ლიბერტარიანული ევროფარსი 26 მაისის მოვლენებს აფასებს

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
დღეს კოალიციამ "ევროპული საქართველოსთვის" გამოაქვეყნა 21-26 მაისის მისეული შეფასება. სანამ თავად შეფასებაზე გადავიდოდით, თანამედროვე ინტელექტუალურ ელიტასთან ახლოს არმყოფ საზოგადოებას ავუხსნი თავად კოალიციის რაობას.  კოალიციაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. კოალიციის საბჭოს აკომპლექტებენ ცნობილი პოლიტოლოგი _ გია ნოდია, ლიბერტარიანული ჟურნალი ტაბულას რედაქტორი, და ცნობილი პოლიტიკოსის _ გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე _ ლევან რამიშვილი, ცნობილი ეკონომისტი  _ მიშა თავხელიძე და სხვა, უბრალო ხალხისთვის არც ისე ცნობილი ადამიანები. გასული წლის დეკემბერს დაარსებული კოალიციის მანიფესტის თანახმად „სინდისისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, შემწყნარებლობა განსხვავებული აზრისა და მრწამსის მიმართ, მოქალაქის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში არის კოალიციის მთავარი პრინციპები.

ახლა კი დავუბრუნდეთ კოალიციის დღევანდელ განცხადებას:

"ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის 21–26 მაისს, "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული აქციები იყო არა საქართველოს შიდა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ეროვნული ინტერესებით განპირობებული ქმედება, არამედ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის მიერ წარუმატებლობისთვის განწირული მაპროვოცირებელი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სისხლის ღვრის მოწყობას, დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას.
გვინდა, გამოვხატოთ ღრმა გულისტკივილი 2011 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვის გამო და თანადგომა გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ: დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად ბუნებრივი და სასარგებლოა დისკუსია 26 მაისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის ლეგიტიმურობისა და მისი ჩატარების დროს გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესახებ. რაც მოხდა, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იყო და ამ ეპიზოდის სწორი შეფასება აუცილებელია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის.
ეს შეფასება უნდა დაემყაროს იმ ზოგად პრინციპს, რომ სწორად იყოს დაბალანსებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ყველა ღირებულება. კერძოდ, ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და მათი უსაფრთხოება. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ დაუშვებელია, როცა ის ემსახურება ძალადობის გამოწვევას.
26 მაისის ღამეს პოლიციას საქმე ჰქონდა არა "მშვიდობიან დემონსტრანტებთან" (როგორც ზოგიერთი უფლებადამცველი და პოლიტიკოსი არასწორად აცხადებს), არამედ შეიარაღებულ ექსტრემისტულ ჯგუფთან, რომლის მიზანი იყო ძალადობის გამოწვევა. აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, ჩაეშალათ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ზეიმი, ხელისუფლების ძალადობაზე შეგნებულ გამოწვევას გულისხმობდა. არსებობს სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ხორციელდებოდა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც აქციის გაგრძელებას აღარ ჰქონდა არავითარი ლეგალური საფუძველი და ამასთანავე მათ შეეთავაზათ აქციის გაგრძელება ნებისმიერ ალტერნატიულ ადგილას, სახელმწიფოს მხრიდან სრულიად გამართლებული იყო აქციის აღკვეთა ძალის გამოყენებით. სამართლიანია, რომ თვით გადაწყვეტილება აქციის დაშლისა არ იწვევს არც ერთი კომპეტენტური შემფასებლის ეჭვს. ამასთან, რაკი წინასწარ ცხადი იყო, რომ პოლიციას საქმე ექნებოდა ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფთან, გამართლებული იყო ამგვარი აქციების დასაშლელად კანონით გათვალისწინებული ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენება, რათა ექსტრემისტებს მინიმალური შანსები დარჩენოდათ ფართომასშტაბიანი ძალადობის პროვოცირებისთვის.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: კანონის სრული დაცვით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, გამოიძიოს აქციის ორგანიზატორთა მოქმედება და გადადგას ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯები;
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეისწავლოს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა ბრალდება და ადეკვატური ზომები მიიღოს დამნაშავეთა მიმართ",-ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების ავტორები ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ობიექტური პოზიცია უკავიათ, თუმცა აქციის მონაწილეთა მიმართ „ყველაზე ეფექტური ზომების“ გამოყენების გამართლება მხოლოდ ვარაუდებით და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით სათავეში ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებული აქვს კოალიციას და რომლითაც ხელმძღვანელობს თანამედროვე ევროპა. ამ დროს, საქმე გვაქვს ორგანიზაციასთან, რომელსაც პრეტენზია აქვს  ყველაზე ფართო საზოგადოებრივი გაერთიანებაზე“ რომელიც გეგმავს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართვას.  „კოალიციის მიზანია, გახდეს საქართველოს ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი საზოგადოებრივი ძალა" – ნათქვამია კოალიციის ერთ-ერთ განცხადებაში. თუმცა კოალიციის საბჭოს წევრების განცხადებები და პოზიციები აშკარად ეწინააღმდეგება ზოგადევროპულ ღირებულებებსა და დემოკარტიის პრინციპებს.

27 მაისს, კოალიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მიშა თავხელიძე რადიო „პალიტრის“ გადაცემა ცენტრში გამოსვლისას ცდილობდა გაემართლებინა 26 მაისს პოლიციის მხრიდან აქციის დარბევაში გამოყენებული სისასტიკე. მაგალითად, მისი განცხადებით, ქართულ პოლიციასთან შედარებით გაცილებით სასტიკია საფრანგეთის და შვედეთის პოლიცია. „ჩვენი პოლიციის პრაქტიკა არ განსხვავდება ნებისმიერი სხვისგან, როცა პოლიციელზე მოდის ჯოხიანი კაცი, პოლიციელს ფიქრის დრო არა აქვს, მან უნდა გათიშოს ის ადამიანი“ _ აცხადებს თავხელიძე და დარწმუნებულია, რომ ამერიკელების მიერ დაფინანსებული ტრეინინგები პოლიციისთვის, სადაც ინსტრუქტორებად ოლსტერის პოლიციელები გამოდიოდნენ, მიმართული იყო იმისკენ, რომ ესწავლებინათ ქართველი კოლეგებისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს დემონსტრაციის დაშლა ხალხისთვის მინიმალური ზიანის მიყენებით.

            ამ პოზიციის შეცვლა ვერ მოახერხა ვერც გადაცემის წამყვანმა შალვა რამიშვილმა, რომელმაც აჩვენა თავხელიძეს სპეცრაზმელებისგან განიარაღებული და უსაფრთხო ახალგაზრდების ცემის ამსახველი ფაქტები. თავხელიძესაც და კოალიციას რომ არ გამოუვიდეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მოვიტანთ რამდენიმე ფაქტს მაგალითად, საფრანგეთში აქციების დარბევიდან.

2005 წელს საფრანგეთში პოლიცია დაედევნა 2 ხულიგანს, რომელიც ცდილობდა  გაქცეოდა პოლიციას და ამ ცდაში დაიმალა მაღალი ძაბვის ჯიხურში, რის შედეგად ორივე დაიღუპა. საფრანგეთის ახალგაზრდობა აღაშფოთა პოლიციის დაუდევრობამ, სისასტიკემ და ამ მიზეზით გამოწვეულმა ტრაგედიამ, რასაც მოჰყვა ტოტალური გამოსვლები პოლიციის წინააღმდეგ პარიზში, ლიონში, მარსელში და ა.შ. ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაწვეს 28 000 მანქანა, ისროლეს უამრავი ქვა და „მოლოტოვის კოქტელი“, მაგრამ შედეგად ამ აქციებს, რომლებიც ასევე არ გამოირჩეოდა არააგრესიულობით, დაკავებული იქნა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, ოღონდ არ მომხდარა ის, რაც მოხდა თბილისში, დაკავებულები არ უცემიათ, მითუმეტეს ხელბორკილებით, და შემდეგ არ უპოვიათ გარდაცვლილები სახურავებზე.

2009 წელს პროფკავშირები ქუჩაში გამოვიდნენ სარკოზის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, დემონსტრანტებმა ბოთლები და კვამლის ბომბები ესროლეს მიმდებარე მაღაზიებს. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, მაგრამ ამით დემონსტანტები ვერ დააშოშმინა. დემონსტრანტებმა ცეცხლი მოუკიდეს მანქანებს. პოლიცია მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი, მაგრამ დემონსტრანტები უკვე მზად იყვნენ შტურმით აეღოთ ელისეის სასახლე. შტურმი ჩაიშალა, პოლიციამ მოახერხა შტურმის შეჩერება ხელკეტებითა და გაზით, რის შედეგადაც დააკავეს 30, ხოლო შემდეგ დააპატიმრეს 13 ადამიანი. სავადმყოფოში მოხვდა მხოლოდ ერთი პოლიციელი.

რთული არაა საფრანგეთისა და საქართველოს შედარება. საქართველოშიც, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით (რაც მოქალაქეთა უფლებაა) გამოვიდა ხალხის ნაწილი, რომელთა ნაწილს ხელში ეჭირა პლასტიკის მილები (თავისთავად მილის ჭერა აკრძალული არაა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი აკრძალულია). დემონსტრანტებმა ამოწურეს ქუჩის გადაკეტვისთვის ხელისუფლებისგან მიცემული ვადა და მხოლოდ ამ მიზეზით (და არა გადატრიალების მცდელობის) დაიწყო სპეცრაზმმა ოპერაცია. ანუ, იმ მომენტში პოლიციის ოფიციალური მიზანი იყო არა შესაძლო ფართომასშტაბიანი ძალადობის ან სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა, არამედ ვადაამოწურული აქციის მონაწილეებისგან გამზირის გათავისუფლება. კოალიციის შეფასება კი ბევრად შორს არის გაჭრილი, მათი შეფასებით, აქცია ასე სასტიკად დაიშალა იმიტომ, რომ ეს იყო „მაპროვოცირებელი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სისხლის ღვრის მოწყობას, დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას.“

კოალიციისთვის პრობლემა იმაშია, რომ ეს ვერსია ხელისუფლებამ გაახმაურა აქციის დაშლისა და აღლუმის ჩატარების შემდეგ. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ ეს არის ჯერჯერობით ვერსია, რომელიც ფრთებს შეისხავს მხოლოდ სასამართლო ვერდიქტის შემდეგ. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იყვნენ დემოკრატიის ფლაგმანი ევროპულ ინტეგრაციაში ეს ყველაფერი ჩანს, როგორც ხელისუფლების ქმედების გამართლება.

რა საჭირო იყო მხოლოდ აქციის დაშლისთვის რეზინის ტყვიების გამოყენება, ან თუნდაც გაზი, როცა წყლის ჭავლიც საკმარისი აღმოჩნდა ტერიტორიის გასაწმენდად? რა საჭირო იყო შეკრებილი, თუნდაც აგრესიულად განწყობილი ადამიანების ალყაში მოქცევა და ალყის შიგნით ყველას, სათითაოდ ცემა? რა უფლებით ცემდა პოლიცია ბორკილებიან ან ხელებაწეულ ადამიანებს? სად ნახა თავხელიძემ საფრანგეთში ისეთივე მოქმედება, როგორც თბილისში? საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილმა ლამის შტურმით აიღო ელისეის სასახლე და მათ მიმართ არ ყოფილა სისასტიკე, ქართულმა პოლიციამ კი 3 ადამიანი მიიყვანა სიკვდილამდე. რომც დავიჯეროთ, რომ ხელბორკილებიანმა დემონსტრანტებმა მოახერხეს გაქცეოდნენ ჯერ გამგელებულ სპეცრაზმელებს და შემდეგ გადარჩენის იმედით ამძვრალიყვნენ იქ, სადაც მაღალი ძაბვა იყო, მაინც პოლიციაა პასუხისმგებელი. საფრანგეთი, პოლიციის ამაზე ნაკლები ქმედების გამო ფეხზე დადგა. საბერძნეთში დემონსტრანტის სიკვდილმა მინისტრებს პოსტები დააკარგვინა, საქართველოში კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ავანგარდი პოლიციის ქმედებებს ამართლებს.

თუმცა გასაკვირი არაა. იგივე მიშა თავხელიძემ, გადაცემაში ახსენა, რომ ერთადერთი პრობლემა, რის გამოც მსურველი ვერ გაერთიანდება კოალიციაში, არის მისი სოციალისტობა. ეს მაშინ, როცა მთელი კონტინენტური ევროპა სოციალურ ბაზაზე დგას, ფაქტობრივად მთელი ევროპა სოციალისტურია. საინტერესოა, რა აზრის იქნებიან საქართველოში არსებული ევროპული ქვეყნების საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა გაიგებენ, რომ კოალიცია „ევროპული საქართველო“ დაკეტილია სოციალისტებისთვის. რასაკვირველია დაკეტილი იქნება, რადგან კოალიციის საბჭო წარმოადგენს სააკაშვილის ლიბერტარიანელ იდეოლოგთა ნაკრებს, რომელსაც მეგობრობა შეუძლია მხოლოდ ამერიკელ ნეოკონებთან. კოალიციის ერთ ერთ ლიდერს _ ლევან რამიშვილს კოალიციის შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, თავის facebook გვერდზე ედო კომენტარი _ „ევროკავშირში გაწევრიანება უდრის ბილეთს „ტიტანიკზე“. მას ფეისბუკის ფოტოგალერეა სავსე ქონდა ბარაკ ობამას კარიკატურებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ობამა ატარებს მემარცხენე სოციალურ პოლიტიკას და ამავდროულად წარმოადგენს ნეოკონების საფრთხეს. ობამას დაცინვას არც მეორე ლიდერი _ მიშა თავხელიძე ერიდება. იმავე გადაცემაში მან განაცხადა „ობამა პირველად შევიდა ისტორიაში იმით, რომ შავკანიანი გახდა პრეზიდენტი, მეორედ იმიტომ, რომ ნობელის პრემია მიიღო არაფერში _ ავანსად და მესამე _ შანსი აქვს გახდეს მე4 პრეზიდენტი აშშ-ში, რომელსაც მეორე ვადით არ აირცევენ“. დაცინვა აშკარაა. თუმცა, ეს უფრო აშშ-ს საელჩოს პრობლემაა ვიდრე საქართველოსი. ჟურნალი ტაბულა ასევე არ მალავს თავის დამოკიდებულებას როგორც მემარცხენეობისადმი, ასევე ობამასადმი. კოალიციის ვარსკვლავი _ კახა ბენდუქიძე იმავე „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ ფუტურისტულ წერილში „თბილისი 2034“ საკმაოდ ღიად აჩენს დამოკიდებულებას უუფლებო ევროპისა და ევროკავშირის მიმართ. „ტაბულა“ ცნობილია თავისი ევროსკეპტიციზმით და ანტიმემარცხენეობით, ასევე ცნობილია, რომ კოალიციის საბჭოს თითქმის ყველა წევრი აქვეყნებს სტატიებს ამ ჟურნალში.

მოკლედ, კოალიციის დამოკიდებულება 26 მაისის „ბართლომეს ღამის“ მიმართ გარკვეულია _ სისხლისღვრას ამზადებდნენ თურმე სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე „შეიარაღებული“ ექსტრემისტები და შესაბამისად გამართლებული ყოფილა მათ წინააღმდეგ  ყველაზე „ეფექტური“ ზომების გამოყენება. ხელისუფლების მხარდამჭერ და იდეოლოგიური ცენტრისგან გასაკვირი არ არის. გასაკვირი სხვა რამეა, რატომ დაირქვეს ევროსკეპტიკოსმა ლიბერტარიანელებმა და ნეოკონებმა კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“? როგორ შევა მათი დახმარებით საქართველო სოციალურ ევროპაში, თუ კოალიციაში არ შეუშვებენ სოციალისტებს? როგორ დავიჯეროთ, რომ ეს ხალხი იზიარებს თანამედროვე დასავლურ ღირებულებებს, თუ ისინი არ იცავენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, თუ მათთვის პროფკავშირები ბოროტებაა, თუ მემარცხენეობა დასაგმობია და თუ ჰუმანიზმი მხოლოდ მანიფესტში ჩასაწერი სიტყვაა? გასაკვირი ის კი არ არის, რომ სახელისუფლო ლიბერტარიანული ევროსკეპტიკი ჯგუფი ცდილობს პროევროპული ორიენტაციის აქტიურობის მონოპოლიზაციას, არამედ ის, რომ საქართველოში მოქმედი ევროპული მისიები და ორგანიზაციები ამ აფიორას ყლაპავენ. თორემ ლევან რამიშვილი კოალიციის ფარგლებში გაამართლებდა პოლიციის ქმედებებს თუ მის ფარგლებს გარეთ, საზოგადოებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საქართველოს საზოგადოებამ ისედაც იცის, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი.

და ბოლოს, მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს კოალიციასთან „ევროპული საქართველოსთვის“, არც კოალიციის განცხადებებთან და არც მის ევროსკეპტიკოს საბჭოსთან. რა მიზეზით დაამსგავსა ლიბერტარიანულმა ჯგუფმა კოალიციის სახელი ჩვენი ორგანიზაციის სახელს, კითხეთ მათ.

 

 

Share on Facebook1Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*