სულ სხვანაირი გამოღვიძება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

უკანასკნელ დღეებში თსუ-ს
თვითმმართველობის ქმედებებსა და სტუდენტური პროტესტის შემხედვარეს ჩემი
სტუდენტობის დროინდელი ვნებათაღელვები მახსენდება. პარალელები და
განსაკუთრებით განსხვავებები რაღაც აუხსნელი ოპტიმიზმის ნიადაგად მიმაჩნია
და შევეცდები თემის გაშლით გავერკვე საფუძვლიანია ეს ოპტიმიზმი თუ არა.

 ჩემი
პირველკურსელობა (2000-2001 წლები) თსუ-ში დიდი სტუდენტური მღელვარებების
დასაწყისს დაემთხვა. როინ მეტრეველის ადმინისტრაციასა და მასთან
ჰარმონიულად თანაარსებად სტუდკავშირს “ალტერნატიულ თვითმმართველობად”
წოდებული ახალი ორგანიზაცია უპირისპირდებოდა. დიდი იყო პირველკურსელისთვის
შესაფერისი “საზოგადოებრივი აქტივობის რომანტიკით” გატაცება და რამოდენიმე
ჩემს მეგობართან ერთად ხშირად ვხვდებობი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში
მყოფი “ალტერნატიული თვითმმართველობის” შეკრებებზე. ჩემი ამგვარი
“აქტიურობა” დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა მაშინდელი შთაბეჭდილებები
დღემდე კარგად მახსოვს. კარგად მახსოვს ის იმიჯებიც, რომლებსაც ორივე ეს
ორგანიზაცია ნეიტრალურად განწყობილ სტუდენტობაში იძენდნენ.

 მეინსტრიმული
სტუდკავშირი ისეთივე არაფრისმთქმელი და შავთეთრი ორგანიზაცია იყო, როგორც
მაშინდელი უნივერსტეტის ადმინისტრაცია. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც,
აპოლიტიკურობის მომიზეზებით, ნებისმიერ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პრობლემაზე
იხსნიდნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ფუნქციად მხოლოდ სხვა და სხვა
გასართობ თუ ფსევდო შემეცნებით (რა, სად, როდის და ა.შ.) ღონისძიებების
ორგანიზებას თვლიდნენ. ეს ადამიანები არც განსაკუთრებული აკადემიური
მოსწრებით გამოირჩეოდნენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და არც სხვა სახის
პოზიტიური პიროვნული თვისებებით, თუ რათქმაუნდა განსაკუთრებულ ნიჭად არ
ჩავთვლით “ძლიერთა სიმპათიების დამსახურების უნარსა” და “მათ სამსახურში
ერთგულად ყოფნის” შესაძლებლობას. ალბათ ბევრი დღევანდელი თვითმმართველობის
შემხედვარე სტუდენტი ადვილად გაავლებს პარალელებს, მაგრამ ეს შედარება არაა
მთავარი რის ხაზგასმასაც ვცდილობ.

 

 ახლა
შვეხედოთ “ალტერნატიულ თვითმმართველობას”. მოძრაობა დეკლარირებული
“აპოლიტიკურობისა” და “სპონტანურობის” პირობებში ერთოდ კარგად ორგანიზებული
აღმოჩნდა. უცებ გაჩნდა სახსრები პრესტიჟულ უბანში ოფისის დასაქირავებლადაც
და მუშა სტრუქტურების შესაქმნელადაც (კონკრეტული ადამინების ფინანსური
უზრუნველყოფის ჩათვლით). აქ მყოფი ადამიანების ძირითადი ბირთვი ნამდვილად
გამოირჩეოდა სტუდკავშირის ინერტული და დარდიმანდი წევრებისაგან (ოღონდ
აკადემიური მოსწრებით არა). ყოველგვარ თანმიმდევრულ იდეურობასა და
პრინციპულობას მოკლებული, საოცრად “ყოჩაღი” და “აქტიური”, მუდამ ფხიზელი და
გაფაციცებული კარიერისტების საზოგადეობა, რომელიც განსახიერება იყო
ადამინაებს შორის მუდმივი და დაუნდობელი კონკურენციისა, მძიმე ზეგავლენას
ახდენდა პირველკურსელურ ენთუზიაზმზე, რაც საბოლოოდ ზოგადად
“აქტიურობისადმი” ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. მაშინ ჯერ კიდევ
არ ვიცოდი თუ რატომ ვხედავდი ხშირად მათ ოფისში ლევან რამიშვილს, რატომ
იწვევდნენ უნივერსტეტში ზურაბ ჟვანიას და რატომ მეჩხუბებოდნენ ჩემი
“პასიური” და მხოლოდ სწავლაზე ორიენტირებული მეგობრები, რომ ეგენი ყველანი
ინტრიგანები და ბინძური ხალხია და თავი დაანებეო. მოგვიანებით ყველაფერი
ნათელი გახდა, როდესაც “ალტერნატიული თვითმმართველობის” ძირითადი ბირთვი
მოძრაობა “კმარას” სახით მოგვევლინა, დღეს კი უმეტესობა წამყვან
სახელიფუფლებო პოზიციებზეა.

 

 დღევანდელი
სტუდენტური თვითმმართველობა სწორედ მაშინდელი “ალტერნატიული
თვითმმართველობის” გამგრძელებლად ითვლება. სტუდკავშირი ხომ
შევარდნაძისდროინდელი სიბნელის გადმონაშთია და საქართველოს ისტორიაც ხომ
2003 წელს დაიწყო. თვისობრივად განსხვავდება თუ არა იგი მაშინდელი
სტუდკავშირისაგან _ განსჯა მკითხველისათვის მიმინდია. მთავარი და
განსაკუთრებით აღსანიშნავი სხვა რამეა. დღეს თვითმმართველობის წინააღმდეგ
წარმოქმნილი პროტესტი ფუნდამეტურად განსხვავდება მაშინდელი
პარლამენტარებისაგან თუ წამყვანი, ნახევრად სახელისუფლებო ფონდებისაგან
ზურგგამაგრებულ, კონკრეტული ჯგუფების კონკრეტულ პოლიტიკურ ამბიციებზე
ორიენტირებულ ფსევდო სტუდენტურ და არაავთენტურ საპროტესტო მოძრაობისაგან.
დღეს ჩვენ შიდასახელისუფლებო კლანური დაპირისპირების სტუდენტობაში
ტრანსფორმაციასთან არ გვაქვს საქმე. ეს დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, რაც ეგრეთწოდებულ ფერად რევოლუციებსა და დღეს მიმდინარე არაბულ რევოლუციებს შორისაა.
დღეს სუდენტები კი არ მიყვებიან პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური პარტიები
გაჰყვებიან სტუდენტებს, რაც ბუნებრივი და ჯანსაღია. სწორედ ამ პრინციპის
მთლიან საზოგადოებაზე გავრცელებაა ქვეყანაში რეალური ცვლილებების მოხდენის
ერთადერთი წინაპირობა. თუ დღევანდელი საპროტესტო მოძრაობა ჯერ კარგად
ორგანიზებული და თანმიმდევრული არაა, ესეც მათი ავთენტურობისა და
სინამდვილეში უდიდესი ძალის მაჩვენებელია. ისინი ვერ გახდებიან
მანიპულაციის საშუალებანი.განსხავვებაა ადამიანებშიც. თუ მაშინ პრინციპული,
იდეური და ჯანსაღი ახალგაზრდები ცდილობდნენ ამ “ინტრიგანთა”
დაპირირსპირებას გასცლოდნენ და არ გარეულიყვნენ, დღეს სწორედ ასეთი
ახალგაზრდები იმაღლებენ ხმას. ამის მაგალითია როგორც თსუ-სთან გამართული საპროტესტო აქციის მოანიწილეები, ასევე სამხატვრო აკადემიაში შექმნილი თავისუფალი სახელოსნო. 

ესაა ნადმვილი, სულ სხვანაირი გამოღვიძება!

ეს დიდი ცვლილებების დასაქყისია. ცვლილებებისა რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს!

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*