საფრანგეთს სავარაუდოდ სოციალისტი პრეზიდენტი ეყოლება

Share on Facebook2Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

2012 წლის 22 აპრილს საფრანგეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ერთმანეთს 10 კანდიდატი დაუპირისპირდა.

მთავარ პრეტენდენტებად ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე განიხილებოდნენ სოციალისტური პარტიის კანდიდატი ფრანსუა ოლანდი და მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

22 აპრილს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და საფრანგეთის კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური, სადაც ერთმანეთს 22 აპრილს პირველ ადგილზე გასული ოლანდი (28,63 %) და მეორე ადგილზე გასული სარკოზი (27,18%) დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დანარჩენ პრეტენდენტებს, პირველ ტურში ნაციონალური ფრონტის კანდიდატმა მარინ ლე–პენმა ხმების 17,9% მიიღო, ჟან–ლუკ მელენშონმა მემარცხენე ფრონტიდან – 11,1%, ხოლო ფრანსუა ბაირუმ (დემოკრატიული მოძრაობა) 9,13%. ბაირუს შემდეგ მოდის 5 დანარჩენი კანდიდატი რომელთა მიერ აღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 2,31%–დან (ევა ჟოლი) 0,25%–მდე (ჟაკ შემინადი).

მეორე ტურში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვის დაუჭერს მხარს ბაირუს, მელენშონისა და განსაკუთრებით, მარინ ლე–პენის ამომრჩეველი. როგორც პირველმა ტურმა აჩვენა, ამ უკანასკნელის მხარდამჭერთა რიცხვი იმაზე მეტი აღმოჩნა, ვიდრე ექსპერტები არჩევნებამდე ვარაუდობდნენ.

დღევანდელი შეფასებებით, იმ კანდიდატთა ხმები, რომლებმაც მეორე ტურში გასვლა ვერ მოახერხეს, ისე ნაწილდება, რომ გამარჯვება სოციალისტების კანდიდატს, ფრანსუა ოლანდს უნდა დარჩეს. ამით სოციალისტებს საფრანგეთის ისტორიაში მეორედ მიეცემად შესაძლებლობა დაიკავონ ელისეის სასახლე. პირველად ეს 31 წლის წინ, ფრანსუა მიტერანმა გააკეთა, რომელმაც 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

აღსანიშნავია, რომ  როგორც ოლანდის, ასევე სარკოზის გამარჯვების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის წინაშე დადგება რთული ამოცანა, რაც გულისხმობს იმას, რომ საფრანგეთის მთავრობამ უნდა უპასუხოს დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის გამოწვევას. ვის კურსს აირჩევს ფრანგი ხალხი – საბოლოოდ 6 მაისს გაირკვევა. მანამდე კი ერთადერთი, რაც უკვე უპირობოდ ნათელია არის ის, რომ საფრანგეთის არჩევანი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპისა და გარკვეულწილად,  მსოფლიოს განვითარებაზეც.

Share on Facebook2Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*