ლევანის საახალწლო ეპისტოლე

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ბაზარი – ნებისმიერი სისტემა, ინსტიტუცია, პროცედურა, სოციალური ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს საქონლის, სერვისის ან შრომის გაცვლას ფულში.

1. არსებობს მჭიდრო კავშირი სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის. ამ კავშირის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი რომ ბაზრის წარმატება პირდაპირ პროპორციულია საზოგადოების განწყობებთან, რწმენა-წარმოდგენებთან, ზოგადად მის ყოველდღიურობასთან.

2. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი თავად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ის სხვადასხვა მედიის საშუალებით ქმნის რეალობას, რომელსაც გვთავაზობს, როგორც ერთადერთსა და უეჭველს. (გავიხსენოთ თუნდაც ცოტა ხნის წინანდელი უძრავი ქონების ბუმი ამერიკაში, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ილუზიებზე იყო აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა).

3. ის გვთავაზობს რეალობას, სადაც ცხოვრების მთავარი მიზანი დაგროვებაა, სადაც საგნები განსაზღვრავენ ადამიანს; სადაც წარმატება ციფრებით გაზომვადია და ის მხოლოდ კონკურენციის დაძლევის შედეგად მიიღწევა; სადაც წარუმატებლებს არა აქვთ ადგილი.

4. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ყოველდღიურ რეალობასა და ბაზრის რეალობას შორის საზღვარი იშლება. ბაზრის ლოგიკა ხდება იდეოლოგია, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ყველა შრეში აღწევს. ის ხდება ადამიანის ცნობიერების, მისი თავის თავთან და გარემოსთან დამოკიდებულების ძირითადი განმსაზღვრელი. ბაზარი ხდება ახალი რელიგია.

5. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი სხვა ნებისმიერ რელიგიაზე ეფექტურად ახდენს საზოგადოების ჰომოგენიზაციას და ძალაუფლების ლეგიტიმაციას, ამიტომ ის ხდება ძალაუფლების პრიორიტეტული ინსტრუმენტი. ძველი რელიგიები მასთან ბრძოლაში იმსხვრევიან ან ემორჩილებიან მას. მეტიც, თუ წინათ ძალაუფლება და რელიგია ფორმალურად მაინც იყო გამიჯნული დღეს მათ შორის ზღვარი წაშლილია, რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი ძალაუფლების და რელიგიის სინთეზია.

6. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარს სჭირდება მითები. ისევე როგორც ეს თავის დროზე მისმა წინამორბედმა რელიგიებმა და ძალაუფლებებმა განახორციელეს, ბაზარი ახლის შექმნასთან ერთად მემკვიდრეობით იღებს ძველ მითებს და უსადაგებს მათ თავის რიტუალებს. უმთავრესი რიტუალი, რასაც ის მოითხოვს არის მომხმარებლობა!

7. ისევე როგორც ძალაუფლებისა და რელიგიის ძველ ფორმებს, კაპიტალისტურ ბაზარს სჭირდება სრული სოციალური კონტროლი დროზე, ამიტომ იგი ”შობა-ახალი წლის დღესასწაულს” განსაკუთრებულად აღნიშნავს და ქმნის შესაბამის გარემოს მისთვის რიტუალების ჩასატარებლად.

8. იგი ამძაფრებს თავისი რეალობის შეგრძნებას. ამისთვის კარგად იყენებს მედიის საშუალებებს (აუდიო, ვიდეო, ტექსტი, სურათი და სხ.) რითაც: ახდენს თვითაქსელერაციას; საზოგადოებას უქმნის ამ რეალობაში ჩართულობის ილუზიას; ქმნის ობიექტურობას. ხშირ შემთხვევაში ბაზარი მასში ჩართულ ადამიანებზე ამ პერიოდში გასცემს დამატებით მატერიალურ რესურსებს, რათა მათ თავი იგრძნონ მისი რეალობის ნაწილად და ჩაატარონ შესაბამისი რიტუალი, რასაც სხვა დროს ვერ ახერხებენ. ადამიანის მიერ რიტუალის შესრულების ხარისხი ბაზრის იერარქიულ სტრუქტურაში დაკავებული ადგილის პირდაპირ პროპორციულია.

9. ის ვინც კაპიტალისტურ ბაზარში არ არის ჩართული ან მის უმდაბლეს საფეხურზეა რიტუალს ვერ ასრულებს. ის მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის. ახალი რელიგია გვასწავლის, რომ ასეთ ზარმაც და ურწმუნო ადამიანებს ღმერთი (ბაზრის უხილავი ხელი) სჯით. თუმცა იგივე ღმერთის მოწყალების იმედით შეიძლება დაუზარელებმა და მორწმუნეებმა ქველმოქმედებაც გაიღონ.

10. ქველმოქმედება, რომელიც არის ფრაგმენტული, შერჩევითი და ამავე დროს შეურაცხმყოფელი, ახალი რელიგიის მიხედვით სოციალური უზრუნველყოფის ფორმაა. ის ჩანს ”დღესასწაულებზე” მედიის საშუალებით. ამ დროს ვრწმუნდებით, რომ ურწმუნოებს და ზარმაცებსაც კი არ შიათ. ახალი რელიგია ჰუმანურია!!!

11. ჩვენ ვიცით, რომ ურწმუნოები და ზარმაცები ღმერთს არ უყვარს. ასევე ვიცით რომ გვაქვს ჰუმანური რელიგია, რომელიც მათზე ზრუნავს. რაღა დაგვრჩენია ჩვენ, მორწმუნეებს და დაუზარლებს, იმის გარდა, რომ ვიყოთ ღვთისმოშიშნი და რიტუალის შესრულებისას თუ რომელიმე გზასაცდენილი შემოგვეფეთა, გავწიოთ მცირეოდენი ქველმოქმედება. ამის მერე კი შეგვიძლია სუფთა სინდისით მივიტანოთ ოჯახში სხვადასხვა სახის ხორაგი, გულდამშვიდებულებმა მივუალერსოთ შვილებს და მივცეთ თავი შობა-ახალი წლის მომხმარებლურ მისტერიას.

ავტორი ლევან ასაბაშვილი

http://urbanreactor.blogspot.com/2010/12/blog-post.html

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*