სამშვიდობო ინიციატივები აგვისტოს ომის შემდგომ: მიზნები და რეალობა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
  გია ვოლსკისაზოგადოებას შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდა სამშვიდობო პროცესის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში უცხოელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ინიციატივები და  2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი ვითარების შეფასებები.
დიდი ხანი არაა გასული (2010 წლის ოქტომბერი) რაც კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის პოლიტოლოგებმა დაინტერესებულ საერთაშორისო საზოგადოებას ოფიციალურ სტრუქტურებს განსახილველად შესთავაზეს კონცეფცია: “ჩართულობა აღიარების გარეშე: ახალი სტრატეგია აფხაზეთისა და ევრაზიის არაღიარებული სახელმწიფოების მიმართ”. ამას მოჰყვა ნაშრომზე ქართველი და უცხოელი ექსპერტების კომენტარები, პუბლიკაციები.
პირდაპირი თუ დიპლომატიური მინიშნებებით უცხოელ ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის მთავარი დედააზრი მიმდინარე პროცესებში  რუსეთის მეორეხარისხოვან პოზიციაზე გადაყვანაში ან სულაც ვითარების მისი გვერდის ავლით მართვაში მდგომარეობს.  არანაკლებ დაკნინებულადაა წარმოდგენილი პროცესებში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის პერსპექტივა.

კონცეფციის ავტორები შეცდომად თვლიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერას დასავლეთის მხრიდან. ისინი აღნიშნავენ, რომ ”დასავლეთის კატეგორიული უარი – ეცნო 2008 წლის აგვისტოში  რუსეთის მიერ აღიარებული ორი ტერიტორიული ერთეული, იურიდიულად სწორია (კანონიერია), მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსასრულო მხარდაჭერის დაპირებაც არაპრაქტიკული და გარკვეულწილად უაზროა”. ანუ მათი აზრით, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასავლეთის ცალსახა მხარდაჭერა ხდის სოხუმსა და ცხინვალს იძულებულს უფრო მეტად დაუკავშირონ თავისი ბედი მოსკოვს.
ვფიქრობ საქართველოს ხელისუფლებამ  სერიოზული სტრატეგიული  შეცდომები დაუშვა სამშვიდობო პროცესის განვითარების საკითხებზე მუშაობისას.  ჯეროვნად არ შეაფასა რუსეთისაგან მოსალოდნელი საფრთხე, საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად და ფინანსურად მხარდაჭერილ კონფლიქტების მოგვარების გეგმას, გააზრებულ დიპლომატიურ სვლებს კონფრონტაციის გაღრმავება ამჯობინა. შედეგიც სახეზეა, რუსეთისათვის „ნიღბის ჩამოხსნა“ ვერაფერი შედეგია საქართველოს თავს დატრიალებული უბედურების ფონზე. ამაზე არაერთხელ თქმულა, მაგრამ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაც არ იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი. რასაკვირველია საერთაშორისო ორგანიზაციებს მართებთ მეტი დიპლომატიურობის გამოჩენა, „ღია კარის“ დატოვება სოხუმისა და ცხინვალისათვის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ორაზროვანი მიდგომების დეკლარირება სულაც არაა ის ფაქტორი, რაც სოხუმსა და ცხინვალზე მოსკოვის გავლენას მოშლის ან თუნდაც შეამცირებს. ასეთი დასკვნა მეტყველებს რუსეთის პოლიტიკის არაადექვატურ შეფასებაზე მეზობელი ქვეყნების (ე.წ. ახლო საზღვარგარეთის), კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს მიმართ.
ვისაც სჯერა რომ შესაძლებელია მოსკოვის გვერდის ავლით დასავლეთის დედაქალაქებისაკენ სოხუმისა და ცხინვალისათვის გზის გახსნა, კარგად  უნდა  გაეცნოს ”2020 წლამდე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას” (დამტკიცებულია 2009 წლის 12 მაისის პრეზიდენტის ბრძანებულებით). აშკარაა რუსეთის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისადმი და მზადყოფნა იბრძოლოს უპირატესობისათვის ენერგორესურსებით მდიდარ რეგიონებში, იგულისხმება კასპიის ზღვის აუზიც. მითითებულია ამ პრობლემების შეიარაღებული ძალებით მოგვარების შესაძლებლობაზეც. ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა მიიღოს ზომები როგორც საკუთარი ასევე მოკავშირეების საზღვდრებთან  ძალთა არსებული ბალანსის დარღვევის პრევენციისათვის. ამასთანავე ისიც ნათელია, რომ რუსეთი არასტაბილური ჩრდილოკავკასიის „ზურგში“ არ დაიტოვებდა არაკეთილმოსურნე ძალას.
ომის განცხადებული მიზეზი –  რუსეთის მოქალაქეების დაცვა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე – არის მხოლოდ საბაბი, მაგრამ არა ფაქტორი. ამდენად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი საერთაშორისო საზოგადოების  ორაზროვანი დამოკიდებულება, მხოლოდ საპირისპირო შედეგს გამოიღებს და დამატებით მექანიზმებს შეუქმნის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული უპირატესობას, რომელიც ისედაც აშკარაა აგვისტოს ომისა  და  გიუმრიში სამხედრო ბაზის თაობაზე სომხეთთან დადებული შეთანხმების ხელმოწერის  შემდეგ. განყენებული საკითხია, თუ რამდენად სამართლიანია რუსეთის პრეტენზიები „ახლო  საზღვარგარეთში“ ერთპიროვნულ გავლენაზე. ყველა საერთაშორისო სტანდარტით – უსამართლობაა, თუმცა ეს ფაქტია და ამის უგულებელყოფამ შეიძლება ცუდი შედეგები გამოიღოს.
აქ ახალი არაფერია. აგვისტოს ომი, რომლის შედეგად ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო წესრიგის რუსული ხედვის პრაქტიკულ დემონსტრირებას. სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილებაზე უნდა ეზრუნა დასავლეთს ვიდრე ომამდე ორი თვით ადრე ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიიღებდნენ რეზოლუციას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარდუვალობის თაობაზე.
კონცეფცია – ”ჩართულობა აღიარების გარეშე” შეიცავს ცალკეულ ყურადსაღებ დებულებებსაც. გვთავაზობს სამოგზაურო მიზნით აფხაზური ნაციონალური პასპორტების ლეგიტიმაციას. წინადადება აშკარად საინტერესოა, მაგრამ აფხაზური საზოგადოების დასავლეთის სამყაროსთან დაახლოების ასეთ მოდელზე უპირობო ნებართვა ასევე არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ დასავლეთის მიდგომის ლიბერალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები ფიზიკურად იქნება წარმოდგენილი ადგილზე და უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და მოლაპარაკების რეჟიმის აღდგენის პროცესში. ამ შემთხვევაშიც უტოპიური იქნებოდა გვეფიქრა, რომ რაიმე წინსვლა შესაძლებელია რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე.
უფრო პრაგმატული და სტრატეგიული თვალსაზრისით დახვეწილია „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ (Center for American Progress) ანალიტიკოსთა ვრცელ მოხსენებაში (2011 წლის თებერვალი) ასახული მიდგომები შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის გზების თაობაზე. ავტორთა მოსაზრებით, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციასა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე. კონცეფციის ავტორებს პროცესის განვითარების მთავარ პირობად ობამას ადმინისტრაცის პოლიტიკის გააქტიურება მიაჩნიათ.
კვლავ დავუბრუნდეთ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. მოსკოვი აცხადებს, რომ ესწრაფვის „საერთაშორისო ურთიერთობებში გაატაროს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რათა თავი აარიდოს ძვირადღირებულ კონფრონტაციასა და კონკურენციას შეიარაღების სფეროში.” ასეთი მიდგომა სრულად იყო წარმოდგენილი რუსეთ-ნატოს ლისაბონის სამიტზე, რომელიც აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ ფონზე ჩატარდა.
სწორედ რუსეთისა და აშშ-ს ინტერესების თანხვედრა და არა კონფრონტაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს მრავალმხრივი დიალოგის დასაწყებად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილიზაციის საკითხებზე. ფაქტია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციას არასოდეს მოუტანია სიკეთე არც კონფლიქტებით გახლეჩილი საქართველოს საზოგადოებებისთვის და არც მსოფლიოსათვის.
რამდენად რეალურია, რომ  ოფიციალურმა თბილისმა და მოსკოვმა მოლაპარაკებები დაიწყონ და მით უმეტეს რაიმეზე შეთანხმდნენ? შესაბამისად, არის კი შემოთავაზებული „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ სტრატეგია გათვლილი საქართველოს არსებულ ხელისუფლებაზე?. ვისთვისაა უცნობი, რომ სააკაშვილის მთავრობას, თუნდაც ობიექტური მიზეზებით, არ გააჩნია  არათუ რუსეთთან, არამედ სოხუმთან და ცხინვალთან მიმავალი ბილიკი, რომელთა დე-ფაქტო ხელისუფალთ ოფიციალური თბილისი მარიონეტებს უწოდებს (ისიც უკეთეს შემთხვევაში). ცნობილია ისიც თუ რა შეფასებები კეთდება შემხვედრი მიმართულებით.
ამასთანავე როგორც ერთი, ასევე მეორე კონცეფცია მთელ რიგი მიმართულებებით, უპირისპირდება მიდგომებს რომლებიც ასახულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, ისევე როგორც მთავრობის დოკუმენტებში – ” სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით” და ”ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”.
დღეს რუსეთი საქართველოს შეურიგებელი პოლიტიკური და სამხედრო მოწინააღმდეგეა. თეორიულ თუ პრაქტიკულ ჭრილში, ასეთი დამოკიდებულება ორმხრივია. რომელი მხარე რა დოზის სიმართლეს გამოხატავს – მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ევროკავშირის კომისიის დასკვნის განხილვისას ვიმსჯელოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია  განვსაზღვროთ რეალობის, უტოპიურობის ან საქართველოს პოლიტიკისადმი კონფრონტაციის რა დოზაა ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ შემოთავაზებულ ხედვებში, ვინაიდან სავსებით მოსალოდნელია, რომ მათი წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყნების სამოქმედო გეგმებში აღმოვაჩინოთ.21 თებერვალი, 2011 წელი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*