ნეოლიბერალიზმის აღმასვლა პოლიტიკურ ეკონომიკაში (ნაწილი I)

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა შერეული ეკონომიკის არსებობის შესახებ ფართო კონსესუსი არსებობდა. განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის(მაგალითად უნდა მომხდარიყო თუ არა საბაზისო ინდუსტრიების ნაციონალიზება) და რომელია ეკონომიკური დაგეგმვის უკეთესი ფორმა, რომელიც შესაბამისი დონის რედისტრიბუციას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრინციპი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ ფართოდ იყო აღიარებული.

მეოცე საუკუნის მიწურულს შეხედულებების კლიმატი დრამატულად შეიცვალა, ორი ურთიერთდაკავშირებული გზით. ყველაზე ცხად ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის რომ, მათი აზრი ვინც სახელმწიფოს ჩარევის ნებისმიერ ფორმას ’სოციალიზმს’ უწოდებდა უფრო შესამჩნევი გახდა. მეორე კი იყო სკეპტიციზმის გავრცელება სახელმწიფოს პირდაპირი მოქმედების შესახებ, რომელსაც უნდა უზრუნველეყო შემოსავლებისა და სიმდიდრის რედისტრიბუცია, მრეწველობის განვითარება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. სკეპტიციზმი იქამდე მივიდა, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეალებზეც კი იმოქმედა.

რა როლი ითამაშეს ეკონომისტებმა და განსაკუთრებით აკადემიურმა ეკონომისტებმა ამ პროცესში? გამართლებულია და სამართლიანად შეიძლება იმის თქმა, რომ აკადემიური ეკონომისტების, მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას, შეიძლება ეწოდოს ნეო-ლიბერალები. მხოლოდ უკანასკნელი სამი-ოთხი ათწლეულია რაც ეკონომისტებმა შეიმუშავეს თეორიები, რომელიც მხარს უჭერს ამ მიმართულებას სახელმწიფოს ჩარევის წინაღმდეგ და მიმართულია ბაზარზე როგორც ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტის გზაზე. აკადემიურ ეკონომიკასა და ნეოლიბერალიზმს შორის კავშირის საპოვნელად კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ ფრიდრიხ ჰაიეკით, რომელიც ცენტრალურ ფიგურად ითვლება ნეოლიბერალიზმში, თუმცა 1930 წლების შემდეგ აკადემიურ ეკონომისტებში მისი იდეები დაბალი ავტორიტეტით სარგებლობდა. 

ჰაიეკის პროგრამა

სოციალისტური იდეების გავრცელებით შეშფოთებული ჰაიეკი თავის მოკლე ნაშრომში ’ინტელექტუალები და სოციალიზმი’ შეეცადა აეხსნა, თუ რატომ ხდებოდა საზოგადოებაში ეს იდეები ასეთი გავლენიანი და გაზიარებადი. ის ამტკიცებდა, რომ მთავარი მიზეზი იყო ადამიანთა ჯგუფი/კლასი, ინტელექტუალების სახით, რომელთაც ჰაიეკი ’იდეების მეორად გადამყიდველებს’ უწოდებდა და რომელშიც შედიოდნენ ’ჟურნალისტები, მასწავლებლები, მინისტრები, ლექტორები, პუბლიცისტები, რადიო წამყვანები, ბელეტრისტიკები, მულტიპლიკატორები და ხელოვნები’ – პროფესიონალი კომუნიკატორები, მაგრამ მოყვარულები ამ იდეების არსში წვდომის თვალსაზრისით.  მათ ავტორიტეტი ეხმარება იმაში რომ მიიტანონ ეს იდეები თავიანთ აუდიტორიამდე, მაგრამ ისინი როგორც არაპროფესიონალები იდეებს განიხილავენ იმის შესაბამისად თუ როგორ არის ისინი მორგებული საერთო მოდურ შეხედულებებს, რასაც საზოგადოებრივი აზრიც შეიძლება ეწოდოს. ჰაიეკის აზრით, ინტელექტუალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეხედულებათა კლიმატის ჩამოყალიბებაში, როდესაც მხარდასაჭერად ირჩევენ ერთ რომელიმე იდეას და კრიტიკულად არიან განწყობილნი რომელიმე სხვა იდეის მიმართ.

ჰაიეკი მიიჩნევდა, რომ ინტელიგენცია უპირატესად სოციალისტურად არის განწყობილი თავისი თვალსაზრისითა და მსოფლმხედველობით. ამიტომ სოციალიზმთან საბრძოლველად სწორი სტრატეგიისთვის საჭირო იყო ფოკუსირება იმაზე რომ მომხდარიყო ამ ’იდეების მეორადი გადამყიდვილების’ ტრანსფორმაცია და მათი გარდაქმნა.

1947 წლის სექტემბერში ჰაიეკმა იმ ხალხის შეხვედრის ორგანიზება მოაწყო, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ’თავისუფლების ფილოსოფიის’ განვითარებით. რისი შედეგიც იყო მონტ პელერინის საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანთა ამ წრეს პირველი შეხვედრის ადგილის სახელის გამო ეწოდა. საზოგადოების მიზანი არ იყო დაუყოვნებლივი გავლენის მოპოვება პოლიტიკაზე, მაგრამ მიზნად დასახული იქნა გრძელვადიანი გეგმა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსაპოვებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ბევრი გავლენიანი თეორეტიკოსი გამოჩნდა, მაგალითად მილტონ ფრიდმანი და სხვები, ჰაიეკი მაინც დომინირებადი ფიგურა იყო, რომლის მთავარი მიზეზი მისი წიგნი ’გზა მონობისკენ’(1944) იყო. ჰაიეკის ეს წიგნი წარმოადგენდა ახალი მოძრაობის მანიფესტს, რომელიც იბრძოდა იმ ფილოსოფიის წინააღმდეგ, რომლის სიმბოლოს ჯონ მეინარდ კეინზი წარმოადგენდა.

მონტ პელერინის საზოგადოება გახდა ცენტრი ქსელისა, რომელშიც შედიოდნენ ინდივიდები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ თავისუფალი ბაზრის იდეით, ანალიტიკურ-სამეცნიერო ცენტრები(think tanks) და აკადემიური ეკონომისტები, რომელთაგან ბევრი ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის წევრი იყო.

იმ დროს როდესაც ჰაიეკი მონტ პელერინის საზოგადოების პირველი შეხვედრისთვის ემზადებოდა, ბიზნესმენ ენტონი ფიშერს დაუახლოვდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა წაკითხული ’გზა მონობისკენ’და რჩევების მოსმენა სურდა, სახელმწიფოს პოლიტიკის გავლენის უკეთესობისკენ შესაცვლელად. ჰაიეკის გამოხმაურება შემდეგნაირი იყო:

’მე მსურს შევუერთდე სხვებს სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის ფორმირებაში, რომელიც მიაწოდებს ინტელექტუალებს უნივერსიტეტებს, სკოლებს, ჟურნალისტიკას, რადიომაუწყებლობას და უზრუნველყოფს ეკონომიკური თეორიისა და ბაზრის  ავტორიტეტულ კვლევებს, ასევე მის გამოყენებას პრაქტიკული საქმეებისათვის.’

საბოლოოდ ეს 1955 წელს განხორციელდა, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტი (IEA).

IEA დარეგისტრირდა, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მკაცრად აპოლიტიკური იყო, მისი მიზანი იყო არა თავისუფალი ბაზრისკენ სწრაფვა(რომელიც შესაძლოა პოლიტიკურად გაჟღერებულიყო), არამედ ’ბაზრებისა და ფასების სისტემის შესწავლა, როგორც ტექნიკური მექანიზმებისა რესურსების განაწილებისა და უპირატესობის მინიჭებისათვის’. მიუხედავად ამისა ინსტიტუტი აკადემიური ეკონომისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ფიგურების ბროშურებისა და წიგნების სერიას აქვეყნებდა, რომელიც სწავლობდა ბაზარს და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის გზებს სახავდა. რის შედეგადაც გავრცელდა ბევრი იდეა,(ისეთები როგორიცაა: პრივატიზაცია, დერეგულაცია და ბაზრის შექმნის მეთოდები) რომელიც საბოლოოდ სახელმწიფო პოლიტიკა გახდა.

მიუხედავად არა პარტიული პოზიციისა, ამ იდეების გავლენა განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაზე მარგარეტ ტეტჩერის ხელმძღვანელობის დროს. გარდა ამისა ეს ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაში იმ პოლისების დაცვითა და პროპაგანდით, რომლებიც ადრე სერიოზულად არ აღიქმებოდა.

IEA-ს შექმნის დროს ფიშერი ეკონომიკური განათლების ფონდის (FEE) გავლენის ქვეშ იყო, რომელიც ნიუ იორკში შეიქმნა და მისი წარმომადგენლები მონტ პელერინის საზოგადოების დაფუძნებაში მონაწილეობდნენ. ფიშერი ამ ფონდს 1952 წელს ესტუმრა. ფონდი 1946 წელს დაარსდა ლეონარდ რიდის მიერ, ავსტრიელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზესისა და ჟურნალისტ ჰენრი ჰაზლიტის მხარდაჭერით რათა ’განევითარებინათ მსოფლიო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე: პიროვნების თავისუფლება, კერძო საკუთრება, შეზღუდული მთავრობა და თავისუფალი ვაჭრობა’. IEA-ს მსგავსად FEE-ც ფოკუსირებული იყო თავისუფალი ბაზრის იდეის გავრცელებით და არა აკადემიური კვლევით. ასეთივე შინაარსის იყო ამერიკულ საწარმოთა ინსტიტუტი (AEI), რომელიც 1943 წელს დაარსდა. 

IEA, AEI და FEE პირველი ანალიტიკური ცენტრები არ იყვნენ, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩამოყალიბდნენ სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის. დიდ ბრიტანეთში არსებობდა ფაბიანური საზოგადოება(დაფუძნდა 1884 წელს), სოციალური და ეკონომიკური კვლევის ნაციონალური ინსტიტუტი(1931) და პოლიტიკურ-ეკონომიკური დაგეგმვის ინტიტუტი(1931). აშშ-ში არსებობდა რასელ სეიჯის ფონდი(1907), ბრუკინგსის ინსტიტუტი(1916) და ეკონომიკური კვლევის ნაციონალური ბიურო(1920). ფაბიანური საზოგადოების გამოკლებით ესენი ძირითადად იყვნენ აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები. მათი სამუშაო დაფუძნებული იყო იმაზე რომ თუნდაც გძელვადიან პერსპექტივში შეექმნათ წანამძღვრები პოლისების გასაუმჯობესებლად.

1970-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავისუფალი ბაზრის ანალიტიკური ცენტრების რაოდენობა, თუმცა მონტ პელერინის საზოგადოება და IEA კვლავ საკვანძო როლს თამაშობდნენ ამ პროცესში. დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა პოლიტიკური სწავლების ცენტრი(1974), ადამ სმიტის ინსტიტუტი(1977) და სოციალური საკითხების ჯგუფი(1980), რომელიც IEA-ს აქტიური მხარდაჭერით შეიქმნა. IEA-ს დამფუძნებელმა ფიშერმა, აგრეთვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კანადური ფრეზერის ინსტიტუტის(1975) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის(1977) შექმნაში, რომელიც მოგვიანებით მანჰეტენის ინსტიტუტი გახდა. 1981 წელს ამით გამხნევებულმა ფიშერმა დაიწყო პროგრამა , რომელიც მიზნად ისახავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ინტიტუტების დაარსებას ’501 არაკომერციული  ორგანიზაციის შტაბ-ბინით ფეირფაქსში(ვირჯინიის შტატი), რომელიც მსოფლიოში თავისუფლებას გაავრცელებს, საბაზრო ანალიტიკური ცენტრების განვითარებითა და გაძლიერების გზით, რომლებიც მთელს მსოფლიოს მოიცავენ’. ამ პროგრამის მისია იყო:

‘აღმოჩენა, განვითარება და მხარდაჭერა ინტელექტუალური მეწარმეებისა მთელს მსოფლიოში, რომელთაც აქვთ პოტენციალი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნისა და შეესაბამება პროგრამებს, რომლებიც ანვითარებენ ჩვენს შეხედულებებს და უზრუნველყოფენ სისტემატურ მხარდაჭერას ასეთი ინსტიტუტებისა და დამუშავებული პროგრამების’.

აშშ-ში ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციად შეიძლება Heritage Foundation მივიჩნიოთ, რომელიც 1973 წელს დაფუძნდა. მიუხედავად AEI-ის არსებობისა, საჭირო გახდა უფრო აგრესიული კონსერვატიული ერთეული, რათა გავლენა მოეხდინა პოლიტიკაზე, ეფექტურად მომუშავე მემარცხენე-ლიბერალური იდეების საწინაღმდეგოდ, რომელიც წარმოებული იყო Brookings Institution-ის მეშვეობით, რომელიც განიხილებოდა, როგორც ნაწილი მემარცხენეების ჩინებულად აწყობილი პოლიტიური მანქანისა. ეს განსაკუთრებით მძაფრად აღქმადი გახდა 1964 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარი გოლდუეთერის გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

სტორმ ტერმონდისა და კიდევ ორი სხვა რესპუბლიკური სენატორის ირგვლივ შემოკრებილმა ჯგუფმა, ლუდის მაგნატ ჯოზეფ ცურსის დახმარებით 1971 წელს ანალიზისა და კვლევის ასოციაცია შექმნა(ARA), რომელიც 1973 წელს Heritage Foundation-დ გარდაიქმნა, რის შემდეგაც მათი პრეზიდენტი ედვინ ფეულნერი მიისწრაფვოდა, რომ შეექმნა ახალი კონსერვატიული კოალიცია, რომელიც ჩაანაცვლებდა რუზველტის ’ახალი კურსის’ მიმართულებას, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ამერიკულ პოლიტიკაში დომინირებდა.

მეორე, დასკვნითი ნაწილის ხილვის შესაძლებლობა ჩვენს მკითხველს უახლოეს მომავალში ექნება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*