პროფკავშირი – სიკეთე თუ ბოროტება?

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი აქტუალური საკითხი რომელზეც იდეოლოგიური დაპირისპირება მიმდინარეობს პროფკავშირების ყოფნა–არყოფნის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში პროფკავშირული მუხტი არ განელებულა, დღეს მსოფლიოს პროფესიული კავშირები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ისინი უკვე აქტიურად და ღიად საუბრობენ ,,დაბერების“ უარყობით ტენდენციასა და პროფკავშირებიდან წევრების გადინებაზე, აქტუალურია კითხვა: არის თუ არა საჭირო პროფესიული კავშირები და რა როლს თამაშობენ ისინი ქვეყნის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეს საკითხი აქტუალური აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვისაც. ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალებმა: ,,ლიბერალმა“ და ,,ტაბულამ“, ,,ბანკებმა და ფინანსებმა“ უამრავი სტატია დაწერეს ქართული პროფესიული კავშირების ავ-კარგიანობის შესახებ, ძირითადი იდეოლოგიური დაპირისპირებაც ამ ჟურნალების გვერდებზე მიმდინარეობდა.

ვფიქრობ, სანამ პროფკავშირების ავ–კარგიანობაზე დავიწყებ საუბარს, მიზანშეწონილი იქნება განვმარტოთ რა არის პროფკავშირი. (დღემდე მავანთ და მავანთ ჰგონიათ რომ პროფკავშირი საბჭოთა კავშირის ინსტიტუტია და ის ისევე ჩაბარდა წარსულს როგორც ზემოთხსენებული) პროფკავშირები სამრეწველო რევოლუციის შედეგია, და ბუნებრივია, პირველი პროფკავშირებიც რევოლუციის სამშობლოში – დიდ ბრიტანეთში გაჩნდა. პროფკავშირების გაჩენა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დიდი ბრიტანეთის ანალოგიურად მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც პროფესიული კავშირების კლასიკურ განმარტებას ვეძებთ ამ მხრივ მიზანშეწონილი იქნება განვმარტოთ ევროპული მოძრაობების ცნების მიხედვით, სადაც ის ჩაისახა და არა საბჭოთა კავშირის დროინდელი პროფკავშირული საქმიანობის მიხედვით, სადაც მას აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა.

18 საათიანმა სამუშაო გრაფიკმა, დასვენების დღეების არ არსებობამ, ქალთა და ბავშვთა იძულებით შრომამ, მძიმე სამუშაო პირობებმა და უღირსმა ანაზღაურებამ გააერთიანა ქარხნის მუშები და ერთობლივად, ერთიანი გზებით დაიწყეს ბრძოლა სამართლიანობისთვის. ასე შეიქმნა და დღესაც ასე იქმნება ნამდვილი პროფესიული კავშირები.

21–ე საუკუნეში მსოფლიო რუკაზე დღემდე არსებობს ისეთი სახელმწიფოები სადაც ჯერ კიდევ დგას მუშა/მოხელე/მოსამსახურე ანალოგიური პრობლემების წინაშე, სამწუხაროა მაგრამ საქართველოც ამ ქვეყნების რიგში დგას, დგას და თანაც მოწინავე ადგილი უკავია. სახელმწიფო, რომელიც იქადნის ბიზნესის მარტივად კეთებისა და ეკონომიკის განვითარების მაღალი მაჩვენებლებით, მისი მოქალაქეები ყოველ დღე ხდებიან არსებული მონათმფლობელური შრომის კოდექსის მსხვერპლები, ყოველ წუთს განიცდიან სამუშაოს დაკარგვის შიშს და ყოველ წამს ხდებიან რელიგიური, სქესობრივი, ეთნიკური და სხვ. დისკრიმინაციის მსხვერპლები.

საქართველოა ერთ–ერთი პირველი ქვეყანა სადაც თვალის ფერის არ მოწონების გამო შეუძლია გაანთავისუფლოს დამსაქმებელმა დასაქმებული, საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა სადაც ეშინიათ სიტყვების: სოციალური, მუშაკი, მოხელე და ა.შ. და ბოლოს ვიმედოვნებ, რომ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც მხოლოდ მავანი და მავანი ცხოვრობს ილუზიებით…

ალბათ ამის შემდეგ პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანსაც არ უნდა გაუჩნდეს კითხვა: არის თუ არა საჭირო პროფკავშირები.
პროფკავშირებს თავისი საქმე ჯერ არ ამოუწურავს. ის, რასაც ისინი წინა საუკუნეში აკეთებდნენ, დღესაც საჭირო და აქტუალურია. პროფკავშირული აქციები ევროპაში ჩვეულებრივი მოვლენაა: მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩერდება სატრანსპორტო მიმოსვლა, განსაკუთრებით დიდ ზარალს განიცდიან ავია-კომპანიები, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები კარგავენ დროსა და ფინანსებს აეროპორტებსა და მატარებლის სადგურებში რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადოება უკმაყოფილებას ნაკლებად გამოხატავს, უფრო მეტად სოლიდარულნი არიან. უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთში, ბელგიაში, საბერძნეთში გაიფიცნენ მოსამართლეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები, დიდი მანქანათმშენებლობის ქარხნები და საწარმოები. 21–ე საუკუნის პროფკავშირელთა მოთხოვნები იგივე დარჩა რაც, ადრე ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის ევროპაში პროფკავშირების პირველი პროტესტის დროს იყო: ,,ღირსეული შრომა, ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული შრომის პირობები.“

შრომა არის ადამიანის უფლება, რომლის წართმევის ან დაუცველობის შემთხვევაში წარმოუდგენელია სოციალური სამართლიანობის მიღწევა, სოციალური მონაპოვრების გარეშე კი დემოკრატია არასტაბილური ხდება. ძლიერი პროფკავშირები კი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარანტია სოციალური კეთილდღეობის.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*