ნანა ჩაჩუა : ფიქრები “მწვანე ანთოლოგიაზე”

Share on Facebook78Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

mwvane

ფოტო: ნეტგაზეთი

,,არსებობა წინ უსწრებს არსებას”
ჟან პოლ სარტრი

,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”
შოთა რუსთაველი

“გაყოყოჩებული ცნობიერება” ანუ აპოკალიფსი დღეს

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პროცესების კატასტროფულ ნიშნულთან მიახლოების მზარდ ტემპს ჯერჯერობით ვერავინ და ვერაფერი ამუხრუჭებს. ვითარება მეტისმეტად საგანგაშოდ გამოიყურება. ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების არსებითი მაკავშირებელი და პასუხისმგებელი ადამიანის ცნობიერება სადღეისოდ კაცობრიობის ისტორიისათვის არნახული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. გამომცდელი ფულია, ოღონდ დიდი ფული.

ეკონომიკური ინტერესების მიერ შთანთქმული პოლიტიკა იმდენად ტრაგი-კომიკურად გამოიყურება, რომ უკვე საკმაოდ კარგად შეფუთული დემოკრატიის ნიღაბიც კი მის უსახურ სახეს ვეღარ ფარავს. არსებული ვითარების  გამოწვლილვით გაანალიზებისთვის  მოაზროვნეთა იმ დასს, რომელიც კავკასიური სახლის მიერ გამოცემული წიგნის ,,მწვანე ანთოლოგიის“ ავტორებს წარმოადგენენ, საბედნიეროდ, აღმოაჩნდათ სრული შინაგანი თავისუფლება, პასუხისმგებლობა და შესაბამისად გამბედაობაც, რომ საგნებსა და მოვლენებს დაერქვას თავიანთი სახელები, კერძოდ ის, რომ  ყოველივე ღირებულს  განადგურება ემუქრება.

საბაზრო ფასდების ყველგან და ყველაფერში უპირობოდ დამკვიდრების გამო, სამართლიანობასა და ზნეკეთილობას ყოფითი ცხოვრებისთვის მნიშვნელობა იმდენად დაეკარგა, რომ ადამიანური არსებობის ეს უმნიშვნელოვანესი მახასიათებლები  სრულიად მარგინალიზებული აღმოჩნდა.

რეიტინგს დადევნებული ტელევიზია და ფულად მოგებაზე ორიენტირებული მმართველობა ფორმალურადაც კი ვერ ითავსებს კრიტიკულ ცნობიერებას.  უაპელაციოდ განიდევნა ყველა ფორმის საზოგადოებრივი არენიდან გონივრული სიტყვა. საცნაური და ბევრის მეტყველია ისიც, რომ ,,ცნობილი ადამიანის“ ნაცვლად დამკვიდრდა ,,ცნობადი სახე“, მაშინ, როცა ცნობილი ადამიანი ნიშნავს საქმით გამორჩეულს, ხოლო ცნობად სახეში მოიაზრება მხოლოდ ტელევიზიით მრავალჯერადად ნაჩვენები და დამახსოვრებული ვიზუალი და სხვა არც არაფერი. როცა საქმის ანუ შრომითი მოღვაწეობის მნიშვნელობა იკარგება, მაშინ ავტომატურად უუცხოვდება საზოგადოება თავისსავე თავს, ყოველივე ადამიანურს ე.ი კულტურას. ეს ადამიანური არსებობის სივრცის ჩახშობაა. ეს სახიფათოა!

საბანკო კაპიტალი, როგორც საბაზრო  სივრცის მთავარი აქტორი,  საზოგადოების მხრიდან გაცილებით მეტ კონტროლს ითხოვს. სწორედ ამ სეგმენტს აქვს ,,დიდი ფულის“ ძალა ანუ ის ბერკეტი, რითაც შეუძლია ხელისუფლების ნებისმიერ შტოზე, განსაკუთრებით საკანონმდებლო რგოლზე განუსაზღვრელი გავლენის მოხდენა.  გავლენის მოხდენის მთავარი მოტივი მათი მხრიდან არასამართლიანი, არაჰუმანური ქმდებების დაკანონებაა.

თანამედროვე საბანკო სექტორის უმეტესი ნაწილი, როგორც საბანკო საქმის მცოდნენი აღნიშნავენ, წარმოადგენს ერთ გიგანტურ სოლიტერს, რომელიც ხარბად ღრღნის თავისთავად უკვე დაავადებულ ორგანიზმს. ის, ანუ ბანკი, არ ქმნის არაფერს ახალს, უბრალოდ, შეიწოვს სხვის სიკეთეებს. ბანკირებმა უამრავი გზა გამოძებნეს ამის განსახორციელებლად. თუმცა, ძირითადი მექანიზმი ერთია. მოქალაქეს შეთავაზონ სესხები, რომლებიც საბოლოოდ იწვევს ფასების დაუჯერებელ ზრდას…“.

დიახ, ბანკის მიერ ფულის მოპოვების გზა რენტიერულია ანუ ფულის მოპოვება ხდება სხვის ხარჯზე, უკვე არსებულის ოპერაციული კონტროლით. ,,საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა და საერთაშორისო გადასახადების ბანკმა, არც ისე მემარცხენე ორგანიზაციებმა, ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, თუ როგორ გარდაიქმნა ფინანსური სექტორი აშკარა პარაზიტულ წარმონაქმნად, ნაცვლად იმისა, რომ შეექმნათ სიმდიდრე, ისინი მას, უბრალოდ, ეპატრონებიან“(რუტვერ ბერგმანი).

რატომ ხდება ეს ყოველივე?

იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია!

დიახ, შესაძლებელია ,,დიდი ფულის“ მიერ პოლიტიკაზე ზეგავლენის გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებით, მისი ფინანსური და ფსიქოლოგიური დატყვევებით.

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წევრი და ცნობილი ეკონომისტი გერჰარდ შიკი ,,მწვანე ანთოლოგიის“ ნაწილში – ,,რაღაც ისე არ მიდის“, ფილიგრანული სიზუსტით აანალიზებს თანამედროვე ევროპის პრობლემებს. შიკი მის მიერვე დასმულ კითხვას: და მაინც, ვის ხელშია მართვის სადავეები? ასე პასუხობს: ,,მოქალაქეებს აღარავინ ეკითხება, როდესაც ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან შემდგარი ოდიოზური ,,სამეული“ (ეწ.ტროიკა) საკუთარ ექსპერტებს მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს და რეგულირების პროგრამა მიწოლით გააქვს წაბორძიკებულ ქვეყნებში. საქმე ისაა, რომ ეს სამი ინსტიტუტი, რომელიც მილიონობით ადამიანის კეთილდღეობის ბედს წყვეტს, არ არის უშუალოდ დემოკრატიულად კონტროლირებადი.“

ნებისმიერი დემოკრატიულად არაკონტროლირებადი სისტემა პოტენციური კანონდამრღვევი, მოძალადეა და, მაშასადამე, დამნაშავე. შიკის მიერ აღნიშნული ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ირლანდიის მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბუნდესტაგის წევრებმა ირლანდიელ პარლამენტარებზე ადრე შეიტყვეს, მართლაცდა, რა უნდა იყოს, თუ არა გარედან მართული ანუ ამა სოფლის ძლიერთა ინტერესს დაქვემდებარებული პროცესი?!

რით განისაზღვრება სიძლიერე და რამდენად საიმედო შეიძლება იყოს იგი იმ ძირეული, ფუნდამენტური ღირებულებისათვის, რომელსაც ადამიანური არსებობა ანუ თავისუფლება ჰქვია? ვინ და რა არის დღეს ძლიერი? რა აღმოჩნდა სიცოცხლეზე მეტად ძლიერი ანუ მნიშვნელოვანი?

ადამიანის საარსებო სივრცე, როგორც პროგრესული ან რეგრესული, როგორც ჰუმანური ან არაჰუმანური, მხოლოდ მატერიალურისა და სულიერის თანაფარდობით თუ დახასიათდება. არც ერთ ეპოქას არ ჰქონია მატერიალურის მნიშვნელობის უმაღლეს ხარისხში აყვანის ისეთი მძაფრი მცდელობა, ისეთი ჟინი, როგორც მეოცე საუკუნის დასასრულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისს. წარსულში, ასე თუ ისე, მაინც ხერხდებოდა სულიერთან მატერიალურის დაბალანსების მექანიზმის მოძებნა. რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევდა თავს ხან რელიგია და ხანაც ტრადიცია ან ორივე ერთად, ანუ ზოგადად, კულტურა.  ახლა კი თანამედროვეობა კულტურის  მწვავე კრიზისს განიცდის. უმთავრესი ინდიკატორი მიწის, წყლისა და ჰაერის საგანგაშო მდგომარეობაა. რომელთა მიმართაც, როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული ადამიანების მხრიდან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ნეკროფილური დამოკიდებულება ვლინდება. სასიცოცხლო სივრცის უგულებელყოფა, მისადმი გამანადგურებელი დამოკიდებულება ანუ თვითაგრესია, ანუ  თვითლიკვიდირების იმპულსი, სხვა რა არის თუ არა კოლექტიური ნიჰილიზმი, ყოვლისმომცველი კულტურული პესიმიზმი ანუ ღიად მოცემული ნეკროფილია.

კულტურული პესიმიზმის დომინანტურ მდგომარეობაზე საუბრისას შიკი მიუთითებს პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებულ უფსკრულზე და მოყავს  პოლონელ-ბრიტანელი ფილოსოფოსის ზიგმუნტ ბაუმანის აზრი იმის შესახებ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ,,კარგი საზოგადოების“ იდეის რეალიზების ნება და უნარი ექნება. ,,ამგვარ ეჭვს – წერს ბაუმანი – ბადებს სულ უფრო თვალსაჩინო ნაპრალი ძალაუფლებასა (ეს არის კონკრეტული ქმედებების განხორციელების უნარი) და პოლიტიკას (ეს არის განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი) შორის“.

საბაზრო ფუნდამენტალიზმის პირობებში, ზემოთ აღნიშნული უფსკრული, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ღრმავდება. ფულის ყოვლისშემძლეობა ზენიტშია. რამდენადაც მისი მნიშვნელობა იზრდება,  იმდენად კნინდება ადამიანის ცხოვრებაში არამატერიალურის მნიშვნელობა, მისი არაპრაგმატულობის გამო. სინდისს, სიყვარულს, მეგობრობას, პატრიოტიზმსა და ა.შ. ძალაუფლება ანუ კონკრეტული ქმედებების უნარი აღარ გააჩნიათ. მათი სივრცე დავიწროებულია და შესაბამისად, გაუფასურებული.

წარსულის ვერც ერთი დიდი ეკონომისტი ვერ წარმოიდგენდა ისეთ საბაზრო სისტემას,  სადაც  ბაზარზე გატანილ საქონელს სახმარ და საცვლელ ღირებულებასთან ერთად, ისეთი ფუნქციაც ექნებოდა დაკისრებული, როგორც ეს დამოკიდებულების გამომწვევ საქონელს შეუძლია: ,,აწარმოოს“ თავად მომხმარებელი. რაც დრო გადის ასეთი საქონელი და მომსახურების ფორმა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება რეალობიდან გაქცევის მზარდი ტენდენციის გამო. მათ შორისაა: ნარკოტიკი, სათამაშო ბიზნესის სახეობები, სწრაფი კვების პროდუქტები, კლუბური სპეციფიკური გართობები  და ა.შ.   საბაზრო ფასი მიწოდებისა და მყიდველის ანუ მომხმარებლის პროპორციულ შეფარდებაზეა დამოკიდებული. რადგან ნარკოტიკის შემთხვევაში ერთი მომხმარებელი მასზე დამოკიდებულების გამო  მომხმარებლის სიმრავლედ გადაიქცევა, ამიტომ ნარკოტიკის ბაზარზე შეტანა ფულადი მოგების მიზნით, საკმაოდ პრაგმატულია. დიახ, ადიქციას ანუ ნებისმიერ დამოკიდებულებას ერთი ადამიანი  შეიძლება სამ, ხუთ და მეტ დამოკიდებულ ადამიანად აქციოს. შესაბამისად იზრდება ფულის მოთხოვნაც,  დანაშაულიც და რაც  მთავარია, დგება უაღრესად სამწუხარო შედეგი – პიროვნების წაშლა, დეგრადირება. როგორც დიდი ეკონომისტები ამბობენ, მოთხოვნა ზრდის წარმოებას და წარმოება-მოთხოვნას!

გერმანელი პოლიტიკოსი და მწვანეთა პარტიის წევრი რალფ ფიუქსი როდესაც აანალიზებს ბუნებასა და ადამიანთან მიმართებაში ,,დიდი ფულის“ მაძიებელთა დამოკიდებულებას, “ნამუსდაკარგულ ფულით მოთამაშეებს” უწოდებს მათ. იმ ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც მხოლოდ დიდ ფულად მოგებაზეა ორიენტირებული, ფიუქსის მტკიცებით, ავტომატურად მოჰყვება ეკოლოგიური სტრესის აჩქარება და შესაბამისად, იმავე ტემპით მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბულობა ანუ ჯანმრთელობის გაუარესება. ამავდროულად, საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწვება სიღარიბის საყოველთაო შიში. ფულთან იმდენადაა დაკავშირებული ყოველდღიურობის, ყოფითობის ყოველი დეტალი, რომ გაუცნობიერებლად იძენენ საგნები ფსიქოლოგიურ დატვირთვას. რომელი ფირმის ავტომობილით ვმგზავრობთ, რა ღირებულების ტელეფონით ვსარგებლობთ, რამდენად მდიდრულია ჩვენი მაჯის საათი, სათვალე, სამოსი და ა.შ. ამის მიხედვით ვლაპარაკობთ თუ სად, რომელ სოციალურ ფენას ვეკუთვნით, ამის მიხედვით ხდება სოციუმში ჩვენი მიღება-არმიღება.  ფილოსოფიური ყოფნისა თუ ფლობის არჩევანში ფლობამ ცხადად ,,დაჩაგრა“ ყოფნა. რასაც ფლობ, შენც ის ხარ და არა ის, რას გრძნობ, რას ხედავ, რას განიცდი. ამჯერად ასეთია  ამსოფლიურობის ფაქტობრივი სახე. აქ ვიზუალმა მთლიანად შთანთქა ადამიანური არსებობის არსი, ჭეშმარიტი შემოქმედებითობის მნიშვნელობა.

 თანამედროვეობის პრობლემათა ნუსხაში ყველაზე დიდ სირთულედ ,,დიდი ფულის“ მიერ  ,,ხელისუფლების ყიდვაა“ წარმოდგენილი. რადგან კორუმპირებული პოლიტიკა რეალურად მხოლოდ საგანდაკარგულ ანუ ფსევდოპოლიტიკად რჩება და  ,,დიდი ფულის“ ხელისმსახურობის გარდა, სხვა არც  და ვერც ვერაფერი იქნება. თუმცა, არც გერმანიაში, არც საქართველოში და არც არსად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული კრიტიკული ცნობიერებისათვის დაუნახავი  და გაუცნობიერებული არ არის. მაგრამ ესეც ფაქტია და ამავდროულად, სამწუხარო, რომ უმრავლეს შემთხვევაში მერკანტილურობა ე.წ. ექსპერტთა თუ არასამთავრობო თუ პოლიტიკოსთა ხედვას ისე ამრუდებს, იმდენად ხდება კონფორმულობის სიღრმეებში ჩაძირვა, რომ თავადვე იჯერებენ და იღებენ არარეალურს რეალობად, სიცრუეს სიმართლედ, უსამართლობას სამართლიანობად, სიმახინჯეს მშვენიერებად და ა.შ.

 იურგენ ტრიტინის წიგნმა ,,სიმშვიდე, უმოძრაობა-Made in Germany” (2014წ),  რომელიც ეძღვნება სოციალურ სამართლიანობას, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებს, იმთავითვე საზოგადოების დიდი ინტერესი  გამოიწვია. ,,მწვანე ანთოლოგიის“ მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას  მშობლიურ ენაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობისა და გაანალიზების საშუალება მიეცა, რომელიც ქართული სინამდვილისთვისაც მეტად აქტუალურია და პრობლემური. ესაა: კლიმატის დაცვის საკითხი, ენერგეტიკული გარდატეხის აუცილებლობა, ტრანსპორტის გარდაქმნა, აგრარული განვითარების დაჩქარება და ა.შ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იურგენ ტრიტინის შეხედულებები საბანკო სექტორთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით უნდა შეიქმნას ისეთი საბანკო სექტორი, რომელიც თავის რისკებს თავისსავე თავზე აიღებს. აღნიშნული პრინციპებით მომუშავე ბანკებს გონივრული მასშტაბებიც ექნება და კვლავაც რეალურ ეკონომიკას (მთლიანი ეკონომიკის ნაწილი, რომელიც ფინანსურ ეკონომიკას, ფინანსურ ბაზარს კი არ განეკუთვნება, არამედ რეალურ საქონელთან აქვს საქმე) მოემსახურება. ,,უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ფინანსური ბაზრის ჟონგლიორთა ზღვარგადასული ქმედებების ასევე ზღვარგადასული რეგულირება“ (იურგენ ტრიტინი).

,,მწვანე ანთოლოგიის“ ავტორებს, როგორც ერთს, ისე აერთიანებთ აზრი იმის შესახებ, რომ სიმდიდრის დაგროვების  ტემპში ჩართულ ეკონომიკას დაუნდობლად ეწირება მთელი პლანეტა თავისი მიწით, წყლით, ჰაერით ანუ ფლორით, ფაუნითა და ადამიანებით ანუ სიცოცხლით. ცხადია, არის მცდელობა გამოსავლის ძიებისა, მაგრამ თუ ის კანონით არ გამყარდა, მაშინ ყოვლისმომცველი შიშის მძიმე ტვირთი უფრო დაუმძიმდება  ისედაც ნირწამხდარ კაცობრიულ ცნობიერებას.

,,ჩვენ უახლოესი თაობის ვალი გვმართებს, ეს ასეა – წერს ტრიტინი – ჩვენი ვალია, მათ დავუტოვოთ გამართული პლანეტა, ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა, საზოგადოება, სადაც ცხოვრება ღირს. ჩვენ სოციალური, ტექნიკური, ეკოლოგიური ინვესტიციები გვმართებს ჩვენი მომავალი თაობისა. ჩვენ მათ ვალები არ უნდა დავუტოვოთ, მეტადრე ეკოლოგიური ზიანის ფორმით“.

კანადელი მწერალი და ბუნების დიდი ქომაგი ნაომი კლაინი, რომელიც ცნობილია კორპორაციული გლობალიზაციის პოლიტიკური ანალიზითა და ნეოლიბერალური ეკონომიკური განვითარების კრიტიკით, პლანეტის გადახურების მთავარ ფაქტორად თავისუფალ საბაზრო ფუნდამენტალიზმს მიიჩნევს, რადგან საბაზრო ფუნდამენტალიზმს არა ფული, არამედ დიდი ფული აინტერესებს. ასეთ ფულს ნაომი კლაინმა „ცხელი“ უწოდა. 2014 წლის შუა თვეებში, WTO-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) დაარსებიდან ორი ათწლეულის შემდგომ,  IPCC-მა საბოლოოდ გააცნობიერა გლობალიზაციის რეალობა და თავის ,,მეხუთე შეფასებით ანგარიშში“ აღნიშნა, რომ ,,მთლიანი ანთროპოგენური ნახშირორჟანგის ემისიების მზარდი წილი გამოწვეულია იმ საქონლის წარმოებით, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვისაა გამიზნული“.

დაუსრულებელი ეკონომიკური ზრდის წყურვილის შედეგი  იმაზე მეტია, ვიდრე  წარმოგვიდგენია. კერძოდ, თუ დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებას მილიარდობით წლების შემდეგ მზის ჩაქრობის გამო ვარაუდობენ, მანამდე ერთ-ორი ასეული წელიც კი არ დაჭირდება იმას, რომ  დედამიწელებმა დაჩქარებული წესით ,,მოახერხონ“ ეს, ანუ მზის ჩაქრობას თვითონვე დაასწრონ.

საკუთარ, პიროვნულ პასუხისმგებლობას გაქცეული ადამიანი თვითგანადგურებიდან  საყოველთაო, ყოვლისმომცველ  განადგურებამდე ისე მიდის, იმდენად ავტომატურად ერთვება ამ პროცესში, რომ მისი გაცნობიერებისთვის იოტისოდენა ადგილსაც კი აღარ იტოვებს. სიღარიბის შიშით აღძრული ,,დიდი ფულის“ დაუფლების ვნებას რომ  შეძლებია აზროვნების ბლოკირება, მისი უმოწყალოდ ჩახშობა, ამის  გაცნობიერება და განგაშია ეს წიგნი; საბედნიეროდ, ჯერ კიდევ საიმედო განგაში.

საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული განვითარების მოდელს უკავშირდება, ნაომი კლაინი „ბინძურს“ უწოდებს, რადგან ტრანსპორტირებით გამოწვეული ზიანი კოლოსალურია თავისი მძიმე შედეგებით, ზიანის ლიკვიდირების  ნებისმიერი მცდელობა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არც ის ფაქტი არ უნდა უგულებელვყოთ, რომ ამ დროს კორუმპირებულობის ქსელის გაფართოებას ნებსით თუ უნებლიეთ დიდი ასპარეზი ეძლევა.

ტექნიკური განვითარების პარალელურად გაფართოებულმა სავაჭრო ქსელმა,  შრომის სახელმწიფოებრივმა დანაწილებამ,  ფინანსური კაპიტალის ძალმომრეობითმა საქმიანობამ, ბიზნესის მონოპოლიზებამ, დიდი ფულის მიერ ხელისუფლების ,,დაპყრობამ“ ჭეშმარიტი მეცნიერული აზროვნება ე.წ. ექსპერტებს ისე გადააბარა, რომ მეცნიერების, როგორც შემეცნებითი, ასევე პრაქტიკული  მნიშვნელობა ყოველდღიურობიდან არა მხოლოდ განდევნილი, არამედ ,,დაპატიმრებული“ ანუ ვიწრო სამეცნიერო  წრეებში ჩაკეტილი აღმოჩნდა.

გამოსავლის ძიებამ ცნობილი ეკოფემინისტი პეტრა კელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ,,თანამედროვე სიტუაციაში პოლიტიკას შინაარსებისა და ფორმების ცვლილება სჭირდება, კერძოდ, სამყაროს მთლიანობის თეორიათა ხედვა, ნაცვლად დაყოფისა და დანაწევრებისა.“ და იქვე განაგრძობს, რომ საჭიროა ადამიანებმა შეცვალონ შეგნება საკუთარი ცხოვრების სტილსა და ქმედებებთან დაკავშირებით.

კელის მოთხოვნა, რომელიც ადამიანთა ცნობიერების შეცვლას გულისხმობს, ცხადია, უკეთილშობილესია და ამავდროულად მეტისმეტად საშური. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფსიქოსოციალური ტოქსინების ველში უწევს თანამედროვე ადამიანს ცხოვრება, ცნობიერების ცვლილება რომ დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, ცხადზე უცხადესია. ერთია თანამედროვეობაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროთა თანაფარდობისა და ურთიერთდამოკიდებულების კატასტროფული სურათი, სადაც ეკონომიკური ინტერესების მიერ ყველა და ყველაფერი შთანთქმულია და მეორეა მისი შეგრძნება, აღქმა, აღიარება ანუ გაცნობიერება. სიღარიბის შიშის ველში სოლივითაა შეჭრილი ამწუთიერი ტკბობით ცნობიერების გათიშვის იმპულსი.  რეალობიდან გაქცევის  პერმანენტულ რეჟიმში მყოფ ადამიანს ეუცხოება აზროვნება, მომავლის წარმოსახვა და აქედან გამომდინარე არსებულზე პასუხისმგებლობა. და ეს ყოველივე იმ დროს ხდება, როცა ,,ოფიციალური ეკონომიკა დღემდე არ ითვალისწინებს იმ გლობალურ ზარალს, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად მიადგა დედამიწას“ (პეტრა კელი).

თანამედროვე საზოგადოებას  რაც ესაყვედურება, პირველ რიგში მეტისმეტად გაზრდილი, ზღვარდაკარგული მომხმარებლური ბუნებაა. მაშინ, როცა ამ მზის ქვეშეთში მხოლოდ ადამიანს მიეცა უნარი იმისა, რომ იყოს შემოქმედი და ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარ თავზე, ასევე საზოგადოებასა და ბუნებაზე.

გერმანელი სოციოლოგი და ინდუსტრიული ურთიერთობის მკვლევარი ვოლფგანგ შტეერი  პუბლიკაციაში ,,ნეოლიბერალური რეფორმა“ აანალიზებს და მწვავედ აკრიტიკებს  მომხმარებლურ საზოგადოებას, კაპიტალიზმსა და ნეოლიბერალიზმს სწორედ იმ მიმართულებით, რომ მათ პირობებში შესაძლებელი გახდა სოციალური და საბაზრო სამართლიანობის, ამ ორი ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი პრინციპის ,,გარიგება“ და შემდგომ ერთდროული ლეგალიზება.

საბაზრო სამართლიანობის მიმდევრები, მიუხედავად ამისა, უკან მაინც არ იხევენ და  ცდილობენ პოლიტიკური თვალსაზრისით დომინანტური პოზიციის მოპოვებას. სოციალურ სამართლიანობას მოიხსენებენ, როგორც პარტიკულარისტული თვალსაზრისით ,,პოლიტიკურად“ ბინძურს. საბაზრო სამართლიანობის პოზიციის დამცველები თავიანთ თავს წარმოაჩენენ თითქოსდა პოლიტიკისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ. ცხადია, დიდი ფულით ,,მოჯადოებულ“ პოლიტიკას ბაზარი იყენებს ე.წ. საბაზრო სამართლიანობის სახელის დამკვიდრებისთვის, დემოკრატიულობის ფასადისთვის. ,,ბაზრები – წერს ვოლფგან შტეერი – პიარის დაუღალავი მტკიცებით, თითქოსდა ზოგადი წესების დაცვით ანაწილებს, მაშინ, როცა სინამდვილეში ეს პირიქითაა.“ პოლიტიკასაც თავისი განაწილების ე.წ დემოკრატიული გზა აქვს. ფულად მოგებაზე მორგებული პოლიტიკის გზა, ცხადია, ძალაუფლებასა და ნაცნობობაზე გაივლის. ასეცაა, როგორც პრაქტიკა ადასტურებს. ცნებები: ,,საბაზრო სამართლიანობაც“ და ,,სოციალური სამართლიანობაც“ დიდი ფულისთვის მხოლოდ საპიარო დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.

 ჩნდება კითხვა:  ფსევდოეკონომიკურ  და ფსევდოპოლიტიკურ  ხდომილობათა ველში მოქცეულ ადამიანს  რა არჩევანი შეიძლება ჰქონდეს? ის ხომ არ წარმოადგენს უნივერსალურ ტრანზისტორულ არსებას, ის ხომ იმ სისტემის პროდუქტია, რომელშიდაც ის წარმოიშვა. მაშინ სად, რომელ ველში უნდა იგრძნოს მან თავი ადამიანად? სად გამოხატოს თავისი თავი?

თუ ადრეულ პერიოდში ადამიანი მუდმივ და მჭიდრო კავშირში იყო სამყაროსთან მიწით, წარსულით, ნათესაობით  და მისი გადარჩენა დამოკიდებული იყო დადგენილ ერთობლივ თანამშრომლობაზე, ახლა იგი მიჯაჭვულია მხოლოდ ფულზე. შედეგიც შესაბამისი დადგა: ადამიანური  ურთიერთობები თავიანთი ჭეშმარიტი მნიშვნელობისაგან  კრიტიკულ ზღვრამდე განძარცვული აღმოჩნდნენ!

,,მწვანე ანთოლოგიაში“ გამოქვეყნებულია განათლებით ფილოსოფოსის რუდოლფ ბაროს ,,გადარჩენის გზის აქსიომები“, სადაც ავტორი თეზისების სახით გადმოსცემს არა მხოლოდ არსებულ პრობლემებს, არამედ მისი გადაწყვეტის  პერსპექტივაზეც არგუმენტირებულად საუბრობს. ბარო ცდილობს საზოგადოების ყურადღება შეაჩეროს იმ გარემოებაზე, რომ ,,არსებობს რაღაც, რაც ტექნიკურ და თუნდაც სოციალურ სტრუქტურებზე უფრო მნიშვნელოვანია“.

ბაროს მიაჩნია, რომ ევროპამ, განსაკუთრებით კი გერმანიამ უნდა იტვირთოს დედამიწის ყოველმხრივი გადარჩენა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, რადგან სწორედ აქ  ჩაისახა ეს თვითმკვლელობად ქცეული კულტურა. ხოლო გერმანიამ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა იმით, რომ იგი  XX-საუკუნის  ორი დიდი კატასტროფის მთავარი მიზეზი გახდა.

ბაროს მიერ თვითგამანადგურებელი კულტურის პასუხისმგებლობის დაკისრება ევროპისთვის ერთი შეხედვით შეიძლება გადაჭარბებული მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ  დასავლური დემოკრატიის თავდაპირველი მდგენელების მიხედვით ვიმსჯელებთ, მის ფალსიფიცირებასა და სიმულირებაზეც პასუხისმგებლობა ევროპულ ცნობიერებას რომ დაეკისროს, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნება. დიახ, ძველ ბერძნულ კულტურაზე, ქრისტიანულ ფასეულებებსა და ლიბერალურ ეკონომიკაზე დაფუძნებულ ევროპას ძალუძს მოვლენების მიუკერძოებელი ხედვა,  მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სიღრმისეული წვდომა და შესაბამისი კონსტრუქციული მოქმედება. წიგნის ,,მწვანე ანთოლოგიის“ მთლიანი პათოსიც  ეს არის.

ფსიქოანალიზური სქემის აზრობრივი გათამაშებით  ევროპა უფრო კაცობრიობის  ego ანუ, რეალობის პრინციპით მოქმედი შრე იქნებოდა, აზია თავისი კოლორიტული კულტურითა და ენერგიით, ჯერ კიდევ მრავლად ამოსახსნელი საიდუმლოებით აღსავსე id ანუ ინსტიქტების ჭეშმარიტი სამეფო, ხოლო აშშ  super ego ანუ ზე-მე, მორალის პრეტენზიით აღჭურვილი დიდი კითხვა- ძახილის ნიშანი.

ფრიდრიხ რატცელის სივრცული გრძნობის თეორია აშშ-ის მხრიდან საბოლოოდ პლანეტარული სივრცული გრძნობის პრეტენზიაზე წინასწარმეტყველებს. ოსვალდ შპენგლერიც ,,ევროპის მზის ჩასვენებას“ ისე ხედავს, როგორც კაცობრიობის უდიდეს განსაცდელს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური თანხვედრილობა და  ურთიერთგანპირობებულობა არაერთი მოაზროვნისთვის აღმოჩნდა სერიოზული ინტერესისა და კვლევის საგანი.

უკვე სრულიად დაუფარავად, ხმამაღლა ცხადდება, რომ ფლობისა თუ ყოფნის საკითხი თანამედროვე ევროპისთვის ყველა გამოწვევას შორის ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევაა, რაც კი ოდესმე მის წინაშე მდგარა. ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების ცალ-ცალკე ანუ გაღმა-გამოღმა ნაპირზე დგომა  საგანგაშოდ სახიფათო ზღვრამდეა მისული. ,,ერთადერთი შანსი,-  წერს ბარო,-  ახალ ცნობიერებაში უზარმაზარი ნახტომი გახლავთ“. ეს ნახტომი ცნობიერების ტრანსფორმაციაა, ადამიანის არსებასთან დაკავშირებული ძალების განახლებული ინტეგრაცია, რაც აღმოსავლური ,,ყოფნისა“ და დასავლური ,,ფლობის“ ერთიანობაში, მათ მორგებაში იქნება ასახული. თუ აღმოსავლეთის ადამიანისთვის, როგორც ფილოსოფოსები აღნიშნავენ, ყვავილის მშვენიერება მის ჭვრეტაში განიცდება, დასავლეთის ადამიანი ყვავილს უცერემონიოდ მოწყვეტს და შინ, მაგიდაზე ლარნაკში ჩადებს. გოეთემ თავის დროზე საუკეთესო გამოსავალს  მიაგნო: ყვავილი გადაირგას საყვავილე ქოთანში!  მას შემდეგ დრომ ბევრი სიახლე მოიტანა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, განვითარების თვალსაზრისით, ის, რაც წინა 250 წლის განმავლობაში კაცობრიობამ გაიარა, ის ტემპი აღარასოდეს განმეორდება. უფრო მეტიც: განვითარება  შეჩერდა!

ბაროსთვის გოეთეს საყვავილე ქოთანი თავად დედამიწაა, რომელსაც შენვე რწყავ, მზის შუქს არ უჩრდილავ და მიწას უფხვიერებ. ეს ყოველივე კი, ისევ ბაროს თუ დავესესხებით, ,,შიგნით მიმართული გასხივოსნებაა“. ,,შთაგონება ზევიდან კი არა, შიგნიდან მოდის, როგორც ევოლუციის ასპექტი, მისი შინაგანი გზამკვლევი სხივი მუდამ ჩვენივე გენოტიპის სახით გვეძლეოდა. ისაა ჩვენი ბუნებისა და  ჩვენში განფენილი მთელი ბუნებისთვის ფორმისა და შინაგანი წესრიგის მიმნიჭებელი ასპექტი, განურჩევლად იმისა, ვიცით ჩვენ ეს თუ არა. მაგრამ, ვიდრე ამას არ გავიაზრებთ, ვიდრე მასთან შეგნებულ ზიარებაზე არ ავაგებთ ჩვენს კულტურას, ვიდრე ყველანი არ მივიღებთ მონაწილეობას და ამის საფუძველზე ერთნი არ გავხდებით, ინდივიდუალური გენოტიპებით როგორც უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან,-ჩვენი შეზღუდული წვდომითა და შეზღუდული მიზნებისაკენ მიმართული ქმედებით მუდამ დავარღვევთ ბუნებრივ წონასწორობას“. (რუდოლფ ბარო).

ძნელია, არ დაეთანხმო ბაროს, რომ ყველა სოციალური უბედურების მიზეზი ჩვენივე ფსიქიკაა. სიხარბის ვნებას აყოლილი ადამიანი ადვილად ატყუებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ შეუძლია ,,უმწიკვლო“ ადამიანის რეპუტაციის სახელით  ცხოვრება.  ოღონდაც ასეთი სიყალბის მთელი ფსიქოლოგიური ძალა ისაა, რომ თავადვე სჯერა თავისივე ტყუილის. ცივილიზაციის ის ჯადოსნური ყუთი, რომელსაც ტელევიზორი ჰქვია, სხვა რაღას აკეთებს? განა მას არ ხელეწიფება მცირედი სიმართლის ფონზე დიდ-დიდი ტყუილების ფიგურებად გადაქცევა?

ზემოთ აღნიშნული ლამის უსასოო ლაბირინთიდან  გამოსასვლელად ეროსის, ლოგოსისა და შრომის ერთმანეთთან შერიგება და მის პრაქტიკაში გადატანაა ბაროსთვის უმთავრესი, რომელიც მისი აზრით შაბათის ცნებიდან გამომდინარეობს და, რომელიც მხოლოდ მაღალგანვითარებული კულტურისთვისაა მისაღწევი. (შაბათის ცნება იხ. ერიხ ფრომი).

სამწუხაროდ, მაღალგანვითარებულ კულტურაზე იქ ვერ ვილაპარაკებთ, სადაც დაკარგულია პოლიტიკის ნდობა, სადაც შრომასა და კაპიტალს შორის ბალანსი დარღვეულია, სადაც ხელისუფლებიდან ვერ ხდება დასაქმების უზრუნველყოფა, სადაც მოსახლეობა განიხილება, როგორც მხოლოდ ელექტორატი და ა.შ. აღნიშნული პირდაპირ მიმართულია ადამიანთა კომოდიფიცირებაზე (მოხმარების საგნებად გადაქცევა). იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღნიშნული პროცესის დაძლევა,  კარლ პოლანი დაბეჯითებით აცხადებს, რომ სრული კომოდიფიცირების შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ ფაშიზმს, იმაზე უფრო მძიმე ფორმით, ვიდრე  იყო.

ევროპის მიზანი, თავიდან აიცილოს ახალი ფაშიზმი და ტოტალიტარიზმი, უპირველესად ითხოვს დემოკრატიის ნიღბის ქვეშ დაფარული ფაშიზმისა და ტოტალიარიზმის შემცველი ელემენტების დაუყოვნებლივ ამოცნობას. ამერიკელ ეკონომისტს რობერტ გორდონს ამ მხრივ ევროპა დიდად არ ეიმედება, რადგან  მისი აზრით ევროპის უმეტესი ქვეყნები სწრაფად ბერდებიან. როცა დასაქმებულებმა გადაინაცვლეს საამწყობო კონვეიერიდან სერვის სექტორში, შეიცვალა ეკონომიკური განვითარების გზები – ეკონომიკური ურთიერთობები, საქმიანობის მახასიათებლები, ზოგადად პოლიტიკები და რაც მთავარია, სიღარიბისა და უმუშევრობის საშიშროება ხელს უშლის სტაბილური და საიმედო მომავლის დაგეგმვას.

,,მწვანე ანთოლოგია“ არა მარტო ხედავს არსებულს და ამხელს ამ მწარე ბოროტების სათავეს, არამედ გადარჩენის გზაზეც მიუთითებს.

სამყაროს ერთიანობა სხვას რას უნდა გულისხმობდეს, თუ არა მის მრავალფეროვნებაში რაღაც საერთოს არსებობას?  ძველი ბერძნები ასეთ საერთოს ბუნების მოვლენებში ეძებდნენ. ჰეგელი აღმოჩნდა ის, ვინც ბუნების, საზოგადოებისა და ცნობიერების განვითარების მიმართულებით ერთიან კანონებს მიაგნო. აქედან გამომდინარე არაორგანულ და ორგანულ სამყაროს, საზოგადოებას, ცნობიერებას ინდივიდუალური მოცემულობის შემთხვევაშიც ანალოგიური მომენტები რომ აღმოაჩნდეთ, ალბათ გასაკვირიც არ იქნება.

ადამიანთა სიმრავლე, რომელსაც ხალხს ვუწოდებთ, ერთ შემთხვევაში შეიძლება საზოგადოებას წარმოადგენდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში-არა. ეს იმის მიხედვითაა თუ როგორია მის წევრთა შორის შეჭიდულობის ხასიათი და რა ფასეულობები აკავშირებთ  მათ ანუ რა არის მათი საზიარო ნორმები. საზიარო ნორმების ნაკლებობა, მისი შესუსტება საზოგადოებას ყოველთვის დაშლით ემუქრება. ზნე-ჩვეულებებითა და ტრადიციებით, ადამიანი გარკვეული დოზით იმ საკრალურთან ურთიერთობს, რომელიც მისი ფსიქიკურის ერთგვარი დაცვის ფუნქციას ტვირთულობს და პროფანულსაც გარკვეული დოზით ემიჯნება. ასეთი საზოგადოება ახერხებს საზიარო ღირებულებებით ცხოვრებასა და შინაგანი სტაბილურობისა და სიმყარის განცდაც საკმარისად გააჩნია.

პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული, მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ასოცირება ალმასთან უპირველესად თავად ალმასის აღნაგობის სტრუქტურიდან გამომდინარე სიმტკიცესთანაა დაკავშირებული. ალმასიცა და გრაფიტიც ხომ ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებებია, მაგრამ ერთი მყარია, მეორე კი – რბილი და ამიტომაც ადვილად კარგავს ფორმას, ადვილად იფშვნება. ცხადია, რადგან ალმასის ატომებს შორის ბმა მტკიცეა, ხოლო გრაფიტის ბმები სუსტია. საზოგადოების შემადგენელ ელემენტებსაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, ალმასისებრი მტკიცე ბმები ანუ საზიარო ნორმებით განპირობებული საიმედო კავშირები გააჩნია, რაც მისი ერთიანობის ანუ მთლიანობის  საფუძველთა საფუძველია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ XXI-საუკუნის ადამიანმა ყველაფერთან ერთად საკუთარი თავიც მოხმარების საგნად გადააქცია. ეს კი ადამიანურ ცხოვრებასთან ცდომილების უკვე ის ზღვარია, რომლის იქითაც დასასრულია, ამიტომაც, სწორედ  აქ, ამ დროში როგორც გარდუვალი, კანონზომიერი პროცესი ამოხეთქავს სიცოცხლის ტენდენციის მატარებელი ძალა. ეს ძველში ახლის დაბადების მისტიური მომენტია-მტკივნეულიც და ამაღლებულიც.  მანამდე კი არსებულის გაცნობიერება, როგორც დილემის გასაღების მიგნების აუცილებლობა,  ისე დგას თანამედროვეობის წინაშე.

 თუმცა, წინ მაინც დიდი შიშია, გაცნობიერების ირაციონალური შიში, რომელიც, პრობლემის სირთულიდანაც გამომდინარეობს და რამდენადმე ,,თავლის სითბოს“  ხიბლსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. ერთი კი ცხადია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,კაცად კაცადმან თვისი ტვირთი  იტვირთოს“. ცხადია, ეს არც მოთხოვნაა, არც მოწოდებაა. ეს ვალდებულებაა- შინაგანი  ვალდებულება!

შინაგანი ვალდებულების იგნორირება, როგორც კლასიკური გაუცხოება სადღეისოდ უზარმაზარ ფიზიკურ და სულიერ ტვირთად აწევს მთელ პლანეტას. ცნობილი ეგზისტენციალისტი მხატვრის ედვარდ მუნკის ნახატებს ,,შიშსა“ და ,,კივილს“ სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ სრულად დაემსგავსა კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა.  ცნობიერების გამოცოცხლების იმედიც სათუოა, თუ დიდი ძალისხმევა არ განხორციელდა საამისოდაც.

კარლ გუსტავ იუნგი, როცა ,,გაყოყოჩებულ ცნობიერებაზე“ ლაპარაკობს, იქვე აღნიშნავს,  რომ: ,,საკუთარი თავითვე დაჰიპნოზებულ ცნობიერებას განსჯის უნარი დაკარგული აქვს. ინფლაცია ცნობიერების რეგრესს იწვევს და მას არაცნობიერ მდგომარეობაში აბრუნებს. ეს ხდება ყოველთვის, როცა ცნობიერება არაცნობიერის შინაარსს თავის თავზე იღებს და განსხვავების უნარს conditio sine qua non კარგავს“.  აღნიშნულის დასტურად იუნგი კონკრეტულ მაგალითს მიუთითებს: ,,როცა ბედისწერამ ევროპის სცენაზე შემზარავი ომი გაითამაშა, ომი, რომელიც არავის სურდა, არ მოინახა არავინ, ვინც თავის თავს დაუსვამდა კითხვას: რამ ან ვინ გამოიწვია ეს საშინელება? ვერავინ მიხვდა, რომ ევროპელი რაღაცას შეეპყრო, რამაც მას ნებელობა წაართვა. წერას ატანა და არაცნობიერი მდგომარეობა მანამ გაგრძელდება, სანამ ევროპელს ერთხელაც საკუთარი ,,ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა“ არ შეაშინებს“.

ევროპა  დღეს, მართლაც, შეშინებულია. ეს ეგზისტენციალური შიშია, ანუ სასიკეთო შიში.

სიცარიელისა და შიშის განცდის ბოლომდე მიყვანით, შეიძლება ადამიანმა საკუთარ არსებობას გარკვეული დანიშნულება და საზრისი მიანიჭოს და არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს (სიორენ კირკეგორი).

დიახ, ეს იუნგის ,,ნანატრი“ შიშია  –  ევროპისა და არა მარტო ევროპის გადარჩენის შიში! ,,მწვანე ანთოლოგიაც“, როგორც ამ შიშის კეთილი ნაყოფი, ისე წარმოჩნდა ახლა მკითხველის წინაშე და იმ სამოთხის გადასარჩენად გველაპარაკება, სადაც ვიყავით, ვართ და იმედია  ვიქნებით.

Share on Facebook78Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.