პანკისი 2011

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

პანკისის ხეობა საქართველოს მოსახლეობაში დღემდე ასოცირებულია ჩეჩენ ტერორისტებთან და ნარკობიზნესთან, როგორც წესი რიგით მოქალაქეს მეტის დამატება გაუჭირდება. მას შემდეგ, რაც პანკისში მშვიდობა დამყარდა, ამ მხარეზე საზოგადოებას ინფორმაცია თითქმის არ გააჩნია.

პანკისის ხეობა ახმეტის რაიონშია. ხეობაში დაახლოებით 15 სოფელია, რომელთაგან 3-ში (საკობიანო, ყვარელწყალი, წინუბანი) ძირითადად ფშავლები ცხოვრობენ, ქორეთი ბოლო დრომდე ოსურ სოფლად ითვლებოდა, 2008 წლის შემდეგ სოფლიდან ბევრი ოჯახი ჩრდილო კავკასიაში გადავიდა. დანარჩენი სოფლები კი ქისტებით არის დასახლებული. ქისტურ სოფლებში ყველაზე მრავალრიცხოვანია დუისი, ჯოყოლო, და ომალო (თუშეთის ომალოში არ აგერიოთ). ხეობაში ქისტების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასია, თუმცა შობადობის ტემპების გათვალისწინებით ეს ციფრი მალე გაიზრდება.

ქისტები

ქისტები 2 საუკუნის წინ საქართველოში მიგრირებული ვაინახები არიან.  ბევრი ფიქრობს, რომ ქისტი საქართველოში მცხოვრები ჩეჩენია, რეალურად კი ქისტი შეძლება იყოს როგორც ჩეჩნური, ასევე ინგუშური ძირებით. არასპეციალისტისთვის რთულია გაარჩიო არათუ ჩეჩენი ქისტი ინგუში ქისტისგან, არამედ ქისტი ქართველისგანაც კი, თუ რასაკვირველია არ ხარ პანკისში და არ გესმის ქისტური საუბარი. სხვათაშორის, პანკისში ვერ ნახავთ რუსულ წარწერებს მაღაზიებზე, ქისტები ქართულ დამწერლობას იყენებენ. მათ აქვთ ქართული დაბოლოების გვარები (მარგოშვილი, ხანგოშვილი, ფარეულიძე, ბორჩაშვილი, ქავთარაშვილი და ა.შ) და ბევრ ქართველზე უკეთ ფლობენ ქართულს. მსგავსობის გარდა ქისტებს და ქართველებს აქვთ განსხვავებებიც. პირველი, რასაც შეამჩნევთ მათთან სტუმრობისას, ეს სახლ-კარის იდეალური სისუფთავე და წესრიგია. გაურკვეველია, საიდან მოდის ეს თვისება ერში რომელიც ცხოვრობდა მჭიდრო კავშირში მეზობელ ხევსურებსა და ფშავლებში, რომლებიც სიმართლე ითქვას ვერ უწევენ კონკურენციას ქისტებს ამ მიმართულებით. 1930 წელს იროდიონ ევდოშვილმაც კი შეამჩნია ეს სხვაობა ქისტურ სახლ-კარსა და ხევსურულ სახლკარს შორის. მოკლედ, ქისტები დიდ ყურადრებას აქცევენ წესრიგს. მეორე თვალშისაცემი განსხვავებაა ადათებისადმი მორჩილება. უმცროსი ემორჩილება უფროსს, ეს ეხება მამაკაცებსაც და ქალებსაც. სტუმრის შემოსვლისას მასპინძელი ფეხზე დგება. უფროსების სუფრასთან სხდომისას უმცროსები ფეხზე დგანან. რიტუალებს უფროსები უძღვებიან და ა.შ. დღემდეა შემორჩენილი სახალხო სასამართლოს ინსტიტუტი. შიდასოფლური და მეზობელთშორისი დავები არ მიდის მუნიციპალიტეტამდე და წყდება შეკრებაზე, სოფლის უხუცესების ზედამხედველობით.

მესამე, რაც განასხვავებს ქისტებს მეზობელი ქართველებისგან, არის კოლექტიური მოქმედების მაღალი დონე. ქისტურ სოფლებში კვლავ ნახავთ ე.წ. „ბირჟებს“ უფროსი და უმცროსი ასაკის მამაკაცებისთვის. ბირჟა ჩვენთვის უსაქმურობის სინონიმადაა ქცეული, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის ადგილი, სადაც ერთ გარკვეულ არეალში მცხოვრები ადამიანები იკრიბებიან და ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას, იხილავენ საერთო პრობლემებს და გეგმავენ საერთო გეგმებს რომლებსაც საერთო სარგებლია მოტანა შეუძლიათ. აი მაგალითად, გზა, რომელიც შემოდის ახმეტიდან და კვეთს ყველა ძირითად სოფელს. ბირკიანის მოსახლეობამ შეამჩნია რომ დაგებული გზა უხარისხოა. ხალხი შეიკრიბა და დაევალა ერთ-ერთ უხუცესს, მოსთხოვოს ხელისუფლებას გზის თავიდან დაგება. განწყობები და ხალხის კოლექტიურობა საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ _ ხალხი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. განსხავებით მეზობელი, ძირითადად ქართული ხეობებისგან პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს გარდა ინდივიდუალური ინტერესებისა, გააჩნიათ კოლექტიური ინტერესები, რომლებსაც იცავენ, შედეგიც სახეზეა, პანკისში არის უკეთესი გზა, ხალხი უკეთესად ცხოვრობს და უკეთესად უმკლავდება პრობლემებს. უკეთესად ცხოვრებაში არ იგულისხმება მეტი დოვლათი. როგორც წესი, პანკისელი ქისტების ძირითადი შემოსავალი მათი ემიგრირებული ნათესავებისგან გამოგზავნილი ფულადი დახმარებაა, რომელსაც პანკისელები იყენებენ ან საკუთარი სახლკარის გაფართოებისთვის ან აგროტურიზმისთვის.

აქტიურობა

მეორე ჩეჩნური ომის დროს  ბირკიანში მცხოვრები  ნიკო ფარეულიძის ოჯახში 12 ლტოლვილი ცხოვრობდა. მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი სტუმრიანობის შემდეგ ფარეულიძემ თავის სახლში გახსნა  სასტუმრო და სტუმრებიც ხშირი ყავს, ძირითადად უცხოელები. სტუმრიანობაც იმდენად ხშირია, რომ აპირებს ბიზნესის გაფართოებას. ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახს იმდენად მოეწონა პანკისის ხეობა, რომ ფარეულიძესთან სტუმრობის შემდეგ იქვე ახლოს იქირავა სახლი და დასახლდა. სასტუმრო სახლები თუთქმის ყველა დიდ ქისტურ სოფელშია, თუმცა ყველასგან გამორჩეულია დუისში მცხოვრები 73 წლის მაყვალა მარგოშვილი(ბაღაკაშვილი) იგივე ბადი. ბადის უნიკალურობა მისი სოციალური აქტიურობაა, რაც დღემდე უცხოა ქისტური ადათისთვის. ამ ქალბატონმა 1995 წლიდან დაიწყო საზოგადოებრივი აქტიურობა ჩამოაყალიბა ქისტ ქალთა ანსამბლი „დაიმოახ“(სამშობლო), 1999 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „მარშუა კავკაზ“(მშვიდობა კავკასიას) რომელიც მუშაობს ქისტების და ქართველების დაახლოებასა და თანამშრომლობაზე, საფუძველი ჩაუყარა აგროტურიზმს პანკისის ხეობაში და გახსნა სასტუმრო სახლი. „დაიმოახმა“ უკვე მოასწრო რამდენიე ევროპულ ქვეყანაში კონცერტების ჩატარება და წელსაც ჰოლანდიაში აქვს დაგეგმილი ერთთვიანი ტურნე. ბადის აქტიურობის შედეგად პანკისის ხეობაში დაიწყო განვითარება აგროტურიზმმა, რამაც მოიზიდა უცხოელი სტუმრები, რამაც თავისმხრივ საფუძველი ჩაუყარა უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბადიმ საფუძველი ჩაუყარა ქისტი ქალების სამოქალაქო აქტიურობას.

რასაკვირველია, პანკისში უცხოელი ტურისტების ჩასვლის ერთ ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ პანკისში ცხოვრობენ ქისტები, რომ ადრე ამ მხარეს შეეფარა ომისგან გამოქცეული რამდენიმე ათასი ჩეჩენი და რომ ადრე აქ ნარკოტიკი იყიდებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბადის და სხვა ქისტებს არა აქვტ იგივე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, როგორც ქართველებს. ბადი დღემდე იბრძვის სასამართლოში შირაქში მისი კუთვნილი მიწის დასაბრუნებლად, რომელიც თაღლითური გზით მიითვისა ერთ-ერთმა დეპუტატმა, არ გაჭრა არც წერილებმა სააკაშვილისა და ბაქრაძის მიმართ, რის გამოც ეს ქისტი ქალი პრეზიდენტის გარემოცვას აკრიტიკებს. თუმცა იქვე ამატებს, რომ სააკაშვილის მადლიერია პანკისში ნარკოვაჭრობის აღმოფხვრისათვის.

კრიმინალი

ნარკომანები პანკისში აღარ არიან. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ქისტები. მათი მონაყოლით ნარკოტიკების მეფობის  პერიოდში ოჯახებს გაყავდათ თავის ნარკომანი წევრი ალაზნის პირას და იქ აბამდნენ რამდენიმე დღე, რათა მას ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მოხსნოდა. ქისტები იხსენებენ, რომ 90-იან წლებში მათთან ხშირად ჩამოდიოდნენ დეპუტატები და ცდილობდნენ „წამლის“ ყიდვას. მაშინ ნარკოტიკები მართავდნენ ხეობას, დღეს ხეობას მართავს მერაბიშვილი. დუისის შესასვლელში დგას პოლიციის გამჭვირვალე შენობა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქისტები და პოლიცია შეთანხმებულად მუშაობენ. საერთოდ, ქისტებთან ურთიერთობისას რთულია მათ დააცდენინო რამე კრიტიკული პოლიციის მიმართ. როგორც ჩანს პოლიციამ გამონახა საერთო ენა სოფლების უხუცესებთან და მათთან თანამშრომლობით ახდენს დანაშაულის პრევენციას. დუისში ჩვენი მანქანა იდგა პოლიციისგან საკმაოდ შორს, ალაზნის ნაპირთან. 4 საათის განმავლობაში მინებდაშვებული და გასაღებიანი მანქანისთვის არც პატრონს მიუქცევია ყურადღება და არც გამვლელს. თავად ქისტები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ხეობაში ქურდობის ფაქტიც არ დაფიქსირებულა.

 

რელიგია

ქისტების უდიდესი უმრავლესობა მუსლიმია (სუნიტები). ჩეჩენი დევნილების შემოსვლასთან ერთად ხეობაში შემოვიდა სუნიზმის ერთ-ერთი განხრა ვაჰაბიზმიც. დღეს ვაჰაბიტური მეჩეთებია დუისში, ომალოსა და ბირკიანში. ვაჰაბიზმით ძირითადად დაინტერესებულია ქისტი ახალგაზრდობა. უფროსი თაობის უდიდესი ნაწილი კი კვლავ ძველ სუნიზმს (სუფისტები, მიურიდები) მისდევს. ვაჰაბიზმის გავრცელებული რეპუტაციის მიუხედავად პანკისელები ამ მიმდინარეობაში დიდ საფრთხეს ვერ ხედავენ და კონფესიური დავების საზღვარს არ ცდებიან. ვაჰაბიტი არავაჰაბიტი ქისტისგან განსხვავდება მეტი სიმკაცრით ცხოვრების წესისადმი. მაგალითად არავაჰაბიტი ქისტები სვამენ ღვინოს(მაგრამ ცდილობენ არ დათვრნენ) ეწევიან სიგარეტს და რაც ყველაზე საინტერესოა  მონაწილეობენ ქართველ მთიელთა რიტუალებში. ჩეჩენი დევნილების შემოსვლამდე ქისტები უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ ქრისტიანულ და ქრისტიანულ-წარმართულ რიტუალებში. ხშირი იყო ფშავლის ან ხევსურის ერთ ერთ ნათლიად მუსლიმი ქისტის არჩევა და ქისტიც ჩვეულებრივ იღებდა მონაწილეობას ნათლობის მართლმადიდებლურ რიტუალში. ჩეჩენი ლტოლვილებისთვის ასეთი დამოკიდებულება ქისტებსა და ქართველებს შორის უცნაური და მიუღებელი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია ქისტებზეც და მათაც შემცირეს ქრისტიანთა რიტუალებში მონაწილეობა, თუმცა დღესაც, განსაკუთრებით ათენგენობის პერიოდში ფშავ-ხევსურეთის ხატობებზე იშვიათი არაა ქისტების დასწრებაც. ვაჰაბიზმის მიმდევრები სასტიკად ურყოფენ ღვინოსა და სიგარეტს, ცდილობენ საერთოდ მოერიდონ ადამიანს, ვისაც სიგარეტის სუნი ასდის და უფრო მეტ ყურადღებას უთმენენ ისლამის წესების დაცვას. თუმცა ამის მიუხედავად ვაჰაბიტებში არ შეიმჩნევა მიდრეკილება ექსტრემიზმისკენ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში პანკისელი ქისტები მეტად რელიგიურები გახდნენ და ნელნელა კარგავენ იმ თავისუფლებას, რომელიც დღემდე აქვთ შენარჩუნებული მეზობელ ფშავ-ხევსურებს.

მაგრამ რელიგიური განსხვავებულობის მიუხედავად პანკისის და მთლიანად ახმეტის რეგიონის ქისტური და ქართული სათვისტომოები არ არიან ერთმანეთისგან სეპარატიული. ხშირია ქისტების და ქართველების ერთ სამეგობროებში ყოფნის ფაქტები, ქართველი ქალები კვლავ თხოვდებიან ქისტურ ოჯახებში, თუმცა პირიქით ნაკლებად ხდება, რაც ასევე ქისტების მეტი რელიგიურობისა და ადათისადმი მორჩილების მაჩვენებელია. ქისტები საქართველოს სამშობლოდ ან მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ, ჩეჩნეთ-ინგუშეთს ხშირად იჩკერიად მოიხსენიებენ. ახსოვთ ქართველების დახმარება მათი დეპორტაციიდან დაბრუნების შემდეგ, როცა ხევსურებმა არათუ დათმეს ინგუშური სოფლები, რომლებშიც ისინი ბოლშევიკებმა გადაასახლეს, არამედ შიდამეურნეობები და საქონელიც დაუტოვეს. ახსოვთ ქართველთა დახმარება ორივე ჩეჩნური ომის დროს გამოქცეული ლტოლვილებისადმი და განიცდიან ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთში.

სხვათაშორის, ქისტების თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა პატივს სცემს ჯოხარ დუდაევს, ხოლო კადიროვს მოღალატედ მიიჩნევს. სიტყვა „რუსეთს“ ქისტები თითქმის არ ახსენებენ და ფიქრობენ, რომ დადგება დრო, როცა იჩკერია თავისუფალი იქნება.

მოკლედ, ქისტების სათვისტომო პანკისში შემდგარი საზოგადოებაა. მათ გააჩნიათ ერთიანი საცხოვრებელი ზონა, რომელშიც მათ კოლექტიურ ქმედებებს განაპირობებს ადათი, რელიგია, კულტურული ფესვები, მათთვის საერთო ეკონომიკურ- სოციალური ვითარება და გამოკვეთილი პოლიტიკური იდეა. ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობას ქისტებისთვის მოაქვს საერთო სიკეთეები – წესრიგი, სტაბულურობა, განვითარება, რაც თავის მხრივ ხელს არ უშლის მათ განავითარონ უფრო ვიწრო, თემური, ოჯახური და პირადი წინსვლა. პირადის და კოლექტიურის შეთავსებით ქისტები ბევრად უკეთ და ბევრად პრაქტიკულად აღწევენ მიზანს.

ეს წერილიც მიმართულია ქართულ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებისკენ, იმის დასანახად, რომ პრინციპი „კაცი კაცისთვის მგელია“ არ უზრუნველყოფს საზოგადოების განვითარებას, პირიქით, ანადგურებს მას როგორც საერთო მიზნებისა და პრობლემების დაძლევისთვის გაერთიანებულ ორგანიზმს.

{youtube}Nv-S3zsUa7o{/youtube}
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*