ლიბერალები და სოციალური სამართლიანობა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
თავის დროზე , როდესაც ლოიდ ჯორჯის ლიბერალურმა პარტიამ ინგლისში ტორები დაამარცხა არჩევნებში, ამან კოლონიურ ერებში დიდი სიხარული გამოიწვია.  მას კონსერვატორი კოლეგებისგან განსხვავებით აუცილებლად არ მიაჩნდა ბრიტანეთის იმპერიის შენარჩუნება სამხედრო ძალით.  თუმცა, დამონებული ერების და მათს შორის მაჰათმა განდის ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.  ლიბერალებს, კონსერვატორებისაგან განსხვავებით ახალი ტიპის ნეო-იმპერიალიზმის დამკვიდრება უნდოდათ.  ლიბერალური იმპერიალიზმი ეკონომიკურ ბატონობას ეყრდნობოდა და ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლებს შიმშილით სიკვდილს სთავაზობდა.  ლოიდ ჯორჯის იმპერიალიზმი ბევრად უფრო განსწავლული იყო, ვიდრე კონსერვატორების.  ის მხოლოდ ფინანსურ ბატონობას ინარჩუნებდა და მთელს მსოფლიოში გაფანტული მონების ეკონომიკური ბერკეტებით ბატონობას ბევრად უკეთ ახერხებდა, ვიდრე მილიტარისტული პოლიტიკა.  
 
ჯილო პონტეკორვოს ფილმში Queimada (Burn)  სადაც მთავარ როლს მარლონ ბრანდო ასრულებს კარგად ჩანს როგორ დაიწყო ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფეოდალური კოლონიალიზმის ჩანაცვლება ლიბერალური იმპერიალიზმით.   აქ კარგადაა დანახვებული თუ როგორ ეხმარება ბრიტანელი მერსიონერი ანტერპრენიორი შავკანიან მოსახლეობას პორტუგალიელი კოლონიზატორებისგან განთავისუფლებაში “თავისუფლების’ ლოზუნგს ამოფარებული და როგორ ჩააგდებს ის ამ ადამიანებს უარეს მონობაში.
 
 
ბრანდოს გმირი კარგად დაინახავს რომ მის მიერ მოტანილი ‘თავისუფლება’ უარესია, ვიდრე ფეოდალური მონობა, რადგან ის უარესი ტიპის მდგომარეობაში აგდებს ადგილობრივ მოსახლეობას.  ბოლოს აჯანყებულების წინამძღოლი გადაწყვეტს რომ ასეთ ‘თავისუფლებას’ სიკვდილი სჯობია.  ის უარს ეტყვის მის ინგლისელ მეგობარს ნაჩუქარ სიცოცხლეზე და სიკვდილზე წასვლის წინ ამ სიტყვებს ეტყვის: ‘ინგლისელო, შენ მითხარი რომ ცივილიზაცია თეთრკანიანების ეკუთვნით.  მაგრამ რა ცივილიზაცია?  და როდემდე?”  ამ სიტყვებით ის დაანახვებს საკუთარ სურვილს ნადვილი თავისუფლებისა.  ბრანდოს გმირი ცოტა ხანში აგრეთვე კვდება, როდესაც მას ადგილობრივი მოსახლე კლავს შურისძიების ნიშნად იმ ‘თავისუფლებისათვის’ რაც მას ბურჟუა ‘ცივილიზაციამ’ მოუტანა.  
 
მაჰათმა განდის ერთხელ ჰკითხეს რას ფიქრობთ ‘დასავლურ ცივილიზაციაზეო” და მან ასეთი პასუხი გასცა:  ‘დასავლური ცივილიზაცია მართლაც კარგი აზრი იქნებოდა, ასეთი რამ რომ არსებობდესო’.  
 
დიახ, ლიბერალურმა ‘ბურჟუა’ ცივილიზაციამ კიდევ უფრო დიდი მონობა მოუტანა დანარჩენ მსოფლიოს, ვიდრე ეს მანამდე იყო.  ახლა მსოფლიოს 3/4 შიმშილით კვდება და მისი არსებობის შესახებ არავის ახსოვს.  იმისათვის რომ მან ამ სიკვდილს თავი დააღწიოს, ის უნდა დათანხმდეს რომელიმე ‘ინვესტორის’ კაბალურ პირობებზე და თავი სამუდამო მონობაში შეჰყოს.  
 
საინტერესოა რომ პონტეკორვოს ამ ფილმს ჩვენი ლიბერალური ტელეპროგრამები არ აჩვენებენ.  ამის მიზეზი ისაა, რომ ალმოდოვარის პეწი ბურჟუა ესთეტიკით გაჟღენთღილი  პოსტმოდერნული ინტელიგენციისათვის შეუძლებელია ფიქრი მართლაც გაჭირვებულ კაცობრიობაზე.  ასეთი ხომ ძალიან ბევრია.  7-იდან დაახლოებით 4 მილიარდი ასეთი გაჭირვებულია.  მაგრამ ჩვენი ‘პეწი ბურჟუა’ ინტელიგენცია, რომელიც გულმოდგინედ არჩევს მდიდარი ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ფსიქო-სექსუალურ პრობლემებს ხმას არ იღებს შიმშილით მკვდარ მილიონობით ბავშვზე.  მარტო წელიწადში ხომ 8 მილიონი ასეთი ბავშვი კვდება მხოლოდ იმიტომ რომ ბურჟუა ლიბერალები იმდენად მეტ საგანს მოიხმარენ და იმდენად მეტ ‘საკუთრებას” ფლობენ, რომ ამ საწყალი ბავშვებისათვის არაფერი რჩება.  ამ საკითხებზე რომ იფიქრონ, მათ შეიძლება საკუთარი დანაშაულის გრძნობაც გაუჩნდეთ – ‘როგორ, ეს პროგრესული მე, რომელიც ამდენ კარგს ვაკეთებ, როგორ შეიძლება ვიყო დამნაშავე ამდენი ბავშვის უბედურებაში?’..   მაგრამ, მარლონ ბრანდოს გმირის ადეკვატი მერსიონერები ახლა უკვე საქართველოშიაც შემოვიდნენ და მათს მეზობლებსაც ასევე იმონებენ, როგორც თავის დროზე ჰაიტის მოსახლეობა დაიმონეს.  
 
1 მაისს მთელს მსოფლიოში აღინიშნება ჩიკაგოს ჰეიმარკეტზე დაღუპული ამერიკელი მუშების სოლიდარობის დღე.  ამ დღეს ნიუ იორკში საყოველთაო გაფიცვაა მოსალოდნელი.  იმედია ამ აქციაზე საქართველოშიც ბევრი მივა.  დრო მოვიდა ჩვენც ვიფიქროთ გაჭირვებაზე და მისი გადალახვის რეალურ გზებზე.  არ შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკური საკითხებით თავის გართობა და ელიტური თამაშები.  გუდიაშვილის ქუჩაზე გამართული აქცია ცხადია კარგი შოუ იყო და კარგი გასართობიც.  თავისთავად აქციების კარნავალური ფორმით მოწყობაც არ არის ცუდი.  ამას შეიძლება კარგი შედეგი მოყვეს – მაგრამ კარგი შედეგი მოყვება, როდესაც გარკვეულია რა გვინდა – რა არის ჩვენი მზიანი.
 
დღეს, როდესაც უკვე ყველასათვის აშკარა ხდება რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ასეთი სხვაობა არის სრულიად პათოლოგიური ‘ცივილიზაციის’ შედეგი, ვფიქრობ დროა რომ ადამიანებმა ხმა აიმაღლონ ამ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.  დიახ, ეს არაძალადობრივად უნდა მოხდეს.  მაგრამ, არაძალადობა პირველ რიგში ადამიანებზე ვრცელდება – ხოლო ის ‘კერძო საკუთრება’ რომელიც სხვადასხვა მინისტრმა, მთავრობის მოხელემ ან გაქსუებულმა ‘ბიზნესმენმა’ ხალხს მოპარა ისევ ხალხის საკუთრებაა.  დიდი ფრანგი მოაზროვნე პიერ ჟოზეფ პრუდონის არ იყოს ასეთი საკუთრება არის ქურდობა.  ხოლო ქურდობის შედეგს კონფისკაცია სჭირდება ხშირად.  ცხადია, უეთესია თუ ეს კანონის ფარგლებში მოხდება და ეს ქურდები ამ ნაქურდალს თვითონვე დაუბრუნებენ ადამიანებს მათი ზედმეტი ღირებულების სოციალურ პროგრამებში, განათლებაში და სხვა პროგრამებში ‘ინვესტირებით’.  მაგრამ თუ ეს არ მოხდა საზოგადოებამ უნდა მონახოს გზა რომ ახალი სოციალური ანტერპრენიორიზმის გზით კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნოს ნაქურდალი.
 
სწორედ ამ მიზანს ემსახურება Occupy Wall Street-ის აქციები, რომლებიც არანაკლებ კარნავალურია, ვიდრე თბილისის კოსმეტიკური აქცია.  მაგრამ მოთხოვნა აქ ბევრად უფრო სერიოზულია.  ის არა მხოლოდ ურბანულ არქიტექტურას ეხება, არამედ სოციალურ არქიტექტურასაც.
 
დროა, თბილისის ელიტურ ოჯახებში აღზრდილმა, მდიდარი და პრივილეგირებული მშობლების შვილებმა გაიაზრონ რომ დღეს მათი საზოგადოების 80 პროცენტზე მეტი სრულიად მარგინალიზებულია და არსებობისთვის იბრძვის.  და ერთადერთი სწორი მოქმედების ფორმა ისაა, რომ წინ აღვუდგეთ ლიბერალური კოლონიალიზმის ამ ფორმას სოციალური სამართლის მოხოვნით, სადაც ამ პატარა ქვეყნის ყველა მოქალაქეს გარანტირებული ექნება სამედიცინო მომსახურება და განათლება.  მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი ჩვენს ‘პეწი ბურჟუა’ გრძნობებზე.
 
და კარგი იქნება თუ პონტეკორვოს ამ ფილმს ანახებენ საქართველოში და დისკუსია ამ თემაზეც დაიწყება.
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*