატიმრობისთვის.

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*