რატომ უფასო განათლება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

რაც უნდა დამაინტრიგებლად, უცნაურად და უტოპიურად ჟღერდეს, ლაბორატორია 1918-ის მთავარი მოთხოვნა უფასო განათლებაა. ეს იყო ჩვენი მთავარი ლოზუნგი სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება ადამიანის უფლებაა, მისი რეალიზების საშუალებაც უნდა არსებობდეს. არ შეიძლება უფლების რეალიზება მდიდრებს მეტად შეეძლოთ ვიდრე ღარიბებს. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნას და მხოლოდ პასიურად აღიარებს ამ უფლების აბსტრაქტულად არსებობას, ესე იგი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და რაღაცეების შეცვლაა საჭირო.

სტუდენტებს სტატუსი იმის გამო შეუჩერდათ, რომ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. თუ გინდა ისწავლო , მაშინ უნდა გადაიხადო კიდეც. თუ შესაბამისი თანხა არ გაქვს, მაშინ, ბოდიში, მაგრამ იაფი მუშახელიც საჭიროა! ასეთია სახელმწიფოს პოზიცია. ჩვენ ცოდნას ისე გვყიდიან, როგორც საშობაო ინდაურს, ოღონდ იმ სხვაობით რომ ამ ,,პროდუქტშიც” გვატყუებენ და განათლების კი არა პროფესიული სასწავლებლების დონის ცოდნის გამოტანაც ჭირს უმაღლესი სასწავლებლებიდან.

,,სწავლა უფლებაა და არა პრივილეგია” – რამდენიმე წლის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ დაწერილი ამ ლოზუნგით ჯერ კიდე აჭრელებულია ქალაქის ქუჩები. ერთ-ერთი ჩვენი გუშინდელი პლაკატი და მთელი აქცის სულისკვეთებაც ეს იყო. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70% თავს უმუშევრად თვლის (NDI-ის ბოლო მონაცემები) 2250 ლარი სწავლის საფასური არაადეკვატურად მაღალია. განათლებისადმი ასეთ პოლიტიკას, როცა სახელმწიფოს არცერთი ზედმეტი თეთრის დახარჯვა განათლებისთვის არ უნდა, სამაგიეროდ გეგმიური ბიუჯეტის მიღმა დამატებითი მილიონებით ამარაგებს ძალოვან სტრუქტურებს, ქვეყანა კლასობრივი განსხვავების გამწვავებისა და სიღარიბის ზრდისკენ მიყავს. ხელმიუწვდომელი განათლება ხელს უშლის მობილობას, ელიტებს შეუღწევადს ხდის და იწვევს ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებას და მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას. ასეთ პირობებში ცხადია ყოველგვარი სოციალური ბოროტება მრავლდება და დანაშაული და კრიმინალი ისე იმატებს, როგორც სოკოები მრავლდებიან წვიმის შემდეგ.

ხელმისწვდომი განათლება ერთგვარი მედიატორია მაღალ და დაბალ სოციალურ ფენებს შორის, რომლის მეშვეობითაც დაბალი და საშუალო ფენის წარმოადგენლებს ელიტებში შეღწევა შეუძლიათ, და ელიტებსაც სასიცოცხლოდ ჭირდებათ ახალი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თავიანთ უნარებს ამ სისტემას მოახმარენ და არა მასთან ბრძოლას. აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომი განათლება სტაბილურობას უწყობს ხელს. ასეთი მოდელი თანდათანობით პროგრესსა და საზოგადოებრივი სიკეთის ზრდასაც გულისხმობს, მაგრამ უფრო მეტად სისტემის ინტერესებს, ანუ საგანთა წყობის ძირითადად არსებული ფორმით შენარჩუნებას ემსახურება და არა ზოგადად ხალხის ინტერესს.

ხალხის ინტერესი საგნების წყობის გადასინჯვა და შეცვლაა. მოსახლეობის უმრავლესობა წაგებულია თამაშის არსებული წესებით და პოზიციების გადანაწილებით. მათი არსებობისთის საჭირო რესურსები უკვე თავმოყრილია ვიღაცის ხელში და ადამიანებს ამ რესურსების გამოსათხოვად და ვიტალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მთელი თავიანთი ადამიანური რესურსების, დროისა და ენერგიის გაღება უწევთ. სახელმწიფოს კი ყავს პოლიცია, რომელიც ამ ,,ვიღაცების” ქონებას იცავს ხალხისგან. ბუნებრივია ასეთ დროს ხელმისაწვდომი განათლება იმაზე მეტად უწყობს ხელს სისტემის შენარჩუნებას, ვიდრე დაბალი ფენების განათლების მიღმა მიტოვება, რაც პირდაპირ რევოლუციისკენ ბიძგება იქნებოდა. სოციოლოგიაში ცნობილი ელიტების წრე ბრუნვის შესახებ თეორიები საკმაოდ ამართლებენ თავის თავს ამ კუთხით .(იქ, სადაც დაბალი წრის ნიჭიერი ადამიანები სისტემის მხრიდან კედელს ეჯახებიან და სისტემა მათთვის ადგილის დათმობას არ ცდილობს, ისინი ორგანიზებულად იწყებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და საბოლოოდ აუცილებლად ანგრევენ მას, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის უკეთესი სისტემით არ ცვლიან.)

ამიტომაც, ჩვენ არ ვითხოვთ ხელმისაწვდომ განათლებას, რაც უბრალოდ, უნარიანი სტუდენტების წარმატებისა და კარიერული წინსვლის გარანტი იქნებოდა. ჩვენ გვინდა უფასო განათლება რაც საზოგადოების მოწყობის ისეთ მოდელს გულისხმობს, სადაც ცოდნა და განათლება საზოგადოებრივი სიკეთე, პიროვნული განვითარების საშუალება და ყოველი მოქალაქის ინტერესებისკენ მიმართული იარაღია და არა მაღალანაზღაურებად კადრად ჩამოყალიბების საშუალება არსებული სისტემის შიგნით თბილად მოსაკალათებლად.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*