რატომ ეშინიათ ახალგაზრდების?

ამ ბოლო დროს ფეისბუქ სივრცეში ბევრი პუბლიკაცია გამოჩნდა და ბევრი კომენტარი, რომელშიაც დღევანდელი ნეოლიბერალური ელიტის წევრები გაცხარებულნი უტევენ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებს მხოლოდ იმის გამო რომ მათ უარი თქვეს მორწმუნე ადამიანების გარიყვაზე და აპრიორულად ბოლშევიკურ-ათეისტური პოზიცია არ დაიკავეს.
რისი ეშინია ნეოლიბერალურ ელიტას?
ცხადია სოციალ-დემოკრატია ერთ-ერთი არსებული პოლიტიკური სისტემაა, რომლის წყალობითაც დღევანდელმა ევროპამ თავი დააღწია სიღატაკეს და სოციალური უსაფრთხოების სისტემა შექმნა.  მის არსებობას თვით მემარჯვენე პოლიტიკური წრეებიც მშვენივრად ეგუებოდნენ.
ყველასათვის ცნობილია რომ ახალი აღთქმა გაჭირვებულებთან სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დოკუმენტია.  რომის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ეს რელიგიას სწორედაც ღარიბების და ჩაგრულების თავშესაფარი იყო.  მას მერეც ბევრ ქრისტიან მოღვაწეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული სოციალური სამართლიანობისათვის.
ნეოლობიერალებისათვის მთავარი საშიშროებაა რომ მათს უთანასწორო და უსამართლო სისტემას, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოლიგარქი ცხოვრობს კარგად და მილიონობით ადამიანი არსებობისათვის იბრძვის, მწყობრი და ძლიერი იდეოლოგია არ დაუპირისპირდეს.   მეოცე საუკუნეში მოდებულმა ათეისტურ-ბოლშევიკურმა იდეოლოგიებმა ვერ გაამართლეს ბევრი მიზეზის გამო და ბოლო 20 წელია ნეოლიბერალიზმის უალტერნატივო კულტურულ ჰეგემონიასთან გვაქვს საქმე.  დღევანდელ დღეს უკვე აღარ ისმის კითხვა:  რატომ უნდა შიმშილობდეს მილიონობით ადამიანი?  რატომ უნდა იყოს მილიონობით ბავშვისთვის ცხოვრება მხოლოდ არსენობისთვის ბრძოლა?  ეს იმ დროს როდესაც მმართველი ელიტები იმხელა სახსრებს ფლობენ, რომ არ იციან სად გადაყარონ ეს ფული.  ნეოლიბერალური ელიტების მატერიალისტურმა გარყვნილებამ იმ დონეს მიაღწია რომ ისინი წელიწადში გართობაში და ფუფუნების საგნებში უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ეს სიღატაკის პრობლემის მოგვარებას სჭირდება.  დღეს ყოველ 4 წამში ერთი ბავშვი კვდება შიმშილით.
ამ დროს კი ნეოლიბერალი იდენტობის პოლიტიკის მომხრეები ცდილობენ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანონ ლაპარაკი – ოღონდ სოციალურ სამართლიანობას არავინ შეეხოს.    იდენტობის პოლიტიკაზე ყურადღების გადატანა და მორწმუნე ადამიანების შანტაჟი არის ნეოლიბერალური რეჟიმის იარაღი რომ ადამიანების დაყოს და იბატონოს მათზე.  ადამიანების ‘ინტერესთა ჯგუფებად’ დაყოფა და გათიშულ ჯგუფებთან ცალ-ცალკე ანგარიშსწორება არის ოლიგარქიის მთავარი იარაღი იმისათვის რომ არ მოხდეს სოციალური პროგრესი.
მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო:  არ შეგეშინდეთ ნეოლიბერალური შანტაჟის!  ამას არაფერი საერთო განმანათლებლობასთან არ აქვს.  მიშელ ფუკომ ძალიან კარგი სახელი დაარქვა ამ მოვლენას თავის 1979 წელს დაწერილ წიგნში.  ეს არის ნეოლიბერალური ელიტის და მათი ‘ინტელიგენციის’ მცდელობა რომ შეინარჩუნოს საკუთარი დომინაცია.
დღევანდელი სოციალური მოძრაობა აუცილებლად უნდა იყოს არაძალადობრივი, ვაჟა ფშაველას, ტოლსტოის, განდის და მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორის მეთოდებით და მან ორიენტაცია უნდა აიღოს ადამიანებთან უშუალო კონტაქტზე.  არასდროს არ უნდა ვიყოთ ეგრეთწოდებული ‘ინტელექტუალი კლასის’ იმედზე, რადგანაც ამ კლასის უმრავლესობა ყოველთვის გაბატონებულ ოლიგარქიას აძლიერებს.  ასე იყო მუდმივად და ასე იქნება მომავალშიაც.
მთავარია სისტემა შეიცვალოს:  იყოს ისეთი სისტემა სადაც განათლების მიღება შეეძლება ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი მშობლების მატერიალური მდგომარეობისა, სადაც საზოგადოება ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნებს და არა მხოლოდ მდიდრებისაზე, სადაც მორწმუნესაც და ათეისტსაც თავისუფლად ექნება საშუალება საკუთარი მრწამსი გამოხატოს.
დღევანდელმა ევროპამ სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით მიაღწია სოციალურ სამართლიანობას.  თუ საქართველოს უნდა რომ ევროპა გახდეს, მაშინ სოციალურ-დემოკრატიას – ამ სიტყვის ფართო გაგებით – ალტერნატივა არ აქვს.  წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ლათინური ამერიკის მსგავს ოლიგარქიას.
მსოფლიოს მემარცხენე მოძრაობების ისტორიაში განთავისუფლების თეოლოგიას დიდი ადგილი უჭირავს – აქედან გამომდინარე მორწმუნე ადამიანების გარიყვა სოციალური სამართლიანობის მოძრაობიდან არის სრულიად გაუმართლებელი და ბოლშევიკური ნაბიჯი.  ყველანაირი ფუნდემანტალიზმი ერთნაირად საშიშია – როგორც რელიგიური, ასევე სეკულარული.  სრულიად მიუღებელია მემარცხენეობის სახელით მორწმუნე ადამიანების დაშანტაჟება.  სინდისის თავისუფლება სწორედ იმას ნიშნავს რომ ადამიანს რწმენის არჩევანი მიეცეს.
ის ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც დღეს ახალ ქართულ სოციალურ დემოკრატიას ებრძვიან მთელი თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ხელისუფლებებსა თუ ოლიგარქიულ ჯგუფებს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან.  არ უნდა გვქონდეს იმედი რომ ამ ადამიანებთან ჯანმრთელი კამათის შემთხვევაში შესაძლოა ისინი გადავარწმუნოთ:  შეხედეთ მათი დაფინანსების წყაროებს და ეს უკვე საკმარისია იმის გასაგებად თუ რატომ იცავენ ეს ადამიანები ოლიგარქიულ სისტემას ასე თავგამოდებით.   როდესაც ჩომსკი აანალიზებს ამ გაბატონებული კლასის ‘ლიბერალური ინტელიგენციის’ მოდუს ოპერანდის – ის ყოველთვის იკვლევს მათს დაფინანსების წყაროებს.  ხშირ შემთხვევაში კი ეს ან ხელისუფლებაა ანკი რომელიმე მისი სატელიტი ოლიგარქიული ჯგუფი.
ისევე როგორც კადაფის ნეოლიბერალური რეჟიმი, სააკაშვილის ოლიგარქიაც რეალურად ადამიანების სხვადასხვა ინტერესთან ჯგუფებად დანაწევრებაზე დგას.  იმისათვის რომ ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს საჭიროა ადამიანების ჯანმრთელი გაერთიანება სოციალური სამართლიანობის იდეის გარშემო.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ