რა შუაშია ტრამპი?

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
 11 მარტს მთელმა საქართველომ შეიტყო სენსაცია, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის(სააკაშვილის ეპოქაში) მეშვიდე წლისთავზე როგორც იქნა გამოჩნდა ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენ ეკონომიკაში ინვესტირება. ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი 250 მილონ დოლარიანი ინვესტიციით შემოვიდა საქართველოში. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს შესაბამისი გახმაურება მისცა ცალკე პრეზიდენტმა და სააკაშვილის ტელეარხებმა.
სააკაშვილი ამერიკაში ჩავიდა და ტრამპ თაუერის ჰოლში, დიდი ბანერის ფონზე („ტრამპი ინვესტირებს საქართველოში“) ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონიალი და ასევე ტრიუმფალური პრესკონფერენცია, რომელსაც მისი და დონალდ ტრამპის გარდა ესწრებოდა „სილკ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი და სააკაშვილის გაპრეზიდენტობამდე „ზარალა“-დ ცნობილი გიორგი რამიშვილი.
ამ შეხვედრის გაშუქების თამნახმად ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ყოფილა რესპუბლიკელი, ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტობაზე, აკრიტიკებს ობამას და სამაგიეროდ მოხიბლულია საქართველოს პრეზიდენტით. მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და „იმედი“-ს 11 მარტის  სიუჟეტების თანახმად ამერიკელმა მილიარდერმა სააკაშვილი მოიხსენია როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“, „მსოფლიოში უდიდესი პიროვნება“ „მსოფლიოს კერპი“. მაგრამ ამ რევერანსების გარდა საინტერესოა ის ხელშეკრულება, რომელსაც მიეძღვნა მთელი ეს ზეიმი.
იმავე დღეს ამერიკული მედიით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი არ დებს არავითარ 250 მილიონს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს „სილკ როუდ ჯგუფისთვის“ ტრამპის“ ბრენდის მიყიდვას. ანუ სასტუმროებს და კაზინოებს ბათუმში ააშენებს“ სილკ როუდ ჯგუფი“ თავისი, ქართული ფულით, ხოლო ტრამპისგან აიღებს უფლებას _ დააწეროს ამ შენობებს „ტრამპი“.
„ნიუ იორკ თაიმსის“ 10 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ასევე მინიშნებულია, რომ ტრამპი ჯერ არ აპირებს თავისი ფულის ჩადებას საქართველოში და ჯერჯერობით დაინტერესებულია თავისი სახელის გაყიდვით. დღეისთვის ტრამპის სახელი ეწოდება ერთ-ერთ ტელეარხს, გოლფ კლუბს, ოქროულობას, წიგნს, შოკოლადს და არაყს. 10 მარტის ხელშეკრულებით ამ ჩამონათვალს დაემატება სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. თბილისში სავარაუდოდ სახელი გადაერქმებვა დღეს „რედისონ ბლუ“-თ წოდებულ ყოფილ ივერიას რესპუბლიკის მოედანზე ან აშენდება ახალი „ანდროპოვის ყურების“ ადგილას.
ახლა კი კვლავ თავიდან მოვყვეთ. ქართულმა არხებმა და სააკაშვილმა მთელ საქართველოს მოსდეს, რომ ტრამპი 250 მილიონ დოლარს დებს ქართულ ეკონომიკაშიო. თავად ტრამპი და ამერიკული მედია კი ამბობს, რომ ფულს ტრამპი კი არ დებს, არამედ თავად ქართული კომპანია, რომელიც გამოიყენებს ტრამპის სახელს. ასე რომ ზეიმი ნაადრევია, ამერიკული ფული საქართველოში არ შემოდის.
მაგრამ მაშინ რა ახარებდა სააკაშვილს? როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ მისი თაღლითობა გამოაშკარავდებოდა და საბოლოოდ გაირკვეოდა სიმართლე, რომლის თანახმად მომღიმარე პრეზიდენტის მიერ ტრამპთან ერთად გამართული მასკარადი ცრუ ბანერის ფონზე, განკუთვნილი იყო საქართველოს მოსახლეობის თვალში რეიტინგის ასაწევადაც და სხვა ამერიკელი ინვესტორების მოსატყუებლადაც. ჩამოვიდოდა ამერიკელი საქართველოში, ნახავდა ბათუმსა და თბილისში შენობებს სახელით _ ტრამპი და გადაწყვეტდა, რომ ტრამპმა თავისი ინვესტიცია ჩადო, მოდი მეც გავრისკავო. აფიორა ორიგიონალური იყო, მაგრამ სააკაშვილისდა სამწუხაროდ ის არ შედგა. დღეს იმ გაფორმებული ხელშეკრულებით იხეირებს, მხოლოდ თავად ტრამპი, რომელის სახელი არყის ბოთლის გარდა სასტუმრო ივერიასაც დაამშვენებს და იხეირებს „სილკ როუდ ჯგუფი“.
ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ „სილკ როუდ ჯგუფი“ დააარსეს ერთ დროს თბილისში ცნობილმა მხედრიონელებმა  „ზარალამ“(გიორგი რამიშვილი) და „ტილიკამ“(ლევან კაჭარავა). ისინი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში მუშაობდნენ ტვირთის გადაზიდვებზე საქართველოდან შუა აზიაში. შემდეგ გააფართოვეს ბიზნესი, შუა აზიაში ოფისებიც გახსნეს და ევროპაში ავსტრიასაც მიაღწიეს. იმავე 90-იანებში დაუახლოვდნენ ყაზახეთის ბიზნეს კლანების ხელმძღვანელებს _ მუხტარ აბლიაზოვსა(ექსმინისტრი, ბტა-ბანკის ყოფილი მმართველი, საერთაშორისო თაღლითი) და თემურ კულიბაევს(ნაზარბაევის  სიძე) და სააკაშვილის მმართელობისას შემოიყვანეს საქართველოში „ყაზმუნაიგაზი“ და ბანტი „ბტა“ (ბანკ ტურან ალემ) „სილკ როუდ ჯგუფმა“ ამ კომპანიებთან ერთად შექმნა ფირმები და ყაზახური ინვესტიციების სახელით შეიძინა „თბილგაზი“, „გაერთიანებული ტელეკომი“, ბათუმის ტერმინალი და ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა, თბილისის იპოდრომი, სასტუმროები თბილისში, ბათუმში და ლიკანში, გახსნა სილკ როუდ ბანკი. მოგვიანებით ყაზახებმა დატოვეს ქართული ბაზარი, ქონება კი დარჩა „სილკ როუდ ჯგუფს“. სხვათაშორის, „ტილიკა“ ასევა კომპანია „მულტიპლექს სოლუშენს“-ის თანამფლობელია რომელიც ფლობს „თბილისის წყალს“. საქართველოში „სილკ როუდ ჯგუფის“ პრივილეგირებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია „ტილიკას“ და „ზარალას“ მეგობარი, კულტურის მინისტრი და ასევე „ვერის საძმოს“ ერთ ერთი ცნობილი წარმომადგენელი ნიკა რურუა.
გასაკვირიც სწორედ ესაა, თუ „სილკ როუდ ჯგუფის“ სიმდიდრე და „კრიშა“ ცნობილია, თუ ყველამ იცის, რომ სააკაშვილის სამეგობროს საქართველოში ყველაფრის კეთება შეუძლია, მაშინ რა საჭირო იყო რაღაც 250-იოდე მილიონის შეფუთვა ტრამპის სახელით? როგორც ჩანს ხალხის წინაშე მორიდებულობა არაფერ შუაშია, საქართველოს პრეზიდენტს უბრალოდ უნდა შექმნას ინვესტიციების ილუზია და ამიტომაც ქართულ ფულს ასაღებს ხან ყაზახურ ინვესტიციად, ხან არაბულად, ხან ევროპულად, ახლა კი ამერიკულის დრო დადგა. ბოლო ბოლო, საინფორმაციო დეფიციტის პირობებში რამდენმა მოქალაქემ შეიძლება გაიგოს, რომ ბოლო პერიოდის ყველა მასშტაბური ინვესტიცია უბრალო ფარსი იყო?
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*