ტატო ხუნდაძე: მცირე და არაეფექტური ბიუროკრატია

Share on Facebook31Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

55542b698e9b80ad5004b2817153e31c--opinion-public

► ავტორი: ტატო ხუნდაძე – პოლიტეკონომისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი,  მედია პორტალ  European.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრი

► სტატია პირველად გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ გვერდზე

© European.ge

საქართველოში არსებობს მითები იმის თაობაზე, რომ ქართული ბიუროკრატია საკმაოდ დიდია და უზარმაზარი ფული იფლანგება უფუნქციო სახელმწიფო აპარატის შენახვაში. ამგვარი მითების კვლავწარმოებას ხელს უწყობს როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, ასევე მედიის, პოლიტიკური თუ სამოქალაქო ისთებლიშმენთის იდეოლოგიური კამპანია. მედიაში ხშირად შეხვდებით განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთს ჰყავს უფრო მცირე ბიუროკრატია, ვიდრე საქართელოს, რომ შვეიცარიაში არსებობს უფრო ნაკლები სამინისტროები, ვიდრე საქართელოში და რომ ლონდონის ემსახურება უფრო ნაკლები ჩინოვნიკი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქის ადმინისტრაციას. ხშირ შემთხვევაში ეს განცხადებები არ ეყრდნობა ზუსტ მონაცემთა ანალიზსს და არ არის გათვალისწინებული უცხო ქვეყნების ლოკალური კონტექსტები.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბიუროკრატიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართო საზოგადოებრივ კამპანიას აქვს თავისი ბუნებრივი მიზეზები და იგი არ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიურ ბრძოლას. საზოგადოება უკმაყოფილოა ეკონომიკური განვითარების სისწრაფით და ამასთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილი სულაც არ არის კმაყოფილი იმ მომსახურებით, რასაც დღეს ჩვენი ბიუროკრატია სთავაზობს მას. ამაში მართლაც არის ლოგიკა, იმ მხრივ, რომ განსაკუთრებით რეგიონულ მუნიციპალიტეტებში მუშაობენ ჩინოვნიკები, რომელთა ფუნქციები საკმაოდ ბუნდოვანია, იმის პარალელურად, რომ ბაღები გადავსებულია და არ არის საკმარისი მასწავლებლები; ასევე, ქართული სკოლები არ იძლევიან სათანადო საშუალო განათლებას.

სამი ტიპის სახელმწიფო აპარატი

პირობითად, შეიძლება სახელმწიფო აპარატი დაიყოს 3 შინაარსობრივ ტიპად. პირველი, ეს არის მცირე, ლიბერტარიანული სახელმწიფო, რომელსაც დატოვებული აქვს მხოლოდ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციები. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ამგვარი მინიმალისტური სახელმწიფო რეალობაში არ არსებობს და იგი მხოლოდ რადიკალი მემარჯვენე ავტორების წარმოსახვის შედეგია, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა სახელმწიფო ამ ავტორთავე მოსაზრებით. მეორე, ეს არის ასევე მცირე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავზე იღებს არამხოლოდ ზემოთაღნიშნულ მინიმალისტურ ფუნქციებს, არამედ ზრუნავს ე.წ. “საბაზრო ჩავარდნების” აღმოფხვრაზე. გამოდის, რომ მეორე ტიპის მიხედვით, ბაზარი ვერ ახერხებს ყველა პროდუქტის მიწოდებას საზოგადოებისთვის. სახელმწიფო ბიუროკრატიის მესამე ტიპს, წარმოადგენს ე.წ. “აქტივისტური სახელმწიფო”. ამგვარი სახელმწიფო არამხოლოდ ცდილობს აღმოფხვრას “საბაზრო ჩავარდნები”, არამედ თავად ცდილობს შექმნას ახალი ბაზრები და უბიძგოს კერძო სექტორს ახალი ინოვაციური მიმართულებით. თუმცა, ბიუროკრატიის ზომა არ განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის შინაარსს. მაგალითად, სამხრეთ კორეა და იაპონია გამოირჩევიან მაღალი ინტერვენციონისტური პოლიტიკებით, კერძოდ, სახელმწიფო ბიუროკრატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური პროცესების დაგეგმვაში (სუბსიდიები, აგრესიული ინდუსტრიული პოლიტიკა და ა.შ.), თუმცა, ამ ქვეყნებში ბიუროკრატების წილი საერთო დასაქმებულებში საკმაოდ დაბალია, რაც ქვემოთ უფრო დეტალურადაა განხილული.

ქართული ბიუროკრატიის ზომა

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობას ქვეყნები განსხვავებულად ითვლიან.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) განმარტავს, რომ არ არსებობს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა დათვლის ერთიანი კრიტერიუმი და სახელმწიფოები ამას ინდივიდუალურად ადგენენ საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან და სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე. ხშირად, საჯარო სერვისების მიწოდება ხდება არამომგებიანი (non-profit) იურიდიული პირების მიერ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა სახელმწიფოები კერძო სექტორის მეშვეობით ახერხებენ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებას. გარდა ამისა, სახელმწიფოები იყენებენ დათვლის სხვადასხვა მეთოდიკას, მაგალითად გამოიყენება შინამეურნეობების კვლევები, რომელსაც ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი იყენებს, ასევე ხელფასების (იყენებს ფინანსთა სამინისტრო) ან სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა სტატისტიკა.

განსხვავებული და რთული ლოკალური სპეციფიკიდან გამომდინარე, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნულ განსხვავებულ კონტექსტებს და ბიუროკრატიის დათვლის განსხვავებულ მეთოდოლოგიას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ლონდონისა და თბილისიის მერიის თანამშრომელთა შედარება, რომლის მიხედვითაც თითქოს თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ლონდონის მერიაში დასაქმებულთა ოდენობას. კერძოდ, ერთ-ერთი მედია საშუალება პოლიტიკოსზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თბილისის მერიაში დასაქმებულია 5700 ადამიანი, ლონდონის მერიაში კი – 830 ადამიანი. ეს მონაცემები არ ითვალისწინებს დეცენტრალიზაციისა და ზოგადად მუნიციპალური მართვის განსხვავებულ ფორმებს. ლონდონის შემთხვევაში უკეთეს სურათს იძლევა ამ ქალაქში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ლონდონში საჯარო სექტორში 2014 წელს მუშაობდა  713 000 ადამიან, რაც ქალაქში ყველა სექტორში დასაქმებულთა 16%-ს შეადგენს. 

არის თუ არა საქართველოს ბიუროკრატია დიდი (ბიუროკრატია და საჯარო სექტორი შეიძლება გამოვიყენოთ ურთიერთმონაცვლე ტერმინებად, რადგან ეს ორი ტერმინი მეტწილად ფარავს ერთმანეთს)? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა: ის არც დიდია და არც მცირე. ბიუროკრატიის ზომა შესაძლებელია გავზომოთ ორი ინდიკატორით: ა) სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება; ბ) სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.

შეუძლებელია საქართველოს ბიუროკრატია იყოს დიდი იმ ფისკალური წესიდან გამომდინარე, რომელიც ზღუდავს საქართველოს მთავრობის დანახარჯებს. კერძოდ, “თავისუფლების აქტის” მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის მშპ-სთან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში 47%-ს შეადგენდა. უფრო ნათელი სურათისთვის შეიძლება დავაკვირდეთ, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ანაზღაურებას, რომელიც ევროკავშირში (საშუალო მაჩვენებელი) 21.6 პროცენტს შეადგენს, საქართველოში კი იგივე მაჩვენებელი ნაერთი ბიუჯეტის 15.2%-ს და სახელმწიფო ბიუჯეტის 16.1%-ს (ნაერთი ბიუჯეტი არის კონსოლიდირებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე თვიმმართველობებისა და ავტონომიური ერთეულების ბიუჯეტებსაც. Eurostat-ის ზემოთ მოყვანილი მაჩვენებელი უჩვენებს  ევროკავშირის ნაერთ ბიუჯეტს).

რაც შეეხება, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობას, თუ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციას დავეყრდნობით, ქართული ბიუროკრატიის ზომა ბოლო 10 წლის განმავლობაში მცირდებოდა. ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია პროცენტული თანაფარდობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს შორის.  2006 წელს სახელმწიფო ბიუროკრატიის ზომა 20%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 14.9%-ს შეადგენს. თუ, 2006 წელს 360 ათასი ადამიანი მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს ციფრი თითქმის 100 000 ადამიანით შემცირდა და გასულის წლის მონაცემებით 262 ათას ადამიანს შეადგენს.  

pasted image 0


დიაგრამა 1 :დასაქმების ინსტიტუციონალური განაწილება,  წყარო: GEOSTAT 

თუმცა, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია არ ემთხვევა ფინანსთა სამინისტროში არსებულ ცნობებს. კერძოდ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა საჯარო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შეადგენდა 166 244 ადამიანს. ამასთან, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურებში მომუშავეთა რიცხოვნობა შეადგენს 115 756 ადამიანს. სხვადასხვა მკვლევართა ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 13 000-14 000-მდე მერყეობს (არსებობს სახელმწიფო სტატისტიკაც). შესაბამისად, გამოდის რომ საჯარო უწყებებში ერთიანად დასაქმებულია დაახლოებით 296 000 ადამიანი. ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა უფრო ზუსტად ასახავს რეალობას, რადგან ეყრდნობა კონკრეტულ საბიუჯეტო მონაცემებს. შესაბამისად, ამ გათვლებით, ქართულ ბიოროკრატიაში დასაქმებულია, მთლიან დასაქმებულთა რაოდენობის 16.7%. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც რომ ბიუროკრატთა რაოდენობის წილი მთლიან სამუშაო ძალაში შეადგენს 14.8%-ს. OECD-ის სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებულებში, 21.3%-ია (2013), ხოლო სამუშაო ძალაში 19%-ი. პოსტ-კომუნისტური გამოცდილებიდან გამომდინარე, შედარება შეიძლება გაკეთდეს პოლონეთთან. 2014 წლის მონაცემებით, პოლონეთში სულ დასაქმებულია 14 563 400 ადამიანი. აქედან, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 3 377 100 ადამიანი, კერძო სექტორში კი – 11 186 300. გამოდის რომ პოლონეთში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი შეადგენს 23.1%-ს.

pasted image 0 (1)
დიაგრამა
 2 : საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში, დიაგრამა აღებულია OECD-
ისანგარიშიდან

სამუშაო ძალაში ბიუროკრატების წილი

დიაგრამა 3: საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში, დიაგრამა აღებულია OECD-ის ანგარიშიდან.

ზემოთ მოცემული ორი დიაგრამა აჩვენებს, რომ არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფო ბიუროკრატიის ზომას შორის. ყველაზე მეტი ბიუროკრატია დანიას და ნორვეგიას ჰყავს OECD-ის ქვეყნებიდან, ყველაზე მცირე კი იაპონიას და სამხრეთ კორეას. ოთხივე ჩამოთვლილი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების მხრივ, წამყვან ადგილს იკავებენ მრავალი ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც მოიცავენ როგორც ეკონომიკის პროდუქტიულობას, ასევე ცხოვრების დონეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის ზომა არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარებისთვის.

pasted image 0 (2)
დიაგრამა 4 : EUROSTAT-ის და GEOSTAT-ის ინტეგრირებული მონაცემები 

მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ადამიანები ესწრაფვიან სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებას, არის ის, რომ ბიუროკრატიული სამსახურები შედარებით უკეთესად ანაზღაურებადი და სტაბილურია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დასაქმებულთა 57.6% თვითდასაქმებულია, მოსახლეობის სურვილი სახელმწიფო სამსახურში დასაქმებისა, სავსებით ბუნებრივია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, თვითდასაქმებული არის ადამიანი, რომელიც „საქმიანობს ოჯახური შემოსავლის მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი.” განსხვავებით ევროპული სახელმწიფოებისგან, თვითდასაქმებულთა შემოსავლები საქართველოში მცირეა. კერძოდ, თუ ევროპაში თვითდასაქმებულები მეტწილად ჩართულნი არიან ტექნოლოგიურ ბიზნესში, საკონსულტაციო მომსახურებაში ან სხვა მაღალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ, საქართველოში თვითდასაქმებულებად მეტწილად გვევლინებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა თვითდასაქმებულია, რომელთა შემოსავლები ძირითადად დამოკიდებულია გარემოზე და მიწის ოდენობაზე. საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, მაგალითად იაპონიაშიც, სადაც დასაქმებას შემდეგი სახის სტრუქტურა აქვს: დასაქმებულები კომპანიების და კორპორაციების ხელმძღვანელების გარდა – 83.1%, თვითდასაქმებულები – 9.2 %,  კომპანიების ან კორპორაციების ხელმძღვანელი პირები –  5.4%, ოჯახში დასაქმებულები – 2.1%.

თუ დავაკვირდებით დასაქმების სტრუქტურას, დავინახავთ, რომ დაქირავებით დასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ საჯარო სექტორზე მოდის. კერძოდ, თუ ჩავთვლით, რომ საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულია და მათი რაოდენობა 296 000 -ია, გამოდის რომ დაქირავებით დასაქმებულთა 39.5%-ი სახელმწიფო სექტორი ასაქმებს. ქართული მოსახლეობის მისწრაფება საჯარო სექტორში მუშაობისაკენ, სავსებით ბუნებრივია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე კერძო სექტორში, საჯარო სექტორი უფრო სტაბილური და მიმზიდველია, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ იმ უნარებს, რაც კერძო სექტორს სჭირდება. 

ბიუროკრატიის ეფექტურობის შეფასება  

განსაკუთრებით 2003 წლის შემდგომ, საქართველოში განმტკიცდა “მცირე სახელმწიფოს” იდეა, რომელიც მთავრობას უტოვებს მცირე ფუნქციებს: კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების დაცვა, ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კონცეფციის მიხედვით, მთავრობამ უნდა შექმნას ეფექტური თამაშის წესები და შემდგომ ბიზნესი თავად განავითარებს ეკონომიკას. ბოლო წლებში, სახელმწიფომ მასშტაბური ნაბიჯები ამ იდეალურ მოდელთან მიახლოებისთვის.  საჯარო სერვისები ბევრად უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდა, კრიმინალის დონე შემცირდა, სავაჭრო ბარიერები მაქსიმალურად შემცირდა და რეგულაციების რაოდენობაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. სხვადასხვა გლობალურ ინდექსებში საქართველოს მთავრობა წლებია მაღალ შეფასებებს იღებს. მაგალითად, საქართველო “ღია ბიუჯეტის ინდექსის” თანახმად 102 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციას იკავებს, ბიზნესის თავისუფლებითაც მე-16 ადგილზეა heritage foundation-ის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში”, doing bussiness – ის რეიტინგის მიხედვით კი საქართველო მე-3 ადგილს იკავებს ქონების რეგისტრაციის მხრივ, მე-8 ადგილზეა მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის მიღებით და ბიზნისის რეგისტრაციის კუთხით. თუ საქართველოს მთავრობა ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობს და გლობალურ ინდექსებშიც დადებით შეფასებებს იღებს, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, რითაც თანაბრად ისარგებლობდა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი?

სხვა გლობალური რეიტინგებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო იდეოლოგიზირებულია და/ან ფარავენ განვითარების პარამეტრების მცირე ნაწილს, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი იძლევა უფრო ფართო სურათის დანახვის შესაძლებლობას, მათ შორის სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. მაგალითად, ამ ინდექსის მიხედვით საჯარო სექტორის ეფექტურობა შეფასებულია 3.8 ქულით, 7 ბალიან სისტემაში, ამავე პუნქტის ქვე-პუნქტია საჯარო დანახარჯების ეფექტიანობა, რომელიც შეფასებულია 3 ქულით, რაც საქართველოს ამ ქვეპუნქტის ინდექსში 79-ე ადგილს აკუთვნებს. მნიშვნელოვანია საქართველოს ადგილი ამ ინდიკატორში ინფრასტრუქტურის მხრივ, გამომდინარე იქედან რომ საქართველო დიდ ინვესტიციებს დებს ამ მიმართულებით. საქართველო ინფრასტრუქტურის ქვეპუნქტის, გზების ხარისხის ინდიკატორში 82-ე ადგილს იკავებს. თუმცა  ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი რამდენიმე ათეული პუნქტით უსწრებს საქართველოს და 36-ე ადგილზეა. ამ ქვეპუნქტში, საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ჰონდურასი, ბოცვანა, განა, კაპე ვერდე, პაკისტანი და ა.შ. საქართველოს დიდი ჩავარნა აქვს საშუალო განათლების მხრივ, ამ ინდიკატორის მიხედვით საქართველო 106-ე ადგილს იკავებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ სომხეთიც (54) და აზერბაიჯანიც (58). საქართველო მნიშვნელოვან ჩამორჩენას განიცდის უმაღლესი განათლების ხარისხის მხრივაც სადაც ამ ინდექსში 101-ე ადგილს იკავებს. თუმცა, ყველაზე ცუდი შეფასება, გლობალური კონკურენტუნარიანობის 12 უმთავრესი ინდიკატორიდან, საქართველოს ინოვაციებში აქვს. საქართველო ამ ინდიკატორის მიხედვით 118-ე ადგილს იკავებს. ამ ინდიკატორების ქვეპუნქტებში ვითარება კიდევ უფრო მწვავეა: სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების (127), კომპანიების დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე (122), უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა (116), მეცნიერებისა და ინჟინრების ხელმისაწვდომობა (125). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორი რომ შევაჯამოთ, დავინახავთ რომ საქართველოს პრობლემა აქვს ე.წ. Supply side სახელმწიფო სერვისებში. მაგალითად, ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს ვერც შესაბამის ინფრასტრუქტურას და ვერც სათანადოდ განათლებულ მუშა-ხელს და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკის პროდუქტიულობისთვის.

დასკვნის მაგიერ: ბიუროკრატიის ეფექტურობისა და ეფექტიანობის მიღწევის გზები

საჯარო სექტორსა და კერძო სექტორში არსებობს მოქმედების განსხვავებული მექანიზმები. თუ კერძო სექტორის მუშაობაში უმთავრეს როლს ასრულებს საბაზრო ფაქტორები, კერძოდ, კონკურენცია და მოგებისკენ სწრაფვა, საჯარო სექტორის მუშაობაში ცენტრალური როლი უკავია პოლიტიკურ პროცესს და იდეოლოგიას. როდესაც პოლიტიკურ ელიტებს არა აქვთ იდეოლოგიური პროგრამები და პოლიტიკური პროცესი მთლიანად ძალაუფლებისთვის ბრძოლაზეა დამყარებული, ბიუროკრატია იქცევა რეგრესის წყაროდ, რომელიც ორიენტირებულია არა საჯარო სიკეთეების შექმნაზე, არამედ მმართველი კლასის ძალაუფლების შენარჩუნებაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჯარო სექტორი საქართველოში გახდება ეფექტიანი და ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას მმართველი ელიტა დაუსახავს ნათლად ჩამოყალიბებულ მიზნებს. უმიზნო ბიუროკრატია ბუნებრივია ვერ შეასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას და საკუთარი თავის გადარჩენაზე და ვიწრო ბიუროკრატიულ ბრძოლებზე იქნება კონცენტრირებული. თავის მხრივ, ბიუროკრატიას მიზანს უნდა უსახავდეს პოლიტიკური კლასი და ეს მიზნები კი განსხვავებული იდეოლოგიური მისწრაფებებიდან უნდა იყოს ამოზრდილი. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური აქტორები არ გამოირჩევიან პროგრამული მუშაობით, მათ არა აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები თუ საით და რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა და რა მატერიალური რესურსები იქნება ამისათვის საჭირო. როცა მმართველი კლასი უსახავდა ბიოროკრატიას მიზნებს და უზრუნველყოფდა ამ მიზნების განხორციელებისთვის სათანადო რესურსებს, ქართული ბიუროკრატია მეტ-ნაკლებად ეფექტურად უმკლავდებოდა მის წინაშე დასმულ ამოცანებს. ამის მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ კრიმინალის დაძლევა პოლიციის რეფორმით, ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება იუსტიციის სახლების სისტემის შემუშავებითა და ბოლოს ჯანდაცვის პრობლემების მეტ-ნაკლები დაძლევა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სექტორის ეფექტურობა და ეფექტიანობა საქართველოში არ არის ტექნიკური პრობლემა, რომლის დაძლევა შესაძლებელია ადმინისტრაციული რეფორმით ან ბიუროკრატიის ხისტი შემცირებით.საჯარო სექტორის პრობლემებს პოლიტიკური მიზეზები აქვს და დაკავშირებულია პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობასთან.


Share on Facebook31Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.