სატიაგრაჰას და არაძალადობის შესახებ

Share on Facebook2Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
ეს წერილი გადავწყვიტე დამეწერა ჩემი დის, ნინია კაკაბაძის წერილის პასუხად, რომელიც მან აზრებზე გამოაქვეყნა და სადაც ის ლაპარაკობს ზოგადად ძალადობაზე და იმაზე რომ ომის ვეტერანები არ უნდა გამოარჩიო სხვა ადამიანებში და ქალები არ უნდა გამორჩიო კაცებში.  ის სრულიად სამართლიანად ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ არის ძალადობა განხორციელებული – ყველაფერი ერთნაირი დაგმობის ღირსია.  ქალია თუ კაცია – ეს იდენტობის პოლიტიკის იდეოლოგიური პერვერსიაა და უნივერსალისტური პოზიციიდან რაღა თქმა უნდა არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის მსხვერპლი.  თუმცა, სტატიის ავტორი ამაზე შორს მიდის და არაძალადობასთან და ძალადობასთან დაკავშირებით მკითხველი აშკარად შეცდომაში შეჰყავს.
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მეოცე საუკუნის არაძალადობრივი მოძრაობების ლიდერები, მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი აქცენტს ყოველთვის ბორტების მიმართ წინააღმდეგობაზე აკეთებდნენ.  არ შეიძლება დამშეულ და ღატაკ ადამიანს იგივე მოსთხოვო, რასაც დამნაშავე ხელისუფლებას სთხოვ.  პროტესტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სატიაგრაჰის პრინციპების პირდაპირი დარღვევაა. 
60-იანი წლების ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილის მერე სამოქალაქო უფლებების მოძრაობების კრახი სწორედ ბურჟუა ლიბერალების გავლენამ გამოიწვია, სადაც ისინი ერთი მხრივ პირდაპირი ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, და მეორეს მხრივ სტურქტურულ ძალადობას არანაირად არ ეხებოდნენ.  უფრო მეტიც, ხშირად ეს ლიბერალები ასევე ელიტურ, მდიდარ ოჯახებს წარმოადგენდნენ და ექსპლუატაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ ხმას არ იღებდნენ.
განდი თავის გამოსვლებში ხშირად ხაზს უსვამს, რომ ‘აჰიმსა’ ანუ არაძალადობა არ ნიშნავს კომფორტის სიყვარულს.  ‘აჰიმსა’ გახლავთ მუდმივი ბრძოლა და შრომა უსამართლობის წინააღმდეგ – ის უბრალოდ ამ ბრძოლის იარაღად არ იყენებს პირდაპირ ძალადობას, თორემ მუდმივად დაუმორჩილებლობას მიმართავს უსამართლობის წინააღმდეგ.  განდის ბიოგრაფია კარგად ვინც იცის, ნახავს რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა – მაშინაც კი, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა უკვე მოიპოვა.  განდი მუსლიმი უმცირესობის დასაცავად გამოვიდა ჰინდუ უმრავლესობისაგან.  ანუ სატიაგრაჰა მუდმივად უნდა აწარმოო, სანამ უსამართლობა არსებობს.
არაძალადობის თეორიაში არსებობს ასეთი ტერმინი – სტრუქტურული და კულტურული ძალადობა.  ეს ტერმინები სოციოლოგიის პიკასოდ წოდებულმა იოჰან გალტუნგმა შემოიღო 60-იან წლებში.  სტრუქტურული ძალადობაა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება გარკვეულ სოციალურ უფლებებზე, მაგალითად ხელფასზე, პენსიაზე და ასე შემდეგ.  ქართველი ომის ვეტერანების გამოსვლა სწორედ ამას ეხებოდა.  სახელმწიფოსა და კერძო კაპიტალის მიერ ადამიანების სოციალური უფლებების უგულებელყოფა არის უკვე ძალადობა.  ეს იყო, ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც კარგად ვერ გაიაზრეს ამერიკაში ბურჟუა ლიბერალებმა და ამის გამო მიირეს კიდეც 80-იანი წლების კონტრ-რევოლუცია რეიგანომიკის სახით.  საერთოდ, მაჰათმა განდის ფილოსოფია ევრო-ამერიკა-ცენტრისტ ლიბერალებს ყელში ეჩხირებოდა – რადგანაც იგი აღმოსავლეთს წარმოადგენდა – იმ აღმოსავლეთს, რომელსაც ისინი ყოველთვის ბნელს და გაუნათლებელს უწოდებდნენ და რომლის მართვა თავის დროზე ერთ ჩაის კომპანიას ჩააბარეს.    ბურჟუა ლიბერალების აზროვნების სწორხაზოვნება მათს ევრო-ცენტრიზმშიაც არის – იმ დროს როცა ისინი გამოდუმებით ლაპარაკობენ მოდურ ირანის თემაზე (რადგანაც ირანის ლანძღვა დასავლურ მეისტრიმ მედიაში ნებადართულია) ისინი ხმასაც არ იღებენ საუდის არაბეთზე სადაც გაცილებით ნაკლები დემოკრატიაა, ვიდრე ირანში.  რა არის ამის მიზეზი?  ზოგი ამბობს რომ საუდის არაბეთის სამეფო დინასტია საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს ლიბერალური მედიის ‘საყიდლად’ და ამიტომაც მათი ფუნდამენტალიზმის კრიტიკას ხშირად ვერ გაიგებთ.
ძალადობის მიმართაც ბურჟუა ლიბერალების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ეგოცენტრისტულია – მთავარია ამ ძალადობამ მე არ შემაწუხოს და შორს და უხმაუროდ თუ იქნება მაინც არ შევიმჩნევთო.  ის რომ მსოფლიოში, შიმშილით ყოველდღიურად ამდენი ბავშვი კვდება ეს ბურჟუა ლიბერალებს არ ადარდებთ – მათ უფრო ფროიდის სამყაროში აინტერესებთ წიაღსვლები.  ვისი სექსუალური ცხოვრება როგორია და ვინ ვის რა უთხრა.  ცხადია, არც სექსუალური ცხოვრებაა უმნიშვნელო და არც სამსახურებში გენდერული დისკრიმინაცია.  მაგრამ, იმ დროს როდესაც ყოველ 4 წამში ერთხელ ლიბერალური ეკონომიკური სტრუქტურის გამოსობით დღევანდელი დასავლური სამყარო 1 ბავშვს კლავს – ამაზე ხმის არამოღება და მუდმივად ვიღაცის ჩქმეტებზე საუბარი ნამდვილად ფარისევლობა და სიყალბეა.
მე მესმის, რომ შეიძლება არ მოგწონდეს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი, მითუმეტეს ისეთი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.  მაგრამ როდესაც ამბობ რომ ხელისუფლება და ის ადამიანი ვინც პროტესტს აცხადებს ერთნაირად არასწორია – ეს რეალურად იმის თქმაა – ადამიანებო ყველაფერი კარგადაა – ამაზე უკეთესად არც შეიძლება იყოს – და დამშვიდდითო.  სწორედ, ამაზე ამბობდა ცნობილი ამერიკელი სამოქალაქო უფლებადამცველი მალკოლმ X-ი, “ხანდახან ლიბერალ მელას კონსერვატორი მგელი სჯობაიო – პირდაპირ მაინც გეუბნება რომ შენი შეჭმა სურსო”.
არაძალადობის პრინციპი იმას ნიშნავს რომ განდის არ იყოს, ადამიანები სტრუქტურულ ძალადობას ყოველთვის დაუპრისპირდნენ.  ეს პრინციპი კი იმას ნიშნავს რომ როცა ადამიანები შიმშილით კვდებიან, მათ მთელი საზოგადოება გვერდში უნდა დაუდგეს.  არა აქვს მნიშვნელობა ეს ყოფილი ჯარისკაცი იქნება, ხელოვანი, მუშა თუ ვეტერინარი.  როდესაც კი ჩვენ ვისმენთ ამ ადამიანების გამტყუნებას, ვისაც შიმშილით სული სძვრება – ეს არის დღევანდელი უსამართლო ბიურგერული სისტემის გამართლება – იმ სისტემის სადაც საზოგადოების 90 პროცენტს არსებობისათვის პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა უწევს და კარგად ცხოვრობს მხოლოდ პრივილეგირებული ელიტა.
როდესაც არაძალადობაზე ვლაპარაკობთ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ადამიანები შეცდომაში არ შევიყვანოთ – უსამართლობასთან და ექსპლუატაციასთან შეგუებისკენ ადამიანების წახალისება – ლიბერალურად იქნება ეს თუ კონსერვატიულად, იგივე დანაშაულია, რაც რეჟიმის წევრობა.
   უსამართლობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის დაუმორჩილებლობა – ბოროტებასთან ნებისმიერ სიტუაციაში დაუმორჩილებლობა და არათანამშრომლობა.  მესმის, რომ ყველას ეს არ შეუძლია, მაგრამ ამავე დროს სრულიად მიუღებელია როდესაც პრივილეგირებული ელიტის წევრები საზოგადოების ღარიბ წარმომადგენლებს ‘თავისი მაღალი პოზიციებიდან’ ჭკუას ასწავლიან.
  როდესაც იან სმუტსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგა, განდი მასთან პირადად მივიდა და სასიამოვნო სიტყვების გაცვლის შემდეგ პირდაპირ უთხრა: “მე თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ – ოღონდ ამისათვის თქვენს დახმარებისაც გამოვიყენებ.”  ამ სიტყვებმა კარგად გამოხატა არაძალადობის აზრი – განდიმ საკუთარ პრინციპზე უარი კი არ თქვა არამედ უკომპრომისო ანგაჟირებით საბოლოოდ მაინც დაამარცხა მტერი.
  დღეს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმთან ლიბერალური დამოკიდებულება იმას ნიშნავს რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ჩაგვრისა და ძალადობის სისტემას.   სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას და არა ნაწილობრივ.  როდესაც ქვეყანაში ასეთი დონის სტრუქტურული ძალადობაა – ყველაირად არასწორია არსებულ წყობასთან შეგუებაზე ლაპარაკი.    ასეთი წყობა უნდა შეიცვალოს და დაემხოს.  სხვა საქმეა რომ ამის გაკეთება შესაძლებელია პირდაპირი ძალადობის გარეშეც.  უბრალოდ ძალიან რთულია.
  ბუნებრივია მე ჩემი და ძალიან მიყვარს, მაგრამ ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა.  საქართველოში სამწუხაროდ არაძალადობის მასიურად სწავლება არ ხდება და ამის გამო ბევრ ადამიანს მსოფლიო არაძალადობის მოძრაობა დასავლეთში 1960-იანი წლების ‘დაბოლილი ჰიპების’ მოძრაობა ჰგონია.  ეს დიდი შეცდომაა – არაძალადობის ისტორია სულაც არ მოდის დასავლეთიდან.  ის სხვაგან ჩაისახა და განხორციელდა კიდეც.  ნაციონალიზმი, ფაშიზმი, კაპიტალიზმი, ფროიდიზმი, კომუნიზმი, და ასე შემდეგ იზმები სწორედ დასავლეთიდან მოდის და დროა განათლებულმა საზოგადოებამ ჩვენთან დასავლეთის მიღმაც გაიხედოს.  ეს ნეოკოლონიალური მორჩილების ახალი ფორმაა, როდესაც მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიულ ცხოვრების წესს ვიღებთ მაგალითად.  და თუნდაც ასე რომ იყოს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლიბერალური დემოკრატია სწორედ განდის ინდოეთშია დღეს, რომელიც ყოველწლიურად ეკონომიკურად ისე ძლიერდება რომ მომავალ 20 წელიწადში შეიძლება პლანეტის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდეს.
  ვინც ძალადობას ებრძვის, ის პირველ რიგში სტრუქტურულ ძალადობასაც უნდა ებრძოდეს – თორემ იმის ძახილი ყველანი ჩუმად იყავით, ჩხუბი ხმაურს იწვევს და ამიტომ ყველამ ერთნაირად სეიკავოს თავიო, აშკარად სტატუს-კვოს მხარდაჭერაა.
  თანამედროვე დასავლური ლიტერატურის დიდი ნაწილიც სწორედ ამას ამბობს, იგივე ჩომსკიც, რომელსაც ნინია ხშირად ციტირებს ხოლმე.  უსამართლობასთან თანამშრომლობა მასში მონაწილეობას ნიშნავს – არ შეგეშალოთ არაძალადობა კონფორმიზმში.  არაძალადობას კომფორტთან არაფერი საერთო არა აქვს.  ის პირიქით სხვისი გულისათვის თავის შეწუხებაა.
 საქართველოში ახლა უსამართლობის, ექსპლუატაციის, სახელმწიფო ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო და არა ბურჟუა ლიბერალებივით სახლში ჯდომა და რეჟიმთან ლიბერალური თანამშრომლობა.  მინდა ნინიასაც და სხვებსაც კეთილად ვურჩიო: არ მოგატყუოთ ლიბერალურმა პროპაგანდამ – არაძალადობას არაფერი აქვს საერთო ჩაგვრის სისტემასთან თანამშრომლობასთან.
Share on Facebook2Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*