თავისუფლება თუ ’თავისუფლება’

Share on Facebook6Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება უკვე კარგა ხანია იქცა სხვადასხვა მოძრაობების, ჯგუფების, ლიდერების თუ იდეოლოგიების საკვანძო საკითხად. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს ამ სიტყვის ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად  ხდება. წინამდებარე სტატიის მიზანი იქნება ახსნას თუ რამდენად ეძლევათ მოქალაქეებს შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი სამოქალაქო თავისუფლების უფლებით. არის თუ არა აუცილებელი სოციალურ–პოლიტიკურ პროცესებში მაქსიმალურად ყველა მოქალაქის ჩართულობა, იმისათვის რათა ადამიანებს რეალურად მიეცეთ კანონით გარანტირებული თავიანთი თავისუფლებების რეალიზების საშუალება. სწორედ ამაზე მიუთითებს ნობელის პრემიის ლაურეატი, ინდოელი ამარტია სენი, თავის კონცეფციაში „თვითრეალიზაციის შესაძლებლობებზე“, რაშიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული, თავისუფლების თემა მუდამ გასდევდა სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს. სხვადასხვა ისტორიულ ჭრილში მუდამ საუბრობდნენ თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობებზე. მაგალითად, რუსოსთვის თავისუფლება პირდაპირაა დაკავშირებული განვითარებასთან, რისი უპირველესი შემაფერხებელი მომენტი სოციალური უთანასწორობაა, ანუ ის რომ ადამიანთა უდიდეს ნაწილს ხელი არ მიუწვდება იმაზე, რამაც ისინი რეალურად უნდა აქციოს თავისუფალ ადამიანებად.

რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, საინტერესოა როგორ გვესმის ჩვენ ეს საკითხი. ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქეები, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან თავისუფალნი, თუ მათ ექნებათ მინიმუმი ხელმისაწვდომობა მაინც ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სიკეთეებთან, რომელთა უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ანუ რამაც ისინი რეალურად თავისუფლები უნდა გახადოს.(სახელმწიფო არ არის განყენებული ცნება, სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ). მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ჯანსაღ სოციალურ სტრუქტურას, რაზეც დგას რეალური სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც სახელმწიფოს პროგრესის უმთავრესი მაჩვენებელია, მხოლოდ ამ გზით მოხდება სოციალური უთანასწორობის შემცირება(რაც, არანაირად არ გულისხმობს მოქალაქეთა კერძო საკუთრების გათანაბრებას, რითაც ბევრი აპელირებს დღეს).

საინტერესოა ის, რომ საქართველომ 1994 წელს ხელი მოაწერა გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტს“, რომელიც მიღებულია 1966 წლის 16 დეკემბერს, 2200 რეზოლუციით, რითაც აიღო ვალდებულება რომ უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უმთავრესი უფლება – მიიღოს განათლება. ასევე ამ დოკუმენტში ერთ–ერთ მთავარ პუნქტად არის, ის რომ უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი. სწორედ ეს მიმართულება არის ერთ–ერთი ძირითადი დღევანდელი სხვადასხვა მემარცხენე სოციალური ჯგუფებისათვის და სოციალ–დემოკრატიული პარტიისათვის, რაზეც ისინი ახდენენ საზოგადოების ყურადღების გამახვილებას და მობილიზებას.

საინტერესოა, რამდენად რეალურია ჩვენი სოციალური სტრუქტურის პირობებში, ჩვენი საზოგადოების თავისუფლება. არის თუ არა დღევანდელი სახელმწიფოს მიერ „გამოცხადებული თავისუფლება“ მხოლოდ საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილისათვის. რამდენად აქვს თითოეულ მოქალაქეს შანსი მაინც იმისა, ისარგებლოს იმ უფლებით, რაც დეკლარირებულია.

თითოეულ დასმულ კითხვაზე პასუხს, თავად ჩვენი საზოგადოების სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი განაპირობებს. ქვეყანაში, სადაც საზოგადოების ძირითად ფუნქციად დაყვანილია არსებული კანონების რეალიზება, და უგულვებელყოფილია თავად საზოგადოების უმთავრესი ფუნქცია, მოახდინოს კანონების ლეგიტიმაცია, ალბათ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თუ რა შესაძლებლობები აქვს საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს, იყოს თავისუფალი და ჰქონდეს შანსი თვითგამოხატვისა და თვითრეალიზებისა.

საინტერესოა, რა ტიპის თავისუფლებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც გაიფიცნენ ნორმალური საპირფარეშოს, გარდერობის, სპეცტანსაცმლის და თავიანთი კუთვნილი ხელფასის მოთხოვნის მიზნით, დააპატიმრებ და მემარჯვენე, სამეფო კარის ექსპერტები კი ამ უმსგავსობას ინვესტიციების შემოსვლის შეფერხებით გაამართლებენ.

რეალურად, ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვართ თავისუფლები? ვახდენთ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე? აქვს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს შესაძლებლობა ისარგებლოს თავიანთი უფლებებით?

Share on Facebook6Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*