როგორ ვუზრუნველყოთ ამომრჩეველთა თანასწორობა

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

26 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლის კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის ანგარიში. სხვა საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ახალ საარჩევნო კოდექსსაც დაეთმო. მომხსენებლების თანახმად „ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“. ამ ვერდიქტის საფუძველი  მაჟორიტარული ოლქების უთანაბრობა გახდა, რომელიც თითოეული ხმის  თანაბარ წონადობას ვერ უზრუვნელყოფს.

დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ეგრეთწოდებული შერეული სისტემის ერთ-ერთ ვარიანტს  წარმოადგენს, რომელიც დეპუტატთა ნაწილის პარტიების ერთიანი ნაციონალური სიით პროპორციულად და ნაწილის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩევას გულისხმობს. გარდა იმისა რომ, მოქმედი სისტემა  ვერ უზრუნველყოფს  მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების ადეკვატურ ასახვას არჩევნებში, აგრეთვე  არღვევს ამომრჩევლთა უფლებებს. ამგვარ სისტემებში მაჟორიტარული ოლქების ზომებს შორის განსხვავების დასაშვები ზღვარი  10%- დან 15 % -მდე მერყეობს. ხოლო საქართველოში, ამომრჩევლების რაოდენობა ოლქების მიხედვით  6000 – დან 150000 – მდე მერყეობს. შესაბამისად ვიღებთ შემდეგ სურათს, როცა როგორც 150000, ისე  6000 ამომრჩეველი თანაბარი რაოდენობის დეპუტატს ირჩევს, რაც უგულველყოფს ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობას და თავისი ხასიათით არის არაკონსტიტუციური.

მისასალმებელია, რომ   საპარლამენტო ანსამბლეის მომხსენებლებმა  აქცენტი, არა მხოლოდ არჩევნების ჩატარების პროცედურულ და ტექნიკურ  საკითხებზე: მარკირება, ვიდეოთვალი,  კომისიების დაკომპლექტების წესი, საარჩევნო სიების ბიომეტრიულ მონაცემზე დაყრდნობით შედგენა და ასე შემდეგ გაამახვილეს, არამედ საარჩევნო სისტემის  პოლიტიკური შინაარსის  ნაკლოვანებეზეც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომხსენებლების ყურადღების ცენტრში მოექცა არის თვოთონ საარჩევნო სისტემის ტიპი. ისინი რეკომენდაციის სახით უპირატესობას მოქმედი საარჩევნო  სისტემის მაგივრად რეგიონალურ-პროპორციულ ტიპს ანიჭებენ. ამ სისტემის საშუალებით გაიზრდება წარმომადგენლობითობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოხდება საზოგადოების პოლიტიკური განწყობების ასახვა წარმომადგენლობით ორგანოში. ამომრჩეველს საშუალება ექნება ხმა მისცეს მხოლოდ იმ პარტიასა და შესაბამისად იმ კანდიდატს, რომელიც  მის რეგიონში იქნება ყველაზე აქტიური და მისთვის კარგად ნაცნობი. გამარჯვებული კანდიდატებს კი ექნებათ ანგარიშვალდებულების მეტი განცდა, იქნებიან რა იმ რეგიონის მკვიდრნი, სადაც ის აირჩიეს. შესაბამისად  მცირე რესურსების მქონე პატარა პარტიები მოახდენენ თავიანთი რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას იქ სადაც მათ ეყოლებათ ძლიერი კანდიდატები და რეგიონალური ორგანიზაციები, რაც საშუალებას მისცემს მათ შედარებით თანაბარ პირობებში ჩაერთონ საარჩევნო ბრძოლაში და გაზარდონ შანსი გამარჯვებისა.  ეს გამოიწვევს პარტიული და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებას ადგილებზე, საზოგადოების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც საფუძველს შექმნის ქმედითი თვითმმართველობის ჩამოყალიბებისა. გარდა ამისა ეს  სისტემა კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობებს შესაძლებლობას მისცემს პარლამენტში წარმოდგენილ იყვნენ მათი საარჩევნო ხმების რაოდენობის ადეკვატურად, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც არის ერთადერთი გარანტი მათი ჯანსაღი ინტეგრაციისა.

საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიას 2010 წლის ოქტომბერში ქონდა მცდელობა საარჩევნო კანონმდებლობაში მსგავსი შინაარსის  ცვლილებების განხორციელებისა, მაგრამ ეს ინიციატივა  მმართველი ჯგუფის მიერ იქნა იგნორირებული. უფრო ადრე ამ წინადადებით ქართველი სოციალ დემოკრატები წარსდგნენ საზოგადოების წინაშე, რაც მათ პროგრამულ პრინციპებშიც არის ასახული.

სამწუხაროდ საარჩევნო კოდექსის პოლიტიკურ განზომილებებს  სათანადო ყურადღება არ ეთმობა  როგორც მედიის,  ასევე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მიერ. მთავარი დავის საგანი ძირითადად არჩევნების ჩატრების ტექნიკური მხარეები ხდება. ეს ისევ მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. ამომრჩეველთა სიების შედგენის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე და სხვა პროცედურულ საკითხებზე დავა საშუალებას აძლევს მმართველ პარტიას თავის მოედანზე ათამაშოს ყველა მოწინააღმდეგე და უხანგძლივებს მას ხელისუფლებაში ყოფნას. ძირეული, შინაარსობრივი ცვლილებების გარეშე, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იდეალური ხასიათის საარჩევნო პროცედურებიც კი, ვერ იქნება  ხალხის ნებისა და განწყობების გამოხატვისა და ანგარიშვალდებული, პლურალური პარლამენტის ჩამოყალიბების გარანტი. 

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*