რეალური დემოკრატია სოციალური დემოკრატიაა

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი აფასებს შექმნილ სოციალურ მდგომარეობას საქართველოში და მიმართავს ქართულ საზოგადოებას.

ალბათ ცოტა თუ იქნება ისეთი ადამიანი დღეს საქარველოში ვინც კმაყოფილია არსებული ვითარებით. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ გვაძლევს შესაძლებლობას გვქონდეს ღირსეული ცხოვრება. უმეტესობა ჩვენგანი ყოველდღიურად საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის პრობლემის წინაშე დგას, ამასთანავე პერსპექტივასაც ვერ ვხედავთ. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ უკეთეს მომავალზე ვერ ვიფიქრებთ. ჩვენს დღის წესრიგში დგას გადარჩენა და არა იმ მდგომარეობის გაუმჯობესება რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. ამ ოცი წლის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ ახლად შექმნილ სახელმწიფოში, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენი თავის გამოხატვის, თვითრეალიზების შესაძლებობები თავისთავად შეიქმნებოდა. თუმცა, დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვაანალიზებთ, რომ თუ ჩვენ არ ავიღეთ ინიციატივა, თუ ჩვენ თვითონ არ დავსახეთ მიზანი, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს და ჩვენ, ადამიანებს, მოგვცეს შესაძლებლობა იმედით შევხედოთ მომავალს, მდგომარეობა არ უმჯობესდება.

მოდით შევხედოთ სინამდვილეს, რა არის მთავარი პრობლემა? ადამიანის აბსოლუტური უმრავლესობა თავს უაღრესად შეზღუდულად და დაჩაგრულად გრძნობს. ბევრად უფრო ცოტა რამ გვიხარია, ვიდრე გვინდა რომ გვიხაროდეს. რამ შეიძლება ეს ვითარება შეცვალოს? როგორ უნდა მოვიქცეთ? პირველი და ყველაზე მთავარი, ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, განვსაზღვროთ რომელია ჩვენი მთავარი პრობლემა და ამ პრობლემების გადაჭრისათვის ვიზრუნოთ.

რა არის ადამიანის უმრავლესობისათვის დღეს მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებმა ღირსეული ადგილი იპოვონ ცხოვრებაში. ეს არის სამსახური, სადაც ადამიანი ცხოვრების დიდ ნაწილს გაატარებს, სადაც იპოვნის თავისი თავის რეალიზების საშუალებას, დაიკმაყოფილებს საკუთარ მატერიალურ და სულიერ მოთხოვნებს. ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა იყოს მიმართული მთელი ჩვენი ფიქრი, განსჯა და მცდელობა.

როგორ შეიძლება ეს საკითხი გადავწყვიტოთ? ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სულ უფრო და უფრო ინტეგრირებად სამყაროში, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან თავისუფლად და კონკურენცია ძალიან მაღალია. ამ ვითარებაში ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, როდესაც ჩვენ შრომას ექნება შედეგი და ეხ შედეგი, უპირველესყოვლისა, დაკავშირებული იქნება ჩვენი შრომის ხარისხთან და შედეგებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის თუ არა ჩვენი შრომა კონკურენტული სხვა ქვეყნებში არსებულ შრომის შედეგებთან. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომელიც კონკურენტული იქნება მთელი მსოფლიოს ეკონომიკის მასშტაბით. ეს შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ხალხს ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას, ექნებათ მაღალი კომპეტენცია, სათანადო უნარები, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი განათლებით და ცოდნით. ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში. ცოდნა არის ის მთავარი იარაღი, რომელიც მოგვცემს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას დაიმკვიდროს თავისი ადგილი და იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ამდენად, ეს არის ორი საკითხი, რომელიც ერთმანეთზეა გადაბმული. შრომა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი ადგილი იპოვოს, ხოლო ადამიანმა რომ იშრომოს მას შესაბამისი ცოდნა ჭირდება.

როგორ უნდა შეიქმნას ეს პირობები? ვინ უნდა გააკეთოს? ჩვენ ცალცალკე შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? თუ ყველას ერთად უფრო უკეთ შეგვიძლია? ცხადია, რომ ყველას ერთად აქვს მეტი შესაძლებლობა გადაწყვიტოს ეს საკითხები. ვინ არის ის გამაერთიანებლი, ვინც ამ მიმართულებით წაიყვანს ჩვენ ქვეყანას? ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნებს პირველ რიგში. ეს იქნება სახელმწიფო, რომელიც თვითონ იქნება ორიენტირებული და იმოქმედებს რათა ხალხი დასაქმდეს. უზრუნველყოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება. და ამას ხელმისაწვდომს გახდის ყველასათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა. სახელმწიფო უნდა იყოს აქტიური, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანებმა მიიღონ სამუშაო ადგილები და განათლება. ჩვენ ყველამ სოლიდარულად, მხარი უნდა დავუჭიროთ ამაში და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს ჩვენი, ყველას გადაწყვეტილებით, რაც რეალიზებული იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტორი თავისი ხალხის კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისა და არა ვიწრო ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესების დაცვისა, რაც რეალურად ხდება დღეს.

კიდევ ერთი რამ, რაც პრინციპულად აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის არის ჯამრთელობა, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ განახორციალებს ზემოთჩამოთვლილ. სუსტი ჯამრთელობის დროს ჩვენ ყველანი ნაკლებად ეფექტურად ვმუშაობთ ან საერთოდ არ შეგვიძლია მუშაობა. ამდენად ჯამრთელობის უზრუნველყოფა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ეფექტური, ასე რომ, თითოეული მოქალაქის ჯამრთელობის დაცვის უზრუნველყოფა არის ისეთივე ამოცანა სახელმწიფოსთვის, თუ მას სურს ხელი შეუწყოს ეფექტური, კონკურენტული ეკონომიკის შექმნას ქვეყანაში, ასე რომ, ცოდნაც და ფიზიკური ჯანდაცვაც ორივე ადამიანის უნარია, რომელიც მას შრომისთვისაც ჭირდება.

კიდევ ერთი რამ, წასაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. არის დემოკრატიის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებდით და რომელსაც ჩვენ ყველა  მთელი ოცო წელიწადია მხარს ვუჭერთ. სიტყვით მხარს ვუჭერთ, მაგრამ საქმით არ გამოდის. უუნარო, გადარჩენაზე მყოფი ადამიანები დემოკრატიას ვერ ქმნიან. იმისათვის, რომ ადამიანებმა მიიღონ აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, არა მხოლოდ ერთხელ, არჩევნების დროს მივიდნენ, მხარი დაუჭირონ ვიღაც კანდიდატებს და შემდეგ მხოლოდ მათ მიანდონ ქვეყნის ბედი, არამედ ყველა ჩვენგან მუდმივად უნდა ქონდეს მზადყოფნა ეს გავაკეთოთ ჩვენივე სამსახურში, ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე, ჩვენს უბანში, ჩვენს სოფელში, ჩვენს ქალაქში და შესაბამისად ქვეყნის მასშტაბითაც. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ის საკითხები გვაქვს გადაწყვეტილი რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ: თუ ჩვენ ვართ ჯამრთელები, თუ ჩვენ ვმუშაობთ და თუ ჩვენ გვაქვს შესაბამისი  ცოდნა.

ის ყველაფერი რაზეც ახლა ვსაუბრობთ არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ ამას სოციალური დემოკრატია ქვია. ეს არის დემოკრატია რომელიც ზრუნავს ყველასთვის და მხოლოდ ასეთი დემოკრატია არის რეალურად დემოკრატია. არა სოციალური დემოკრატიები, ანუ ის დემოკრატიები, რომლებიც ხალხის დიდ ნაწილს აქცევს მხოლოდ ხმის მიმცემებად და არა აქტიურ მონაწილეებად სინამდვილეში დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ 20 წელი ამ მიმართულებით გავაცდინეთ, ილუზიაში ვიმყოფებოდით, შეცდომები გვქონდა, მაგრამ დღეს ჩვენთვის ნათელია რომ ამ გზას რომელზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ალტერნატივა არა აქვს. ყველა სხვა გზა რომელიც ჩვენ უკვე გამოვცადეთ, კარგად ვნახეთ სადამდეც მივიდა. თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და გავხადოთ ღირსეული ჩვენ სწორედ სოციალური დემოკრატიის გზას უნდა დავადგეთ. მე მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები თავისუფლებისა და დემოკრატიისა, გავიხსენოთ ჩვენი ლიტერატურა, გავიხსენოთ ჩვენი ისტორია, სადაც ჩვენ ამის მაგალითებს მრავლად ვიპოვით. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას დავეყრდნოთ ჩვენ წარსულს, ჩვენ კულტურას, ჩვენ წინაპრებს და გავიხედოთ უფრო შორს ვიდრე დღევანდელი ერთი დღის გადასახედია, რომელიც კარგს არაფერს გვიჩვენებს. თუ შორს გავიხედავთ, დავინახავთ იმ სასურველ მომავალს და ჩვენი დღევანდელი მოქმედებებიც ამ მომავლის მიმართულებით იქნება განსაზღრული.

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*