ოლიგარქების ქვეყანა

დღევანდელი პოსტმოდერნულ ნეოლიბერალური ავტოკრატიების ალტერნატივა მხოლოდ სოციალურ სამართალზე ორიენტირებული საზოგადოებაა.  შეცდომაა იმის ფიქრი რომ არ არსებობს ოლიგარქიული ტიპის სახელმწიფო მმართველობის ალტერნატივა.  დღეს უკვე კარგად არის წარმოჩენილი, რომ სოციალური სახელმწიფო არის დემოკრატიის ყველაზე უკეთესი მაგალითი.  ლიბერალიზმი არ არის დემოკრატიის სინონიმი.  უფრო მეტიც, მსოფლიოს ავტოკრატიების უმრავლესობა დღეს სწორედაც რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნებია.  აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმის ალტერნატივა სწორედაც რომ სოციალური სამართლიანობაა.  

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ამის გააზრება არ ხდება.  პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა ერთმანეთს ეჯიბრება კლანური და იდენტობის პოლიტიკის სამსახურში.  იდენტობის პოლიტიკა კი სწორედაც რომ ლიბერალიზმის მთავარი იარაღია – ადამიანების სპეციალურ ინტერესთა ჯგუფებად დაყოფა მათი იდენტობის მიხედვით.  ეთნიკური ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, კლანის კუთვნილება, იგივე სქესობრივი სტერეოტიპები ხელს უწყობს ადამიანების გათიშვას – და ამ გათიშვით საბოლოო ჯამში ის სისტემა სარგებლობს, რომელიც სწორედ კონკურენციას და ქიშპს ეფუძნება.  თანაც აქ არანაირ შეთქმულების თეორიაზე არ არის საუბარი – ეს სისტემის მუშაობის ნაწილია.  ნეოლიბერალიზმი ბიოპოლიტიკურად არეგულირებს ურთიერთობებს ყოველგვარი შეთქმულების გარეშე.  ჟან ფრანსუა ლიოტარდი კარგად წერს რომ ნეოლიბერალურ სისტემაში ყველა ვიღაცის ან უფრო სწორად რაღაცის მონაა.  ნეოლიბერალიზმი მატერიალისტურ მსოფლმხედველობას კარგად იყენებს იმისათვის რომ ყოველი ჩვენთაგანი დაარწმუნოს იმაში რომ ადამიანი საკუთარი ინსტიქტების მონაა, და მაშასადამე საკუთარი ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად სულ უფრო მეტი საქონლის (Commodity) შესყიდვა სჭირდება.  ამ სისტემაში მომხმარებელიც ისეთივე მონაა, როგორც გამყიდველი – ორივე მათგანი საქონლის გასაღების პროცესს ემსახურება – და ნამდვილი ბატონი თავისთავად პროცესია, რომელიც ადამიანს საკუთარი რეალური არსისგან აუცხოვებს.  

თანამედროვე ნეოლიბერალური ავტოკრატიებიც პოსტმოდერნის პერიოდში ყოველგვარი განსაკუთრებული შეთქმულების გარეშე ჩამოყალიბდა – ისინიც საყოველთაო ‘გასაქონლების’ (commodification) პროცესის ნაწილია.  და ამგვარ ავტოკრატიებს ნაკლებად ახასიათებთ სტალინისა და ჰიტლერის ტიპის მართვა.  პირიქით, ხდება ელიტის რესურსების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია მმართველი 1 პროცენტის ხელში.  ცხადია, რესურსები უფრო მეტ ადამიანზე არ ნაწილდება, მაგრამ ამ ადამიანების ადგილსამყოფელი მარტო ერთ ქალაქში აღარ არის – პრივილეგია სხვადასხვა კლანზე და სფეროზე ნაწილდება, რაც დაძაბულობის ცენტრის გარკვეულ განმუხტვასაც იწვევს.  პოსტმოდერნულ რეჟიმებს არჩევნებიც ძალიან უყვართ.  მათთვის პრობლემა არაა ამ არჩევნების გაყალბება – და თანაც ამ გაყალბების მეტად დახვეწილი მეთოდები აქვთ მოფიქრებული.  

ვალერი ბანსი და შერონ ვოლჩიკი დღევანდელი ავტოკრატიების დახასიათებისას ტერმინ ‘ელექტორალურ ავტოკრატიებს’ უწოდებენ.  ახალ, პოსტმოდერნულ ლიბერალურ ავტოკრატიებს საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნებისათვის სულაც არ სჭირდება ძველი ტოტალიტარული მეთოდები, სადაც ხალხს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია მართავს.  ამ მხრივ ძალიან საინტერესო მაგალითია კენიის ყოფილი პრეზიდენტის დანიელ არაპ მოის მმართველობის ანალიზი.  ამ ავტორიტარმა ლიდერმა მშვენივრად მოახერხა მოჩვენებითი ‘მრავალპარტიული’ სისტემის შექმნა და ეგრეთწოდებული ‘ოპოზიციის’ დანაწევრება და მხოლოდ ფასადურ ბუტაფორიად ქცევა.  მოი პრეზიდენტი იყო 1978 წლიდან 2002 წლამდე და მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმი ბევრჯერ იყო დადანაშაულებული ავტორიტარიზმსა და ელიტურ კორუფციაში, მაინც შეძლო რამდენიმე არჩევნებში გამარჯვება ისე, რომ ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა ის ლეგიტიმურ მმართველად. საბოლოოდ, მან თავისი ხელისუფლება მის მიერ ‘დანიშნულ’ ოპოზიციას გადააბარა და დღემდე წყნარად ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაში.  მის მიერ შექმნილი ‘მრავალპარტიული’ მოდელი რაღა თქმა უნდა არ არის ნამდვილი დემოკრატია – ეს არის ნეოლიბერალური ტიპის სისტემა, სადაც რესურსების დიდი უმრავლესობა, მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლების ხელშია და მოქალაქეებს არა აქვთ ელემენტარული სოციალური უფლებებიც კი.  თუმცა მთელი პოლიტიკური ელიტა, რომელშიაც შედის არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ‘დანიშნული ოპოზიციაც’ ამ ოლიგარქიულ წრეში შედის და მშვენივრად ცხოვრობს.

პერუს ავტორიტარ მმართველ ფუხიმორისთან ერთად მოის მაგალითიც საინტერესოდ მიესადაგება სააკაშვილის რეჟიმს.  აქაც ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმია, რომელსაც ზურგს უმაგრებს დანიშნული და დაქსაქსული ოპოზიცია.  მოის არ იყოს, სააკაშვილს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს იმაში რომ თვითონ აარჩიოს მარიონეტი პოლიტიკოსი, რომელიც ფორმალურად გადაიბარებს მმართველობას და იგივე ტიპის სტრუქტურულ ძალადობას გააგრძელებს.  

მოიმ მოახერხა მისი ოპოზიციის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, კლანურ და ეთნიკურ ჯგუფებად.  ამავე დროს მთელ რიგ მის ოპოზიციონერებს მხოლოდ მის მიმართ მათი პრიოვნული ზიზღი და რევანშის სურვილი ამოძრავებდა.  ოპოზიციური პარტიების ამ მრავალრიცხოვან ‘სპექტრში’ საბოლოოდ მან აარჩია რამოდენიმე პარტია, რომელთაც 1992 და 1997 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა გარკვეული პროცენტი დაუთმო.  ეს დანიშნული ოპონენტები მას არანაკლებ კარგად ემსახურებოდნენ, ვიდრე საკუთარი პარტიის წევრები.  ისინი მას დემოკრატიული მმართველის იმიჯს უქმნიდნენ.  მათი წყალობით კენიის დიქტატორი მილიონობით საგარეო დახმარებას იღებდა დასავლეთიდან.  არჩევნების გაყალბებასაც ისე ახერხებდა, რომ ათასობით დასავლელი და აღმოსავლელი დამკვირვებელიც დიდად ვერაფერს აპროტესტებდა.  მოი დღესაც ცოცხალია და 88 წლის ასაკში რამოდენიმე მსხვილ ბიზნესს უძღვება.

დღეს საქართველოში სამწუხაროდ არ სჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სტრუქტურულ პრობლემას დაუპირისპირდება.  არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ლაპარაკობს ნამდვილ დემოკრატიაზე – ანუ ელიტიზმზე უარის თქმაზე, სადაც მოქალაქეებს თანასწორი განვითარების საშუალება მიეცემათ.  უფრო მეტიც, არსებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან რეაქციული, მემარჯვენე ლოზუნგების სროლაში.   პოლიტიკოსები ერთმანეთს პიროვნულად ლანძღავენ, მაგრამ სტრუქტურულ ცვლილებაზე და დემოკრატიულ რეფორმებზე პრაქტიკულად არც ერთი მათგანი არ საუბრობს.   

ჯერჯერობით მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩაკეტილია მემარჯვენე, ლიბერალურ იდენტობის პოლიტიკაში – ეს იმ ტიპის პოლიტიკაა, რომელიც მოის ტიპის ავტორიტარ მმართველებს აძლევს ხელს.  კენიის ავტორიტარი მმართველი სწორედაც რომ ასეთი იდენტობის პოლიტიკის წყალობით ახერხებდა საკუთარი ოპონენტების მრავალ ბანაკად დაყოფას, მათს კლანურ და ეთნიკურ აფილიაციას და ამის შემდეგ არჩევნებზე გამარჯვებას აცხადებდა.  მოის არ იყოს, ლიბერალური პოლიტიკის ფარგლებში სააკაშვილის მაინც დიდ უპირატესობას ფლობს მის ოპონენტებთან შედარებით.  ეს არა მარტო რესურსების წყალობით მიიღწევა, არამედ იმით რომ მან და მისმა გუნდმა კარგად იციან ლიბერალური დისკურსი და ოლიგარქიული კაპიტალიზმის პირობებში ძალიან კარგად ორგანიზებული პროპაგანდის მანქანაც აქვთ.  ამ მოედანზე მათი დამარცხება საქართველოს პოლიტიკურ მოედანზე პრაქტიკულად გამორიცხულია.  კენიის ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, ისიც იმდენ ხანს შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში, რამდენსაც მოინდომებს.  თუ არ გამოჩნდა მისი გზის ალტერნატივა – საქართველოს მომავლის განსხვავებული ხედვა – რომელიც არ იქნება ნეოლიბერალური – მაშინ ის ან მისი შერჩეული მემკვიდრე ალტერნატივის გარეშე იქნებიან.

ამერიკაში სულ უფრო და უფრო მეტი წერილი ქვეყნდება, რომელიც ქართული ოცნების ლიდერს რუს ოლიგარქად, ელიტისტ და იდენტობის პოლიტიკაზე ორიენტირებულ მოღვაწედ წარმოაჩენს.  12 აპრილს Weekly Standard-ში დანიელ ჰარპერის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი წარმოჩენილია, როგორც რუსი ოლიგარქი.  ეს წერილი საკმაოდ წერტილოვანი დარტყმებით მუშაობს და თავის მიზანსაც აღწევს.  ის წარმოაჩენს ივანიშვილს, როგორც რუსეთში 1990-იანი წლების კორუფციის შედეგად გამდიდრებულ ოლიგარქს, რომელმაც ახლა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და რომელიც საკუთარ მთავარ წერტილად იდენტობის პოლიტიკას და ეთნო-ნაციონალიზმს ირჩევს. 

ცხადია, ეს წერილი სააკაშვილის პროპაგანდისტების დაკვეთითაა გაკეთებული.  კარგადაა ცნობილი რომ გიგა ბოკერია და მისი გუნდის წევრები რამდენიმე მსხვილ ლობისტურ კომპანიასთან მუშაობენ, სენატორ მაკკეინის თანაშემწე რენდი შვინემანის თამადობით. Weekly Standard-იც სწორედ ნეოკონსერვატორების ჟურნალია.  თუმცა, ბოკერიას და სააკაშვილის პროპაგანდა ბევრად უფრო კარგად გათვლილია, ვიდრე ივანიშვილის ლობის მიერ გადაგმული ნაბიჯები.  თვით ივანიშვილის მიმართ კეთილგანწყობილი წერილებიც, რომლებიც Forbes-ში და The New York Times-ში გამოქვეყნდა მას ასევე წარმოაჩენს როგორც ოლიგარქს, რაც თავისთავად არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას ნეიტრალურ მკითხველზე.  ერთ-ერთი ჟურნალის ქვესათაურმა ის ბერლუსკონის შეადარა, მეორემ პუბლიკაციამ მას რესურსების მონოპოლიზება დააბრალა.  ეს ის სტატიებია, რომლებიც მისდამი შედარებით სიმპათიითაა განწყობილი და მისი ლობისტური საქმიანობის შედეგია.  ამ წერილების წაკითხვის შემდეგ ასეთი კითხვა ჩნდება:  თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ რამდენად მიზანშეწონილია საქართველოში კიდევ ერთი ელიტისტი ოლიგარქის გამეფება.  კიდევ ერთი მმართველის რომელიც ხმას არ იღებს სოციალურ სამართალზე.  და თუ ეს ყველაფერი არ არის მართალი – მაშინ რატომ ვერ წვდება მკითხველს სიმართლე?  

ამ კითხვებზე პასუხი სასწრაფოდ მოსაძებნია – რადგანაც უბრალოდ სააკაშვილის ოპონირება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის პიროვნულად არ მოგვწონს, არ არის საკმარისი.  საჭიროა მისი ნეოლიბერალური რეჟიმის სტრუქტურული ალტერნატივა მოიძებნოს.   თუ არა და შედეგად მივიღებთ დანიელ არაპ მოის ქართულ ვარიანტს. 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ